Home რუბრიკები სამართალი ხათუნა ჭითანავა: ბავშვს ორივე ფეხი გადაუმტვრიეს და ინვალიდის ეტლში ჩასვეს, რათა დედას...

ხათუნა ჭითანავა: ბავშვს ორივე ფეხი გადაუმტვრიეს და ინვალიდის ეტლში ჩასვეს, რათა დედას მათხოვრობისას თანაგრძნობა გამოეწვია

903

ხელისუფლების უნიათობით გამოწვეულმა მასობრივმა მიგრაციამ საქართველოსათვის პრობლემად აქცია ისეთი დანაშაული როგორიც ტრეფიკინგია. უკანასკნელი წლების მანძილზე უამრავი ჩვენი თანამემამულე გახდა ადამიანებით ვაჭრობის, მონური ექპლუატაციისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მსხვერპლთა ექსპლუატაცია მანამ გრძელდება, სანამ მათ ტრეფიკერებისთვის მოგება მოაქვთ. დაავადების შემთხვევაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მათ ქუჩაში ყრიან ან სხვა ქალაქში გადაჰყავთ და იქ ტოვებენ. არის შემთხვევები, როდესაც დაუძლურებულნი საზღვარზე გადაჰყავთ და იქ უპატრონოდ უშვებენ, უკიდურეს შემთხვევაში კლავენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ პროექტის კოორდინატორი ხათუნა ჭითანავა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი შემზარავი ფაქტის მოწმე გამხდარა. ის დიდი გულისტკივილით გვიყვება ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ იმათ გასაფრთხილებლად, ვინც საჭირო სიფრთხილეს არ იჩენს უცხოეთში გამგზავრებისას.
– ქალბატონო ხათუნა, რას ურჩევთ საზღვარგარეთ წამსვლელებს, როგორ აარიდონ თავი ტრეფიკინგს?

– უპირველესად, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმ ფირმის შესახებ, რომელსაც ისინი საზღვარგარეთ მიჰყავს. აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ფირმა რეგისტრირებულია თუ არა. თუ გამგზავრებას კერძო პირი სთავაზობს, მოითხოვონ კონტრაქტი და მასზე ხელის მოწერამდე რჩევისთვის იურისტს მიმართონ, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს წარმომადგენლობის შესახებ იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებიან. ჩასვლისთანავე მიაკითხონ ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებს და იქ დატოვონ თავიანთი პირადი დოკუმენტების ასლები. სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს რეგულარულად მიაწოდონ თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობები. მთავარია, ბრმად არავის ენდონ. არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ქართველებმა ვიცით სიტყვაზე ნდობა, რის გამოც ხშირად სავალალო შედეგებს ვიმკით.

– ხშირად მომხდარის ზემოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე მკაცრი გაფრთხილებები… რას გვეტყვით თქვენი სამსახურებრივი გამოცდილებიდან?

– ამ ისტორიას ხშირად ვყვები, რადგან ჩემზე ძალიან იმოქმედა.

დიდი მატერიალური გაჭირვების გამო ახალგაზრდა ქალი ორი არასრულწლოვანი ბავშვით იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასასვლელი გზები ეძებნა. გულშემატკივარიც გამოუჩნდა – ბიძაშვილის კარის მეზობელი. ქალი შვილებითურთ საზღვარზე გადაიყვანეს, რათა უცხოეთში მომვლელად ემუშავა. პატარების დამტოვებელი არ ჰყავდა, მათთან ერთად თავს უფრო მშვიდად და დაზღვეულად გრძნობდა.

ჩასვლისთანავე ქალს დოკუმენტები ჩამოართვეს, გადაადგილების საშუალება მოუსპეს და ორ ბავშვთან ერთად ერთ პატარა ოთახში ჩაკეტეს. დღეების განმავლობაში მხოლოდ წყალსა და რამდენიმე პურის ნაჭერს აძლევდნენ. ოთახში ავეჯი არ იყო, იატაკზე ისხდნენ მთელ სამყაროს მოწყვეტილნი და ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს მოკლებულნი. წყალში, ალბათ, რაღაცას ურევდნენ, რადგან ოთახის კუთხეში მიყუჟულნი სულ თვლემდნენ.

მალე მათ ქალის დამუშავება დაიწყეს, აიძულებდნენ, ერთ-ერთი ბავშვის თანხლებით ქუჩაში სამათხოვროდ გასულიყო. ქალმა შემოთავაზება რომ უარყო, სცემეს და დაემუქრნენ. მოსაფიქრებელი დრო მისცეს, თანაც, საკვები შეუმცირეს და წყალსაც შეზღუდვით აძლევდნენ. ყოველდღიურად ცდილობდნენ განზრახვაზე მის დაყოლიებას.

მისი სიჯიუტე რომ ვერ გატეხეს, გაღიზიანებულებმა უმოწყალოდ სცემეს, სახეში ფურთხებითა და თმის გლეჯით იქამდე აწამეს, სანამ გონი არ დაკარგა. მაღალი სიცხეების გამო კარგა ხანს უგონოდ ეგდო. რამდენიმე დღის შემდეგ გონსმოსულმა ბავშვები მოიკითხა და სახტად დარჩა, როდესაც მისი კუდრაჭა გოგონა ინვალიდის ეტლით შემოუყვანეს. ტრეფიკერებს ბავშვისთვის ორივე ფეხი სახსარში გადაემტვრიათ, ინვალიდის ეტლში ჩაესვათ, რათა ქალს მათხოვრულ ბიზნესში ამ მშვენიერი ხეიბარი შვილის წყალობით კარგად ეხეირა.

დედა ეტლზე დამხობილი ყმუოდა. იმ დღეს წყევლიდა, როცა იძულებული გახდა, სამშობლო ლუკმაპურისთვის მიეტოვებინა. ის ლუკმაც ხომ შვილებისთვის უნდოდა.

იმ ღამეს ახალგაზრდა ქალი ერთიანად გაჭაღარავდა, ერთ ღამეში გატყდა… შემდეგში აცხადებდა: «თუ არა შვილები, თავს ნამდვილად არ ვიცოცხლებდიო…» ასე დაიწყო მისი მათხოვრული სვლები ევროპის ერთ დიდ, საოცრად ლამაზ, სიცოცხლით სავსე მეგაპოლისში.

გათენებიდან დაღამებამდე გაწეწილი, დაჭმუჭნული ტანსაცმლით, მტვრიანი, დახეთქილქუსლებიანი, ჭუჭყიანი, დასიებული ფეხებით, ეტლის თრევით ოფლში გაღვრილი რასაც მათხოვრობით შოულობდა, ტრეფიკერს აბარებდა, რომელიც ურცხვად ამოწმებდა, ხომ არაფერს იტოვებდა თავისთვის. მძევლად დატოვებული პატარა ბიჭი კარს უკან მოუთმენლად ელოდა დედის დაბრუნებას. ღამით სამივე იატაკზე იძინებდა ხმელი პურისა და წყლის ამარა. «გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო», – ნათქვამია. ქალმა სიმწრით ნაშოვნი თანხიდან ფულის მოპარვა ისწავლა, რითაც ბავშვებისთვის ფუნთუშებს ყიდულობდა, ცელოფანში ჩალაგებულ პროდუქტს კაბის ქვეშ, მუცელთან მალავდა, ღამით კი, თავისი სხეულით გამთბარი ფუნთუშებით ბავშვებს ანაყრებდა. ბოსს თუ მოტანილი თანხა ეცოტავებოდა, დედასა და შვილებს მუშტითა და წიხლით უმასპინძლდებოდა. ყველა დარტყმა შვილებს გადაფარებულ დედას ხვდებოდა და მისი ნაიარევი სხეული დღითი დღე სუსტდებოდა. ქალმა ქუჩებში წანწალით იქაურ ენასაც ალღო აუღო, რაც გაქცევაში დაეხმარა.

– როგორ გამოაღწია ქალმა ამ მიწიერი ჯოჯოხეთიდან, რამ მისცა ასეთი ძალა და გამბედაობა?

– დედობამ, დედა ყოველთვის გულადია!

მან გულში ამოიჭრა შვილების გადარჩენა. დარდმა, წვიმასა და თოვლში განუწყვეტელმა წანწალმა, მძიმე პირობებში ცხოვრებამ დააავადმყოფა. ბევრს ახველებდა, ხშირად სისხლსაც აყოლებდა. ყოველდღიურად ქალაქის ერთ დიდ მოედანზე გადიოდა, სადაც ყოველთვის იდგა პოლიციელი.

ერთ-ერთი პოლიციელი მათხოვარ ქალს ინვალიდი ბავშვის ეტლის გადაადგილებაში რამდენჯერმე ბრაზიანად, მაგრამ მაინც მიეხმარა. ქალი ამ პოლიციელის მორიგეობისას მოედანზე დიდხანს ჩერდებოდა, უცქერდა, სურდა, მისთვის დახმარება ეთხოვა, მაგრამ ეშინოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პოლიციელს გაენდო.

პოლიციელმა ქალი ოფისში წაიყვანა. წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის მიხედვით, პოლიციამ შეძლო ქალთან ერთად ტრეფიკინგის კერაში შევარდნა, მძევალი ბიჭის გამოყვანა და დამნაშავეების აყვანა.

იმარჯვა ქალმა და ტრეფიკერებს სამაგიერო მიუზღო. ამ კერის აღმოჩენით მთელი კლანი ჩავარდა.

სამწუხაროდ, ამით არც ქალის გატეხილ ჯანმრთელობას ეშველა, არც – ინვალიდი გოგონას ფეხებს და არც – მოზარდი ბიჭის შერყეულ ფსიქიკას. ყველანი რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს, მშვიდი პირობები შეუქმნეს, მაგრამ მათ ხანგრძლივი (იქნებ, მუდმივიც) მკურნალობა ესაჭიროებათ.

– მართლაც სულისშემძვრელი ამბავია. ჩვენთანაც მომრავლდნენ მათხოვარი ბავშვები. ნუთუ საქართველოშიც არსებობს ტრეფიკინგის საშინელება მათხოვრული ბიზნესის სახით?

– დიახ, არის ასეთი შემთხვევები. ვის არ შენიშნავს ქალაქის ქუჩებში მათხოვარი ბავშვი, ფულს რომ ითხოვს. ახლომახლო კი ვიღაც უფროსი მათ აკონტროლებს. თავად მათგან გვაქვს ინფორმაცია, რომ საღამოს ბავშვები თანხას ვიღაცას აბარებენ, სავარაუდოდ, ამ საქმიანობის ორგანიზატორს, ანუ ზედამხედველს.

ვცდილობთ, ამგვარი ფაქტები აღვკვეთოთ, მაგრამ ბევრ ბარიერს ვაწყდებით. ამ საკითხის მოგვარებას ერთიანი პოლიტიკის გატარება სჭირდება. ტრეფიკერს თუ დავაკავებთ, ბავშვები აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ ბავშვთა სახლებში, სადაც ისინი უნდა მოშინაურდნენ, უნდა ვიზრუნოთ მათში ახალი ჩვევების დანერგვა-დამკვიდრებაზე, მათ სწავლა-განათლებაზე, კვებაზე, ოჯახებში გაშვილებაზე. ეს დღეს ძნელად მოსაგვარებელი საქმეა. ბავშვები ყოველივე ამას შეუჩვეველნი არიან, ცდილობენ, ხელიდან დაგვისხლტნენ, ბავშვთა სახლებიდანაც კი ისევ ქუჩებში გარბიან. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევა თუ უშველის ამ პრობლემას.

შიდა ტრეფიკინგის შემთხვევებიც გვაქვს. ერთი შემზარავი ისტორია ასეთია: ახალგაზრდა ვაჟმა არასრულწლოვანი გოგონა ცოლად შეირთო. გოგო რაიონიდან იყო ჩამოსული. სოფელში მამა და და ჰყავდა. ბიჭი არასრულწლოვან ცოლს აიძულებდა, მეძავად ემუშავა და საღამოს შინ ფული მიეტანა. ამ ბიჭს მშობლები ჰყავდა, რომელთა განცხადებით, გოგონას რძლად მიიჩნევდნენ და, თუ ამგვარი რამ ხდებოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ. რამდენად გულწრფელია მათი განცხადება, ვერ გეტყვით. საქმე გაიხსნა და მას ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიეცა, თუმცა, ერთი შეხედვით, ფაქტი სუტენიორობას ჰგავდა. ბიჭს 23 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ამჯერად მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო.

საშინელებაა, როცა ტრეფიკინგის ფაქტებს თვით ჩვენი ქვეყნის შიგნით ვხვდებით. ჩვენ ხომ უძველესი კულტურის, მტკიცე ზნეობისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მონასტრის ზარებს არისხებდნენ, როცა ადამიანების პატივისა და ღირსების შელახვა ხდებოდა. დღეს კი მსხვერპლთა უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას, რომ პიროვნების დაცვის მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

საზოგადოებას ამ მხრივ ნამდვილად აკლია ინფორმაციულობა. ხშირად მსხვერპლი აქტიურად ერიდება გახმაურებას თავმოყვარეობისა და ათასი სხვა მიზეზით, ეშინია შურისძიებისა და შანტაჟის ტრეფიკერთა მხრიდან.

მათ ხშირად ისიც კი არ იციან, რომ მკაცრადაა გასაიდუმლოებული მსხვერპლის ვინაობა, მისამართი და სხვა პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – აღმოვფხვრათ დანაშაული და დავეხმაროთ დაზარალებულს.

 

ესაუბრა ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here