20 მაისს საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა. ეს ფაქტი საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე მოექცა, რადგან მომდევნო დღეს ქვეყანაში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები და მწვავე დაპირისპირება დაიწყო. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ,,ჩერქეზული რეზოლუციის” ანალიზისთვის, სიმართლე რომ ვთქვათ, დიდად არავის ეცალა. არადა, ეს რეზოლუცია და მისგან გამომდინარე სავარაუდო შედეგი ყურადღებას ნამდვილად მოითხოვს.
,,აღიარებულ იქნას რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა მათი ისტორიული სამშობლოდან გენოციდის აქტად,” _ ნათქვამია რეზოლუციაში.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის _ გივი თარგამაძის განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ,,ჩვენ მოგვიწევს მთლიანად კავკასიის ხალხების სიტუაციის განხილვა, რადგან ჩერქეზები, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი ხალხი, რომლებიც იდევნება და რომლის წინააღმდეგ რუსეთი მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს,” _ განაცხადა მან.
მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება დღემდე მსოფლიოს არც ერთ პარლამენტს არ მიუღია. ისევე, როგორც არ შეუფასებია ,,გენოციდის აქტად”, მაგალითად, ბრიტანული კოლონიური ადმინისტრაციის მოქმედება ინდოეთში, რომელმაც დაახლოებით იმავე პერიოდში ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერლა, ან კიდევ ამერიკის მკვიდრი ინდიელების ,,მასობრივი განადგურება და იძულებითი განდევნა რეზერვაციებში”. ეს გასაგებიცაა, არც ერთ პრაგმატულ ქვეყანას XIX საუკუნის იმპერიების მემკვიდრე სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. საქართველო ამ მხრივ, როგორც ჩანს, გამონაკლისს წარმოადგენს.
ცხადია, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩერქეზებს XVIII-XIX საუკუნეებში თავს უდიდესი ტრაგედია გადახდა; ამას არც რუსი მეცნიერები და პოლიტიკოსები უარყოფენ. ალბათ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი მიესალმება ჩერქეზებთან, ისევე, როგორც სხვა კავკასიელ ხალხებთან ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების განმტიკიცებას. მაგრამ ერთი გარემოება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯი ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით, მოსკოვის ინტერესების გაუთვალისწინებლად, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია.
ეს მშვენივრად ესმით ვაშინგტონსა და ლონდონში; რეზოლუციები ,,ჩერქეზთა გენოციდის შესახებ” ამ ქვეყნების პარლამენტებს არ მიუღია. აშშ-ც და ბრიტანეთიც, სავარაუდოდ, ცდილობენ, ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული თამაში აწარმოონ, თუმცა ამას ძალიან ფრთხილად აკეთებენ, ისე, რომ კვალი არ დატოვონ. რუსეთი ერაყივით (ფარდობითად) სუსტი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მსგავს დელიკატურობას ადგილი, ალბათ, არ ექნებოდა, თუმცა როგორც თეთრ სახლში, ისე დაუნინგ-სტრიტზე კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი, კრიტიკულ მომენტებში კი ანომალურად ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც უაღრესად მტკივნეული საპასუხო დარტყმის მიყენება შეუძლია.
იმ გარემოებამ, რომ ქართული პარლამენტის რეზოლუციას რუსეთის ოფიციალურმა პირებმა რაიმე განსაკუთრებული კომენტარი არ მოაყოლეს, არ ნიშნავს იმას, რომ კრემლმა ოფიციალური თბილისის ეს ნაბიჯი არ შეამჩნია. რუსული პრესის პუბლიკაციების დაკვირვება ცხადყოფს, რომ მოსკოვმა ყოველივე აღიქვა როგორც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, შესაძლოა, უფრო სერიოზული, ვიდრე ,,პირველი საინფორმაციო კავკასიური” არხის ამოქმედება ან საააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრემლი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. როგორც ჩანს, პარლამენტში ჩათვალეს, რომ ჩვენს ქვეყანას სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ესღა აკლია.
ისეთი ტემპით, როგორითაც სააკაშვილის ხელისუფლება კრემლის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მან შეიძლება ძალიან სწრაფად მიგვიყვანოს კიდევ ერთ ომამდე რუსეთთან, მითუმეტეს, რომ არავინ იცის, ხვალ კიდევ რა ,,ჩრდილოკავკასიური ინიციატივა” მოუვა თავში სააკაშვილს, მის გარემოცვას ან დასავლელ მრჩევლებს. მთავარი საკითხი კი ძალზე მარტივად დგას: გვსურს თუ არა რეალური ომი რეალურ რუსეთთან? თუ _ არა, ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით ხელისუფლების გაუაზრებელი აქტიურობა შევზღუდოთ.
დიმიტრი მონიავა