Home რუბრიკები სამართალი პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი

პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი

806

შს სამინისტროს მაღალჩინოსნის მიერ მოკლული საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის, 30 წლის მამუკა ჩხარჩხალიას ოჯახმა დამნაშავის დასჯის მოთხოვნის მიზნით, 20 ივლისს მკვლელობის ადგილზე საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციის ორგანიზატორები და ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ მკვლელი გათავისუფლებულია და მის დასჯას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 15 ივნისს რესტორან “ქვევრის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსმა სერგო სუხიტაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩხარჩხალიას თავში ესროლა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა, სუხიტაშვილი კი იმავე ღამეს ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრო თავიდანვე ცდილობდა მომხდარის მიჩქმალვასა და მკვლელობის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ უბედურებად გასაღებას, თუმცა მთავარი მოწმის ჩვენება გამოძიების მასალებს თავდაყირა აყენებდა და, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ დაზარალებულის სასარგებლოდ მეტყველებდა; სუხიტაშვილს ბრალი განზრახ მვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის წაუყენეს. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ დაკავებული განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და მომხდარს შემთხვევითობას მიაწერს.

საგულისხმოა, რომ გამოძიების მუშაობით უკმაყოფილოა როგორც მოკლულის, ასევე, დაკავებულის მხარეც. მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ სუხიტაშვილს ხელს აფარებენ, უნდათ, იგი დაუსჯელი დატოვონ. თავის მხრივ, დაკავებულის ადვოკატი გივი ხაბეიშვილი ამბობს, რომ სუხიტაშვილს მკვლელობა განზრახული არ ჰქონია და იარაღი შემთხვევით გაუვარდა: “ეს არის ტრაგედია ორივე ოჯახისათვის. სუხიტაშვილი ნანობს ჩადენილ დანაშაულს. მას ეს მკვლელობა განზრახული არ ჰქონია და გამოძიებამ განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა საქმე.”

სანამ საქმე სასამართლო განხილვამდე მისულა, მოკლულის ახლობლები “დემოკრატიული ლიგის” ორგანიზატორობით პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი აქცია 20 ივლისს რესტორან “ქვევრთან” გაიმართა. მასში მონაწილეობა მოკლულის ახლობლებმა და მეგობრებმა მიიღეს. როგორც ისინი აცხადებენ, აქციები გაგრძელდება. მორიგი აქცია სოფელ ხაბუმეში, ჩხარჩხალიას მშობლიურ სოფელში გაიმართება.

“დღევანდელი შეკრებით სამართალდამცავების კიდევ ერთი ჯალათობა გამოვავლინეთ, თუ როგორ აბუჩად იგდებენ ისინი ადამიანის სიცოცხლეს. მათ სიცოცხლეს გამოასალმეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი. იგი მოკლა ვაკე-საბურთალოს მესამე განყოფილების პოლიციის უფროსმა სერგო სუხიტაშვილმა. ეს ადამიანი რესტორნიდან ნასვამ მდგომარეობაში გამოვიდა და შელაპარაკების ნიადაგზე პირდაპირ თავში ესროლა მამუკა ჩხარჩხალიას. მკვლელობის მოტივი იგივეა, რაც სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვა უამრავი მოკლული ადამიანის. თუ როგორ განვითარდება შემდგომში გამოძიება, არ ვიცით, რადგან გამოძიება ძალიან ტენდენციურად მიმდინარეობს. ოჯახისთვის უცნობია კონკრეტული ფაქტები; არადა, ოჯახს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ როგორ და რა ფორმით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. გამოძიება ღია არ არის. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ადამიანი არც არის დაკავებული და შესაძლოა, სასამართლოზე სხვას გადაბრალდეს მისი დანაშაული. ჩვენ გვყავს თვითმხილველები, რომლებიც დეტალურად ჰყვებიან მომხდარის თაობაზე. ისინი იმასაც ამბობენ, რომ მამუკას სუხიტაშვილისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია,” – ამბობს “დემოკრატიული ლიგის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა აფხაიძე.

მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქო თავის პოზიციას არ აფიქსირებს. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ადგილზე ჩააკითხეს ჩხარჩხალიას ოჯახს და მატერიალური დახმარება გაუწიეს.

 

მაკა ქობალია, სალომე გოგოხია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here