Home რუბრიკები საზოგადოება დავით კირკიტაძე: 26 მაისს ყველა მიხვდა, რომ აქციები წარმატების მომტანი არაა

დავით კირკიტაძე: 26 მაისს ყველა მიხვდა, რომ აქციები წარმატების მომტანი არაა

2131

25 მაისის საღამოს 8 საათზე დავით კირკიტაძეს სახლთან უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დავით კირკიტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ფრონტის” აქტიური წევრია. მისი განცხადებით, თავდასხმის დროს ის მეგობართან, დედასთან და 9 თვის შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ინციდენტის დროს თავდამსხმელებმა მისი აყვანა ვერ შეძლეს, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოასწრეს. კირკიტაძემ გაქცევა შეძლო და მეზობლის სახლს შეაფარა თავი. მაგრამ ისე იყო ნაცემი (და თავიც ჰქონდა გატეხილი), რომ 2 დღე სახლიდან ვერ გამოდიოდა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პირადად ვესაუბრეთ.

_ რას ფიქრობთ, რატომ დაგესხნენ თავს?

_  არასამთავრობო ორგანიზაცია `სამოქალაქო ფრონტის~ წევრი ვარ.  25 მაისს აქციაზე არ ვყოფილვარ, სხვა საორგანიზაციო საქმეებს ვაგვარებდი. საღამოს 8 საათი იქნებოდა, ჩემს სახლთან ვიყავი ჩემს მეგობარ გიორგი მელაძესთან, დედაჩემთან და 9 თვის შვილთან ერთად. რუსთაველზე ვცხოვრობ, ქუთათელიძის ქუჩაზე,  ხალხმრავალი ადგილია. მოულოდნელად შორიახლოს 2 მაქნანა გაჩერდა. მაქანებიდან უცებ ნიღბიანი ადამიანები გადმოხტნენ, თავს დამესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, თან ცდილობდნენ მანქანაში ჩავეტენე და გავეტაცებინეთ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, გადავწყვიტე, როგორმე გავქცეულიყავი. არ ვიცი, როგორ მოვახერხე მეზობლის სახლისთვის  თავის შეფარება. იქ ვეღარ გაბედეს შემოსვლა.

_ თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს ინცინდენტი, რა ინტერესი ამოძრავდებდათ ამ ადამიანებს?

_ ჩემი აზრით, ესენი იყვნენ ეგრეთ წოდებული “ზონდერ ბრიგადებიდან”. დარწმუნებით შემიძლია ამის თქმა. პირადად ჩემი გალახვის ინტერესი, არა მგონია, ვინმეს ჰქონოდა. ყველაფერს ამ აქციებს ვუკავშირებ. თუ არადა, რატომ არ მოხდა ეს თუნდაც ერთი თვის წინათ ან უფრო ადრე? ჩვენი ორგანიზაცია აქტიურობდა ამ აქციების დროს და სანამ  შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას დაარბევდა,  ჩემთან მოვიდნენ. სახალხო დამცველის აპარატში მომხდართან დაკავშირებით უკვე შევიტანე განცხადება და რეაგირებას ველოდები.

_ 26 მაისის მოვლენებს როგორ აფასებთ?

_ 50 პოლიციელი ერთ კაცს რომ მისდევს და სცემს, ამას რა უნდა დაარქვა? შეფასებაც კი არ შეიძლება ამის. ესაა ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული ზიზღი.

_ ხალხის ერთსულოვნებაზე რას იტყვით?

_ ტელევიზიების აქტიური მონდომებით, ახლანდელი აქცია ისე გამოჩნდა, თითქოს ეს ხალხი იქ მხოლოდ დასალევად იყო  მისული. `რეალ ტვ~ -მ როგორც გააშუქა, იმ კადრებს თუ ვნახავთ, გეთანხმებით ახლო ხედით ძალიან ცუდი სანახავია სანაგვედქცეული ქუჩები.  მსგავსი კადრები იყო 2003 წლის `ვარდების რევოლუციის~ დროს, მაგრამ ამაზე ყურადღება მაშინ არავის გაუმახვილებია.

_ ზოგადად, ფორუმებზეც კი, აქციების მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება გამოიკვეთა, თითქოს ამ აქციებმა ხელისუფლებას მხარდამჭერები გაუმრავლა.

_ გეთანხმებით, ნაწილობრივ მაისის აქციებმა ხელისუფლებას მხარდამჭერები გაუმრავლა. 2007 წლის აქციებს რომ შევადაროთ, ბევრად განსხვავებული სიტუაცია იყო. მაშინ ნინო ბურჯანაძეც მთავრობაში იყო. მე პირად ნინო ბურჯანაძეს ვერასდროს ვაპატიებ იმ აქციების დარბევას. დღეს ერის მენტალიტეტიც შეიცვალა _ უმრავლესობა საკუთარ თავაზე ფიქრობს: რა ჭამოს, ოჯახი როგორ არჩინოს… თუმცა დღეს კი მუშაობს, მაგრამ ხვალ შეიძლება უმუშევარი აღმოჩნდეს… 26 მაისს ყველა მიხვდა, რომ აქციები წარმატების მომტანი არაა. ჯერ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არ გვინდა და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. პარლამენტშიც, სჯობს, ბევრი პარტია შევიდეს. ყველამ იცის დღეს ჩვენს პარლამენტში რაც ხდება. 20 პულტს აჭერს ერთდროულად ერთი პიროვნება ხელს და იმაზე არავინ ფიქრობს, ქართველ ხალს გვჭირდება თუ არა ამა თუ იმ კანონის მიღება. იტყვის ბელადი, ასე უნდა გაკეთდესო და აკეთებენ.

_ როგორ განვითარდება მოვლენები, თქვენი აზრით?

_ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ  26 მაისის მოვლენები მსხვერპლით დასრულდა. ჩემთვის ერთნაირად მტკივნეულია, პოლიციელი დაიღუპება, თუ მომიტინგე, ორივე ქართველია და ორივე საქართველოს აკლდება.  ვიღაცის ამბიციების გამო არავინ არ უნდა დაიღუპოს. ამბობენ, 9 ადამიანი დაიღუპაო. ჩვენ თუ ეს ყველაფერი ახლა გადავყლაპეთ, ხვალ ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება.

ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here