Home რუბრიკები სამართალი ელჩი თავართქილაძე ემიგრანტის წერილს უგულებელყოფს

ელჩი თავართქილაძე ემიგრანტის წერილს უგულებელყოფს

757

უცხოეთში ემიგრირებული თანამემამულისადმი თანაგრძნობის გამოჩენა, ყურადღებიანი მოპყრობა დიპლომატის მხრიდან ელემენტარული მოთხოვნა რომ არის, ნებისმიერმა მოქალაქემ იცის. უნდა იცოდეს ეს თვით დიპლომატმა, მით უფრო, ისეთი მაღალი რანგისამ, როგორიც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

ეს ანბანური ჭეშმარიტება თესალონიკიდან (საბერძნეთიდან) მიღებული წერილის გამო გავიხსენეთ.

ჩვენმა თანამემამულემ, თესალონიკის ქართული საზოგადოება «საქართველოს» თავმჯდომარემ, საბერძნეთის სოციალისტური პარტიისა და ემიგრანტთა თანადგომის პრეზიდენტმა ელგუჯა მინაძემ რედაქციას აცნობა, რომ სწორედ ეს უპირველესი მოთხოვნა დაარღვია მასთან ურთიერთობისას საქართველოს ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ირაკლი თავართქილაძემ, რომელმაც, როგორც რესპონდენტი წერს, «არა მარტო მისი ქართული წარმომავლობა დააყენა ეჭვქვეშ, არამედ – მთლიანად ქართული ემიგრაციისა».
ელგუჯა მინაძემ წერილობითი განმარტება მოსთხოვა ელჩს, მაგრამ, ამასთან, როგორც ჩვენს რედაქციასთან ტელეფონით საუბრის დროს აღნიშნა, ჩვეულებისამებრ, საელჩო ემიგრანტებს არ უპასუხებს ხოლმე, არ თვლის ამის ღირსად და გვთხოვა, გაზეთის ფურცლებზე აღგვენიშნა ეს ფაქტი.

«ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, – მიმართავს ელჩს ელგუჯა მინაძე, – იქნებ, დაგვაკვალიანოთ და დაგვმოძღვროთ, თუ რა კრიტერიუმებით იზომება ქართველობა, რათა მეც ვიცოდე და ქართულმა ემიგრაციამაც. მაგრამ, სანამ რამეს გვირჩევდეთ, ჯერ თვითონ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ეს რჩევა იქნება ჩვენთვის მარადიული, თორემ თქვენს შემდეგ თუ მოვიდა სხვა ელჩი, მის კრიტერიუმებზე გადაწყობა ძალიან გაგვიჭირდება და დავიბნევით. სხვა საქმეა, თუ თქვენ უნდა იყოთ მარადიული ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში».

წერილში ისიცაა ნათქვამი, თუ რა საქმიანობას ეწევა ელგუჯა მინაძე საბერძნეთში: მეხუთე წელიწადია, გამოსცემს გაზეთს, რაც ყოველ ორ თვეში 400 ევრო უჯდება (გაზეთი უფასოდ ვრცელდება), ქირაობს ორ სკოლას ქართველი ბავშვებისთვის, რათა მათ ისწავლონ მშობლიური ენა, ლიტერატურა და ისტორია; ქირაობს საცეკვაო დარბაზს, ფეხბურთის სტადიონს, კორფბოლის სპორტდარბაზს და სხვ.

«საქართველო და მსოფლიოს» რედაქცია თვალყურს მიადევნებს, უპასუხებს თუ არა ელჩი თანამემამულის წერილს; ამასვე სთხოვს ბატონ იულონ გაგოშიძეს, რომელიც დიასპორის მინისტრად არის დანიშნული და სახელმწიფო საქმეებით დიდად არ არის დატვირთული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here