Home რუბრიკები სამართალი ქალი ავტობუსს ბარბაცით მიუახლოვდა, დაკეტილ კარებს ხელი ჰკრა და შეშლილივით აყვირდა: თბილისი,...

ქალი ავტობუსს ბარბაცით მიუახლოვდა, დაკეტილ კარებს ხელი ჰკრა და შეშლილივით აყვირდა: თბილისი, გადავრჩი

779

საქართველოში მთელი რიგი ორგანიზაციები ანტიტრეფიკინგულ პროპაგანდას ეწევიან ცალკეულ პიროვნებებთან შეხვედრებითა და საუბრებით ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის საშიშროებისა და სავალალო შედეგების შესახებ, განუმარტავენ მათ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლს ემუქრება მონობა, მძიმე იძულებითი შრომა, პროსტიტუციაში ჩაბმა, ორგანოების ამოკვეთა, იზოლაცია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, დამცირება და ღირსების შელახვა, ძალადობა და შანტაჟი. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ხდება შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი. ტრეფიკინგისაგან თავის დაღწევას ძალიან მცირე ნაწილი თუ ახერხებს. ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, გადმოგვცა კავშირის – “ქალები მომავლისათვის” – ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარების კოორდინატორმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ.
დღეს ქართველებს უცხო ქვეყნებისკენ თვალსაწიერის გახსნის სურვილი და ტურიზმით გატაცება რომ არ ერეკება, ეს ყველამ ვიცით. ცხადია, რომ ქვეყანა გაპარტახდა და მოსახლეობა დაიმშა. ამან კი ერთ დროს უზრუნველი და ამაყი ერი მშობლიურ მიწა-წყალს მოსწყვიტა და თავის გადარჩენის გზად გახსნილი საზღვრები დაუტოვა. ვფიქრობ, ესეც არსებული პოლიტიკის ერთგვარი ნაწილია. ქვეყანაში კი მოჩვენებითი მზრუნველობა, ზეიმომანიით შეპყრობილი ავანტიურისტი მთავრობის უსაფუძვლო დაპირებები მეფობს, ხოლო ხალხი სხვადასხვა მიმართულებით მიედინება შეუცნობელ სამყაროში, რითაც დიდ გაბედულებას იჩენს და რისკის ქვეშ აყენებს  თავის არსებობას. თურქეთში წამსვლელ ერთ ქალბატონს ვკითხე: “არ გეშინიათ, იქ ხომ მაჰმადიანური სამყაროა? იცით, ვისთან ან რა პირობებში მიბრძანდებით?” მან კი მიპასუხა: “ერთხელ სიკვდილი სჯობია, მარადჟამს დაღონებასაო”.

ამ ქალბატონის მსგავსად ფიქრობდა უმუშევრად დარჩენილი სამი შვილის დედა, ქალბატონი ე. ეძნელებოდა მწირი სადილის სამი ბავშვისთვის განაწილება. მათთვის გამონაცვალ ტანსაცმელს კი ყიდულობდა, მაგრამ ფეხსაცმლის შეძენა უჭირდა. განათლებით ეკონომისტისთვის ყველა კარი დაკეტილი იყო. ყველგან კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნას სთხოვდნენ, რასაც ადრე არ ასწავლიდნენ. ოჯახის შექმნისა და ბავშვების შეძენის შემდეგ ცოდნის გაღრმავების აღარც დრო ჰქონდა და აღარც მატერიალური პირობები. ოჯახი გამათხოვრდა. მისი მეუღლე მკაცრი ზამთრის პირობებში მოყოლილ აბუზულ, ნაშიმშილებ ბეღურას დაემსგავსა, საერთოდ დაკარგა ოჯახზე პასუხისმგებლობის გრძნობა, ისე დაითრგუნა, რეაქციაც აღარ ჰქონდა არსებულ პრობლემებზე. ე. გა­მუდმებით ეძებდა სამუშაოს. გაუხარდა, როცა მეგობრისგან გაიგო, რომ ვინმე მ. ჯგუფს აგროვებდა თურქეთში ზეთისხილის ბაღებში სამუშაოდ. მისამართი ჩაიწერა და სახლში გახარებული დაბრუნდა. ოჯახს განუცხადა, რომ თურქეთში აპირებდა წასვლას. სამი ბავშვის დაფეთებულ მზერას რომ წააწყდა, გულის სიღრმეში მტანჯველი ტკივილი იგრძნო. “უამათოდ, როგორ გავძლებო”, – გაიფიქრა. თავს შეუძახა: “სენტიმენტალობის დრო არ არისო” და… პირობების გასაგებად ქალბატონ მ.-სთან გაეშურა.

ქალბატონმა მ.-მ აუხსნა, რომ სამგზავრო თანხას თავად გადაუხდიდა. მოგვიანებით კი, როცა მუშაობას დაიწყებდა, ვალს დაუბრუნებდა. თვეში ანაზღაურება 500 დოლარი ექნებოდა, საცხოვრებლითა და კვებით კი თვით დამსაქმებელი უზრუნველყოფდა.

ე.-ს პასპორტი უკვე ჰქონდა, სამგზავრო თანხაც თავად იშოვა და 2007 წლის 30 ოქტომბერს 6-კაციან ჯგუფში ქალბატონ მ.-სთან ერთად ავტობუსით თურქეთში გაემგზავრა.

ჩავიდნენ ქალაქ ართვინიდან 10 კმ-ით მოშორებულ სოფელში, სადაც დამსაქმებელი დახვდათ. მან ე.-ს პასპორტი გამოართვა და ორსართულიანი ბინის პირველ სართულზე ერთ გრძელ, ბნელ, ვიწრო, დაბალჭერიან, სარდაფის მსგავს ბინძურ ოთახში 11 ქალთან ერთად შეასახლა. ოთახში სინათლე ძლივს აღწევდა, ნათურის ანთებას კი დღისით უკრძალავდნენ. საცხოვრებელში მძაღე, შმორის სუნი იდგა. ოთახი არ ნიავდებოდა და ბინადარნიც სისუფთავის დაცვით თავს მაინცადამაინც არ იწუხებდნენ.

მეორე დღეს, დილაუთენია, ქალები ლოგინიდან წამოყარეს და ზეთისხილის ბაღებისკენ საქონელივით გარეკეს. ბინდბუნდში მიმავალ ქალებს დროდადრო თურქი მეპატრონე რაღაცას უყვიროდა, ხმამაღლა ელაპარაკებოდა. დილის 7 საათზე ისინი უკვე მზით განათებულ ბაღებში მუშაობდნენ პატრონის მიერ განაწილებულ სამუშაო ადგილებზე. პატრონი მათ აკონტროლებდა. მძიმე სამუშაო მიწაზე მუშაობას შეუჩვეველი და ნამგზავრი ე.-სთვის წელში გამწყვეტი იყო. ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით ცდილობდა, დაღლა არ შეემჩნია და შესვენებას სულისკბილით ელოდებოდა. მაგრამ თურმე შესვენება სულაც არ ჰქონიათ და ოდნავ მუშაობის ტემპი რომ შეენელებინათ, მეპატრონე უყვიროდა და ემუქრებოდა, რომ გასამრჯელოს ვერ მიიღებდნენ და სასჯელად საკვებსაც არ მისცემდნენ. შუადღისას ქალებს წვნიანისა და პურის ძუნწად განსაზღვრული ულუფა მოუტანეს. სადილს ვინ ამზადებდა, არავინ იცოდა. წვნიანი უგემური იყო და ე.-მ პირი ვერ დააკარა.

საშინელება წინ ელოდა. საღამოს 8 საათის შემდეგ ბაღიდან დაბრუნებულს ელემენტარული ჰიგიენური პირობებიც არ დახვდა, რომ ნამგზავრსა და ნაჯაფს დაებანა, ოფლი და ჭუჭყი მოეცილებინა. დაქირავებულებს მხოლოდ ეზოში არსებული ცივი წყლის მოხმარების უფლება ჰქონდათ, ისიც შეზღუდვით, რადგან წყლის მრიცხველების გამო წყალს ეკონომიურად ხმარობდნენ. ტანი სველი პირსახოცით გაიწმინდა და გაოცდა, როცა ტალახისფერი პირსახოცი შერჩა ხელთ. დაღლილ-დაქანცული საპნით დიდხანს რეცხავდა ცივ წყალში, მაგრამ – ამაოდ.

მოკლე ხანში თმა გაუჭაღარავდა, უშნოდ გაეჩეჩა. სახეზე კლიმატისა და მიწის სამუშაოების გამო ზაფრანისფერი დაედო. ჭუჭყიანი ტანსაცმელი სიგამხდრის გამო ჩამოეჩაჩა, სავარგულებში სიარულისგან დახეული ფეხსაცმლიდან ჭუჭყიანი ფეხის თითები უპატრონო ობოლივით საცოდავად გამოსჩროდა.

ე.-ს მალულად შერჩა მობილური ტელეფონი, მაგრამ დასარეკი თანხა არ ჰქონდა. ღამით ოჯახიდან ურეკავდნენ. ყელში მომდგარი ცრემლების ყლაპვით ოჯახს არწმუნებდა, რომ კარგად იყო. თვენახევარი ელოდა შრომისა და ტანჯვის საფასურის აღებას, მაგრამ ამაოდ… მიხვდა, რომ ტრეფიკინგში გაება.

იქ დარჩენა ფსიქიკასაც და ჯანმრთელობასაც შეურყევდა, ანაზღაურებას კი ვერ მიიღებდა. მტკიცედ გადაწყვიტა გამოქცევა. გეგმებს ჩუმად ადგენდა. მიხვდა, დამქირავებელი ერთი ხეპრე, უწიგნური კაცი იყო. ნიჭიერმა ქალმა თურქულ ენას ალღო მალე აუღო. გულწრფელად უკვირდა, ამ გაუნათლებელმა, გონებაშეზღუდულმა თურქებმა როგორ მოახერხეს იმ დონეზე ასვლა, რომ ქართველები თავიანთ მონებად აქციეს, ხოლო საქართველო – თავიანთი უხარისხო საქონლის ბაზრად. ამის გასაღებს მოაზროვნე ქალბატონი უფრო დიდ პოლიტიკაში ხედავდა, ვიდრე პატრიარქალურ თურქეთში. მეპატრონე ვირეშმაკა კაცი იყო. გრძნობდა, ე. ძლიერი ქალი იყო და ეწინააღმდეგებოდა. შეეძლო, სხვებიც აებუნტებინა, რადგან, რატომღაც, ავტორიტეტი მოიხვეჭა. ასე რომ არ მომხდარიყო, მას უდიდესი სასჯელი ემუქრებოდა.

ე.-მ პატრონს კიდევ ერთხელ მოსთხოვა ხელფასი და, როცა კვლავ უარი მიიღო, დაემუქრა, რომ ძვირად დაუსვამდა, გაქცევას მოახერხებდა და პოლიციაში დაასმენდა.

დამსაქმებელმა ქალი გაჩხრიკა და მობილური ტელეფონი ჩამოართვა. ე. პროტესტის ნიშნად სამუშაოდ აღარ გასულა.

მოძალადე პატრონს მისთვის ლანძღვა და ცემა არ დაუკლია, მაგრამ ვერც შიმშილით გატეხა. სიკვდილით ვერ მოკლავდა: “გვამი” საშიშია, თურქეთის ციხე – საზარელი, ტრეფიკერი კი – განწირული…

ე.-ს ქცევა სხვა ქალებისთვის მაგალითი იყო. ისინი აშკარად თანაუგრძნობდნენ, მალულად ეხმარებოდნენ კიდეც. პატრონი იძულებული გახდა, ე.-სთვის პასპორტი, სამგზავროდ 100 დოლარი მიეცა და გაეშვა.

დაუძლურებული, ნაშიმშილარი და ნაწამები, ჭუჭყიანი და ძონძებში გახვეული, გამათხოვრებული ქალი გზას დაადგა, მაგრამ არ იცოდა, საით მიდიოდა. დამტვრეული თურქულით ართვინის გზას კითხულობდა. უმეტესობა უპასუხოდ ტოვებდა, ზოგი დამცინავი ღიმილით სცილდებოდა, ერთი-ორმა კი ხელით მიანიშნა მიმართულება და შეცბუნებული გაეცალა.

დააღამდა. ღამე ღია ცის ქვეშ ხის ძირას გაატარა. დილით ტანში ამტვრევდა, დროდადრო შემცივნებულივით აკანკალებდა. გზის პირას მდებარე კაფეში პურის ყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ არ შეუშვეს. ასე მიაღწია ტრასამდე. უცებ დაინახა ავტობუსი, რომელსაც ლათინური ასოებით “ართვინი” ეწერა.

ავტობუსი გაჩერდა და ვიღაც ჩამოვიდა. ქალმა დრო იხელთა და სალონში აძვრა. მგზავრები აიმრიზნენ, ცხვირზე ხელი აიფარეს. მადლობა ღმერთს, ფარული კამერიდან მძღოლი ვერ ხედავდა. ქალი ჩუმად სალონის უკან გავიდა და კუთხეში მიიყუჟა. მგზავრები ნელ-ნელა შეთხელდნენ. ავტობუსი დიდ სადგურში შევიდა. ე. ჩამოვიდა და ჰოი, საოცრებავ! ერთ დიდ ავტობუსზე სანატრელი წარწერა “თბილისი” ამოიკითხა. ბარბაცით მიუახლოვდა, დაკეტილ კარებს ხელი ჰკრა და შეშლილივით აყვირდა: “თბილისი, გადავრჩი!”

ერთსა და იმავეს ბღავილით იმეორებდა, ყვიროდა, ტიროდა… გარშემო ხალხი შემოერტყა. ავტობუსის ქართველმა მძღოლმა ჰკითხა: – ვინ ხარ, ლაზი? – არა, ქართველი ვარ! – ყვიროდა ქალი და აცახცახებული ხელებით პასპორტს უჩვენებდა. სანამ მძღოლი ეჭვით ადარებდა პასპორტში ჩაკრულ სურათს ქალის სახეს. შიმშილისგან დაუძლურებულმა ქალმა ემოციებს ვეღარ სძლია და გული წაუვიდა. ქართველებმა უბედურ თვისტომს უპატრონეს, წამლები დაალევინეს, დააპურეს.

ქალბატონ ე.-ს თბილისში დაბრუნებისთანავე გაეწია უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ხოლო დამნაშავეებს სისხლის სამართლის კანონმდებლობით საკადრისი მიეზღოთ.

შეგახსენებთ, ტრეფიკინგისგან თავდაღწეულთა რიცხვი კატასტროფულად მცირეა.

ჩვენ, ქართველები, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ქართველთა გადინებით ქვეყნის ეროვნული სხეული იფიტება, რომ მიგრაცია სახელმწიფოს მძიმე სნეულებაა დამანგრეველი შედეგებით. სამწუხაროდ, რამდენიც უნდა ვწეროთ, უმუშევრობასა და შიმშილს ვერ ვშველით…

სანამ ჯართადქცეული საწარმოები არ ამუშავდება და საკონცენტრაციო ბანაკებს დამსგავსებული სოფლები არ აღდგება,ეს პრობლემა არ გადაწყდება.

 

ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here