Home რუბრიკები სამართალი პოლიტპატიმრის 8 რჩევა ოპოზიციას

პოლიტპატიმრის 8 რჩევა ოპოზიციას

748

ორთვიანი საპროტესტო აქციები მინავლდა. ქუჩები გაიხსნა და დასუფთავდა. პარლამენტმა განაახლა სხდომები. «ხელში აღებული დედაქალაქი» ჩაბარდა, ოპოზიციის მიერ მოპოვებული უპირატესობა აღარ ჩანს… მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი რჩება უმისამართო პრეზიდენტად და ჯერ კიდევ ვერ შედის რეზიდენციაში. ქვეყანა თითქოს უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიმშვიდეა.

როცა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერია პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, რეალური პასუხისმგებელი არ არსებობს. ხელისუფლება ის მანქანაა, რომელიც, თუ თანამედროვე პირობებსა და რეალობასთან ვერ პოულობს საერთო ენას, უნდა დაიმსხვრეს! დედაქალაქი რომ მოიცვა 9 აპრილს დაწყებულმა პროცესებმა, მაშინვე უნდა განვითარებულიყო და გადასულიყო სხვა რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში…
ამასთან, უნდა შეზღუდულიყო ხელისუფლების სამოქმედო არეალი და სასიცოცხლო სივრცე მმართველობის, თვითმმართველობის, კომუნიკაციების და ა.შ. მიმართულებით. სამწუხაროდ, პროცესები შემოიფარგლა მხოლოდ დედაქალაქით და რამდენიმე სახელმწიფო ობიექტის პიკეტირებით, რამაც გამოიწვია მომიტინგეთა დაღლაც, სკეპტიციზმიც, აქციების ერთფეროვნებაც და, საბოლოოდ, სტაგნაციაც.

დროა, ოპოზიციამ მოახდინოს საკუთარი გეგმების კორექტირება და შეცვალოს მოქმედების ვექტორი, აღარ უნდა დაელოდოს, როდის აუჩუყდებათ გული დასავლეთის ლიდერებს!

ვიდრე ოპოზიცია მიტინგების მომზადების თუ მსვლელობის დროს შეწუხებული იმზირება დასავლეთის საელჩოებისკენ და თითის ყოველ დაქნევაზე მზად არის, ყველაფერი მიატოვოს და კონსულტაციებისთვის მიირბინოს, მანამდე სრულფასოვან აღიარებას და რეალურ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ.

ჯობს, 7 აგვისტოს კი არა, 6 ივლისს გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, როდესაც ბარაკ ობამას ვიზიტი დაიწყება მოსკოვში და ერთ-ერთი სალაპარაკო თემა საქართველოც იქნება! გიფიქრიათ, 7 აგვისტომდე რამდენ ადამიანს და ოჯახს გაამწარებს ხელისუფლება იმ ჩანაწერების საფუძველზე, რასაც შსს გულმოდგინედ იღებდა აქციებზე? საზოგადოებაც და ოპოზიციაც უნდა მიმხვდარიყო, რაზე იყო წამსვლელი სააკაშვილი, რაც ბოლო დღეებში განხორციელებულმა ძალადობამ და შეურაცხყოფამაც აჩვენა!

ვიმეორებ: ეს არის პირდაპირი სიგნალი ოპოზიციის ლიდერების მიმართ! ახლა მათზეა დამოკიდებული, მიიღებენ ამ გამოწვევას თუ, როგორც ყოველთვის, შემოიფარგლებიან მხოლოდ მაღალი განცხადებებით. სანამ ზოგიერთი მოქმედი ლიდერი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს საკუთარ თავს ან შვებულებაში გაემგზავრება, ბევრი მათი მხარდამჭერი ციხეში აღმოჩნდება, ზოგიც – საავადმყოფოში ან სასაფლაოზე! ეს გარდაუვალი პროცესია! რომელი ლიდერი აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

ოპოზიციის ლიდერებს სასწრაფოდ სჭირდებათ უნდობლობის ვირუსისგან განკურნება და გადატვირთვა, რისთვისაც საჭიროა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გახსნას კარი და ერთად ბრძოლისთვის მოიწვიოს პასიურად დარჩენილი პოლიტიკური ძალები! ახლა არ არის ზვიადისტების, ედვარდისტების თუ სხვა ძალების ერთმანეთთან დაპირისპირების დრო! ქვეყანა გვენგრევა თავზე! ამ ნგრევის შესაჩერებლად აუცილებელია:

პირველი: როგორი დაღლილობაც და იმედგაცრუებაც უნდა სუფევდეს საზოგადოებაში, პერმანენტული საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს! თუნდაც პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების გარეშე…

მეორე: ლიდერების ერთმა ჯგუფმა უნდა ითავოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და აიძულოს დათმობებზე წასვლა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ ორთვიან ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია!

მესამე: უნდა მოხდეს ერთიანი ოპოზიციის შტაბისა და გადაწყვეტილებების მიმღები საბჭოს დახვეწა. საბჭოს ქმედითუნარიანობა მიმზიდველი გახადონ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, საზოგადოების ცნობილი პირებისთვის!

მეოთხე: დროებით უნდა აირჩეს ერთიანი ლიდერი, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტიკური პროცესების წარმართვასა და საბოლოო შედეგებზე!

მეხუთე: მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს ოპოზიციის ხედვა სახელმწიფოს მოწყობისა და მართვის პრინციპებზე! უნდა შეიმუშაონ პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის მატრიცა, რომელიც ამ ეტაპზე გააერთიანებს მათ ინტერესებსა და ქმედებებს.

მეექვსე: ახალი ეტაპის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხის რეალური განწყობა და მოთხოვნები პროცესების წარმართვაზე. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ყოველდღიურ მზარდ ქმედებას და ყოველდღიურ შედეგს.

მეშვიდე: თუ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა გაიზიარეს ახალი კულმინაციური თარიღის – 6 ივლისის მნიშვნელობა, ხომ კარგი, თუ არა და, მაშინ აუცილებელია, 7 აგვისტომდე მოხდეს ყველა მიმართულების დამუშავება და რეალური შედეგებით მისვლა!

მერვე: სახალხო მოძრაობამ უნდა აირჩიოს წარმომადგენლობითი სახალხო ორგანო, რომელმაც უნდა გაწეროს თავისი სამოქმედო გეგმა დროებითი ორგანოების მოქმედებისთვის, და ამ ყველაფერმა უკვე 8 აგვისტოს უნდა დაიწყოს ფუნქციონირება!

ხალხმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, რისთვის გამოდის გარეთ! თუ მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს დაანახონ, როგორი ცუდია სააკაშვილი, არ გამოიყვანოთ ეს ხალხი, რათა აღარ მოხდეს ხალხისთვის ცრუ იმედების შექმნა.

მერაბ რატიშვილი, რუსთავის მეექვსე საპყრობილე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here