Home რუბრიკები სამართალი კონტროლის პალატა თავდაცვის სამინისტროს იარაღის შესყიდვებს ამოწმებს

კონტროლის პალატა თავდაცვის სამინისტროს იარაღის შესყიდვებს ამოწმებს

656

თავდაცვის სამინისტრო ის უწყებაა, რომელშიც თვით კონტროლის პალატაც კი ძნელად აღწევს. ასე იყო ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, როცა უწყებაში შესული კონტროლის პალატის თანამშრომლები ოქრუაშვილმა კინწისკვრით გამოყარა სამინისტროდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა საბიუჯეტო უწყების შემოწმება კანონით ევალებოდათ. მაშინ, როცა ეს მაკონტროლებლები ამოწმებდნენ შს სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს კარი მათთვის დახურული იყო. ამ უწყებამ მინისტრი კი შეიცვალა, მაგრამ კონტროლის პალატისთვის იგი მაინც შეუვალი ციხესიმაგრე აღმოჩნდა. ორი წელია, ეს უწყება არ შემოწმებულა. ახლა კი, კონტროლის პალატის ინფორმაციით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, თურმე თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა განსაზღვროს ის სამხედრო პროგრამები, რომლებიც 2011 წელს უნდა შემოწმდეს. მოკლედ, შემოწმება იწყება ახალი აუდიტორული ფორმით, რომელიც კონტროლის პალატამ ლატვიის სახელმწიფოს აუდიტორულ ოფისთან ერთად შეიმუშავა.
 “საქართველო და მსოფლიოს” ინფორმაციით, ორწლიანი, იძულებითი პაუზის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აღნიშნული მითითება ზურაბ ადეიშვილმა გასცა. ამავე ინფორმაციის თანახმად, კონტროლის პალატა ბოლო სამი წლის მონაცემებს შეისწავლის, რომლებიც ბაჩო ახალაიასთან ერთად დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროინდელ პერიოდსაც მოიცავს.
ვინ დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობით, ოფიციალურად, ბუნებრივია, არ ხმაურდება. სახელისუფლო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ადეიშვილის უწყებამ ეს მოთხოვნა დავით კეზერაშვილისა და მისი საეჭვოდ გამდიდრებული გარემოცვის “დასაბერტყად” გადაწყვიტა.
როგორც წესი, ასეთი “გასუფთავება” ოფიციალურად  მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, როცა საქმე ოპოზიციას ეხება. კეზერაშილის გარშემო კი ყოფილ მინისტრსა და მის გარემოცვას საეჭვოდ გაუმსხვილდათ ბიზნეს-კომპანიები. მათ შორისაა ნავთობკომპანია “გალფი”, სადაც კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ ახალი ბიზნეს-დივიდენდები დააბანდეს.
ამ შემოწმების შედეგად ისიც უნდა დადგინდეს, როგორ ჩამოიწერა კეზერაშვილის დროს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ძვირადღირებული მანქანები და როგორ მოხდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი და სხვა გარემოცვა ძვირადღირებულ “რენჯროვერებში” ჩასხდნენ. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ებრაულ იარაღთან დაკავშირებული სკანდალი ჯერ არ ჩაუფარცხავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადეიშვილმა თადარიგი დაიჭირა ისეთი შემთხვევისათვის, თუ კი ფედერალური ბიურო თაღლითური სქემისა და იარაღის მსოფლიო მაფიის სკანდალურ საქმეში თავდაცვის მინისტრის, კეზერაშვილის დროინდელ ცნობილ შესყიდვასაც ამოყრის, ადეიშვილს ეს მასალები წინასწარ უნდა ედოს, ყოველი შემთხვევისათვის. ასეთი მოთხოვნა ეფ-ბი-აის შეფის ვიზიტის დროსაც გაჟღერდა. მაშინ დახურულ შეხვედრას მერაბიშვილი და ადეიშვილი ესწრებოდნენ.
სხვათა შორის, ამ ორ მინისტრს შორის დაპირისპირებაზეც ბევრს საუბრობენ კულუარებში. მოგეხსენებათ, კონტროლის პალატის შემოწმების მასალები, თუკი მათში კანონდარღვევაა გამოვლენილი, პროკურატურას ეგზავნება. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მერაბიშვილის მარჯვენა ხელის _ დათა ახალიას ძმას, ბაჩო ახალიას აბარია, თავდაცვის სამინისტროზე შეტევა მერაბიშვილზე შეტევას უდრის, რადგან მინისტრის წყალობითა და დახმარებით, ეს უწყება მერაბიშვილის კონტროლს ექვემდებარება. სხვათა შორის, მერაბიშვილ-ადეიშვილის ურთიერთობების გაფუჭებაზე მაშინაც ხაზგასმით აღინიშნა, როცა ბათუმში, პოლიციის აღლუმზე, სტუმრებს შორის ადეიშვილი არ გახლდათ.
კონტროლის პალატას მართლაც სერიოზული საკბილო ელის, თუკი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მას შეუძლია დაინტერესდეს ყოველწლიური ეროვნული პროგრამებით და პროგრამით “პარტნიორობა მშვიდობისთვის”, რომელშიც სერიოზული ფინანსები იხარჯება. ბაჩო ახალაიას დროს “ლონგებოუ-ლანსელიც” დაიწყო. ამ უწყებაში, ცხადია, ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება, მთავარი სურვილი და პოლიტიკური ნებაა.
მეტად საინტერესოა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ პრეტენდენტების საკითხიც, რომლებიც რამდენიმე ასეულათასიან ტენდერებს იგებენ, ოღონდ პარალელურად ფულს სახელისუფლო პარტიას ურიცხავენ. მათ შორისაა შპს “ესაბი”, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანია, რომელსაც “ნაციონალური ყულაბისთვის” 10 ათასი ლარი შეუწირავს, როცა სულ რაღაც ცოტა ხნის წინათ მან პორტატული კომპიუტერების შესყიდვაში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და თავდაცვის სამინისტროდან მხოლოდ ერთ ჯერზე 80 ათას 220 ლარი მოხსნა. ანალოგიურად მას სხვა კომპიუტერული ტექნიკაც შეუძენია სამინისტროსთვის. ეს კიდევ არაფერი. კომპანია “ჯი აი ჯის”, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” 100 ათასი გადაურიცხა, რამდენიმეგზის აქვს მოგებული ტენდერი თავდაცვის სამინისტროში მაზუთის შეძენაზე და გატანილი აქვს ჯერ 70 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ 62 ათას 300-ლარიანი შესყიდვით თანხები.
იმავე თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში ფიგურირებს “ჯეომეტალ ჯგუფიც”, რომელსაც 690 ათასი ლარი აქვს ტენდერით მოხსნილი ბიუჯეტიდან. შპს “სოფთმასტერს” “ნაციონალური მოძრაობის” ყულაბაში გადარიცხული აქვს 15 ათასი ლარი, სამაგიეროდ, როგორც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დოკუმენტაციაში მივაკვლიეთ, “სოფთმასტერს” თავდაცვაში კარგად უყოჩაღია: ჯერ 412 ათასი ლარი მოუხსნია “თეთრეულის კომპლექტაციის შესყიდვაში”, ხოლო შემდეგ დამატებით კიდევ საკმაოდ “ყუათიან” ტენდერებში გაუმარჯვია.
თუმცა, როგორც წესი, ასეთი ტენდერებით მაკონტროლებლები ნაკლებად ინტერესდებიან ხოლმე, მაგრამ ეს მაშინ, სანამ მინისტრი მაგრად დგას, თორემ ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდგომ ხომ გაირკვა, რომ თავდაცვაში უპრეცენდენტო კორუფცია ყვაოდა. მანამდე კი “მემარჯვენეებს”, რომლებიც მუდმივად საუბრობდნენ თავდაცვის სამინისტროს დახურულ ფონდებზე, სააკაშვილი უმტკიცებდა, რომ ოქრუაშვილი ყველაზე კეთილსინდისიერი მინისტრიაო და კაპიკ-კაპიკ ამოწმებდა მისი უწყების მიერ დახარჯულ თანხებს.
მერაბიშვილ-ადეიშვილის დაპირისპირებას რამდენიმე წლის წინათ ბევრი მათი თანაგუნდელი შეეწირა, განსაკუთრებით რეგიონებში. ხან ადეიშვილის პროკურატურა უშვებდა ციხეში მერაბიშვილის ხალხს, ხან კი მერაბიშვილის პოლიცია _ ადეიშვილის გარემოცვას. სააკაშვილის კარზე ორივე მათგანს პოზიციები კარგად აქვს გამყარებული, თუმცა გააჩნია, რომლის კომპრომატი გადასწონის.
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here