Home რუბრიკები პოლიტიკა ტორკვემადადან სააკაშვილამდე, ანუ საქართველო ნეოინკვიზაციის ჭაობში

ტორკვემადადან სააკაშვილამდე, ანუ საქართველო ნეოინკვიზაციის ჭაობში

1600

ინკვიზიციის ხსენებაზე ნებისმიერ ადამიანს, ვინც იცის მისი გაუგონარი სისასტიკის შესახებ, უსიამოვნო განცდა ეუფლება. მართალია, შუასაუკუნეების სიბნელე და ინკვიზიციის კოცონი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ დროდადრო თავს იჩენს ამჯერად უკვე, პოლიტიკური მოტივით წაქეზებული ნეოინკვიზიციური პროცესები, რაც, მართალია, ხშირად ლოკალური მაშტაბისაა, მაგრამ თავისი სულისკვეთებით მაინც უდიდესი ბოროტებაა.
ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ თანამედროვე საქართველოში მიმდინარე ნეოინკვიზიციურ პროცესებზე და მის მსგავსებაზე შუა საუკუნეების დროინდელ ინკვიზიციასთან.

“ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია”
ინკვიზიციის მიზანს წარმოადგენდა “მწვალებლური მანკიერების ძიება”. ნებისმიერი ადამიანი, ვინც “მხილებული” იქნებოდა ერეტიკულ ცოდვაში, დაუყოვნებლივ ექვემდებარებოდა გასამართლებას. “მხილებისათვის” კი ადამიანის ერეტიკოსად გამოცხადება საკმარის არგუმენტს წარმოადგენდა.
სინამდვილეში კი ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ რელიგიის ან მის მსახურთა წინააღმდეგ წარმოთქმული რაიმე უკადრებელი სიტყვისთვის ან განსხვავებული აზრის გამო, რადგან თავისუფალი აზროვნება ღვთის გმობად ითვლებოდა. ასე “აჩირაღდნენ” ინკვიზიციის კოცონზე ჩეხების ეროვნული გმირი იან ჰუსი, ჯორდანო ბრუნო და ბევრი სხვა უდიდესი მოაზროვნე.
ქართული ნეოინკვიზიცია ბევრი რამით ჰგავს Yთავის “წინამორბედს”, თუმცა მეთოდები, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული და მოდერნიზებულია. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აგებულია პრინციპზე: ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და, ვინც ჩემი მტერია, ის ქვეყნის მოღალატეა. ასე დაინერგა პრაქტიკაში ქვეყნის მოღალატეების _ რუსეთის აგენტების “გამოვლენა”. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების კრიმინალებად და მათ თანამოაზრეებად გამოცხადება, თუკი ინკვიზიცია სისასტიკეს “ყოვლისშემძლე ღვთის გულისათვის” სჩადიოდა, დღეს ყოველივე ეს მისი უდიდებულესობა პრეზიდენტის ძალაუფლების შეურყევლობისთვის კეთდება.
“ამხილე” და იბატონე
ინკვიზიტორებს თავიანთი “წმინდა მიზნის” მიღწევას უადვილებდა ყოველი ჯურის ნაძირლის მიერ დაწყებული “სასარგებლო” საქმიანობა _ ჯაშუშობა, დასმენა, რაც წმინდა საქმედ ითვლებოდა და წაქეზებული იყო ეკლესიის მიერ.
სააკაშვილის რეჟიმის “ანტიკრიმინალური” პოლიტიკა მსგავს პრინციპზეა აგებული. კერძოდ, “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ თავიდანვე დაიწყო “ჩაშვების ინსტიტუტის” დანერგვა. ზოგადად, მოქალაქის კანონისა და სამართლიანობის აღსრულებაში მონაწილეობა ბოროტება სულაც არ არის. პირიქით, ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია. მაგრამ, თუ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს პოლიტიკური ოპონენტების ან მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენებს, მაშინ ეს დანაშაულია. საქართველოს ხელისუფლება მსგავს ხერხებს ხშირად მიმართავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იძაბება. ასეთ დროს ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინოს აღიარებითი ჩვენებების გავრცელებით და “ჯაშუშური ქსელის” გამოვლენით, რომლის მიზანს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის შენელება წარმოადგენს.
შიში შეიქმს… მორჩილებას
ინკვიზიციის “წმინდა საქმის” წარმოება ევალებოდა “დომინიკელთა” ორდენს, რომელმაც პაპის ნდობა სავსებით გაამართლა: უდიდესი ტერორი განახორციელა “ურწმუნოთა” წინააღმდეგ, რამაც შიშის დანერგვას შეუწყო ხელი.
ქართულმა ნეოინკვიზიციამ მსგავსი პრინციპით იხელმძღვანელა: სოდ-ისა და კუდ-ის მეშვეობით საზოგადოებაში, ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელების გზით, თანმდევი შიში დანერგა. ამის ნათელი მაგალითი იყო 2007 წლის ნოემბერში აქციის მონაწილეთა გამაყრუებელი შეძახილი _ “არ მეშინია”, რაც თავისთავად საზოგადოებაში დაბუდებული ტოტალური შიშის აღიარებას წარმოადგენდა. აქციების ძალით ჩახშობასთან ერთად, შიშის სინდრომი უფრო გაძლიერდა.
დღეს საზოგადოება ტოტალურად არის დაშინებული: ეშინია აქციაზე წასვლის, ხელისუფლების საჯაროდ გაკრიტიკების, ტელეფონით ნაცნობებთან თავისუფლად ვერ საუბრობს, ადეკვატურად ვერ რეაგირებს ქვეყანაში გამეფებულ უკანონობაზე და ა.შ.
ტორკვემადას მემკვიდრეობა
ყველაზე დიდ სისასტიკეს ინკვიზიციამ ესპანეთში ტორკვემადას დროს მიაღწია. მისი 18-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში 10 ათასი ადამიანი ცეცხლის ალმა შთანთქა.
ტორკვემადას ფუნქცია დღეს მერაბიშვილს აკისრია. სწორედ შსს არის ის უწყება, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ტოტალური შიშის დანერგვას. ასევე ყველა სადამსჯელო ორგანო, რომელთა ქმედებები ხშირად ადამიანების სიკვდილს იწვევს, მის დაქვემდებარებაშია.
ნულოვანი ტოლერანტობა, ანუ სიკვდილის “ამბორი”
ერეტიკოსის კოცონზე დაწვა ხშირად საზეიმო დატვირთვის მატარებელი იყო და ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა, მორწმუნეთა ჭკუის სასწავლებლად და ურწმუნოთა გონზე მოსაყვანად. ასე საზეიმოდ სიკვდილით დასჯას “აქტი სარწმუნოებისა”, ანუ “აუტო-და-ფე” ეწოდებოდა.
საქართველოს ხელისუფლებას “აუტო-და-ფე” ხშირად განუხორციელებია. მაგალითად, ასეთი “აქტის” საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს აფრასიძეების ოჯახის “საზეიმო” ამოხოცვა. თუმცა მსგავს ქმედებებს ხელ-ფეხი გაეხსნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საზეიმოდ გამოაცხადა “ნულოვანი ტოლერანტობა” და სამართალდამცავებს მოუწოდა, გაენადგურებინათ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათ მცირე წინააღმდეგობასაც გაუწევდა. ამის შემდეგ ათეულობით უდანაშაულო ახალგაზრდა დახოცეს ქუჩაში. მათ შორის იყო ისეთი გახმაურებული მკვლელობები, როგორიცაა: ბუტა რობაქიძის, გიორგი ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანისა და სხვა ათეულობით ახალგაზრდისა, რომლებიც “ნულოვან ტოლერანტობას” შეეწირნენ.
“ნამუსახდილი” თემიდა
ინკვიზიცია საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა, რომელთა შორისაც ფუნქციები გამიჯნული არ იყო და, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობაც არ არსებობდა.
საქართველოში მსგავსი სიტუაციაა შექმნილი: სასამართლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და აღმასრულებელი  ხელისუფლების დირექტივებით ხელმძღვანელობს. რაც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიულ განვითარებას, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის გარეშე ქვეყნის ნორმალური განვითარება ვერ მოხერხდება.
“გასაჩივრებას არ ექვემდებარება”
ინკვიზიცია “სამართალწარმოების” სპეციფიკური წესით ხელმძღვანელობდა: ერეტიკოსს წინასწარ გასამართლებამდე დამნაშავედ აცხადებდა.
საქართველოს ხელისუფლებაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არ იცავს და დაპატიმრებისთანავე ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცხადდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ეხება.
იძულებითი აღიარება
ინკვიზიტორი წამების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით აიძულებდა ერეტიკოსს, ეღიარებინა დანაშაული.
საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ძალადობისა და წამების ღონისძიების გატარებით ცდილობენ, მოიპოვონ აღიარებითი ჩვენება. ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International -ის 2011 წლის ანგარიშში: “საქართველოში დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში ცუდად მოპყრობა პრობლემად რჩება”.
“შეზღუდული განათლება”
ინკვიზიცია დაუნდობლად ებრძოდა “სახიფათო” და “მავნებლური” შინაარსის შემცველ წიგნებს, რომლებიც ხელს უწყობდა საზოგადოებაში ცოდნის და თავისუფალი აზროვნების გავრცელებას. ასეთ წიგნებთან საბრძოლველად სპეციალურად შეიქმნა საცენზურო ორგანო კარდინალ კარაფას ხელმძღვანელობით, რომელმაც შემოიღო “ინდექსი აკრძალული წიგნებისა”, რომლის შედეგადაც განადგურდა ბეკონის, ნიუტონის, გალილეისა და სხვათა წიგნები.
საქართველოში, მართალია, ოფიციალურად ასეთი საცენზურო ორგანო არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლება მიზანმიმართულად მაინც აფერხებს ეროვნული მეცნიერების განვითარებას, უმაღლესი განათლება ლამის მიუწვდომელ მწვერვალად იქცა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. განათლების სისტემა, რომლის უპირველეს მიზანს განათლებული მომავალი თაობის აღზრდა უნდა წარმოადგენდეს, დეგრადაციას განიცდის, რაც თავისთავად ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგია.
სუიციდის იძულება
ხშირად ადამიანები ინკვიზიციის მსხვერპლნი ხდებოდნენ სიმდიდრის გამო. კერძოდ, ინკვიზიტორთა მიზანს სიკვდილმისჯილთა ქონების მითვისება წარმოადგენდა.
ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას დაჯარიმებულთა ხარჯზე ცდილობს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ტრაგედიით სრულდება. კერძოდ, როგორც ცნობილიან სახელმწიფო რეკეტის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს ღვინის კომპანია “შუმის” ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა, საბითუმო მაღაზია “დელფინის” ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპაშვილმა და “ქინძმარაულის მარნის” დირექტორის მოადგილემ არჩილ სესიაშვილმა. სამივე შემთხვევაში თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზად აღნიშნულ კომპანიებში საგადასახადო ინსპექციის შესვლა და დიდი ჯარიმები სახელდება. თუკი ინკვიზიციის დროს ეკლესიის მსახურებთან სიახლოვე და ტაძრების დახმარება დიდგვაროვანთა უსაფრთხოებას განაპირობებდა, დღეს საქართველოშიც მსგავსი სიტუაციაა შექმნილი. კერძოდ, ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებას აფინანსებენ და პოლიტიკური პროპაგანდის წარმართვაშიც ეხმარებიან, ხელშეუხებლობით სარგებლობენ, ხოლო განსხვავებულად მოაზროვნე ან თუნდაც დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობით დაინტერესებული ბიზნესმენები დევნას და შევიწროებას განიცდიან.
ზურაბ ჯამბურია
P.S. ერთი შეხედვით ცივილიზებული და დემოკრატიული დასავლეთი, წლებია, “ბუშის სინდრომით” არის შეპყრობილი და საქართველოს “ვარდების ხელისუფლებას” “დემოკრატიის შუქურად” მიიჩნევს. სწორედ ეს გაუაზრებელი და უპირობო მხარდაჭერა იწვევს იმ რეპრესიებს, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმი ატარებს და რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
ამიტომ დროა, დასავლეთის ცივილიზებული სამყარო გონს მოეგოს, გაიაზროს საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარება და მისცეს ქართველ ხალხს შესაძლებლობა, დემოკრატიის ჩამქრალი შუქურა ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების საკეთილდღეოდ ხელახლა აანთოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here