Home რუბრიკები სამართალი წაგებული ომის შემდეგ ქვეყანას რეპრესიების ტალღამ გადაუარა

წაგებული ომის შემდეგ ქვეყანას რეპრესიების ტალღამ გადაუარა

აგვისტოს მოვლენების მერე ლოგიკური იყო რეპრესიების დაწყება. ეს პროცესი განსაკუთრებით სამხედრო პირების მიმართ იყო მოსალოდნელი. ამით ხელისუფლება შეეცდებოდა, ხალხისთვის დაენახვებინა, აგვისტოს წარუმატებლობა სხვა ფაქტორებთან ერთად მოღალატე სამხედროების ბრალიც რომ იყო. ხელისუფლება რამდენიმე ათეული სამხედრო პირის დასჯით სხვა ნაწილებს ხალხის მხარეს დადგომის სურვილს დაუკარგავდა. ხელისუფლებას არ ასვენებდა არამარტო მოქმედი, არამედ თადარიგში გასული ავტორიტეტული სამხედრო ოფიცრები.
და აი, ლოგიკური განვითარებაც. ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანამ გაიგო მუხროვანის სატანკო ნაწილის “ამბოხების” შესახებ. მკითხველისთვის ცნობილია ამ ე.წ. ამბოხების პერიპეტიები. ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული სამხედრო დააპატიმრა, მათ შორის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომლის გვარსაც “მეამბოხე” გია ღვალაძე “საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად” ასახელებდა თურმე თანამოაზრეებთან საუბრის დროს.

ქეთი კობალაძე, კობა კობალაძის მეუღლე: “კობამ დილით ბავშვები სკოლაში წაიყვანა. ცოტა შეაგვიანდა. 12 საათზე მოვიდა სახლში. რეკავდნენ ჟურნალისტები. კობამ ისინი შინ მოიწვია და შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. ამასობაში დარეკა ერთმა ჟურნალისტმა, სახლს ვერ მოვაგენით და კინო “საქართველოსთან” შეგვხვდითო…

ათი წუთის გასული იყო შინიდან, საინფორმაციოში  რომ გამოაცხადეს, ამ წუთას აიყვანეს გენერალი კობა კობალაძეო. ეს ჩვენთვის შოკი იყო. თოთქოს ელოდებოდნენ მის გარეთ გასვლას…”

კობალაძის დაკავების თითქმის პარალელურად სამართალდამცავები მის ოჯახში მივიდნენ და ჩრეკა ჩაატარეს. ამოიღეს რამდენიმე კანონიერად გაფორმებული  იარაღი და ხელყუმბარა.

სამართალდამცავებმა კობალაძეს  გია ღვალაძის ჩვენების საფუძველზე ბრალი წაუყენეს ამბოხის ორგანიზების მცდელობასა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისათვის, თუმცა ეს ყუმბარები კობა კობალაძემ  აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს ოსიაურის სამხედრო ბაზაზე მიიღო. ამას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც პოლიციელებმა სხვა საბუთებთან ერთად წაიღეს.

შალვა თადუმიძე, კობა კობალაძის ადვოკატი: “ამ საბუთში თავდაცვის სამინისტროს შეარაღების წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ კობალაძემ აგვისტოს მოვლენების დროს მიიღო შეარაღების ერთი კომპლექტი. მასში შედიოდა ერთი ავტომატი, რამდენიმე მჭიდი ვაზნებით და რამდენიმე ხელყუმბარა. შეიარაღება კობალაძემ აგვისტოს ომის შემდეგ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გზაში გადაყრილ სხვა შეიარაღებასთან ერთად, რომელიც კობალაძემ საბრძოლო მოქმედებების რაიონში მოაგროვა, თავდაცვის სამინისტროს ჩააბარა. ამაზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი. რამდენიმე ხელყუმბარა შემთხვევით ჩარჩა კობალაძის მანქანის საბარგულში და მოგვიანებით სახლში, დაცულ ადგილას, შეინახა. ამის გამო მას შეიძლება დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და არავითარ შემთხვეაში – სისხლის, რადგან ეს ყუმბარები ოფიციალური სტრუქტურიდან, თავდაცვის სამინისტროდანაა წამოღებული”.

მიუხედავად ადვოკატების არაერთგზის თხოვნისა, სამინისტროს გენშტაბი უარს აცხადებს ამ მიღება-ჩაბარების აქტის დაცვის მხარისთვის გადაცემაზე. როგორც ადვოკატები აცხადებენ, გენშტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

საგულისხმოა, რომ დღევანდელი გენშტაბის უფროსი და კობალაძე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.

ქეთი კობალაძე: “არადა, კობას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დევის მიმართ, მაგრამ მისგან საპასუხო კეთილგანწყობა რომ ვერ დავინახე, ძალიან დამწყდა გული. რამდენიმე თვე ჩინეთში ერთად იყვნენ, გვერდი-გვერდ ოთახებში ცხოვრობდნენ. ბოლო ერთი თვე მეც იქ ვიყავი და ჩემს გაკეთებულ საჭმელს მიირთმევდა… აქაც ერთად მუშაობდნენ…”

ნამდვილად გაკვირვებას იწვევს ჭანკოტაძის ასეთი ქცევა, რადგან სასამართლო მას მაინც აიძულებს, ეს საბუთი წარმოადგინოს. რა საჭიროა ასეთი გაჯიუტება, მითუმეტეს, ამით კობალაძის საქმეს არც არაფერი მოაკლდება, ალბათ, იმიტომ, რომ მისი ციხეში ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უბრალოდ, ამ დოკუმენტით მას ერთი ბრალდება მოეხსნება.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ კობალაძე მცხეთაში ქეიფ-ქეიფით გეგმავდა ამბოხს, როგორც ქალბატონი ქეთი აცხადებს, გენერალი კობალაძე იმ დღეებში მცხეთაში საერთოდ არ ყოფილა. ამის უამრავი მოწმეა და 29 კაცმა ჩვენებებითაც დაადასტურა. დაცვამ მოიპოვა სატელეფონო სადგურის ამონაწერებიც, საიდანაც ამ დღეებში კობალაძის მცხეთაში ყოფნა არ დასტურდება, თუმცა გამოძიებისთვის ეს ვერ გახდა მყარი არგუმენტი. მისი აზრით, შეიძლებოდა, კობალაძეს ტელეფონი სახლში დაეტოვებინა. მაგრამ ეს ვარაუდიც ბათილდება, რადგან იმ დღეებში კობალაძემ რამდენიმე პირთან ისაუბრა და ამას ის ხალხიც ადასტურებს.

მოკლედ, მთავარია პოლიტიკური ნება და კობალაძის საქმე ხუხულასავით დაინგრევა. ამის იმედად იყვნენ ოჯახი და ადვოკატები. პრესაშიც გავრცელდა ვარაუდი, რომ კობალაძე, მას მერე, რაც წინასწარი პატიმრობის ვადა დაუმთავრდებოდა, განთავისუფლდებოდა, მაგრამ…  კობალაძე მაინც ციხეში დარჩა. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან იგი სააკაშვილის პირადი ბრძანებითაა დაკავებული.

მაინც რატომ გახდა გენერალი კობალაძე პრეზიდენტის მაღალი ყურადღების ობიექტი?

კობალაძის დაპატიმრებას ოჯახი მის მიერ სხვა, ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის – “გენერალთა კლუბის” შექმნას უკავშირებს. ამავე დროს, იგი რამდენჯერმე თავის ბავშვის ნათლიასთან, გია ყარყარაშვილთან გამოჩნდა ოფისში და ოპოზიციის აპრილის აქციებზეც. მანამდეც უთვლიდნენ, რომ დაეტოვებინა საქართველო, თუ არ უნდოდა პრობლემები შექმნოდა, მიზეზად ქართულ ჯარში მის დიდ ავტორიტეტს ასახელებდნენ, მაგრამ მან თავისი არჩევანი გააკეთა და ამის საფასურს შეგნებულად იხდის.

ხელისუფლებამ იფიქრა, კობალაძე გააქტიურდაო და მასში საშიშროება დაინახა, რომელსაც შეეძლო, თავისი ავტორიტეტით აგვისტოს ომში დამარცხებული ჯარისკაცების სიმპათია მოეპოვებინა და გაენეიტრალებინა ხელისუფლების მცდელობა, სურვილის შემთხვევაში ხალხის წინააღმდეგ გამოსულიყო ჯარი.

სხვათა შორის, ზოგიერთი ინფორმაციით მუხროვანში დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის ბრძანება, რომელიც, სავარაუდოდ, ნაწილმა ხალხის წინააღმდეგ გამოსვლასთან დაკავშირებით მიიღო.

ხელისუფლებამ მოიშორა ზედმეტი თავისტკივილი და კობალაძე სხვა სამხედროებთან ერთად ციხეში გამოკეტა. ამით მეორე კურდღელიც დაიჭირა. არცერთ სამხედრო ნაწილს აღარ მოუვა აზრად, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების (თუნდაც უკანონო) ბრძანების შესრულებას. მერე რა, რომ პატრიარქმა მოუწოდა ჯარს და პოლიციას, არ აღემართა ხელი თავის ხალხზე… ჩვენთან ხელისუფლების არგუმენტები უფრო “მყარია”… დაპატიმრება, რეპრესია.

კობალაძე შეიარაღებული ძალებიდან თავისი ნებით ვარდების რევოლუციის მერე წამოვიდა. მიზეზი იყო ის, რომ შევარდნაძის დროს მსახურობდა.

თავიდან კობალაძეს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა “ვარდების ხელისუფლებასთან”. სწორედ მისი ორგანიზებული იყო პრეზიდენტის ინაუგურაცია, რისთვისაც პირადად სააკაშვილისგან მადლობაც დაიმსახურა, მაგრამ…

ქეთი კობალაძე: “6 წელია, რაც კობა სამინისტროდან წამოვიდა. მას მერე სულ უთვალთვალებდნენ.

ჯარში რომ არ იყო, ძალიან განიცდიდა. ფორმა ისე უყვარდა, ქორწილშიც რომ მივდიოდით, ფორმას იცვამდა ხოლმე. მეც სულ ვეუბნებოდი, ნეტავ ფორმას როდის გაიხდითქო…

სულ უნდოდა, რაღაც გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის. სახლში რომ იყო, ძალიან ნერვიულობდა. გახარებული იყო, რომ “გენერალთა კლუბი” ჩამოაყალიბა, რაღაცას მაინც გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვისო…”

აგვისტოს ომის დროს კობალაძემ პატაკით მიმართა პრეზიდენტს და სთხოვა, გამოეყენებინათ მისი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის დასაცავად, მაგრამ მას არავინ შეხმიანებია. მან რამდენიმე მეგობართან ერთად მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ომში მოხალისედ. კობალაძის მსგავსად ხელისუფლებამ ბევრ ყოფილ მებრძოლსაც გაუკეთა იგნორირება. მიზეზად კი ის დაასახელეს, “რეზერვი” არ გაქვთ გავლილიო… სახელმწიფომ უარი თქვა გამოცდილი ხალხის დახმარებაზე.

კობალაძე ერთ-ერთი ის სამხედროა, რომელმაც დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომებში. მან თავისი ნებით მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური რუსეთში და, ბევრი ქართველისგან განსხვავებით, სპეცდანიშნულების ბატალიონში წავიდა. როცა სამშობლოს დაცვა დასჭირდა, ცოტა გვყავდა სამხედრო გამოცდილების მქონე ხალხი.

გურამ კობალაძე, კობა კობალაძის მამა: “კობას ბავშვობიდანვე ჰქონდა ვაჟკაცური თვისებები. ბერჯერ მეც მილაპარაკია საქართველოს ისტორიაზე, სამაჩაბლოზე. ჩვენ იქიდან ვართ წარმოშობით. ძალიან რომ განვიცდიდი ჩემი კუთხის დაკარგვას, კობა სულ მამშვიდებდა. ნუ გეშინია, ღირსეულად შევალთო. ოქრუაშვილი რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, გამიხარდა, მეგონა ისეთ ბიჭებს მოუყრიდა თავს, ვინც იქიდანაა წარმოშობით. ამათ ბაზაზე დააშენებდა ჯარს… ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა უსამართლობასა და ჩაგვრას.

პრეზიდენტი გამოვიდა და ბრძანა, რატომ დადის კობალაძე თავისუფალიო. რატომ არ უნდა იაროს? კობა დაახლოებით მაგის ტოლია. სად იყო ეგ თავის შანტრაბასთან ერთად, როცა კობა სისხლს ღვრიდა? ახლაც იმას იძახის, სადაც ჩემი ძმები დაიღუპნენ, იმას მუხლისჩოქვით შემოვუერთებ საქართველოსო. ამათმა კიდევ ციხეში გამოკეტეს. ასეთი დაფინანსება რომ ჰქონოდათ მაშინ… შიშველი ხელებით 13 თვე მაგრად იბრძოლეს. კობაზე რომ იტყვი – კორუმპირებულიო(?!)… გადახედე კობას განვლილ გზას – სულ სწავლა, დიპლომი, ბრძოლა და მერე შენი  თანაგუნდელების ფინანსურ დეკლარაციაშიც ჩაიხედე. გენერალ კაცს ბინა რომ მისცეს, 200კვ/მ სხვას მისცა – “ავადმყოფი ცოლი ჰყავსო”. არადა, თვითონ ოთხი შვილი ჰყავს. სახლიდან მიჰქონდა თანამებრძოლებისთვის ყველაფერი. ისინიც აღმერთებდნენ, შვილებს კობას არქმევდნენ”.

ქართველ ძალოვან მაღალჩინოსანს ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში უთქვამს: “კობალაძე საბჭოთა გენერალიაო”. ეს ნამდვილი სიბრიყვეა, რადგან, მართლია, კობალაძეს ფრუნზეს გენშტაბის აკადემია აქვს დამთავრებული რუსეთში, მაგრამ ამას გარდა მას აქვს განათლება მიღებული  გერმანიის, ამერიკის, იტალიის, ჩინეთის სამხედრო სასწავლებლებშიც; მაშინ გამოდის, რომ ამ ქვეყნების გენერალიც ყოფილა…

და ბოლოს, იმედია, სამართალი გაიმარჯვებს და უდანაშაულო ადამიანი გარეთ გამოვა, მაგრამ რა ვუყოთ იმ სტრესს, რომელიც გენერალ კობალაძის ბავშვებმა მიიღეს მამის უკანონო დაპატიმრებით? როგორ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს ისეთი სამხედრო პირი, როგორიც კობალაძეა და მას არ იყენებდე ქვეყნისთვის?! ნორმალურ სახელმწიფოებში ცდილობენ, გმირები შექმნან,  რათა მომავალმა თაობებმა მათ მაგალითზე ისწავლონ სამშობლოს სიყვარული. ჩვენთან კი კაცს, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სამხედრო ჯილდო სისხლით აქვს მოპოვებული, ციხეში საეჭვო ბრალდებით კეტავენ; ომგამოვლილ ბიჭებს გულს ტკენს სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, როცა სამშობლოს დასჭირდება, ისევ ისინი დადგებიან მის დასაცავად, იმიტომ, რომ გმირები სამშობლოს არ ებუტებიან!..

 

კახა იორამაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here