წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა, თბილისის #5 სამშობიარო სახლი, რადიოლოგიური კლინიკა, ქალაქის #4 კლინიკური საავადმყოფო (ყოფილი მე-8 საავადმყოფო), ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი; ხობში, ხელვაჩაურში, ბოლნისსა და საგარეჯოში სამედიცინო ობიექტები, გარდა «03»-ისა, ზუგდიდის ჯანდაცვის ობიექტები – ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება შპს «ბლოკ-ჯორჯიას» «100 ახალი საავადმყოფოს» სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ რაღაც 1000 დოლარად გადაეცა.
ჯანდაცვის სფეროში ფინანსების მოზიდვის მიზნით ხელისუფლებამ ინვესტორებს შესთავაზა, თუ ახალ მრავალპროფილიან საავადმყოფოს ააშენებდნენ, საჩუქრად ძველ ინფრასტრუქტურას მიიღებდნენ. ამ პროგრამის ფარგლებში 15 საკონკურსო შერჩევა ჩატარდა და სწორედ «ბლოკ-ჯორჯია» აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი საავადმყოფო ჩაიგდო ხელში. მას ეს წარმატება საბანკო-საგარანტიო თანხამ – 13 მლნ დოლარმა მოუტანა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, აღნიშნულმა ფირმამ ფულის ნაცვლად ფოთის სადაზღვევო კომპანია «ვესტის» გარანტია წარადგინა, რომელსაც, თავის მხრივ, რისკები გადაზღვეული ჰქონდა ყაზახურ სადაზღვევო კომპანია «ევრაზიაში». საგულისხმოა ისიც, რომ შპს «ბლოკ-ჯორჯია», რომლის დირექტორი ვინმე მამუკა ჯანაშვილია, სამშენებლო კომპანიაა.
გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა, როგორ ასრულებს ეს ფირმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რა მდგომარეობაშია სულ რაღაც 1000 დოლარად შეძენილი სამედიცინო დაწესებულებები.
მართალია, ჯანდაცვის სამინისტროში გვარწმუნებდნენ, რომ «ბლოკ-ჯორჯიამ» ზუგდიდის სამედიცინო ობიექტებში 3 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა შეიტანა, 100-საწოლიან ჰოსპიტალსაც აშენებს და ყველა პირობას ზედმიწევნით ასრულებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, გაგონილს ნანახი სჯობია და გადავწყვიტეთ, თავად დავრწმუნებულიყავით ჯანდაცვის სამინისტროს ობიექტურობაში. პირველად ყოფილ მე-8 საავადმყოფოს ვეწვიეთ, ანუ ქალაქის #4 კლინიკურ საავადმყოფოს.
აღნიშნულ კლინიკას შორიდანვე ეტყობა, რომ ახალ მფლობელს საერთოდ არ უზრუნია მის იერსახეზე. შენობაში შესვლისთანავე თვალში გეცემათ კომუნისტებისდროინდელი საკაცეები, ბათქაშჩამოყრილი კედლები, დაზიანებული კარები და ფანჯრის საღებავგადასული რაფები. ანალოგიური მდგომარეობაა თითქმის ყველა სართულსა და განყოფილებაში. თუკი რომელიმე პალატა ან კაბინეტი მოწესრიგებულია და კოსმეტიკური რემონტი აქვს ჩატარებული, ამაში წვლილი ახალ მფლობელს არ მიუძღვის. «ეს შესახვევი თავის დროზე ჩვენი სახსრებით შევღებეთ, – გვითხრა საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, – აბა, შეიხედეთ, თუ შეიძლება აქ პაციენტის მოთავსება? – რა თქმა უნდა არა. ახალ მფლობელს არაფერი გაუკეთებია, ერთადერთი ცვლილება, რაც ინვესტორის შემოსვლის შემდეგ განხორციელდა, ეს მომსახურების ტარიფების გაზრდაა. ამის გამო პაციენტების რაოდენობამ იკლო».
გაზრდილი ტარიფები არ ასახულა მედპერსონალის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, კლინიკის შიდაკორუფციული სქემა უცვლელი დარჩა. როგორც ერთ-ერთმა პაციენტმა გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა აქვთ, მათ ყოველდღიურად სთხოვენ წამლების მიტანას, დღე-ღამეში კი მომსახურებისთვის არაოფიციალურად 40 ლარს ახდევინებენ, რაც ჯამში საშუალოდ 70-80 ლარი უჯდებათ. «ამხელა თანხას ვიხდით და პირობები მაინც იყოს, საავადმყოფო ნაგავში იხრჩობა», – გულისტკივილით აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.
მართლაც, ყოფილ მე-8 საავადმყოფოში ისეთი საშინელი მდგომარეობაა, რომ ავადმყოფის მორჩენას ვინ დაეძებს, იქ შესული ჯანმრთელი ადამიანიც კი ცუდად გახდება, თუმცა ჩანს, მედპერსონალის ნაწილს ეს არ აღელვებს. როგორც კი მათთან საავადმყოფოს პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი, მაშინვე უარყოფითად განეწყვნენ ჩვენ მიმართ. ერთ-ერთმა ექიმმა (მან თავი ქირურგ ჯანო ვაშაძედ წარმოგვიდგინა) ყოველგვარი მიზეზის გარეშე გვითხრა: «რა უფლება გაქვთ, შენობაში აღმა-დაღმა იაროთ, პაციენტებს პალატებში შეუცვივდეთ და შეაწუხოთ. თუ ახლავე არ დატოვებთ შენობას, დაცვის სამსახურს გამოვიძახებთ და კინწისკვრით გაგისვრით გარეთ». მან ხელით გასასვლელისკენ მიგვითითა და შემდეგ რეგისტრატურის მორიგე ოპერატორს დაავალა, მედპერსონალთან ჩვენი კონტაქტი არ დაეშვა. მორიგე ოპერატორმა შესაშური სიზუსტით შეასრულა დარიგება – მისაღებში გამოჩენილ თეთრხალათიანებს მკაცრ გაფრთხილებებსა და ინსტრუქციებს აძლევდა: «ჟურნალისტია მოსული და ისეთი არაფერი წამოგცდეთ, რაც ხელმძღვანელობას არ მოეწონება; ხომ იცით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნათქვამსო».
სამწუხაროა, რომ კლინიკის თანამშრომლები ასე ცუდად განეწყვნენ ჩვენ მიმართ და საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე საუბარი არ ისურვეს, პირიქით, ხელის შეშლაც სცადეს. შესაძლოა, ეს სამსახურის დაკარგვის შიშით გამოწვეული რეაქცია იყო ან, სულაც, არ აღელვებთ, რა პირობებში უწევთ მუშაობა… სამაგიეროდ, საავადმყოფოს მომსახურებით უკმაყოფილო პაციენტები არიან.
ცნობისთვის: პროექტის ფარგლებში ინვესტორების მიმართ ძირითადი მოთხოვნები იყო არსებული ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება, ხარისხიანი ჰოსპიტალური მომსახურებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინვესტიციები იმ მასშტაბით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო მომსახურების ფასების სტაბილურობა. მე-8 საავადმყოფოში ინვესტორის შესვლის შემდეგ არც მომსახურების ხარისხი გაზრდილა და არც ფასებია სტაბილური. პაციენტებისთვის მკურნალობის ხარჯები კი, უხეშად რომ ვთქვათ, გასამმაგდა.
პროექტ «100 ახალი საავადმყოფოს» პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა ფირმებმა ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ექვს თვეში ერთხელ ანგარიში უნდა წარუდგინონ; ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სამინისტრო უფლებას იტოვებს, მათ მიმართ ფინანსური სასჯელი განახორციელოს, უკიდურეს შემთხვევაში, – ჩამოართვას გადაცემული ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითქმის არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, რატომღაც, მის მიმართ არანაირი სანქცია არ დაუწესებიათ. უფრო მეტიც, როგორც გავარკვიეთ, შპს «ბლოკ-ჯორჯიას» სახელმწიფო გარანტად უდგება, ჩეხეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკიდან კრედიტი რომ აიღოს. სახელმწიფოს გარანტად დადგომა კი რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად იცის. თუ კომპანია ვერ გადაიხდის ვალებს, მაშინ ბიუჯეტმა უნდა დაფაროს დავალიანება.
საინტერესოა, რატომ ხუჭავს თვალს ხელისუფლება აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რატომ უდგება გარანტად ისეთ კომპანიას, რომელმაც თითქმის ყველა პირობა დაარღვია და საავადმყოფო საკუთარი გამდიდრების წყაროდ აქცია? არ გვინდა, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულოთ, მაგრამ ამ ერთი მაგალითითაც ნათელია, რომ «100 ახალი საავადმყოფო» ისეთივე ბლეფია, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გაპიარებული ყველა სხვა დანარჩენი პროექტი და არჩევნებიდან არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობის ილუზიებით გამოკვებისა და ვიღაც-ვიღაცების ჯიბეთა გასქელებისთვისაა გამიზნული.
ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ კოკა ფრუიძეს და ვცადეთ, გაგვერკვია, რატომ არ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები შპს «ბლოკ-ჯორჯიამ». მინისტრის მოადგილემ უვიცობაში დაგვადანაშაულა და გვითხრა: «რომელ პროექტში წერია, რომ ჰოსპიტალი 2009 წლისთვის უნდა აშენებულიყო? ხელშეკრულება 2011 წლისთვის ითვალისწინებს ახალი სამედიცინო ინფრასტრუქტურების შექმნას. როგორც ჩანს, პროექტი ნანახიც არ გაქვთ და არც ამ საქმეში ხართ გარკვეულიო».
– ბატონო კოკა, საქმეში რომ უკეთ ჩაგვეხედა, იმ ავადსახსენებელ საავადმყოფოში იმიტომაც მივედით. რა, ხარისხიან მომსახურებას არ ითვალისწინებს პროექტი «100 ახალი საავადმყოფო»?
– როგორ არა, ჩვენ ვაწარმოებთ დაკვირვების მონიტორინგს 6 თვის სიხშირით და საავადმყოფოს მდგომარეობის მიხედვით გადავწყვეტთ, უნდა დავაჯარიმოთ თუ არა კომპანია.
– ინვესტორიც ვალდებულია, ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინოს ანგარიში…
– ექვსი თვე ჯერ არ გასულა…
– როდის იწურება ვადა?
– არ მახსოვს. თქვენ ერთ დღეში გსურთ მასალის მომზადება. სწორედ ერთდღიანი მასალებია, ტენდენციური რომ გამოდის.
– ჩვენ უკვე ერთი კვირაა, ვცდილობთ დაკავშირებას და მხოლოდ დღეს მოგვეცა თქვენთან გასაუბრების საშუალება.
– ერთი თვით ადრე უნდა დაგეჭირათ თადარიგი. ობიექტური მასალა რომ გამოვიდეს, ჩემთან უნდა მობრძანდეთ და მინიმუმ ორი საათი ვისაუბროთ ამ თემის ირგვლივ.
– კი ბატონო, დაგვითმეთ ხვალ ორი საათი და გაგვარკვიეთ, რა ხდება სინამდვილეში.
– თქვენ, ალბათ, თავისუფალი დღე გაქვთ ხვალ, აბა, ახლა მე მკითხეთ, მცალია? ამ სიტყვებით მინისტრის მოადგილემ ყურმილი დაგვიკიდა.
P.S. გასაკვირია, ბატონი კოკა თან ტენდენციურობასა და უვიცობაში გვადანაშაულებს, თან დროსაც ვერ პოულობს საიმისოდ, რომ აგვიხსნას, თუ რა გაკეთდა ამ ხნის მანძილზე პროექტ «100 ახალი საავადმყოფოს» ფარგლებში. იქნებ, არც სურს, რომ პროექტის სიღრმეებში ჩავიხედოთ და რეალობა დავინახოთ, ამიტომაც გვეუბნება: «ჭრელო პეპელა, ნურც მოფრინდები და ნურც გაფრინდებიო!»
ნათია ქადაგიშვილი