Home რუბრიკები სამართალი ამ კანონს ქვეყანა სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს

ამ კანონს ქვეყანა სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს

შემოდგომაზე ახალი ფართომასშტაბიანი აქციების ტალღაა მოსალოდნელი. ხელისუფლებამ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეს საგულდაგულოდ აკვირდებოდა და სწავლობდა მიტინგების მიმდინარეობას, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: სასწრაფო წესით შეიტანა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, “პოლიციის შესახებ კანონში” და “მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის შესახებ კანონში”. ამ ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული სასჯელის ვადა 30 დღიდან სამ თვემდე გაიზარდა, სამართალდამცველებს უფლება მიეცათ, მანიფესტანტების წინააღმდეგ გამოიყენონ არალეტალური იარაღი, აიკრძალა ფასადებსა და ტროტუარებზე წარწერების, ნახატებისა და სხვადასხვა სიმბოლოს გაკეთება, კონსტრუქციებით გზის გადაკეტვა და ა.შ.
“ეს კანონი ხელისუფლებას საზოგადოებასთან აშორებს და ძალიან საშიშ მიჯნას ავლებს მათ შორის, – აცხადებს პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი, – ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში, აჩენს ამოუვსებელ უფსკრულს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს სამთვიანი საპროტესტო აქციების შედეგად უმრავლესობის მიერ გაკეთებული დასკვნაა და ამ აქციების პასუხს წარმოადგენს. ბატონმა სააკაშვილმა სხვა გამოსავალი ვერ მოძებნა, გარდა დაშინებისა და ტერორის ტაქტიკისა. კანონებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ ზეწოლა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შელახოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები. ეს ყველაფერი კი შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს. ამ ცვლილებებს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომისკენ მიჰყავს. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ის ადამიანები, ვინც ამ კანონპროექტს პარლამენტში მხარი დაუჭირა, სამოქალაქო დაპირისპირების სათავეებთან დგანან და მომავალი თაობების წინაშე ნამდვილად მოეთხოვებათ პასუხი”.

– ბატონო გია, უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიღებული კანონპროექტი არც ერთ საერთაშორისო ნორმას არ ეწინააღმდეგება…

– ეს ტყუილი და ცინიზმია. თავი გავანებოთ საერთაშორისო ნორმებით იდიოტურ მანიპულირებას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და არა – ფინეთისას. ხელისუფლების ლოგიკაა – როცა მისთვის მისაღებია, ყველაფერი ევროპის სამართალსა და საერთაშორისო ნორმებზეა დაფუძნებული, როცა არა – არა. ასეა ამ 6 წლის მანძილზე.

არ მგონია, რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაში ეწეროს, რომ ქუჩაში აკრძალულია ავტომანქანებით ორგანიზებული გადაადგილება და ეს იმიტომ ჩაწერეს, რომ ოპოზიციამ რამდენჯერმე მიმართა ამ ხერხს და რეგიონებიდან საკუთარი მხარდამჭერები ავტოტრანსპორტის კოლონებით ჩამოიყვანა. სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის” დროს თავისი მომხრეები წალენჯიხიდან სწორედ ასეთი ავტოკოლონებით რომ ჩამოიყვანა (ამ ფაქტის ამსახველი ფოტოებითაა აჭრელებული მთელი პარლამენტი), მაშინ შეიძლებოდა და დღეს აკრძალულია? პარლამენტში პირატებივით შევარდნა, მაგიდებსა და სკამებზე ხტუნაობა, დარბაზის დარბევა და დანგრევა დასაშვები იყო, საკნებით ქუჩის გადაკეტვა კი – არა? რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება?

– როგორ ფიქრობთ, რატომ მიმართავს ასეთ უკიდურეს ზომებს სააკაშვილის მთავრობა?

– ჰგონიათ, რომ ხალხი დაშინდება, ქუჩაში აღარ გამოვა, შორიდან შეხედავს, როგორ დააქცევს და გააპარტახებს სააკაშვილი ქვეყანას, მაგრამ გამორიცხულია, ჩვენს სამშობლოს საჯიჯგნად არ დავუტოვებთ მათ და ეს ყველაფერი დასრულდება “დიდი სახრჩობელით”, რომელზეც დიქტატორებსა და ბელადებს კიდებენ ხოლმე ტრადიციულად!

მართალია, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ არ მინდა, ასეთი მომავალი ვუწინასწარმეტყველო.

– როგორ განვითარდება მოვლენები შემოდგომაზე… ოპოზიცია უარს იტყვის დაგეგმილ აქციებზე?

– როგორც იურისტი, გეტყვით, რომ არ არსებობს კანონი, რომლის გვერდის ავლაც არ შეიძლება. უნდათ ოცი მეტრი? – დავდგებით ოც მეტრში. არ შეიძლება მანქანებით გადაადგილება? – ქუჩებში ფეხით ვივლით. აკრძალულია საკნები? – სხვა რამეს მოვიფიქრებთ. შიმშილსაც აგვიკრძალავენ? პრინციპში, ამ მთავრობისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კანონპროექტის მიღება არის გზა არსაით, გზა სამოქალაქო დაპირისპირებისა და უფსკრულისკენ. ხელისუფლებას სურს, სახლებში გამოამწყვდიოს საკუთარი მოქალაქეები და ისე მართოს ქვეყანა.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შემოდგომაზე დადეგმილი ახალი საპროტესტო ტალღის აგორების ეშინია და სწორედ ეს გახდა ამ კანონპროექტის მიღების მიზეზი, თუმცა ეს ვერ შეაჩერებს იმ ტალღას, რომელიც აზვირთდა. ამას კი შესაძლოა, სერიოზული ინციდენტები მოჰყვეს.

“ხელისუფლება ფიქრობს, რომ თითქოს სამუშაოდაკარგული ხალხი გამოდის ქუჩაში და ამის გამო გამოხატავს პროტესტს. მას არ უნდა, აღიაროს, რომ ეს საპროტესტო ტალღა მისი პოლიტიკის პირდაპირპროპორციული შედეგია და ახალი კანონის მიღებით ცდილობს, როგორმე გადააგოროს ეს პრობლემა. შედეგს ებრძვის და არა – პრობლემის გამომწვევ მიზეზს; თავის თავსაც იტყუებს და ცდილობს, სხვაც მოატყუოს. ესაა ამ ხელისუფლების უბედურება და ცინიზმი”, – აცხადებს ბატონი გელა.

მისივე თქმით, “სამართალდამცველების მხრიდან არალეტალური იარაღის გამოყენება საზოგადოების დაშინებისკენაა მიმართული. ხელისუფლების სხვადასხვა თეორია, რომ პოლიციელები საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, დემაგოგიაა და დიდი ხანია, ამით აღარ ტყუვდება მოსახლეობა.

ჩვენ ხშირად ვნახულობთ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორ ხდება შეტაკებები პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის და იქ ვერ ვხედავთ, სამართალდამცველები მაინცდამაინც არალეტალურ იარაღს იყენებდნენ. მითუმეტეს, მათ ხშირად აგრესიულ მანიფესტანტებთან უხდებათ დაპირისპირება. ისინი არ გადადიან ზღვარს, სასიკვდილოდ არ იმეტებენ ხალხს, ცემით იქნება ეს თუ არალეტალური იარაღის გამოყენებით.

ჩვენთან კი,  15 ივნისს სრულიად მშვიდობიან მომიტინგეებს, როცა, უბრალოდ, კითხულობდნენ საპროტესტო განცხადებას პოლიციის შენობის წინ, თავს დაესხნენ და არაადამიანური წამების შემდეგ დასაჯეს. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს შედარება ძალიან არაკორექტულია. რაც შეეხება ვენეციის კონვენციის დასკვნის მოლოდინს, დასავლეთიდან ჩვენი კოლეგების ყველაზე მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი ცვლილებებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილავენ. გარეგნულად, ფასადურად მსჯელობენ ყველაფერზე და არ უღრმავდებიან, რა დგას ამის უკან, როგორი არასამართლებრივი და არადემოკრატიული გარემოა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში და რომ ასეთ პირობებში მსგავსი ცვლილებების შეტანა დაუშვებელია”.

 

ნათია ქადაგიშვილი

 

P.S. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიცია გრანდიოზული მიტინგის მოწყობას გეგმავს. ნაკლებსავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახალი კანონის მარწუხების ძალა ამ დღეს აგრძნობინოს მოსახლეობას და ამით დასავლეთში შექმნილი დემოკრატიული მმართველის ილუზიური იმიჯი დაამსხვრიოს.

კანონში შეტანილ თითოეულ ამ ცვლილებას, იქნება ეს არალეტალური იარაღის გამოყენება, სხვადასხვა კონსტრუქციით ქუჩის გადაკეტვის აკრძალვა თუ სამთვიანი ადმინისტრაციული სასჯელი, მომიტინგეების წინააღმდეგ შემოდგომაზე გამოიყენებს და უკვე კანონით გაიმართლებს თავს, თუ საკუთარ მოქალაქეებს თვალებს გამოსთხრის ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილს დაუზიანებს, ან, თუნდაც, საიქიოს გაისტუმრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here