Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან კალანდაძე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვიწყებთ რევოლუციობანას თამაშს ირანთან

ლევან კალანდაძე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვიწყებთ რევოლუციობანას თამაშს ირანთან

746

“კაცო, სანამ ბასი არ იტყვის, მოკვლევა ჩაატარეთო, ჩვენ საკუთარი ჭკუა და აზრი არ გვაქვს?! მაშინ, თუ ასეა, ავირჩიოთ ბასი კავკასიაში აშშ გუბერნატორად და გადაწყდება ყველა პრობლემა _ გვეტყვის ბასი, ჩვენ აღვასრულებთ; არ გვეტყვის, ჩვენც უმოქმედოდ ვიქნებით”.
რამდენიმე დღის წინათ ეს კომენტარი ექსპერტმა საკუთარ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. რატომ ფიქრობს, რომ ჯონ ბასი კავკასიაში აშშ-ის გუბერნატორად უნდა ავირჩიოთ, ლევან კალანდაძე თავად მოგვიყვება.

_ ჯონ ბასთან დაკავშირებულ კომენტარს როგორ განმარტავთ?
_ ჩემი გაღიზიანება ჯონ ბასის განცხადებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ ქართული პოლიტიკური სპექტრის უუნარობით, დუმილითა და უმოქმედობით. რაც უნდა მოხდეს (ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა), გაყუჩდება ხოლმე მთელი პოლიტიკური სპექტრი და ელოდება, რას იტყვის ამერიკა, რას იტყვის ამერიკის ადმინისტრაციის პრესმდივანი ან რომელიმე ჩინოვნიკი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ხოლმე რეაგირებები კონკრეტულ საკითხებზე. ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელი. ეს ადამიანები ანგარიშვალდებულნი არიან ქართული საზოგადოების და არა ამერიკის ელჩის წინაშე.
ჯონ ბასის გუბერნატორად დანიშვნაზე უკეთესი წინადადება მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, ძალიან რომ შესტკივათ ქვეყნის მომავალზე გული. ამასწინათ შვედეთში მთელი მთავრობა გადადგა, პრემიერი თავის მინისტრთა კაბინეტიანად. დავიქირაოთ შვედეთის გადამდგარი მთავრობა და ამათზე უკეთ გააკეთებენ ქართულ საქმეს. ეკონომიკასაც მიხედავენ, სოციალურ მდგომარეობასაც და პოლიტიკასაც. მითუმეტეს საქართველოში ახლა ხომ ძალიან პოპულარულია ყველაფრის კომერციალიზაცია და ვითომ რატომ არ შეიძლება შვედეთის გადამდგარი მთავრობა დავიქირაოთ?! 5-6 წელიწადში იდეალურ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებენ.
_ რა არის ჩვენი პრობლემა, რის გამოც ვერ ვახერხებთ ნორმალური სახლემწიფოს ჩამოყალიბებას?
_ ვთვლი, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის “მენტალური ტორმუზი”… ჩვენ, ერთის მხრივ, ლიბერალური, დასავლური უნიფორმა გვაცია და, მეორეს მხრივ, შინაგანად ისევ ტოტალიტარული აზროვნება გვაქვს. ქართველებს ყველაზე მეტად გვეზარება პასუხისმგებლობის აღება. ეს არის ჩვენი საზოგადოების სენი. სამწუხაროდ, ისეთი კონიუნქტურა ჩამოყალიბდა პოლიტისტებლიშმენტში, რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები აღარც კი სჭირდებათ. სჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც კარგად შეასრულებენ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” მესიჯებს.
_ ბატონო ლევან, საქართველო-ირანს შორის ვიზების გაუქმების საკითხს და თეირანში “ფერადი რევოლუციის” იმპორტისთვის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობას როგორ შეაფასებთ?
_ ზოგადად, საზღვრების ღია პოლიტიკა საქართველოს განვითარებისთვის ძალიან კარგია. მაგრამ ირანი არის განსაკუთრებული მოვლენა. ეს არის ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად კონფრონტაციაშია დასავლეთთან. ირანის შესახებ არაერთი სახიფათო მინიშნება გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტისტებლიშმენტის მხრიდან. არც ერთი უცხოელი დიპლომატი არ ადგება და ღია ტექსტით არ გვეტყვის, რომ ირანთან ურთიერთობები არ უნდა განვავითაროთ. წესით, ჩვენ უნდა მივხვდეთ, ვისთან როგორი ურთიერთობები უფრო სასარგებლოა ქვეყნისთვის.
ირანთან ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ძალიან მოზომილად და ფრთხილად უნდა ვიყოთ მასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით თავისუფალი სავიზო რეჟიმისა და, ღმერთმა დაგვიფაროს, “რევოლუციის იმპორტისათვის” ჩვენი გამოყენების მცდელობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ბევრი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და ის არგუმენტი, რომ ამ მხრივ ირანთან დაახლოება კარგია, პოლიტიკური და რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეული თავშეკავებულობა და უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვიწყებთ რევოლუციობანას თამაშს ირანთან, როდესაც ვიცით, რომ შესაძლოა, პოლიტიკურად ეს თამაში ჩვენთვის წამგებიანი იყოს…
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უმნიშვნელო საკითხებსაც კი არ წყვეტს ამერიკის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას? ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკა საქართველოს ირანში რევოლუციის ექსპორტის ან სულაც იქაური ოპოზიციის დასაფინანსებლად იყენებს?
_ პირიქით მგონია. ჩემი აზრით, საქართველო თვითონაც ვაჭრობს ირანთან ურთიერთობით. გასაგებია, რომ პოლიტიკაში ასეთი “ვაჭრობები” მოსულა, მაგრამ ვთვლი, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არც პოლიტიკური და არც ეკონომიური უსაფრთხოების საკითხები მოგვარებული არაა, ასეთი თამაშის წარმოება უკიდურესად სახიფათოა.
არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მაინც და მაინც სამხედრო ესკალაციამდე მივა ამერიკა-ირანის ურთიერთობა, მაგრამ ვაიდა მოხდეს, ირანი საერთოდ არ მიაქცევს იმას ყურადღებას, თუ რა ურთიერთობას აწარმოებდა საქართველო ირანთან და სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება ქვეყანა, ამერიკა-ირანის დაპირისპირებაში საქართველოს უსაფრთხოებას ყველა შემთხვევაში დიდი საფრთხე დაემუქრება.
ესაუბრა თეო ტაბატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here