მდიდართა, ამპარტავანთა, მკვლელთა, ღვთისმგმობთა და მრუშთა აღვირახსნილობას ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში საზღვარი აღარ აქვს! არადა, ამბავი, რომელმაც ორი დღის წინათ საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად საქართველოში თავისუფლებისინსტიტუტელი ჭინკები თავიანთი პატარა რქებითა და ნორჩი ვარდისფერი ჩლიქებით მალაყებზე დამდგარნი გამოჩნდნენ! ეზო-ეზო, კარდაკარ, ხილულად თუ უხილავად ჯგრო-ჯგრო დაძრწოდნენ და ტრადიციული მენტალობის ქართველობას ხან ქათქათა კბილებით ხიბლავდნენ, ხანაც კიდევ – ვერცხლის ჩხრიალით!
ვის მოუვიდა პირველად საქართველოში აზრად, მიცვალებულთათვის ბაჟი დაეწესებინა? – ვის და, ალბათ, მათ, ვინც მიცვალებულებს ჯერ საარჩევნოდ “რაზმავდა”, ხოლო შემდგომ, ვითარცა ცოცხალთ, ისე განიკითხავდა: – გინდათ ჩვენთან, აყვავებულ საქართველოში ყოფნა? – მაშინ გადაიხადეთ. არ გადაიხდით და მაშინ ამოგთხრით, თქვენს ჭირისუფლებს საფლავებში ჩამოგიყრით ან დავაპატიმრებთ და გაჩენის დღეს ვაწყევლინებთ!
– არ გაბედოთ ჩვენს საფლავებთან მოახლოება, უღმერთოებო, თორემ ჩემი შვილის სულს ვფიცავ, ჯერ თქვენ მოგკლავთ, მერე კი ჩემი ფეხით წავალ პოლიციაში. დათო ბაქრაძე ვინ გდია, სასაფლაოზე წყლის მთავარი ონკანი რომ “დაასვარკებინა”? ვინ გეკითხებათ, ჩვენს საფლავებს მარმარილოთი მოვაპირკეთებთ თუ ბაზალტის ქვით? თქვენ უნდა გკითხოთ, რა მცენარეს დავურგავ ჩემს მიცვალებულს, იმის მიხედვით რომ გადამახდევინოთ შემდეგ ფული?.. ბანდიტებო, კაციჭამიებო, უსინდისოებო და ნამუსგარეცხილებო, რით ვერ გასკდა თქვენი მუცლები, ახლა მიცვალებულთა საფლავების ძარცვა-გლეჯა რომ დაიწყეთ? -რისხვით სავსე ხმით მოთქვამდა ახალგაზრდა ქალი და ფირმა “თერმის” წარმომადგენლისკენ იწეოდა, რომელიც ვერის სასაფლაოზე საგანგებოდ, ქალაქის მერისა და საკუთარი ფირმის დავალებით იყო ამოსული.
“დაწყნარდით, ქალბატონო, ალბათ, კარგად ვერ აგიხსენით, სინამდვილეში რას ვაპირებთ”, – გადადგა ორიოდე ნაბიჯი უკან ლურჯთვალება “ბიზნესმენმა” და სხვა ჭირისუფალ ქალბატონებს ამოეფარა, ძუ ლომივით გააფთრებულ, ერთადერთი შვილის დამკარგავ ქალს თვალები რომ არ ამოეთხარა მისთვის!
ვერის სასაფლაოზე მისულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ჩვენი ცოდვილი პლანეტის სირცხვილი მეკიდა ზურგზე! საბედნიეროდ, ჩემი დიდი ხნის მეგობარი ნანა ოდიშარია მალევე შევნიშნე შეკრებილ საზოგადოებაში და ვკითხე: შეგიძლია, ინტერვიუ მომცე იმ ყველაფერზე, რაც აქ დღეს ხდება-თქო? რა თქმა უნდა, დამთანხმდა და გთავაზობთ ამ ინტერვიუს, ყოველგვარი “მოკრეჭის” გარეშე:
ნანა ოდიშარია:
– მე და ჩემი ოჯახი ძირძველი ვერელები ვართ, ეს სასაფლაო 1986 წელს უკვე დაკეტილი იყო და აქ მიცვალებულთა დასაფლავება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი ჭირისუფალს თავისი უახლოესი მიცვალებულის გვერდით თავის ან ოჯახის სხვა წევრებისათვის “მოზომილი” მიწის ნაკვეთი წინასწარ ჰქონდა შენახული. ეს სასაფლაო 1991-92 წლებში მხედრიონელებმა გახსნეს და აქ ასაფლავებდნენ თავიანთ გარდაცვლილ მეგობრებს. ძირითადად, ამ სასაფლაოზე ახალგაზრდები განისვენებენ. ხომ ხედავთ, მათი ასაკი 19-20-23- წელია. ყველა შინაური, ძალიან ახლობელ ოჯახთა შვილები არიან და, თურმე, ახლა ახალი კანონებით, მე, ნანა ოდიშარიას, უფლება აღარ მაქვს, მათ საფლავზე გიგი უგულავასა და ვიღაც ვიგინდარების ნებართვის გარეშე ბალახი მოვგლიჯო, ყვავილი დავრგო, მოვრწყო და ჩვარი გადავუსვა მარმარილოს! თურმე, დამლაგებელ ქალებს ჭირისუფლები რომ 10 ლარს აძლევენ, კორუფციაა და ის, რომ “თერმის” პრეისკურანტით, ერთი ძირი ვარდის მორწყვის საფასური 2 ლარი და 50 თეთრია, ის – არა! კარგი, ვთქვათ, მე სამი ძირი ვარდი მაქვს დარგული და, შესაბამისად, თვეში 7-8 ლარს გადავიხდი, მაგრამ ის რა უბედურებაა, ჯერ კიდევ ცარიელი, შვილის გვერდით მოზომილი მიწის საფასურიც რომ უნდათ, გადაახდევინონ ჭირისუფლებს? იცით, რა თქვა ვერის სასაფლაოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა? – არ გადაიხდით და ჩამოგაჭრითო!
– რა თანხა დასახელდა “ჩამოსაჭრელი” სასაფლაოების საფასურად?
– 500 ლარი, წარმოგიდგენიათ? ვთქვათ, ვერ გადაიხდის ოჯახი და მართლაც “ჩამოიჭრება”, ესენი ხომ ამ ადგილს შემდეგ 5-6 ათას დოლარად გაყიდიან. ეს კორუფცია არ არის? თუ ოჯახს შვილი აქ ჰყავს დასაფლავებული, დედ-მამას კი მის გვერდით უნდა სამუდამო სასუფევლის დამკვიდრება, 1000 ლარი უნდა გადაიხადოს, თუ არადა, როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ამის უფლება “კანონით” აღარ ექნება! აი, მე მინდა, რომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაწეროთ: არ გაგივათ, ამ ქვეყნის დამაქცეველო ნაციონალებო და ძმანო მათნო, ეგ ამბავი! პირადად მე შემოგაკვდებით და ამ ამბავს თქვენს სასარგებლოდ არ დაგამთავრებინებთ, ჩემისთანები კი ათასობით არიან, თუ მილიონები არა, კარგად დაიმახსოვრეთ!
– ლეილა გაფრინდაშვილმა ტელევიზიით განაცხადა, ამ “ბიზნესის” 40% ჟორიკა რურუასია, ხოლო დანარჩენი – გიგი უგულავასიო. გიორგი რურუა ამ უბანშია გაზრდილი და ხომ არაფერი გსმენია, მართლა ასეა?
– მეც ტელევიზიით მოვისმინე ეგ ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით…
(ამ დროს საუბარში ერთ-ერთი ჭირისუფალი ქალბატონი ჩაგვერთო):
– ჟორიკას ნახევარი საძმაკაცო ამ სასაფლაოზე წევს და ეგ თუ მართალია, “მალადეც” მაგას… ნიკა დევდარიანის საფლავისა მაინც არ რცხვენიათ?
ამ დროს “სასაფლაოს ბიზნესის” წარმომადგენელმა ახალი ნოვაცია გააჟღერა: ჩვენი მომსახურება ნებაყოფლობითია, ვისაც უნდა ჩვენი მომსახურება, კი, ბატონო, მაგრამ ვინც თვითონ დაალაგებს თავისი მიცვალებულის საფლავს, უნდა ვიცოდეთ, ის გარდაცვლილის ოჯახის წევრია ნამდვილად, თუ – არა, გასაგებია?
– უკაცრავად, ახლა საჯარო რეესტრის ამონაწერით უნდა ვირბინოთ სასაფლაოზე, მართლა ჩვენი ოჯახის წევრი რომ ასაფლავია აქ? – მიუტრიალდა ჩემი რესპონდენტი ნანა ოდიშარია “თერმის” წარმომადგენლებს, – იქნებ ისიც გვითხრათ, აღდგომის კვერცხის გაგორების უფლება თუ გვაქვს ჩვენი მეგობრების საფლავებზე ან სანთლის დანთების და ქვის გადაწმენდის?მოკლედ, აბობოქრებული ჭირისუფლები თაკარა მზის გულზე კიდევ დიდხანს ბჭობდნენ ცოცხალთა და მიცვალებულთა უფლებებზე, მაგრამ – ამაოდ. სასაფლაოს ადმინისტრაცია “შემუშავებულ და დამტკიცებულ პრეისკურანტს” გროშ-კაპიკს არ აკლებდა და გაიძახოდა: ვარდის ბუჩქი – 2,50 ლარი; ბზის ბუჩქი – 3 ლარი; ნაძვი, სოჭი ან სხვა ჯიშის ხე – 10 ლარი; მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული საფლავის მოვლა – 10 ლარი; ბაზალტის ქვით მოპირკეთებული – 13 ლარი და ა.შ.
აღმაშფოთებელია, არა, მკითხველო, ეს ყველაფერი? მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ: მთელ საქართველოს პირველად მაშინ გაგვაწნეს სილა, როცა აღმაშენებლის საფლავზე ფარისეველის თვალთმაქცობას ტაში დავუკარით, როცა მეფე დავითი შუაგულ თბილისიდან გავაძევეთ და ნუ გვიკვირს, კიდევ მეათასედ რომ გვაფურთხებენ სულშიც და საფლავებშიც!
ირინა გოგოსაშვილი