Home რუბრიკები სამართალი ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამხელს!

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამხელს!

1051

ირაკლი კორძაია: ამოიცანით მიშას ჯალათები!

ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი დარბევებისა თუ შეხლა-შემოხლის შემდეგ ქალაქში საინფორმაციო ფლაერები გაჩნდა და აქა-იქ გაკრული პლაკატებიც ნახა საზოგადოებამ. მათზე ოცდაათამდე ადამიანის ფოტოებია დაბეჭდილი… რედაქციაში შემოსული წერილის კვალდაკვალ ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას ვესტუმრეთ, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია ამ სკანდალური აქციისა, რომელსაც არანაკლებ სკანდალური სახელი აქვს – «ამოიცანი მიშას ჯალათები!»

ირაკლი კორძაია: «ესენი ახალი ჯიშის ადამიანები არიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყვანა და დაგეშა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!»
– პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილო იმაზე, რომ, როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები ისჯებიან მარტივ შემთხვევებშიც კი. საკმარისია პატარა ინსინუაცია ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და ჩვენი მომხრეები ხვდებიან გისოსებს მიღმა. ამის ნათელი დასტურია ჩემი მეგობრების მიმართ ჩადენილი ქმედებები. დაჩი ცაგურია, მიხეილ მესხი, მერაბ ჭიქაშვილი, დავით ფაცაცია და კიდევ ძალიან ბევრი სხვა დღეს მერაბიშვილის ციხის საკნებში სხედან! შემაშფოთებელია, რომ სააკაშვილის ზონდერბრიგადები არა მხოლოდ ღამის საათებში, არამედ უკვე დღისითაც ღიად ესხმიან თავს მშვიდობიან მოქალაქეებს!

ეს ჯალათები დაფიქსირებულები არიან ვიდეო- და ფოტოფირებზე, სადაც ნათლად ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდებიან და სცემენ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ხანდაზმულ ქალბატონებს!

ამაღლების ღამეს მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირთაგან საზოგადოებამ ამოიცნო ოთხი – ირაკლი ანდრონიკაშვილი, ბაკურ კორნილოვი, ირაკლი გოგია და ნუგზარ ციხელაშვილი! ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იყენებენ ქვებს, კასტეტებს, დანებს, რკინის ხელკეტებს!

მათ არ აქვთ ჩვეულებრივი პოლიციური ხელკეტი… ეს იყო რკინის ხელკეტი, რომლებსაც ურტყამდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს.

არსებობს მეორე ფაქტის ამსახველი კადრებიც. პარლამენტის წინ მომხდარ ინცინდენტში ჩვენ ამოვიცანით ორი პიროვნება – სერგო ბიჭიაშვილი და ბადრი ბაკოევი, რომლებიც არიან «ნაცმოძრაობის» ისანი-სამგორის რაიონის აქტივისტები. ისინი პოლიციელებთან ერთად უსწორდებოდნენ ხალხს! პარლამენტის ინცინდენტის დროს მოხდა მათი ლუსტრირება! ყველა, პოლიციელებიცა და აქტივისტებიც, ვინც მონაწილეობდა მანიფესტანტების დარბევაში, ერთად შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში (ჩიტაძის ქუჩაზე) და სახელმწიფო დაცვის სამსახურის შენობაში.

ეს ხელისუფლება მომიტინგეებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დარბევაში იყენებს სამოქალაქო პირებსაც და ე.წ. სამართალდამცავებსაც!

– ირაკლი, ისიც ფაქტია, რომ 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს აქტიურად მოჩხუბარი პოლიციელების ფოტოებიც არის თქვენ მიერ გავრცელებულ ფლაერებსა და აფიშებზე…

– 15 ივნისის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ და პირდაპირ გეტყვით: ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებულმა დევნამ და ტერორმა გადაგვაწყვეტინა ამ აქციის ჩატარებაც. იქ ერთადერთი მიზნით მივედით: თუ მიხეილ სააკაშვილის პოლიციას ჰქონდა რაიმე მამხილებელი მასალები ჩვენზე, მზად ვიყავით, შევსულიყავით სამმართველოში სასჯელის მოსახდელად! მეორე თემაა, დავეთანხმებოდით თუ არა მათ ბრალდებებს.

– და მიიღეთ კიდეც პასუხი…

– დიახ! სააკაშვილის დიქტატორულმა რეჟიმმა ჩაიდინა უპრეცედენტო რამ! არ მახსენდება, რომელიმე აქციაზე ერთდროულად ეცემოთ ახალგაზრდაც და ხნიერიც, კაციც და ქალიც, მომიტინგეც და პურის საყიდლად გამოსული ბავშვიც! არ მახსოვს, ასე სასტიკად და გამიზნულად ეცემოთ და დაერბიოთ ჟურნალისტები! ეს ყველაფერი ხდებოდა კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის მსგავსად! პოლიციელთა ეს ქმედება ერთ რამეს ისახავდა მიზნად – ჩვენ შევსულიყავით ან შევეყარეთ სამმართველოს ტერიტორიაზე, რათა შემდეგ ოფიციალური ალიბით გაგვსწორებოდნენ!

სამოცდაათი მანიფესტანტიდან 39 კაცი დააკავეს. ზოგი სხვადასხვა სანქციით დააჯარიმეს, ზოგი კი 30 დღით გამოამწყვდიეს საკნებში!

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ იმ ადამიანთა მხილება, ვინც ხელი აღმართა თანამოქალაქეებზე და უმოწყალოდ უსწორდებოდა მათ. ფოტოებზეც ჩანს, როგორ მიათრევს ოთხი პოლიციელი კარგად ნაცემ დემონსტრანტს სამმართველოს შენობაში. ჩვენ მათ ვერ დავუპირისპირდებით იმავე იარაღით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მათი მხილებაა, რათა მათ მეზობლებსა თუ მეგობრებს მათთვის მისალმებაც და ხელის გაწოდებაც კი შერცხვეთ! ამ ჯალათებმა უნდა იგრძნონ დისკომფორტი, როცა მათი მეზობლები და, თუნდაც, უბნელები აღარ შეხედავენ პატივისცემითა თუ კეთილი განწყობით!

ისინი არიან დამნაშავეები და ქართველ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი არ ექნებათ! ესენი ახალი ჯიშის ადამიანები არიან, რომლებიც გამოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და დაგეშა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!

– ამ პლაკატების გაკვრით იმედი გაქვთ, რომ მათ ვინმე ამოიცნობს და ამოცნობის შემთხვევაში ამ ადამიანებს დისკომფორტი შეექმნებათ?

– დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მათ ამოიცნობს და მართლა შეექმნებათ მორალური დისკომფორტი!

მომავალში უნდა დაფიქრდნენ, უღირთ კი მათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათობა? ხვალ სააკაშვილი გაიქცევა ამ ქვეყნიდან და გაიქცევა დიდძალი ქონებით, ხოლო ესენი აქ დარჩებიან გატეხილი სახელებით!

არ ვიცი, როგორ აპირებენ ამ ქალაქში ცხოვრებას და თბილისის ქუჩებში გავლას?!

– ირაკლი, ამ ინტერვიუს შემდეგ თავად თუ შეძლებ მშვიდად ცხოვრებას? მით უმეტეს, არც ახლა უჩივი ხელისუფლების მხრიდან «უყურადღებობას»… თანაც, პირდაპირ უწოდებ ამ ადამიანებს მიშას ჯალათებს…

– მე კარგს არც ამ ჯალათებისგან და არც ამ ჯალათების ხელმძღვანელებისგან ველი! ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ კიდეც… მათ ვამხელდი ყოველ ჩემს გამოსვლაში როგორც ჟურნალისტი და დავწერ კიდეც მომავალში! მათ იმის იმედი აქვთ, რომ ხალხი შეწყვეტს ქუჩაში გამოსვლას და საკუთარი პროტესტის გამოხატვას, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან!

ვიმეორებ: დღეს ციხეში ზის ჩემი მეგობარი დაჩი ცაგურია და მე მზად ვარ, აღმოვჩნდე მის გვერდით რომელიმე კამერაში! მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისულელე, რასაც ჩაიდენს სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელისუფლება! განა დანაშაულია ის, ნაძირალას რომ დაარქვა ნაძირალა და გარეწარს, რომელიც დედისტოლა ქალბატონს ხელკეტს ურტყამს, გარეწარი უწოდო?

ეს არ არის დანაშაული და მე, როგორც ჟურნალისტი, ვამხელ მათ! ეს ჩემი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაცაა!

ერთსაც გეტყვით… მინდა, ვანო მერაბიშვილს ვკითხო: ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, #15-ში, რატომ დგანან რეგულარულად გაურკვეველი ნომრის მანქანები, რომლებშიც ერთი და იგივე ფორმის შავმაისურიანი ადამიანები სხედან და რატომ მელიან მე?

ვიმეორებ: თუ რაიმე სამხილი გაქვთ ჩემ წინააღმდეგ, მზად ვარ, ჩაგბარდეთ შესაბამისი შეტყობინების მოსვლისა და სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემდეგ!

ხოლო, თუ დაშინების მცდელობაა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ: დაშინებას აზრი არ აქვს! ჩვენ ყველა დამნაშავეს ვამხელთ!

ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი

PDF ვერსია

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას

ბატონო ირაკლი, ვინაიდან 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დარბევა მიმაჩნია ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად, გთხოვთ, გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში იმ პირთა ფოტოსურათები, რომლებიც ამა წლის 28 მაისს, 6 ივნისს და 15 ივნისს შემჩნეულ იქნენ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მანიფესტანტების ცემასა და შეურაცხყოფაში. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ქართველ საზოგადოებას, ერიდოს გამოქვეყნებულ პირებთან ურთიერთობას და, მათი ამოცნობის შემთხვევაში, მოგვაწოდოს ინფორმაცია შემდეგ მისამართზე jalatebi@yahoo.com ან მიმართოს უფლებადაცვით სხვა ორგანიზაციებს ან თქვენს გაზეთს.

პატივისცემით, ირაკლი კორძაია,

მოძრაობა «7 ნოემბრის» თანადამფუძნებელი, მცხოვრები ქ. თბილისში, ნინოშვილის #15ა

ამოცნობის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: jalatebi@yahoo.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here