გაიოზ ზვიადაძე სასამართლომ 2007 წელს დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სსკ-ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელის ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და მასზე ძებნა გამოაცხადა. 2010 წლის 17 მარტს, სსკ-ის 2231-ე და 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი გაიოზ ზვიადაძე რუსეთში დააკავეს და, განაჩენის აღსრულების მიზნით, გადმოსცეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში, ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, არ ითვლება დანაშაულად და საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება “კანონიერი ქურდობაა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, მას სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მისჯილი აქვს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სწორედ ამავე განაჩენის მიხედვით დადგენილია, რომ სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დაკავების დღიდან. შესაბამისად, მისი პატიმრობის ვადა დამთავრდა 2011 წლის 17 მარტს. მიუხედავად ამისა, ადვოკატის განცხადებით, ზვიადაძე 2011 წლის 6 აპრილამდე (ახალი ბრალდების წარდგენამდე) დაკავებული იყო თვითნებურად, კანონით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ზვიადაძის ექსტრადიციის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მთელი რიგი გარანტიები იმისა, რომ ზვიადაძის მიმართ დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები. მაგრამ ეს პირობა არ შესრულებულა, მეტიც, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ზვიადაძის საჩივარი უკვე ევროპულ სასამართლოშია.
ლალი აფციაური, ადვოკატი:
“2011 წლის 17 მარტს ზვიადაძემ ჩემთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 16 მარტს სად-ის #7 დაწესებულების თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, უჭირდა საუბარი, გადაადგილება და სკამზე ჯდომის დროს ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, თავის არეში განიცდიდა ტკივილებს.
18 მარტს იგი მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. ზვიადაძის განმარტებით, 16 მარტს, რუსეთის ფედერაციიდან თბილისში ჩამოყვანის შემდეგ, იგი მოათავსეს #7 დაწესებულებაში. დაახლოებით 15 წუთში ადვოკატთან შეხვედრის მოტივით გაიყვანეს საგამოძიებო ოთახში, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ იგი მოატყუეს და ადვოკატის მაგივრად ოთახში დახვდა დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებმაც მიმართეს უხეშად და მოსთხოვეს იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომლის შინაარსის წაკითხვა ვერ შეძლო სათვალის არ ქონის გამო.
ზვიადაძის გადმოცემით, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი შეიცავდა ხელწერილს ამავე დაწესებულების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის შესახებ. განმცხადებელმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, განაწყენებულმა დაწესებულების ორმა თანამშრომელმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს ოთახში კიდევ შემოვიდა რამდენიმე პირი, მათ შორის #7 დაწესებულების დირექტორი გ. გუნიავა, რომელიც პირადად იღებდა მონაწილეობას მის ცემასა და წამებაში. გაიოზ ზვიადაძეს საგამოძიებო ოთახში სცემდა 8 პირი, რომელთა ვინაობა არ იცის, თუმცა რამდენიმე მათგანის სახეზე ამოცნობა შეუძლია.
ზვიადაძის განმარტებით, ცემის შედეგად ის წაიქცა. ამის შემდეგ ის შეიყვანეს დაწესებულების პირველ სართულზე მდებარე #3 საკანში. 2011 წლის 21 მარტს, ზვიადაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს _ ჭაკუას ზვიადაძის საავადმყოფოში გადაყვანისა და ექსპერტ ა. გეჯაძის განმცხადებელთან დაშვების თაობაზე, თუმცა მოთხოვნა რეაგირების გარეშე დარჩა.
ამავე დღეს პატიმარი კვლავ მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. გაიოზ ზვიადაძემ მათთან საუბარში განმარტა, რომ 2011 წლის 15 მარტიდან არ მიუღია საკვები, მაგრამ ადმინისტრაციისთვის განცხადებით არ მიუმართავს, ვინაიდან არ აქვს საწერი საშუალება.
გაიოზ ზვიადაძის გადმოცემით, ამ ეტაპზე ოდნავ გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა უჭირს წონასწორობის დაჭერა და გრძნობს სიმძიმეს თავის არეში, ასევე აქვს ყრუ ტკივილები. ის, რომ 18 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულის მონახულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაწესებულების თანამშრომლები საღამოს საათებში შევიდნენ მასთან საკანში და ჩამოართვეს ჰიგიენური ნივთები, კერძოდ: კბილის ჯაგრისი და პასტა, ტუალეტის ქაღალდი და ჟურნალ-გაზეთები და დაემუქრნენ: “თუ არ დაანებებთ თავს საჩივრების წერას შენ და შენი ადვოკატი, ამ საკნიდან ხელცარიელი აღარ გამოვალთო”.
ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დასკვნაში ვკითხულობთ: “დაწესებულების დირექტორთან ბატონ გოდერძი გუნიავასთან შეხვედრისას გაირკვა, რომ #7 დაწესებულების სამედიცინო პერსონალი სრული შემადგენლობით დაბარებული იყო სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტში თათბირზე, დაწესებულების სამედიცინო ნაწილი იყო ჩარაზული და ვერ მოხერხდა ვერც პაციენტის სამედიცინო ბარათში დაფიქსირებული ინფორმაციის გაცნობა, ვერც მისი ასლის გადაღება. დაწესებულების დირექტორის, გოდერძი გუნიავას განმარტებით, სამედიცინო ნაწილის გასაღები თან ჰქონდა წაღებული #7 დაწესებულების მთავარ ექიმს და ამ გასაღების ასლი არ არსებობდა დაწესებულების ტერიტორიაზე, რის გამოც ვერ მოხერხდა აღნიშნული სამედიცინო ნაწილის კაბინეტის გამოყენება სამედიცინო-საექსპერტო კონსულტაციის ჩასატარებლად და მულტიპროფილური ჯგუფი გადაყვანილი იქნა საგამოძიებო ოთახში – დირექტორის განმარტებით, სხვა თავისუფალი ოთახი დაწესებულებაში არ არსებობდა… აღნიშნულ ოთახში არ იყო არანაირი პირობა შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად. შეუძლებელი იყო პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გასინჯვა. სამმაგი გისოსების მქონე ფანჯარა არ იყო შემინული და უბერავდა ქარი. ოთახის ტემპერატურა მიახლოებული იყო გარეთა ტემპერატურას, რის გამოც სარისკო იყო პაციენტის ტანსაცმლის გარეშე გასინჯვა… აღნიშნულ, საგამოძიებო/ადვოკატთა ოთახში დამონტაჟებული იყო ვიდეო კამერა და მიმდინარეობდა ვიდეომიყურადება დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. საექსპერტო შეფასების არაადეკვატურ გარემოში ჩატარების გამო, გამოკვლევა ჩატარდა დროში შეზღუდვით. აღსანიშნავია, რომ გამოსაკვლევი პირის განცხადებით, იგი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ნაცემი იქნა ამავე ოთახში, რაც არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში, სამედიცინო გამოკვლევისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს…
ექიმი ტრავმატოლოგის კონსულტაციის მიხედვით, “..გამოსაკვლევი პირის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები, მიყენებულია ბლაგვი საგნით. ნევროლოგიური სტატუსით, ნეიროქირურგის კონსულტაციით: ქალა-ტვინის დახურული ტრამვის, ქალა ტვინის შერყევის სურათი დამძიმებულია შიმშილობის ფაქტის გამო, რაც ართულებს თავის ტვინის შერყევის დიფერენციალურ დიაგნოსტირებასა და საჭიროებს, ერთის მხრივ, დამატებითი ობიექტური ანამნეზური ინფორმაციის მოპოვებას და, მეორეს მხრივ, გამოკვლევების ჩატარებას, კერძოდ; ოფთალმოლოგის კონსულტაციას, თავის ტვინის Mღ ტომოგრაფიას. თავის არეში აღწერილი დაზიანებების მიხედვით, IჩD-10-ის მიხედვით, გამოტანილი იქნა შემდეგი დიაგნოზი – ქალა-სარქვლისა და სახის რბილი ქსოვილების მრავლობითი დაჟეჟილობა (შ 00.7; კოდი შ გულისხმობს მწვავე ტრამვის ორ კვირამდე პერიოდს). თავისა და სახის არეში მიღებული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი გამოყენებით.
ფსიქიატრის კონსულტაციის მიხედვით: ფიზიკურ და ნევროლოგიურ მონაცემებზე, ასევე ფსიქიკური სტატუსის მონაცემებზე დაყრდნობით, ICD-10-ის მიხედვით შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დიაგნოზი: თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა _ F 07 სავარაუდო პოსტტრავმული ცერებრული სინდრომი. ნეიროქირურგის კონსულტაციაზე დაყრდნობით, დიაგნოზი (დადგენის მიზნით) საჭიროებს დამატებით თვალის ფსკერის გამოკვლევასა და თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას, სისხლძარღვოვან რეჟიმში (ანამნეზში ჰიპერტენზიული სინდრომის გათვალისწინებით).
პატიმრობის პირობები სასჯელაღსრულების ექსპერტის კონსულტაციით: საკან #3-ში, სადაც 2011 წლის 22 მარტის მდგომარეობით განთავსებული იყო გამოსაკვლევი პირი, საყოფაცხოვრებო პირობები მძიმეა და არ შეესაბამება პატიმრობის მინიმალურ (როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო) სტანდარტებს. გამოსაკვლევი პირის განცხადებით, დაწესებულების დირექტორი გოდერძი გუნიავა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თემურ ქანთარია ხელმძღვანელობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ მის ცემასა და წამებაში 2011 წლის 17 მარტს და აგრძელებენ თავიანთი ქმედებებით (მუქარა, დაშინება, დათრგუნვა და სხვ.) გამოსაკვლევი პირის ტერორიზებას; როგორც საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო, ისე შიდა ეროვნული სტანდარტებისა და ნორმების გათვალისწინებით, პაციენტის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან, 2011 წლის 16 მარტიდან განვითარებული მოვლენების ობიექტურად გამოძიების აუცილებლობიდან და მისი ადექვატური მკურნალობა/რეაბილიტაციის საჭიროებიდან გამომდინარე, სად-ის #7 დაწესებულებაში გაიოზ ზვიადაძის დაყოვნება დაუშვებელია.
ლალი აფციაური, ადვოკატი:
“2011 წლის 24 მარტს კვლავ მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ზვიადაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისა და ექსპერტ ა. გეჯაძის #7 საპყრობილეში დაშვების თაობაზე. დ. ჭაკუას ასევე ეცნობა, რომ დაცვის მხარის კანონიერი მოთხოვნის შესრულების დაყოვნება გამოიწვევდა ზვიადაძის სხეულზე არსებული დაზიანებების კვალის წაშლას, რაც ასევე რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. 2011 წლის 29 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ გასცა ნებართვა ექსპერტ, გეჯაძის #7 დაწესებულებაში დაშვების თაობაზე. 2011 წლის 30 მარტს გაიოზ ზვიადაძე შემოწმებული იქნა სასამართლო მედიკის _ ალექსანდრე გეჯაძის მიერ, გაიცა სპეციალისტის დასკვნა #01, რომლის თანახმადაც, “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში, სამედიცინო ბარათისა და შესამოწმებელი პირის უშუალო გასინჯვის მონაცემებიდან გამომდინარე, გ. ზვიადაძეს აღენიშნება დაზიანებები, მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით. მორფოლოგიური სურათის მხედველობაში მიღებით, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს”.
30 მარტს, ზვიადაძის ცემისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით, სად-ის #7 საპყრობილეში მოწმის (და არა დაზარალებულის) სახით დაიკითხა განსასჯელი, რომელმაც დეტალური ჩვენება მისცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს ილია გერგედავას, 16 მარტს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თაობაზე. ზვიადაძემ განაცხადა ისიც, რომ ციხის ადმინისტრაცია დღემდე ახორციელებს სიტყვიერ მუქარას, რომ ზვიადაძე და მისი ადვოკატი თავს თუ არ დაანებებდნენ საჩივრების წერას მის საკანში ჩადებდნენ კანონსაწინააღმდეგო საგანს. 6 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა ვასილ გოგიშვილმა გაიოზ ზვიადაძეს წარუდგინა ახალი ბრალდება, რომელშიც ზვიადაძემ თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არანაირი თავდასხმა არ განუხორციელებია, მეტიც, რომ იგი განზრახ იქნა მიცემული პასუხისგებაში მას შემდეგ, რაც მის მიმართ სასჯელაღსრულების #7 საპყრობილეში განხორციელებული ცემისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით არაერთი საჩივრით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, მთავარ პროკურატურას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. განსასჯელმა განმარტა, რომ მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედება მოგონილია სად-ის #7 საპყრობილის თანამშრომლებისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელ გოგიშვილის მიერ, იმ დანაშაულის დაფარვის მიზნით, რომელიც ხორციელდება ზვიადაძის მიმართ 2011 წლის 17 მარტიდან დღემდე. ეს არგუმენტაცია უპირობოდ ადასტურებს, რომ გაიოზ ზვიადაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა და იგი უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ უკანონოდ, წინასწარი განზრახვით იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში”.
სოფო გელაშვილი