Home რუბრიკები პოლიტიკა დესანტი უპარაშუტოდ, ანუ გრეჩიხას ამბორი

დესანტი უპარაშუტოდ, ანუ გრეჩიხას ამბორი

სანამ მთავარს მივადგებოდე, განვმარტავ, რომ სიტყვა პარაშუტი მასალის სათაურში  “დამატებით კიდევ 1 მილიონს” გულისხმობს, რომელიც ბადრი ბიწაძის მტკიცებით, გრეჩიხამ (ლევან გაჩეჩილაძემ), აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ, დამატებითი გარანტიის სახით მოითხოვა. რაც შეეხება “გრეჩიხას ამბორს”, მერწმუნეთ, მას არაფერი აქვს საერთო კარავაჯოს “იუდას ამბორთან”. უბრალოდ, ფოტოზე ნათლად ჩანს, როგორ გადაკოცნა “სახალხო კრების” მიტინგზე უპარაშუტოდ დესანტირებულმა ლევან გაჩეჩილაძემ  ნინო ბურჯანაძე და წინამდებარე მასალაც სწორედ ამ კოცნის მორალურ და პოლიტიკურ ასპექტებს ეხება.
იძულებული ვარ, მცირედი შესავლის შემდეგ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში მცირედი ექსკურსიც მოგიწყოთ. ვეცდები, თავი არ მოგაბეზროთ.
შარშან ერთ-ერთ (სხვათა შორის – კარგ) ქართულ გაზეთში დიდი ხმაური ატყდა. სკანდალისას, რომელიც თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა, გაირკვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე (იგივე გრეჩიხა) საიდუმლოდ შეხვდა სააკაშვილს და ამ შეხვედრაზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, ოპოზიციაც გაყიდა. ბადრი ბიწაძის მტკიცებით, გრეჩიხამ აღებული ვალდებულება შეასრულა და ანტისახელისუფლო განწყობებიც ხელოვნურად, მზაკვრულად ჩაახშო…
გაჩეჩილაძე ამ ბრალდებებს დიდხანს უარყოფდა, მაგრამ, როდესაც ბიწაძემ გაამხილა, რომ სააკაშვილთან მის გარიგებას საკუთარი ყურით ფარდის უკან დამალული ისმენდა, ლევან გაჩეჩილაძემ თავის მართლება შეწყვიტა.
გრეჩიხა, რომელიც აქამდე რიხით ირწმუნებოდა, რომ არავის არაფერს შეარჩენდა და საკუთარ სიტყვებსა თუ ბრალდებებზე ყველას (ბიწაძე-ბურჯანაძეს) აუცილებლად მოუწევდა პასუხისგება, უეცრად დადუმდა, დუმილი ბევრმა თანხმობად მიიჩნია, თუმცა… ერთხელაც გრეჩიხა ბადრი ბიწაძეს მიუნხენის აეროპორტში გადაეყარა, “საქმეც გაურჩია” და, როგორც პრესა წერდა, ერთი-ორი ლაზათიანადაც უთავაზა.
ბიწაძემ არც აცია, არც აცხელა და განმარტა, რომ “მიუნხენში მომხდარი ინციდენტი იყო გაჩეჩილაძის იაფფასიანი პროვოკაცია. მან ახალი დავალება მიიღო ხელისუფლებისგან, რომ მერაბიშვილს ჩემი დაჭერა გაუადვილდეს… დედალი ხალხი რომ იქცევა, ისე მოიქცა. ლაჩარს ჩვევია ეგეთი სიტყვები… ჩემ მიმართ ეგეთი რამის გაკეთება ძნელია, მაგას ერთი ადგილი სჭირდება და ეგ ერთი ადგილი არც გაჩეჩილაძეს აქვს და არც კიწმარიშვილს”.
ამ სკანდალის შეხსენება არ დამჭირდებოდა, რომ არა ერთი გარემოება – 22 მაისს “ქართული პარტია” ტელევიზიის წინ ბურჯანაძის საპროტესტო აქციას შეუერთდა. შერიგების ნიშნად კი “დედალმა, ლაჩარმა და “უერთადგილო” გრეჩიხამ, რომელიც, ბიწაძისავე მტკიცებით, თურმე სააკაშვილის დავალებებს ასრულებს, ნინო ბურჯანაძე გადაკოცნა…
სწორედ აქ ჩნდება ერთი მეტად უხერხული ზნეობრივი დილემა. კერძოდ – თუ გაჩეჩილაძისადმი ბადრი ბიწაძის მიერ წაყენებული ბრალდებები სიმართლეა და ფარდის უკან დამალულმა ბიწაძემ მართლა საკუთარი ყურით მოისმინა გარიგება სააკაშვილსა და გრეჩიხას შორის, მაშინ ცხადია, რომ ლევან გაჩეჩილაძეს,  რომელმაც ერთხელ უკვე გაყიდა და ჩაშალა საპროტესტო აქციები, ბიწაძე-ბურჯანაძე სათოფეზე არ უნდა იკარებდნენ. მართალია, პოლიტიკაში მორალზე თვალის დახუჭვა ახალი ხილი არ არის, მაგრამ არის გარკვეული კანონები, მათ შორის დაუწერელი, რომელთა დარღვევის შემდეგ კონკრეტულ პოლიტიკოსთან ურთიერთობის დაჭერა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი ტონია, და ეს შემთხვევა სწორედ ასეთთა რიგს მიეკუთვნება.
ამ საკითხზე მსჯელობა მარჩიელობას რომ არ დაემსგავსოს, მის ზნეობრივ კომპონენტს ცოტახნით თავი დავანებოთ და პოლიტიკურ ასპექტზე გადავერთოთ…
სააკაშვილი უნდა წავიდეს და ამ საკითხზე, დიდი ხანია, საზოგადოების უმრავლესობას კონსენსუსი აქვს.
სააკაშვილის წასვლა ამდენი ხანი იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ოპოზიცია, რომელიც მის გაშვებას ცდილობდა, ხან გარიგების, ხან პარაშუტის, ხან უპრინციპობისა თუ სიბეცის გამო ანტისახელისუფლო განწყობაში სოლიდარულ ხალხს პირშიჩალაგამოვლებულს ტოვებდა.
სააკაშვილი უნდა წავიდეს, მან პასუხი უნდა აგოს უამრავი შეცდომისა თუ დანაშაულისთვის… მაგრამ პარაშუტისტებიც უნდა წავიდნენ, უნდა წავიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ორიოდე თვის წინათ ნინოს გულის საამებლად ლევან გაჩეჩილაძესა და “ქართულ პარტიას” მიწაში დებდნენ, ხოლო მიტინგზე, “გრეჩიხას საჯარო ამბორის” შემდეგ, მზად იყვნენ, ასკარიდად ქცეულიყვნენ ამ პარტიისა და მათი ლიდერების საამებლად და, მიუხედავად იმისა, რომ “ძალამოცემულმა” გრეჩიხამ სათოფეზე არ მიიკარა, დითირამბებიც კი უძღვნეს…
მაგრამ ყველაფერს, მათ შორის მათ წასვლასაც, თავისი დრო აქვს. ახლა ამ ადამიანთა წასვლა ნიშნავს, რომ ბურთი და მოედანი ალასანია-თარგამაძეს და სხვა წვრილფეხა “კონსტრუქციულებს” დარჩებათ, რაც, პირველ რიგში, სააკაშვილისა და, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ინტერესებში შედის. სააკაშვილისა და ვაშინგტონის ინტერესები რომ ქართველი ხალხის ინტერესებისაგან დიამეტრალურად განსხვავ­დება, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით.
სამთავრობო აგიტპროპი (ნაციონალური არხები და სხვა წვრილფეხობა), რამდენიმე დღეა, “ნერგავს” ვერსიას, რომ  “ქართული პარტია”, ისევე, როგორც “სახალხო კრება”, რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს და რომ დაქოქილი რუსული ტანკები არეულობას ელიან, რათა თბილისში შემოიჭრან და სააკაშვილი დაამხონ.
ეს ვერსია განსაკუთრებულად გულდასმით მუშავდება მას შემდეგ, რაც “ქართული პარტია” “სახალხო კრებას” შეურიგდა, ხოლო ოქრუაშვილმა პარიზიდან დაიმუქრა – 25 მაისს თბილისში ვიქნებიო… თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ცხინვალსა და სოხუმში ყოფნასაც ასე იმუქრებოდა, ექსთავდაცვის მინისტრის განცხადებები სათვალავში არ უნდა მივიღოთ. ოქრუაშვილის რეპუტაციას ვერც “ქართული პარტიის” მიერ საგანგებოდ მოგონილი მიზეზი  (ძლივს დავიყოლიეთ, რომ არ ჩამოსულიყო, რადგან ნინო ბურჯანაძესთან მოქმედების საერთო გეგმა ვერ შევაჯერეთო) უშველის. ზოგიერთმა კონსპიროლოგიისაკენ მიდრეკილმა ექსპერტმა უკვე გამოთქვა მოსაზრება, თითქოს სინამდვილეში “ქართული პარტია” და “სახალხო კრება” შეთანხმებულად მოქმედებენ, ქიშპის ილუზიას ქმნიან, რათა მერაბიშვილის უწყების ყურადღება მოადუნონ, ხოლო საჭირო დროს კიდევაც გაერთიანდებიან და ოქრუაშვილიც გამოჩნდებაო. მაგრამ ეს ვერსია არათუ კონსპიროლოგის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჩარჩოებსაც სცილდება და ფსიქიატრიის სფეროში ინაცვლებს…. ასე რომ, შევეშვათ ბაქია ოქრუაშვილს, აქციაზე უპარაშუტო დესანტით გადამსხდარ გაჩეჩილაძესა და კიწმარიშვილს. ხოლო ვერსია, რომ რუსის დაქოქილი ტანკები თბილისში შემოსაჭრელად ემზადება, გულდასმით განვიხილოთ.
ჯერ ერთი, რუსს რომ ტანკითა და ზარბაზნით სააკაშვილის დამხობა სდომოდა, ამას 2008 წლის აგვისტოშიც გააკეთებდა, საბაბიც ჰქონდა და განმკითხავიც არავინ ჰყავდა.
მაშ, რას ემსახურება ამ ვერსიის გაზვიადება, მარტოდენ მტრის ხატის შექმნასა და ანტირუსული რიტორიკის ლოგიკურ გაგრძელებას?…
ერთი წამით დავუშვათ საპირისპირო, ანუ ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის დე ფაქტო ბატონ-პატრონს, ანუ ვაშინგტონს, მობეზრდა გაუთავებელი “მიშა, მოვდივართ”. მას ასევე მობეზრდა დესტრუქციული სააკაშვილიც, სურს, რომ ე. წ. კონსტრუქციულები, ანუ ალასანია-თარგამაძე მოიყვანოს ხელისუფლებაში და “რესპუბლიკელები” “ახალი მემარჯვენეე­ბითურთ” ოპოზიციად დაუსვეს. მაგრამ ამ  სურვილს ვერ ახორციელებს, ერთის მხრივ, “კონსტრუქციულების” უკიდურესად დაბალი რეიტინგის, მეორე მხრივ, პროამერიკული ორიენტაციის მიმართ საზოგადოებაში უფრო და უფრო მზარდი უკმაყოფილების გამო…
ასეთ ვითარებაში იდეალური იქნებოდა, ვაშინგტონს ქართული პოლიტიკური სივრცე მოესუფთავებინა, თამაში, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაეწყო და ამ გზით მიეღწია საწადელს…
მოედნის მოსასუფთავებლად კი საჭიროა ყველა “არაკონსტრუქციული” ოპოზიციონერის განეიტრალება და არაპროამერიკული კურსის საბოლოო დისკრედიტაცია.
“სახალხო კრებისა” და “ქართული პარტიის” მოქმედების ლოგიკას, მათ ხაზგასმულ, ზოგჯერ გადაჭარბებულ თვითდაჯერებულობას თუ დავაკვირდებით, ცხადია, რომ ისინი ვიღაცამ შეაგულიანა…
მართალია, ცალ-ცალკე გაუგებრად, დაბნეულად, მაგრამ ესენიც მიაწვნენ… რა ხდება შემდეგ? სააკაშვილი ხომ, როგორც ყოველთვის, მათ მოთხოვნებზე ყურს არ შეიბერტყავს…
პროტესტანტებს ისღა დარჩებათ, გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მოინდომონ სააკაშვილის ძალადობრივი დამხობა. ამას, ბუნებრივია, ხელისუფლება არ დაუშვებს და გადატრიალების აღსაკვე­თად გამოიყენებს ძალას…
ვაშინგტონი და მისი ევროპელი გამხმოვანებლები ერთი-ორს შეშფოთდებიან, სააკაშვილს საჩვენებლად ყურს აუწევენ, მაგრამ მოახერხებენ, რომ ძალის გამოყენებას ერთგვარი პირობითი და სამართლებრივი ლეგიტიმაცია შესძინონ…
რადიკალური ოპოზიცია რჩება, უკეთეს შემთხვევაში, თავგატეხილი და ნებისმიერ შემთხვევაში – პირში ჩალაგამოვლებული, რაც მის დისკრედიტაციას, პოლიტიკური ავანსცენისგან ჩამოშორებას გამოიწვევს. სამთავრობო აგიტპროპი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოახერხოს არაპროამერიკული პოლიტიკური კურსისა და ამ კურსის მიმდევართა რეპუტაციის შელახვა…
თუკი მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მივიღებთ ვითარებას, რომელშიც ბურთი და მოედანი კონსტრუქციულ ალასანიასა და თარგამაძეს დარჩებათ, სააკაშვილს კი როგორც 2007-ში, ისევე წელსაც ძალის გამოყენების კომპენსირებისთვის მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რომელშიც ალასანია და თარგამაძე მორჩილად ჩაანაცვლებენ “ნაცმოძრაობას” და ასევე მორჩილად გააგრძელებენ ძველი პატრონის – ვაშინგტონის ყურმოჭრილი მონის როლის შესრულებას. ეს სქემა არ გამორიცხავს პრეზიდენტი-ალასანია, პრემიერი-სააკაშვილი, პარლამენტის სპიკერი-თარგამაძის კომბინაციას… ახალი კონსტიტუციით კი, რეალური ძალაუფლება აქვს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც თამაშგარე არიან.
ასე რომ, ყველაზე მეტად და, პირველ რიგში, ყოველივე, რაც ხდება,  ხელს აძლევს შეერთებულ შტატებს. ის მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ორ კურდღელს იჭერს – ახდენს არაამერიკული კურსის დისკრედიტაციას და ხელისუფლებაში უმტკივნეულოდ მიყავს სააკაშვილი #2 ალასანია-თარგამაძისა და სხვა წვრილფეხა “კონსტრუქციულთა” სახით…
მერე კი დაიწყება თავის მართლება, ქალბატონი ნინო ეცდება (სავარაუდოდ, მოდულის სარდაფიდან) მიაწვდინოს ერსა და ბერს ხმა და “აუხსნას”, რომ ყველაფერი კვლავ “პარაშუტისტი” გრეჩიხას და მტარვალი მიშას ბრალია, ის კი უმწიკვლოა, რადგანაც, მოგეხსენებათ, კეისრის ცოლი ჭორებზე მაღლა უნდა იდგეს…
სინამდვილეში კი გათამაშდება კომბინაცია, რომელიც ჭორებსა და ეჭვებზე მაღლა დააყენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს… როგორც ჩანს, ეს ძალიან კარგად ესმის სააკაშვილის გარემოცვას, ამიტომაც ინარჩუნებს იგი სიმშვიდეს… ხოლო იმაზე, რას და როდის მიხვდებიან “სახალხო კრებისა” თუ “ქართული პარტიის” მესვეურები, დამოკიდებულია არა მარტო მათი პოლიტიკური მომავალი, არამედ იმ ადამიანების ბედიც, ვინც ვაის გაეყრება და უის შეეყრება “კონსტრუქციული” ალასანია-თარგამაძისა და სხვა წვრილფეხობის სახით… და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამაში სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტები შეგნებულად მიიღებენ მონაწილეობას თუ სიბრიყვის გამო…
ასე რომ, იუდა ამ შემთხვევაში არის არა გაჩეჩილაძე, რომელმაც ნინო ბურჯანაძე გადაკოცნა, არამედ ის ცბიერი ძალა, რომელმაც თავისი “ამბორით” მონიშნა მთელი “არაკონსტრუქციული” ოპოზიცია და საკუთარი ხელით ათხრევინებს გვირაბს პოლიტიკურ მოუსავლეთში… და როგორც მაშინ, ლამის მისტიურ 2003 წლის ნოემბერში, თავად ჩრდილში დარჩება, რითაც კიდევ ერთხელ გაამართლებს იდიომას Caesar`s wife must be above suspicion!
დავით ბაზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here