Home რუბრიკები სამართალი სუტენიორმა მეზობლის გოგონა თურქეთში გაიტყუა და პროსტიტუციაში ჩააბა

სუტენიორმა მეზობლის გოგონა თურქეთში გაიტყუა და პროსტიტუციაში ჩააბა

1032

საქართველოს კანონმდებლობით ტრეფიკინგი მძიმე დანაშაულადაა აღიარებული და დამნაშავეთა მიმართ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. ტრეფიკინგის რისკი განსაკუთრებით დიდია იმ ქვეყნებში, სადაც მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, საქართველო სწორედ ასეთ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება.

სოციოლოგიური გამოკვლევებით საქართველოს მოსახლეობის 70%-ს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა სურს; 30% თანახმაა, არალეგალურად იმუშაოს; 40% კი მზადაა, ნებისმიერი სამუშაო შეასრულოს. სოციალურად უმძიმეს პირობებში მყოფნი საზღვრის გადაკვეთას მალულად, არალეგალური საბუთებით ცდილობენ. ამ გზით კი ხშირად მოტყუების ან ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. საერთაშორისო ნორმების თანახმად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებებს არაერთი ორგანიზაცია იცავს.

ერთ-ერთი მათგანია კავშირი “ქალები მომავლისთვის”, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველთ უფასოდ უწევს შესაბამის კვალიფიციურ დახმარებას.

აი, რა გვიამბო ამ ორგანიზაციის ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარების კოორდინატორმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ:
– ახალგაზრდა მარტოხელა დედა მ.ი., რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, დედასთან და 4 წლის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მან ჯერ კიდევ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სტილისტის მოსამზადებელი კურსები დაამთავრა, მაგრამ სამუშაოს შოვნა ვერ შეძლო… მ.ი. განუწყვეტლივ ფიქრობდა, როგორ ეხსნა შვილი შიმშილისა და სიცივისაგან, დედა კი – მძიმე და აუტანელი შრომისაგან. ქვეყანაში განუკითხაობა სუფევდა და ამ პატარა ოჯახის დარდი, რომელიც სხვებისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა, არავის ჰქონდა.

ამ შეჭირვებული პატარა ოჯახის ერთმა მეზობელმა ბოლო წლებში ძველებურ ორსართულიან სახლს რესტავრაცია გაუკეთა და კატალოგიდან ამომხტარ დიდებულ შენობას დაამსგავსა. ეს ოჯახი უბანში გამორჩეულად მდიდარი გახლდათ (ოჯახის თითოეულ წევრს უცხოური ავტომანქანები ჰყავდა). დაბეჩავებული, პურის ფულის საშოვარზე გადაგებული უბნის თვალწინ ოჯახი ფუფუნებაში ჩაიძირა. ხმა გავრცელდა, ლოლას თურქეთში ქართული რესტორნების ქსელი აქვს, საიდანაც ოჯახი სოლიდურ მოგებას იღებსო. ლოლაც ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთში ხშირად დადიოდა. მის ყურადღებას იქცევდა ახალგაზრდა, ლამაზი მ.ი., რომელსაც დიდი პრობლემები ჰქონდა. ლოლა მკაცრი, უკადრისი ქალი იყო და თავისი განებივრებული ოჯახით ჩაკეტილად ცხოვრობდა. ერ­თხელ თურქეთიდან დაბრუნებულმა მ.ი.-ის ბავშვს ტანსაცმელი აჩუქა, ერთხელაც მ.-ის პატარას ჯიბეში ფული ჩაუდო. ამან კი ახალგაზრდა ქალი ლოლას მიმართ კეთილად და ნდობით განაწყო. როდესაც ლოლამ მ.-ს თურქეთში წაყვანა შესთავაზა, მას არავითარი ეჭვი არ გასჩენია. ლოლა ქალს თავის რესტორანში მუშაობას და კარგ ხელფასს დაჰპირდა; წასვლის სურვილი მ.-ს მეგობარმაც გამოთქვა. ასე რომ, საბუთებისა და გამგზავრების ხარჯებისთვის ლოლამ გოგონებს ფულიც ასესხა.

2007 წლის 2 ივნისს გოგოები ლოლასთან, მის ქალიშვილთან და სიძესთან ერთად თურქეთის დაბა პაზარში ჩავიდნენ, სადაც, ძირითადად, დაბალი ფენის მოსახლეობა ცხოვრობდა. ლოლამ ჩასვლისთანავე გოგონებს ბარგი ჩამოართვა და ახლომდებარე სასტუმროში წაიყვანა. არ უთქვამს, იქ რისთვის მიჰყავდა. გოგონებმა ცოტა რომ დაისვენეს, გარეთ მოინდომეს გამოსვლა, მაგრამ დაცვამ და მეპატრონემ მათ ამის საშუალება არ მისცეს. დაიწყო გოგონების “დამუშავება” სექსუალური მომსახურებისთვის. მათ აურზაური ატეხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოლა ადგილობრივ პოლიციასთან იყო შეკრული. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით გოგონები უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ბედს დამორჩილდნენ. ისინი ახლომდებარე სამ სასტუმროს ემსახურებოდნენ, იმავე სასტუმროების სასადილოებში იკვებებოდნენ. ხშირად კლიენტთა სიმრავლის გამო მათ ჭამასაც არ აცლიდნენ. კლიენტები კი უტიფრად და უხეშად ეპყრობოდნენ, სთავაზობდნენ არატრადიციულ სექსს. გოგონები მეზობელ ოთახებში გაჰყავდათ და ხშირად ესმოდათ ერთმანეთის ტირილი და მოთქმა. მომსახურების საფასურს მთლიანად ლოლა იღებდა იმ მიზეზით, რომ გოგოებს მისთვის ვალი უნდა გაესტუმრებინათ. როცა მ.-მ ლოლას კატეგორიულად მოსთხოვა უსახსროდ დარჩენილი მოხუცი დედისთვის და მცირეწლოვანი ბავშვისთვის რაღაც თანხის გაგზავნა და უარი მიიღო, იგი ისე გადაირია, ტიროდა, ყვიროდა თმებს იგლეჯდა და შლეგივით იქცეოდა. ლოლამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად დედამისს თბილისში 200 დოლარი გაუგზავნა. მაგრამ უზნეო და ბოროტმა ქალმა წყენა არ შეარჩინა და რამდენიმე დღის შემდეგ მ.-ს ის ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, რომელსაც განუყრელად თან ატარებდა. ახალგაზრდა ქალმა ბეჭედი არ მისცა, რის გამოც ლოლამ დაცვის ბიჭებს იგი ისე აცემინა, გონმიხდილი იატაკზე დაეცა.

ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მ.-მ თავისი კლიენტი მამაკაცი დაარწმუნა, რომ ამ სიბინძურეში ბოროტი, მეზობელი დედაკაცის გავლენით მოხვდა და რომ სამშობლოში მას მოხუცი დედა და პატარა შვილი ელოდება. მამაკაცი დარწმუნდა, რომ ეს ქალი ბუნებით მეძავი არ იყო და მართლაც უკიდურეს ზღვარზე იდგა. იგი შეაძრწუნა უბედური, ლამაზი ქალის ხვედრმა, გაქცევაში დახმარებას დაჰპირდა და თავისი ტელეფონის ნომერიც დაუტოვა. ეს კაცი პროფესიით მძღოლი იყო.

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ კლიენტებმა გოგონები რესტორანში წაიყვანეს, სადაც თითქმის ყველა უგონოდ დათვრა. მაშინ მ.-მ დრო იხელთა, მოპარული ტელეფონით მძღოლს დაურეკა, თავისი ადგილ-სამყოფელი უთხრა, სიტუაციაც აუხსნა და დანაპირებიც შეახსენა. მძღოლი სპეციალურ ოპერაციათა დეპარტამენტს დაუკავშირდა და შემთხვევის შესახებ აცნობა. ოპერატიულმა დეპარტამენტმა კი ინფორმაცია სარფის საბაჟოს გადასცა. მძღოლი მითითებული რესტორნისკენ მანქანით გაეშურა. გოგონებმა შენობიდან გამოპარვა მოახერხეს, მძღოლი მათ უკვე ელოდებოდა. ის იყო, მანქანა ტრასაზე გავიდა, რომ რესტორანში რაღაც იყნოსეს, რადგან დაცვამ გაისროლა. ტრეფიკიორებს თუ მსხვერპლი გაექცათ, გამოდევნების ეშინიათ, იციან, ინტერპოლის კლანჭებში მოხვდებიან.

მამაცმა მძღოლმა გოგონები სარფამდე მიიყვანა და სასაზღვრო პოლიციას ჩააბარა. მესაზღვრეებმა გოგონები თბილისში გაამგზავრეს; ჩასვლისთანავე მ.-მ და მისმა მეგობარმა სპეციალურ ოპერაციათა დეპარტამენტში ლოლას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ლოლა დააპატიმრეს და საკადრისიც მიუსაჯეს.

მაგრამ ამბავი ამით არ დამთავრებულა. საქართველოში დაბრუნებული მ. მუდმივ შიშშია – ცალკე ლოლას ოჯახის წევრებისა და ცალკე ტრეფიკიორთა შურისძიების მოლოდინში. ამიტომ აუცილებლად საცხოვრებელი ადგილი უნდა  შეეცვალა. ინტერვენციის ფირმა “ვორლდ ვიჟენმა” საქართველოში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მას დახმარება აღმოუჩინა – ბინა მოუძებნა და ქირის გადახდაც იკისრა. მოხერხდა მისი დასაქმებაც სტილისტად, ხოლო პატარა ბიჭი საბავშვო ბაღში მიიყვანა. იცავდა თუ არა მსხვერპლი ნორმალური ცხოვრების წესს, ამას სოციალური მუშაკი კონფიდენციალურობის სრული დაცვით მეთვალყურეობდა და საჭირო დახმარებასაც უწევდა.

დღეს მ.-ს მიმართ რეინტეგრაციის გეგმის განხორციელება შეწყვეტილია ოჯახის შექმნის გამო. სამშობლოში დაბრუნებული მ. შეხვდა საყვარელ ადამიანს და ოჯახი შექმნა. ამჟამად ფეხმძიმედაა და ტყუპს ელოდება.

ასე რომ, საკუთარი მოხერხებითა და კეთილ ადამიანთა დახმარებით მას შეუძლია თქვას – “მე ჯოჯოხეთიდან დავბრუნდი!”, მაგრამ იმ მსხვერპლმა რა ქნას, ვისმა ხმამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია?!

ცხოვრების ნარ-ეკლით მოფენილ გზაზე მათი ხვედრი უშუალოდ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ქვეყნის სატკივარზე და ადამიანების ბედ-იღბალზე გულგაციებულ ჩინოვნიკებსა და გამდიდრების მერკანტილური სურვილით გადარეულ ქართველებს, რომელთაც უცნობმა თურქმა ვაჟკაცმა სილა გააწნა, რადგან გულით განიცადა უცნობი ქალის ტრაგედია, თანამედროვეობის უკუღმართ სენს – ტრეფიკინგს მარტომ გამოუცხადა ომი და ორი ქართველი ქალი სამშობლოში დააბრუნა.

 

ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here