ვარკეთილში დაჭრილი ახალგაზრდის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.
კლინიკა „ოპტიმალ მედის“ დირექტორი, გიორგი შათირიშვილი აღნიშნავს, რომ პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, რადგან საფანტიდან ესროლეს.
გიორგი შათირიშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
„საფანტით მიყენებული ჭრილობაა, შესაბამისად, ჭრილობა ერთი არ არის, ნაფლეთოვანი ჭრილობა არის. რამდენია ჭრილობა, რამდენი საფანტი იყო, ამას თვითონ ექსპერტიზა დაადგენს,“ – განაცხადა გიორგი შათირიშვილმა.
ახალგაზრდა დღეს ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, მასთან ერთად მისივე თანატოლი ორი ბიჭი იყო, რომლებმაც მას ესროლეს. თვითმხილველების თქმით, გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს.
დაჭრილი ახალგაზრდა იმ კორპუსში არ ცხოვრობდა, რომლის სადარბაზოშიც ის დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილორბივებმა გამოიძახეს.
დაშავებულის დედა აცახდებს, რომ შემთხვევის შესახებ ექიმებისგან გაიგო. მან ასევე, არ იცის, ჰქონდა თუ არა მის შვილს დაპირისპირება თანატოლებთან.
საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან. სამართალდამცავებმა სისხლის ნიმუში უნდა აიღონ და მას შემდეგ, რაც ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პროცესიც დასრულდება, ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, პალატაში გამოკითხავენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.