Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”

მიხეილ სააკაშვილის “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”

672

“ათასწლეულის გამოწვევის” კორპორაციის დირექტორთა საბჭომ 5 იანვარს საქართველო უფლებამოსილი გახადა, რომ კორპორაციისგან მიეღო მეორე ხუთწლიანი კომპაქტი. პირველი კომპაქტი, რომლის ღირებულებაც 395,3 მილიონ დოლარს შეადგენს, 2011 წლის აპრილში დასრულდა. საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, თავი მოიწონეს, რომ “ათასწლეულის გამოწვევის” კორპორაციამ საქართველოს დახმარება მეორედ გამოუყო და რომ მსგავსი პრეცენდენტი მხოლოდ ერთხელ მოხდა. საქართველოსთვის კი ეს გამონაკლისი იმიტომ დაუშვეს, რომ პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი ქვეყანა, რომელზეც დაუშვეს პრეცენდენტი “ათასწლეულის გამოწვევის” კომპაქტი მეორედ მიეღო, არის განა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ნომერ პირველი რეფომატორი, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე მყოფი ევროპაში და ა.შ. განა კი სახელმწიფოა დასავლეთ აფრიკაში, რომელიც რატომღაც არც ერთ ჩინოვნიკს, რომელიც “ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამის გამონაკლისით თავს იწონებდა, არ დაუსახელებია.
სხვათა შორის, ამ პროექტის მონიტორინგს ახორციელებდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” და მან საკმაოდ მწვავე დასკვნები დადო (აღნიშნული მასალები “საქართველო და მსოფლიომ” შემოგთავაზათ), რომლის გათვალისწინებითაც, გადაჭრით თქმა, რომ საქართველომ გამოყოფილი თანხები გეგმაზომიერად გახარჯა, საფუძველს მოკლებულია.
თუმცა ეს ჩვენი ხელისუფლების არც პირველი ტყუილია და არც უკანასკნელი. ცოტა ხნის წინათ ჩვენ შემოგთავაზეთ ინფორმაცია, თუ როგორ გაასაღა საპარლამენტო ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილმა “FINANCIAL TIMES”-ის მიერ გამოქვეყნებული პიარ-მასალა, რომელშიც ხელისუფლებამ 387 ათასი ლარი გადაიხადა, ამ გაზეთის მოსაზრებად. მასალის გამოქვეყნების შემდეგ კი ხელისუფლებამ ათასგვარი ტყუილი დაუპირისპირა ამ ფაქტს და ლამის საპარლამენტო მოხსენებაში ამ სტატიაზე საუბარი უარყო.
თუმცა პრეზიდენტი რომ სახალხო ტყუილებს არ ერიდება, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა “GQ”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ხელფასი თვეში 8 ათას ლარს, დაახლოებით 4 ათას დოლარს, შეადგენს, ხოლო მისი წინამორბედი პრეზიდენტი 20 დოლარს იღებდა ხელფასის სახით.
ხელისუფლებამ კი უარყო “ FINANCIAL TIMES ”-თან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ საშუალება ექნება, განასაც “ამოიღებს” იმ ქვეყანათა ჩამონათვალიდან, რომელთაც “ათასწლეულის გამოწვევამ” კომპაქტი განმეორებით მისცა. მაგრამ საინტერესოა, რას მოუხერხებს სააკაშვილი ტყუილს, რომელიც მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით ვლინდება? რუს ჟურნალისტები და მკითხველი სააკაშვილმა მოატყუა, როდესაც განაცხადა, რომ ხელფასი 8 ათასი ლარი ჰქონდა, თუ საქართველოს კანონით დადგენილი მისი ხელფასია არასწორი და პრეზიდენტი დეკლარაციაშიც იტყუება?! არადა, დეკლარაციაში მცდარი ინფორმაციის შეტანა კანონით ისჯება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, “საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობების დადგენა: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, აგრეთვე, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს კანონი”. ხოლო კანონში საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ მითითებულია, რომ “საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს 4720 ლარის ოდენობით”.
ამ კანონს, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2005 წლის 25 მარტს მოაწერა ხელი. ფინანსთა სამინისტრო სააკაშვილისთვის 7 ათასი ლარის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ, როგორც მაშინ ფინანსთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ თქვა, რომ პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებდა პრეზიდენტის შრომის ანაზღაურებას, მანამდე არ არსებობდა. წინა პრეზიდენტი ხელფასის სახით ბიუჯეტიდან 400 ლარს, ხოლო განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან 2000 დოლარის ოდენობით დანამატს იღებდა. 2008 წლის 1 იანვრიდან, ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის პერიოდში, საქართველოს  პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, თუმცა თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა არ შეცვლილა და ის 4720 ლარი დარჩა.
2011 წლის დეკლარაციაში, რომელიც სააკაშვილმა 14 მაისს შეავსო, იგი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებში წერს, რომ მისმა შემოსავალმა შეადგინა 56 ათას 640 ლარი, რაც, როგორც უნდა ვიანგარიშოთ, თვეში 8 ათას ლარს ნამდვილად არ შეადგენს. გამოდის, რომ პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან _ ქსენია სოკოლოვთან და ქსენია სობჩაკთან, უბრალოდ, იცრუა.
სოფო გელაშვილი
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here