Home რუბრიკები სამართალი ერთი და იგივე დანაშაულისთვის პიროვნება ორჯერ დასაჯეს

ერთი და იგივე დანაშაულისთვის პიროვნება ორჯერ დასაჯეს

1014

ხელისუფლებამ “სკამი” სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით დააჭედა.

ადამიანის უფლებების კონცეფცია ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც მთავარი ადამიანური ღირსების ცნებაა. ამ კონცეფციის მიხედვით, საზოგადოების თითოეულ წევრს კანონით მინიჭებული უფლებების გარდა აქვს ძირითადი უფლებები სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებად დაიბადნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს, ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც არ უკრძალავს კანონი. ადამიანის უფლებებში ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ – მატერიალურ და საპროცესო უფლებებს. მატერიალური მოიცავს პირად, ანუ სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს; სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, სიტყვის, აზრის, სინდისის, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა. ხელისუფლება უნდა იცავდეს იმ ხალხის უფლებას, ვისაც ემსახურება. ჩვენს რეალობაში კი ხშირად პირიქით ხდება – ხელისუფლება ხელყოფს მოქალაქეების უფლებებს. ამის დამადასტურებელი ფაქტების მოძიება მათი სიმრავლის გამო სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით კი, პენიტენციარულ სისტემაში. “საქართველო და მსოფლიო” ამჯერად იმ ფაქტებით დაინტერესდა, რომელზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი მიხეილ ღოღაძე მუშაობს. მან პატიმრების ინტერესებიდან და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე (მხედველობაში გვაქვს მობილური ტელეფონების და სხვა კომუნიკაციების აკრძალვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში), პიროვნებების ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

– პიროვნებას, რომელიც სასჯელს იხდიდა 178-ე მუხლით, ვადის გასვლამდე დარჩენილი ჰქონდა ერთი წელი და რამდენიმე თვე. პირად საქმეში კარგი დახასიათება ჰქონდა და არც რაიმე დარღვევა იყო დაფიქსირებული, მაგრამ მოხდა ისე, რომ 378-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის ვადა გაუხანგრძლივდა.

მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ ეს არის მუხლი წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ამის მიზეზი საპყრობილეში მომხდარი ინციდენტი გახდა. პატიმარმა მოინდომა საკნიდან საპირფარეშოში გასვლა, მაგრამ ზედამხედველებმა არ გაუშვეს. თხოვნის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ გაღიზიანებულმა მსჯავრდებულმა ზედამხედველს ხელი გაარტყა. ამის გამო, ის 20 დღით კარცერში ჩასვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია წინასწარი ძიება. პატიმარი ბრალდებულად სცნეს 378-ე მუხლით და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ამით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული უფლება, რომელშიც შავით თეთრზე მითითებულია, რომ არავის არ შეიძლება, განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისთვის. ჩემი, როგორც ადვოკატის, მოთხოვნაც ამ ასპექტში მდგომარეობდა. ვინაიდან ეს პიროვნება უკვე დასჯილი იყო ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით, დაუშვებელი იყო, მეორედ მიეცათ იგი იმავე ქმედებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა და პატიმარს სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე დაემატა.

– სასამართლოს გადაწყვეტილება თუ გაასაჩივრეთ?

– რა თქმა უნდა. სააპელაციო სასამართლოში ამავე საფუძვლით ვითხოვდით, შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამჟამად ეს საქმე გადაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ ერთი ქმედებისთვის ეს პიროვნება ორჯერ დაისაჯა, რაც დაუშვებელია. იმ შემთხვევაში იგი ადმინისტრაციული წესით არ უნდა დაესაჯათ.

– სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო?

– ეს საქმე სტრასბურგში სამი თვის წინ გადაიგზავნა, ანუ ამაზე საუბარი ჯერ მიზანშეუწონელია. წარმოებაში, სავარაუდოდ, მიიღებენ, იქიდან გამომდინარე, რომ, ფაქტობრივად, ყველა კრიტერიუმი დაცულია – ხსენებული საქმე ანონიმურად არ გაგზავნილა, არც ვადებია დარღვეული.

– რა შედეგს ელოდებით სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელიდან?

– დიდი იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ ამ პიროვნების მიმართ დაირღვა უფლებები და, შესაბამისად, იმედია, სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფო გაფრთხილებას მიიღებს.

– მარტო გაფრთხილება იქნება ამის შედეგი და გადაწყვეტილება არ გაბათილდება?

– სტრასბურგის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვერ უბრძანებს ამა თუ იმ სახელმწიფოს, გაათავისუფლოს პატიმარი პასუხისმგებლობისგან; უბრალოდ, დააფიქსირებს, რომ ამ პიროვნების მიმართ ზოგადად დაირღვა ადამიანური უფლება, რადგან ერთი დანაშაულისთვის ორჯერ მისცეს პასუხისგებაში. შესაძლოა, სახელმწიფოს გარკვეული კომპენსაცია დაეკისროს მის სასარგებლოდ.

– პიროვნების იდენტიფიკაციისგან თავს იკავებთ, მაგრამ რომელ საპყრობილეში იხდის სასჯელს?

– ეს ინციდენტი, რომელზეც ვისაუბრე, მეხუთე საპყრობილეში მოხდა, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა და ახლა ეს პატიმარი პირველ საპყრობილეშია. ადამიანის უფლებების დარღვევა ყველაზე ხშირად პენიტენციარულ სისტემაში ხდება. მრავალმხრივი რეფორმების მიუხედავად, ეს პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. კიდევ ერთი ფაქტი – პატიმარს, რომელიც, ასევე, 178-ე მუხლით იყო მსჯავრდებული და 1 წელი და 7 თვე ჰქონდა დარჩენილი ვადის გასვლამდე, 378-ე მუხლით ორჯერ მიიღო დამატებითი სასჯელი: პირველად – ციხის ცნობილი ბუნტის შემდეგ 8 წელი, ხოლო მეორედ – მოგვიანებით 10 წელი. სასამართლოში ყურადღებას ვამახვილებდით იმ ფაქტზე, რომ ამ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნები აღნიშნული პიროვნების მკაცრად დასჯით იყვნენ დაინტერესებულნი. ეს ინტერესი მომდინარეობდა იქიდან, რომ წინა პროცესზე, როდესაც მას რვა წელი დაუმატეს, მან და კიდევ ორმა პიროვნებამ ერთპიროვნულად დაასახელეს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გვარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩხრეკის დროს. მაშინ ბრალი დასდეს, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც ღამის ორ საათზე, მათივე მოწმობით, სრულიად კანონიერად ატარებდნენ ჩხრეკას.

2007 წლის ოქტომბერში ამ პიროვნების წინააღმდეგ დაიწყო წინასწარი გამოძიება, იმ მოტივით, რომ მან მეექვსე დაწესებულებაში წინააღმდეგობა გაუწია დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის უფროსს, კერძოდ, დაარტყა სახეში. ბრალდებულად ცნეს და საქმე გადაეცა გარდაბნის რაიონის სასამართლოს, რომელმაც განიხილა ეს საქმე და 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (განმეორებით წინააღმდეგობის გაწევა) ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ჩემი, როგორც ადვოკატის, მოთხოვნა იყო, სასამართლოში დაებარებინათ ის პატიმრები, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრენ. თუ ისინი აღიარებდნენ, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა, შესადავებელი არაფერი გვექნებოდა. ეს ფაქტი მოხდა თუ არა საერთოდ, ესეც საეჭვოა. იქიდან გამომდინარე, რომ პატიმრები არც დაკითხულან (დაიკითხნენ მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები), ნიშნავს, რომ გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად, არაობიექტურად და არასრულყოფილად. ამის საფუძველზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ათი წელი სასჯელი დაემატა. გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა მხოლოდ სამი თვით შეუმცირა იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა გათვლილი ვადა. უზენაესმა სასამართლომ კი არც განიხილა ეს საქმე.

“- ნაკაშიძე, აბა, ერთი ეგ სკამი მომაწოდე, რომელზეც ზიხარ.

– როგორ მოგაწოდო, როცა დაჭედებულია იატაკზე.

– თუ იცი, რატომ არის იატაკზე დაჭედებული?

– იმიტომ, რომ პატიმარმა შენისთანა გამომძიებელს თავში არ ჩაათხლიშოს”.

ალბათ, ყველას ახსოვს ეს ფრაგმენტი ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღებიდან”. ხელისუფლებამ კი “სკამი” სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით დააჭედა. როგორც აღნიშნული ფაქტებიდან ჩანს, პენიტენციარული სისტემის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის შესაძლოა, სიცოცხლის დიდი ნაწილი გისოსებს მიღმა გაატაროთ.

ზოგადად, კანონის მორჩილება ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, მაგრამ კანონი ზოგჯერ ძალიან მკაცრია და ამ შემთხვევაშიც ცოტა მეტი ჰუმანიზმია საჭირო.

გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ექსპერტი უშიშროების საკითხებში, იუსტიციის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი:

– არსებული კანონი, რომელიც მსჯავრდებულთა სასჯელის გაზრდას ითვალისწინებს, მოუქნელი, ადამიანის უფლებების შემლახავი და დამამცირებელია; ამასთან, სამწუხაროა, რომ ეს კანონია, ხოლო საქართველოს მოქმედ ნებისმიერ კანონს ყველა ადამინმა პატივი უნდა სცეს. რას ვიზამთ, ასეა.

– ესე იგი, თქვენი აზრით, მცირეოდენი დარღვევის შემთხვევაში მიზანშეწონილია, რომ პატიმარს, რომელსაც 3 წლით აქვს შეფარდებული სასჯელი, იგი 15 წლამდე გაეზარდოს?

– აბსოლუტურად მართალი ხართ, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებულ კანონზე საუბარი მაინცდამაინც მართებულად არ მიმაჩნია. უმჯობესი იქნება, თუ საკანონმდებლო სისტემა სრულიად ახალ ინიციატივას შეიმუშავებს. ეს კი მოქმედი კანონის ლიბერალიზაციაში უნდა გამოიხატოს.

 

ნანა ლაღაძიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here