Home რუბრიკები სამართალი დევნილები ჩინოვნიკების მიერ დატაცებული შემწეობის თანხას ითხოვენ

დევნილები ჩინოვნიკების მიერ დატაცებული შემწეობის თანხას ითხოვენ

625

სამეგრელოს რეგიონში მყოფი დევნილების სახელით დევნილთათვის პატივცემულმა ადამიანებმა ივანე ჟვანიამ, ალეკო ვეკუამ, გივი ხაბურზანიამ და არჩილ კვარაცხელიამ ორი წლის წინათ მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. დევნილები მათთვის განკუთვნილი შემწეობის თანხის მიღებას მოითხოვდნენ.

2000 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის დახმარების თანხა ჩინოვნიკებმა დაიტაცეს. ამას დაემატა 2003 წლის ოქტომბრის თანხაც.

მთლიანობაში ჩვენზე გაუცემელმა თანხამ 3,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამასთან, საფოსტო ბანკი სახალხო ბანკს მიუერთეს (რომელმაც დევნილების დახმარების გაცემაზე უარი განაცხადა). ამის გამო საფოსტო ბანკის ზუგდიდის განყოფილების მმართველი ქალბატონი მანანა ჩიტაია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც. ძიების პერიოდში დევნილები დაბარებული ვიყავით სამხარეო პროკურატურაში, სადაც დეტალურად იქნა შემოწმებული თითოეული დევნილის საბუთები.
2004 წლის ბოლოს, ხელახალი გამოძიების მიზნით და შემწეობის თანხების ანაზღაურების პირობით, ხელახლა დაიწყეს აღრიცხვა. საბუთების შედგენა (ასლების გადაღება, მინისტრისთვის გასაგზავნი განცხადებებისათვის სპეციალური ბლანკი) 6-12 ლარი დაგვიჯდა. მიუხედავად ამისა, საქმეს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია, დამნაშავეები კი არხეინად დასეირნობენ. ბატონო მიხეილ, უმორჩილესად გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო რეაგირება ჩვენ მიმართ განხორციელებულ უსამართლობაზე – ისედაც დატანჯულ დევნილებს კიდევ უფრო გვავიწროვებენ, გთხოვთ, აგვინაზღაუროთ მითვისებული თანხა,” – ნათქვამია მიმართვის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2007 წლის 9 ოქტომბერს ეს წერილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაუგზავნა. 2007 წლის 25 ოქტომბერს მინისტრის მოადგილემ ირაკლი გორგოძემ ასეთი პასუხი გასცა დევნილებს: “აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეისწავლის თქვენ მიერ მიუღებელი შემწეობის თანხების საკითხს და მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს”.

თითქმის ორი წელია, დევნილები ამაოდ ელოდებიან ამ “გათვალისწინებულ ზომებს”. ამ წერილის ავტორებს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი აღარ აქვთ, მაგრამ ,,საქართველო და მსოფლიოს” საშუალებით ერთხელ კიდევ დააფიქსირეს მათი კანონიერი მოთხოვნა.

 

ლადო ქირია

ზუგდიდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here