Home რუბრიკები საზოგადოება რა თქმა უნდა, მოთმინებით ძალიან ბევრი რამ უნდა მოვითმინოთ, მოთმინება ღვთიური ნიჭია,...

რა თქმა უნდა, მოთმინებით ძალიან ბევრი რამ უნდა მოვითმინოთ, მოთმინება ღვთიური ნიჭია, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს! წეტრილი უნდა დაესვას იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება

1596

ჩვენ, სასულიერო პირები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემნი ერისთვის, თუნდაც თავგანწირვის ფასად! დიახ, ჩვენ უნდა დავდოთ თავი ერისთვის მისთვის მნიშვნელოვან ჟამს და სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდება და გაერთიანდება ერი …თვალს თუ გადავავლებთ საქართველოს ისტორიას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველო მართლაც ჯვარცმულია ქრისტესთვის. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა თვით მეფე-დედოფალთაც საკუთარი სისხლით დაუმტკიცებიათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ასე განუდიდებიათ უფალი! ისეც მომხდარა, მეფეები ბერებად შემდგარან, ხოლო დედოფლები – მონაზვნებად.

 ეს იშვიათი შემთხვევა იყო სხვა მართლმადიდებელი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენთან ხშირად ხდებოდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი მეფე-დედოფალნი სულიერებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ… და, როცა ქვეყნის პირველი ხელისუფალი ასე მოიქცეოდა, ეს იყო მაგალითი მთელი ქვეყნისთვის. ასე მოიქცა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის შვილი – დემეტრე, რომელიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლეშივე გაამეფა და სწორედ მას უანდერძა ჯვრის ძალისა და მადლის შეწევნა და შეახსენა, რომ ეს არის სწორედ ის ღვთაებრივი ძალა, რომლითაც ყოველთვის გაიმარჯვებდა ხილულსა თუ უხილავ მტერზე. დემეტრე მეფე ის მეფეა, რომელზედაც მემატიანე წერს, რომ იგი “აღემატებოდა სიბრძნით, სიმხნევით, ახოვნებით თვით დავით აღმაშენებელსაც კი.” მეფე დემეტრე დიდი პიროვნება ბრძანდებოდა, მაგრამ თქვენ კარგად უწყით, საქართველოში გამცემობა, ღალატი, უმსგავსო ქმედებები არც თუ იშვიათი მოვლენა იყო. დემეტრეს თავადები შეებრძოლნენ, შემდეგ მას თავისი შვილი – დავითიც კი აუჯანყდა. დაინახა დემეტრემ ამ ქვეყნის ამაოება, გადაწყვიტა, გარეჯში წასულიყო და იქ აღკვეცილიყო ბერად – მას ბერობაში დამიანე ეწოდა. სწორედ ბერობაში დაწერა მან ერთ-ერთი იამბიკო – ღმრთისმშობლის საგალობელი – “შენ ხარ ვენახი”. ვენახსაა შედარებული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედა. ბერად აღკვეციდან ექვსი თვის შემდეგ ღვთის განგებულებით მისი შვილი – დავითი გარდაიცვალა, სახელმწიფოს ისევ დასჭირდა მისი ერში – მეფედ დაბრუნება, მან გააგრძელა თავისი საერო მოღვაწეობა, (თანამმართველად კი თავისი შვილი – გიორგი ყავდა.) უდიდესი განსაცდელების გადალახვა მოუხდა დამიანეს – მეფე დემეტრეს; თქვენ კარგად უწყით, რომ დიდი ღვაწლის, თავგანწირვის ფასად დაიცვა მან სრულიად საქართველო. …დღევანდელი გადასახედიდან ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ მეფემ მეფობა დათმოს და უბრალო ბერად შედგეს, მაგრამ ეს ხდებოდა საქართველოში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი მეფენი კი მეფობდნენ, მართავდნენ ქვეყანას, მაგრამ მთელი ყურადღება მაინც სულიერებაზე ქონდათ გადატანილი. ეს არის უდიდესი მაგალითი ქრისტიანობისა – მიატოვო ამ ქვეყნიური დიდება, პატივი და გახდე რიგითი ბერი. სწორედ ამაშია გამჟღავნებული სურვილი მეფე დემეტრესი, რომ მას სულის ცხონება, სულის გადარჩენა სურდა… (……და თუკი მეფენი ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, დღეს საოცრად მტკივნეულია ზოგიერთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი – როდესაც შვილი მიდის მონასტერში, მას ან დედა,  ან მამა უკრძალავს და საზოგადოების ნაწილისგან დაცინვისა და დამცირების ობიექტიც კი ხდება – უკვირთ, განა შეიძლება ადამიანი მონასტერში წავიდესო. პირიქით, თუკი ადამიანი ღვთისაგან გამორჩეულია, ვინც უნდა იყოს იგი – მამაკაცი თუ ქალი, ჩვენ მას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ მისი მონასტერში წასვლის სურვილი არ უნდა იყოს გატაცება, ეს არ უნდა იყოს ხიბლით გამოწვეული, ეს უნდა იყოს გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა განხორციელდეს. დღეს არც შვილი უსურვებს მშობელს მონასტერში წასვლას და არც მშობელი შვილს, ეს გამონაკლის შემთხვევაში ხდება, როცა მშობელიც და შვილიც ღრმად მორწმუნეა… და როცა ჩვენ ვწუხვართ და არ ვუშვებთ ჩვენს ახლობელს მონასტერში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მცირედ მორწმუნენი ვართ…)…რა არის ჩვენი ყოფა ამქვეყნიური? როგორც ქართველებმა უწოდეს, ჩვენი ყოფა წუთიერია, წუთისოფელში ვცხოვრობთ, მაშინ რაღა დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ ყოველდღიურად ვიზრუნოთ სულის გადარჩენაზე, სულის ცხონებაზე. მაგრამ სამწუხაროდ, ქრისტიანობა ზოგიერთს უნდა მხოლოდ კეთილდღეობისთვის, კარგი პირობებისთვის, კარგი თანამდებობისთვის, სიმდიდრისთვის! არადა, გვავიწყდება, რომ ღმერთი ჩვენზე ჩვენს საკუთარ დედაზე მეტად ზრუნავს. მოსიყვარულე დედა რომ შვილებისთვის იზრუნებს, იმაზე ათჯერ და ასჯერ უფრო მეტად ზრუნავს უფალი ჩვენზე და თუ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ მივენდობით უფალს, მაშინ ყველაფრისთვის – გაჭირვებისთვის თუ დალხინებისთვის, ავადმყოფობისთვის თუ ჯანმრთელობისთვის მადლობას შევწირავთ უფალს და ჩვენც ვიტყვით, როგორც იოანე ოქროპირმა ბრძანა – მადლობა უფალს ყველაფრისთვისო!…სამწუხაროდ, ერის დღევანდელი მდგომარეობით განისაზღვრება ქართული ეკლესიის სულიერება – დღეს რა მდგომარეობაცაა საქართველოში, ის სულიერებაა ეკლესიაში, თუ ჩვენ გვაკმაყოფილებს ერის ასეთი მდგომარეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს სულიერების დონეც ეკლესიაში, ხოლო თუ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არ მოგვწონს, არ გვაკმაყოფილებს, მაშინ უნდა დავიწყოთ სულიერი გამოცოცხლება, სულიერი გაზრდა. ეს ჩვენ – სასულიერო პირებმა, ეკლესიამ უნდა გავაკეთოთ!.. სამწუხაროდ საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ერი სულიერად აღზრდილი არაა, ეს კი სწორედ ჩვენი – სამღვდელოების “დამსახურებაა” – ჩვენ არასწორად ვზრდით მრევლს, არ ვაძლევთ მათ მაგალითს სულიერი ძალისას, რწმენისას, რაც საჭიროა თითოეული თქვენთაგანისათვის. ერი რომ სულიერად სწორად აღზრდილი იყოს, დემეტრე თავდადებულისნაირი მაგალითის მიმცემი რომ ყავდეს, ჩვენ ერთიანი ვიქნებოდით, მაშინ საქართველო ერთიანი იქნებოდა – არ გვექნებოდა წართმეული არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო. სწორედ ამ ტერიტორიების წართმევა, სულიერი თუ მატერიალური დანაწევრება ერისა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენში ძალიან დაბალი სულიერებაა. ერში მაღალი სულიერება მაშინ იქნებოდა, როდესაც ნებისმიერი რიგითი მღვდელი ლოცვა-კურთხევას მოგცემდათ ნებისმიერ საქმეზე და თქვენ ამ კურთხევას მორჩილებით აღასრულებდით. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენ ეკლესია და მოძღვართან ურთიერთობა მხოლოდ კეთილდღეობისათვის, მხოლოდ კარგი პირობებისათვის გვჭირდება, მხოლოდ იმისთვის, რომ ვთქვათ – “აი, ეს ჩემი მოძღვარიაო”, და ამითაც კი ვიტრაბახოთ, ამითაც თავი მოვიწონოთ, ეს ყველაფერი პირად განდიდებას ემსახურება. აბა გვყავდეს მკაცრი მოღძვარი? აბა მიგვითითოს ნაკლოვანებებზე? ჩვენ მაშინვე დავტოვებთ მას!…ასეთი მდგომარეობაა სამწუხაროდ ერში და ჩვენ – ეკლესიამ და ღვთის მსახურებმა ყველანაირად უნდა ვიზრუნოთ, რომ საქმით, სიტყვით, სულიერებით მაგალითის მიმცემნი ვიყოთ ჩვენი მრევლისათვის. აქ მრევლი არაა დამნაშავე, აქ დამნაშავენი ვართ ჩვენ – მოძღვრები! “მწყემსნი” არიან პასუხისმგებელნი მრევლის ასეთ სულიერ მდგომარეობაზე. როცა ჩვენი ერის, ეკლესიის ისტორიას ვეცნობით, ვგრძნობთ, ჩვენი წინაპრები ყოველთვის შეგვახსენებენ, რომ ჩვენ სასულიერო პირები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემნი ერისთვის, თუნდაც თავგანწირვის ფასად! დიახ, ჩვენ უნდა დავდოთ თავი ერისთვის მისთვის მნიშვნელოვან ჟამს და სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდება და გაერთიანდება ერი, ამის შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი დავფიქრდებით – თუ რისთვის ვართ ამ ქვეყნად!….. ძალიან რთული დრო დაგვიდგა. ეს არის დრო, როდესაც “რჩეულნიც კი შეცდებიან”. იმდენად საშიში მდგომარეობაა, ადამიანების დასაღუპად, წარსაწყმედად ისე ბრდღვინავს ეშმაკი, “ვითარცა ლომი”, ამიტომაც მეტი სულიერება გვმართებს, მეტად უნდა ვიაროთ ეკლესიაში, რადგან უმთავრესი ღირებულება, ფასეულობა – სული გადავირჩინოთ, ეს კი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა! სულიერი სიმტკიცით, ეკლესიური, სწორი ცხოვრებით მოვიპოვებთ ღვთის წინაშე სულიწმინდის მადლს, რომელიც დაგვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან……როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ეს ცხოვრება გამოცდაა თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეულ ჩვენთაგანს ათი, ასი, ორასი ეშმაკი დაყვება დასაღუპად, ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც სახარება გვმოძღვრავს – “ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო”, ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის გვერდით ყოფნით ჭირსა თუ ლხინში უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, სწორედ ესაა ქრისტიანობა!.. ხოლო თუ გული გაგვიცივდა, თუ ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, თუ სხვისი ჭირი ჩვენთვის ლხენაა, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად ყოფილა. ერთმანეთის სიყვარულში უნდა განვმტკიცდეთ.ქრისტიანობა მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და ტაძარში სიარული არ არის, ქრისტიანობა მოყვასის თანადგომაა, მიტევებაა, ქრისტიანობა თავდადებაა მოყვასისათვის, ერისათვის…და სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენ – მოძღვრებმა ჩვენი სულიერი შვილები, ჩვენი მრევლი. სწორედ ამის მაგალითს გვაძლევენ ჩვენი ღირსეული წინაპრები!….. დღეს, როგორც ვხედავთ, პირადი კეთილდღეობა აღემატება ქვეყნის ინტერესებს.ძალიან ბევრი, დიდი პიროვნებისგან მომისმენია, რომ თუ ჩემი ოჯხი კარგად იქნება, ჩემი შვილები კარგად იქნებიან, მე ეს “მაწყობსო”, მთლიანად საქართველო, მთელი ერი კი არა, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავენ მხოლოდ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე არჩევანი გააკეთეს. არჩევანი გააკეთეს წარმავალზე, ხრწნადზე, დროებითზე… ჩვენ მარადიული ღირებულებები უნდა ავიყვანოთ თავის სიმაღლეზე – ეს არის სამშობლოს, დედა ეკლესიის, მოყვასის სიყვარული. ჩვენი ცხოვრება სწორედ ამ ღირებულებებზე უნდა დავაფუძნოთ, ეს უნდა იყოს მთავარი და არა ფიქრი და ზრუნვა მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, კარგად ცხოვრებაზე, კარგ თანამდებობაზე. დღეს ვინც თანამდებობისთვის იბრძვის, ვინც თავის პირადულს სამშობლოზე წინ დააყენებს, მას ხელი მოეცარება. ასეთი ადამიანები წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაიმარჯვებენ… და თუ საქართველოსთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, ეკლესიის ერთიანობისთვის იბრძვიან, მათზე ღვთის მფარველობა და ღვთის კურთხევა იქნება. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს!…ძალიან რთულია, ადამიანმა აიტანო ამდენი განსაცდელი, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი დამცირება, ქართველი ერის ღირსებების ფეხქვეშ ასე გათელვა. ამის ატანა მართლაც ძალიან ძნელია. ჩვენ უპირველესად, რა თქმა უნდა, ღმერთის იმედი გვაქვს, რომ უფალი მოგვხედავს, მოგვხედავს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედა, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. მათი იმედი გვაქვს, რომ ასე აღარ გაგრძელდება.. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერთსულოვანნი ვიყოთ, გვიყვარდეს ჩევნი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო..თორემ, თუ ჩვენ სასულიერო პირნი ვიტყვით, რა თქმა უნდა ამას ძალა მიეცემა – ყველა იუდა, გამყიდველი, მოღალატე იუდასავით დაასრულებს თავის ცხოვრებას, ხოლო სამშობლოს, დედა ეკლესიის ერთგული ყველა ადამიანი დაცული იქნება ღმრთისაგან! უფალს შევთხოვ, მისი მფარველობის ქვეშ ამყოფოს ერთგული, თავდადებული ადამიანები..ჩვენ დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთსულოვნება, ერთგულება სამშობლოს და დედა ეკლესიის მიმართ……რა თქმა უნდა, მოთმინებით ძალიან ბევრი რამ უნდა მოვითმინოთ, მოთმინება ღვთიური ნიჭია, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს!.. წეტრილი უნდა დაესვას იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, ხდება მასმედიის საშუალებებით, ტელევიზიით, ინტერნეტით, ეს ერთგვარი გამოცდაა ქართველი ერისთვის და ეს გამოცდა ჩვენ სულიერებით უნდა ჩავაბაროთ! უნდა გვქონდეს ღმერთის დიდი იმედი, ღმერთს მინდობილნი უნდა ვიყოთ… დედა ღმრთისმშობელს შევავედროთ ჩვენი ქვეყანა, რადგან სწორედ იგია ჩვენი ერთად-ერთი პატრონი!..ეს არასოდეს დაგვავიწყდეს!…შევთხოვ უფალს, დედა ღმრთისმშობელს, რომ ინებოს ქართველი ერის ერთობა, ღმერთმა ინებოს, გვყავდეს ეკლესიური ხელისუფალი, ერისათვის თავდადებული და ეკლესიის პატრონი – აი, სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ერს და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ ლოცვით რა თქმა უნდა! შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვივლინოს ისეთი ხელისუფალი, რომელიც მშვიდობას დაამყარებს, ჩვენს ტერიტორიებს გააერთიანებს და ეკლესიას დაეპატრონება არა როგორც მომხმარებელი, არა როგორც მტარვალი, არამედ როგორც პატრონი, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რომელნიც ეკლესიებს მფარველობდნენ, ეკლესიებს აძლიერებდნენ, ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ! ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ლოცვები გავაძლიეროთ, რადგან დღეს ძალიან დიდი განსაცდელებია საქართველოში, დღეს ერს ძალიან უჭირს.ამიტომაც, ჩვენ, სამღვდელოება უნდა დავდგეთ ხალხთან, მთლიანად, მთელი ერის ნების გამომხატველი უნდა ვიყოთ.მე მჯერა, რომ ღვთის მადლით, ღვთის კურთხევით, საქართველოში დამყარდება მშვიდობა, საქართველო გაერთიანდება……ქართველებმა ფერეიდანში უძველესი დალოცვა შემოინახეს: “ღმერთს ებარებოდეო!”ეს საოცრად დიდი და ღრმა სიტყვებია, რადგან ღმერთს მიბარებული ადამიანი ყოველთვის მშვიდია, გაწონასწორებულია, ძლიერია! ამიტომ, ერთმანეთს ვუსურვოთ – “ღმერთს ებარებოდე!” ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ხოლო ის, ვინც არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ღმერთმა გამოასწოროს, ღმერთმა გაუხსნას გონება, რომ დაინახოს, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ამის გარჩევა მხოლოდ სულიწმინდის მადლით შეიძლება.სულიწმინდის მადლი კი თავმდაბლობით, დედა ეკლესიისადმი მორჩილებით და იმ სწავლებებით უნდა მოვიპოვოთ, რასაც წმინდა მამები, ჩვენი დიდი წინაპრები გვასწავლიან. მოძღვრებმა სწორედ ეს უნდა გავითავისოთ, ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ და ამ წესით ცხოვრებისაკენ მოვუწოდოთ ქართველ ერს……მინდა, განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი ბავშვები – ვინც წელს ამთავრებს სკოლას.ისინი თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფებიან, რადგან სწორედ ახლა უნდა გააკეთონ არჩევანი და მინდა, მათ მოვუწოდო, რომ მათთვის ამოსავალი წერტილი იყოს უფალი და სამშობლო! მინდა, მათი სულიერი კლდე ისეთი მყარი იყოს, რომ ვერანაირმა ცხოვრებისეულმა ტალღამ ვერ შეარყიოს! უფალი და სამშობლო – ამ ორ უმთავრეს საწყისზე დააფუძნონ თავიანთი ცხოვრება, და თუ ეს ასე იქნება, მათზე გადმოვა მადლი და წყალობა ღმრთისა, მათი ცხოვრება სათნო იქნება უფლისთვის!ღმერთს ებარებოდეთ! ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო! ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.უფლის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედის და დღევანდელ წმინდანთა ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს!
 
ჩვენთან არს ღმერთი!
(ამონარიდები ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ქადაგებებიდან, რომლითაც მან მრევლს მიმართა 2011 წლის 22 მაისს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის და 5 ივნისს ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. მოამზადა შორენა სიხარულიძემ)

1 COMMENT

  1. იმაზეც ვიქადაგოთ მამაო რომ ქრისტეს მიმდევარი მამულიშვილი, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და კანონიერი მთავრობა საქართველოდან გააძევეთ, ხოლო მის ადგილას ქრისტეს მტრები და ყაჩაღები უკურთხეთ ერს კანონიერ მთავრობად, ამის მერე ქუჩებში მშვიდობიან მომიტინგეებს ხვრეტდნენ და ხმას არ იღებდით. ახლაც სიტყვას არ ძრავთ „დედა-ეკლესიის“ მიერ მოძულებული კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე და კვლავაც უკანონობის ჭაობში ეფლობით. სიტყვით მართლაც შესანაშნავად ქადაგებთ, მაგრამ აბა საქმისა რა მოგახსენოთ? ჯერ თქვენ გვაჩვენეთ სარწმუნოებისათვის თავგანწირვა, თორემ მე ვინმე უღირსი მონა უფლისა მართლა ვბრკოლდები დედა-ეკლესიის მხრიდან ამდენი უსამართლობის შემხედვარე.

  2. სულიერი ცხოვარის ჩივილი „მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!“
    ———————————-
    ვეძიებდი ჭეშმარიტებას: მინდოდა ზეაღსვლა და ღმერთთან დაკავშირება. ამისთვის მსურდა, მენახა მოძღვარი, გზის მანათებელი, მღელვარე გულის დამამშვიდებელი, დაწყლულებული და დამძიმებული სულის მკურნებელი და ზეაღმყვანელი, ზეციური მადლის გადმომავლინებელი, – და აი ვიწყე გაცნობა სულიერ მწყემსთა.

    ვნახე ერთი მოძღვარი. მოვისმინე ეკლესიაში იმის მშვენიერი და მხურვალედ წარმოთქმული სიტყვა სიყვარულზე, ერთიმეორეს დახმარებაზე, ქველმოქმედებაზე; დავტკბი, მიველ მასთან ბინაზე. ყოველიფერი მოწმობდა, რომ იგი შეძლებული იყო. მელაპარაკა მაცხოვრის სწავლაზე; მწარედ ნაღვლობდა, რომ ქრისტიანენი იესოს მცნებათ არ ასრულებენ. ვსიამოვნებდი, ვპოვე მწყემსი კეთილი, – გულში ვამბობდი. კარი გაიღო: მოსამსახურე შემოვიდა და მოახსენა: „ბატონო; აი, იქ ჩვენ პირდაპირ ქოხში ქვრივი დედაკაცი რომ ცხოვრობს, გვთხოვს, ცოტა რამ მივსცეთ, ბავშვები მთელი დღე მშივრები არიანო“. „წავიდეს იქით, მე ჩემი შვილების რჩენაც მეყოდა, და ისინიც კიდე მე ავიკიდო?“ გაისმა მრისხანე ხმა სულიერი მამისა. ოხ, ღმერთო ჩემო, როგორ ვცდებოდი, ქრისტე ამასთან არა ყოფილა, – ვთქვი მე და გულნატკენი გამოვემშვიდობე. ვნახე მეორე მოძღვარი. წირვაზე მიველ; კრძალულებით მღვდელმოქმედობდა; სიტყვებს გრძნობიერად წარმოთქვამდა; მსმენელთ გულში სასოებას უღვიძებდა. ახლა კი ვნახე მადლმოცული მწყემსი; იგი განკურნებს და დააამებს ჩემს აღშფოთებულ სულს, – ვთქვი და წაველ მასთან ბინაზე. კარგად მიმიღო, მელაპარაკა ჯერ ცხონებაზე, მერე ამ სოფლის უკუღმართობაზე, კერძოდ, უსამართლობაზე „ბევრ, ბევრი უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაზე, – თქვა მან, – მაგალითად, მეც უსამართლოდ მექცევიან. არ იქნა, ვერ ვასიამოვნე მთავრობას… ჩემი ტოლები ახლა ყველა დეკანოზები არიან, და მე ჯერ ჯვარიც არა მაქვს. მცირე მრევლში ვარ; შემოსავალი ნაკლები მაქვს, შვილები სასწავლებელში მყავს და ხარჯებს ვერ ავუდივარ. რამდენჯერ ვითხოვე უკეთეს მრევლში გადაყვანა, მაგრამ არაფერი მეღირსა, ქრთამებს ვერ ვაძლევ“. ეხ, ამაშიც მოვტყუვდი, – ვთქვი მე და გულდაკოდილი გამოვეთხოვე. ვნახე მესამე მოძღვარი. შეკრებულობაში მოვისმინე მისი აღფრთოვანებული, მჭევრმეტყველური ლაპარაკი სამღვდელოების წმიდა მოვალეობაზე. „მღვდელი ერისთვის არის, მას უნდა მსახურებდეს მთელ თვის ძალ-ღონეს მას უნდა ახმარდეს და იმის კეთილმდგომარეობისთვის თავს უნდა წირავდეს, – ამბობს იგი. „სწორედ რომ ეს უნდა იყოს მწყემსი კეთილი, – ვუთხარი მე ჩემს მეზობლებს, – ნეტა იმ სამრევლოს, სადაც იგი მღვდლობს“. „არა, კაცო, ცარიელი სიტყვაა; ლაქალაქი უყვარს; ისე კი არაფრად ვარგა; მრევლი მიტოვებული ჰყავს და ბევრი უზიარებელი და უნათლავი კვდება“. დავღონდი. ვნახე მეოთხე მოძღვარი; სახეზე ეტყობა ფიქრი, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, მხოლოდ მისი მოქმედება მის ოჯახს იქით არ მიდის. როგორ არჩინოს ცოლ-შვილი, როგორ დაზარდოს შვილები, როგორ შეიძინოს ქონება. – აი მთელი პროგრამა იმისი ცხოვრებისა. ხოლო თუ როგორ დამწყსოს სულიერნი ცხოვარნი თვისნი, ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებს, ეს მას არ ესმის.

    ერთ ადგილას რამდენიმე მღვდელი თავმოყრილი იყო: ცხარედ ბაასობდნენ. იქნება მათ შორის ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი და მიველ იმათთან. „რის ძმობა, რა საჭიროა ოცნებობა, მხოლოდ თავის გამოჩენისათვის შვრება, კაპეიკსაც არ შევსწირავ“, – გაიძახოდა ერთი მღვდელი. ლაპარაკი ჰქონდა განმანათლებელი საზოგადოების დაარსების შესახებ. ნუთუ ამისთანა სიმპათიური დაწესებულების წინააღმდეგია ეს მღვდელი-მეთქი? შემდეგ მამებმა სხვა საგნებზე განაგრძეს ბაასი. არცერთს იმათგან სულიერობა, საზოგადო საქმეებზე წრფელი და მხურვალე მზრუნველობა არ ემჩნეოდა. ერთ მღვდელზე მითხრეს, აი, ის კარგი, განათლებული, პატიოსანი მღვდელიაო. გავეშურე გასაცნობად. ბევრი მებაასა და სულ ამქვეყნიურ საგნებზე, სადილზე მიმიწვია, საჭმელი სახსნილი იყო, თუმცა მარხვა დღე იყო. ღამეც იქ დავრჩი; ნაშუაღამევს გამომეღვიძა. მღვდლის საწოლი ოთახიდან შემომესმა მტლაშა-მტლუში… ქვრივი კი იყო. მიველ ერთ მოძღვართან; შევხედე და რა დავინახე? – ჩასუქებულა. თვალები დასიებია; ცხვირი გასწითლებია; მისი დარდია, მუცელი გაიძღოს, ღვინით ავისოს, გამხიარულდეს, სიმღერა შემოსძახოს, დრო გაატაროს. უკანასკნელად ვცადე. შეველ ერთს ეკლესიაში, იქნება, იქ ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი. საკურთხეველში დავდექი. წირვას მღვდელი უსულგულოდ ასრულებდა; წმ. საიდუმლოს მიღების დროს სხვებს ემუსაიფებოდა. იცინოდა კიდეც. ეს კი ვერ მოვითმინე…

    არა, ძმებო, ეს არ ვარგა. როგორ დაგვიხუჭავს თვალები? ამისთანა სამღვდელოება თავზე როგორ დაგვისვამს? ხმა ამოვიღოთ; მოვითხოვოთ სამღვდელოების განახლება. ვიყოლიოთ მართლა მოძღვარნი, მართლა სასუფევლის გზის მაჩვენებლნი, და არა გზის ამრევნი; მართლა სულიერნი მამანი, და არა ბიწიერნი სამსახურის კაცნი; მართლა კეთილი ცხოვრებისანი, და არა მძიმე ცოდვებით დატვირთულნი. მაშ, შევუდგეთ სამღვდელოების გასუფთავებას! ხმა… ხმა…! ეკლესიას მარტო მღვდელნი კი არ შეადგენენ, არამედ ერნიცა.

    (მიტროპოლიტი დავითი კაჭახიძე)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here