ხელისუფლებამ «სამხედრო გადატრიალება» აღკვეთა. მუხროვანის სატანკო ბატალიონის ამბოხმა, რომელსაც, თურმე, სააკაშვილის მმართველობა უნდა დაესრულებინა, კრახი განიცადა.
«სამხედრო ბუნტში» ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. ნაწილმა ბრალი «აღიარა» და გამოძიებას ჩვენება მისცა… ამბოხის ორგანიზატორებად ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები სახელდებიან. მათ შორის არის ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, კობალაძე დანაშაულს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. კობალაძე ეჭვმიტანილია სს კოდექსის 315-ე მუხლით, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობისთვის მზადებას გულისხმობს. გენერალ-მაიორი კობალაძე ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში გადადგა.
კობალაძის გვარი ფიგურირებს იმ ექვს გენერალს შორის, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში არიან ნახსენები. იგი 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური იყო. ღვალაძე ფარულ ჩანაწერში სამხედრო ამბოხზე საუბრის დროს ახსენებს გენერლებს: კობა კობალაძეს, გია ყარყარაშვილს, ჯონი ფირცხალაიშვილს, დავით თევზაძეს, ლევან უჩავას, გია კრიალაშვილს და აღნიშნავს, რომ ეს გენერლები მცხეთაში რესტორან «მცხეთაში» იყვნენ შეკრებილი და სამხედრო გადატრიალების შესახებ მსჯელობდნენ.
– ბატონო გელა, ფარულ ჩანაწერში გია ღვალაძე ექვს გენერალს ახსენებს, რომლებიც, თითქოს, სამხედრო გადატრიალებას თუ ამბოხებას აწყობდნენ, თუმცა, მათ შორის მხოლოდ კობა კობალაძე დააპატიმრეს, რატომ?
– შემიძლია, კობა კობალაძის სიტყვებით გიპასუხოთ, რაც სასამართლოზე განაცხადა: – «გარეთ რომ დავდივარ, მიშას აქვს შიშები და ამ შიშების გამო, ხანდახან კუჭიც ეშლება ხოლმე… – პირდაპირ ამ სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს და დასძინა, – სანამ მიშა აქ იქნება, ციხეში ვიქნები, მაგრამ მოვა დრო, ჩემს სიმართლეს ყველას დავუმტკიცებ და კანონის ფარგლებში ყველას მოეთხოვება პასუხი». ეს გახლავთ კობა კობალაძის სიტყვები… რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რატომ დაიჭირეს მხოლოდ კობალაძე, სწორედ ეს კითხვა დავუსვი პროკურორს. გამომძიებელმაც და პროკურორმაც მიპასუხეს: – «მართალია, სხვებსაც ახსენებს ღვალაძე, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ ისინი მარტო იმიტომ ვახსენე, რომ საბრძოლო განწყობა ამემაღლებინა მათთვის, ვისაც ამას ვუყვებოდიო…» მათი განმარტებით, თურმე, ღვალაძე ასეთ ისტორიაზეც საუბრობს: – «ვიღაც თურქი ბიზნესმენი უნდა მოგვეტაცებინა, პოლიციასთან ეს შეთანხმებული იყო და მერე ეს პროვოკაციისთვის უნდა გამოგვეყენებინა. და კიდევ სხვა ბევრ სისულელეს ყვება», – პროკურორმა და მოსამართლემ ეს სასამართლოზე განაცხადეს. დავსვი ასევე შეკითხვა: თუ მარტში გქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კობა კობალაძე და სხვა გენერლები ამბოხებას აპირებდნენ, რატომ არ ჩართეთ მოსმენაზე მათი ტელეფონები და თუ რაიმე გამომჟღავნდებოდა, დამატებითი მტკიცებულება გექნებოდათ, თუ არა, ჩვენ გამოვიყენებდით მის სატელეფონო საუბარს მტკიცებულებებად-მეთქი. ასეთი «არგუმენტით» გაამართლეს მათი პასუხი: თურმე, ღვალაძე იმდენ სისულელეს ამბობდა, რომ ჯერ უნდა გადაემოწმებინათ ფაქტები, ამიტომ თურქი ბიზნესმენის გატაცების ფაქტი მოიყვანეს მაგალითად. ეს ღიმილისმომგვრელი, უსუსური არგუმენტია. კობალაძე ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არა მარტო უსმენდნენ, გამუდმებით დაჰყვებოდნენ, მანქანის ნომრებიც გაგაღებული აქვს და ის პიროვნებებიც, რომლებიც მუდმივად მის სახლთან იდგნენ. ისიც კი თქვა, რომ ბავშვს ხაჭაპურსაც კი ატანდა ხოლმე მათთან, – ცოდვები არიან ის ბიძიები, ჩადი, ხაჭაპური ჩაუტანე, მთელი დღე აქ დგანანო… ასე რომ, ტელეფონსაც უსმენდნენ და დაჰყვებოდნენ კიდეც, მაგრამ სატელეფონო საუბრები მტკიცებულებად ვერ გამოიყენეს და ამიტომაც აცხადებენ, რომ, თურმე, მის ტელეფონს არ უსმენდნენ, ანძების მიხედვით დაადგენდნენ, იმყოფებოდა თუ არა, მაგალითად, მარტში კობალაძე მცხეთაში რესტორანში.
– თავად კობალაძე რას ამბობს? შეძლებს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას? როგორც ცნობილია, მან ერთხელ უკვე მოუგო სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას…
– მსგავს რაღაცას აბრალებდნენ მაშინაც. 2004 წელს დაიწყო ეს დავა და 2005 წელს დასრულდა კობალაძის გამარჯვებით. სამოქალაქო სარჩელი შეიტანა უშიშროების სამინისტროს წინააღმდეგ, როცა აბრალებდნენ, რომ რაღაც გადატრიალებას აწყობდა. სასამართლო მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასეთი დამონებული და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ უშიშროების სამინისტროს გაზეთ «ალიაში» ოფიციალურად მოეხადა ბოდიში. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გაზეთ «ფიგაროს» ჟურნალისტს შევხვდი, რომელმაც კობა კობალაძის საქმის დეტალურად გარკვევა ისურვა და ახსენა, რომ შოთა უტიაშვილსაც შეხვედრია. მითხრა, რომ დეტალებზე ორივემ ერთი და იგივე ვისაუბრეთ, უბრალოდ, შეფასებაშია განსხვავება. შს სამინისტროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს საუბარი საკმარისია კობალაძისთვის ბრალის წასაყენებლად. მე კი ვთვლი, რომ ეს სრული აბსურდია. უტიაშვილს უთქვამს, რომ კობალაძე საბჭოთა კავშირის ოფიცერია და, აქედან გამომდინარე, კავშირები დღემდე აქვს რუსეთში. მოგეხსენებათ, მან აკადემია რუსეთში დაამთავრა. სხვათაშორის, ჩინეთშიც სწავლობდა ბატონი კობა და არ გაგიკვირდეთ, თუ ჩინეთის აგენტადაც გამოაცხადებენ. «ფიგაროს» ჟურნალისტს ავუხსენი, რომ კობალაძე საბჭოთა კავშირის ოფიცერი ვერ იქნებოდა, რადგან 1969 წელსაა დაბადებული, მაგრამ ნაცნობობა რომ ჰქონდეს როგორც რუსეთში, ისე ჩინეთში, გასაკვირი არ უნდა იყოს. სრული აბსურდია, როცა ამგვარი შიშებისა და ვარაუდების გამო კაცს სამხედრო გადატრიალებას და ამბოხებას აბრალებენ. უნდა გითხრათ, რომ კობა კობალაძეს სამივე პრეზიდენტისგან მადლობის წერილი აქვს მიღებული.
– თუ სამართალდამცველებს მარტში ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა, სამართლებრივად განმარტეთ, უნდა დაწყებულიყო თუ არა სატელეფონო მოსმენა?
– სწორედ ეს შეკითხვა დავუსვი სასამართლო სხდომაზე პროკურორს, რომელმაც მიპასუხა, რომ, თურმე, ღვალაძე ბევრ სისულელეს ამბობდა და ჯერ მისი ნაამბობის სიზუსტე უნდა გადაემოწმებინათ. მეორე «ურყევი არგუმენტი» ისაა, რომ, თურმე, მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა, რა ეტაპზე გადაწყვეტს, მოსმენაზე ჩართოს ამა თუ იმ ადამიანის ტელეფონი, და ჩვენ ვერ ვუკარნახებდითო…
– განაცხადეთ, რომ კობა კობალაძე სახლიდან «რუსთავი 2»-მა გამოიყვანა, რაც საეჭვოდ დაემთხვა მის დაპატიმრებას…
– კობა კობალაძის სახლიდან გამოყვანა, როგორც ჩანს, იმიტომ უნდოდათ, რომ სახლში მის დაპატიმრებას რაიმე აჟიოტაჟი არ მოჰყოლოდა. ბატონი კობა ამბობს, რომ საეჭვო იყო ტელევიზიის ქცევა… შესაძლოა, კუდი და «რუსთავი 2» შეთანხმებულად მოქმედებდნენ. კატეგორიულად ამის მტკიცება შეუძლებელია და შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ეჭვის საფუძველი არსებობს. როგორც კობალაძე ყვება: კინო «საქართველოდან» 200 მეტრში ვცხოვრობ. მითხრეს, სახლიდან გავსულიყავი. მე სახლში ამოსვლა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრეს – ვერ მოვაგნებთო…»
«იმედმაც» დაურეკა, მაგრამ მათ ჩაწერა ვერ მოასწრეს… აქედან გამომდინარე, თვითონაც ეჭვობს და საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდია, რომ, შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან «რუსთავი 2»-მა ძალიან გაიტეხა სახელი.
– რატომ გაასაჩივრეთ სასამართლოს მიერ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობის განაჩენი?
– არანაირი დასაბუთება არ ყოფილა იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა, აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებოდა შიდა პატიმრობა. გარეთ ყოფილიყო ეს კაცი და ისე ჩაეტარებინათ გამოძიება. ზოგადად იმის თქმა, რომ გამოძიებას დაემალება და ვიღაცაზე ზემოქმედებას მოახდენს, ცარიელი სიტყვებია. ევროპული კონვენცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს უნდა იყოს დასაბუთებული და მხოლოდ სიტყვები, რომ შეიძლება დაემალოს გამოძიებას და რაიმე ზემოქმედება იქონიოს, აბსურდია. რაც მთავარია, სასამართლო პროცესზე ღვალაძის დაკითხვას მოვითხოვთ, რადგან მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ცალკე ჩაატარეს, კობალაძისა და ზაზა მუშკუდიანისთვის – ცალკე. ღვალაძის სასამართლო პროცესი ცალკე იმიტომ ჩატარდა, რომ ჩვენ არაფერი გვეკითხა. როგორც ამბობენ, ამ ადამიანს თავში რაღაც დაზიანებები აქვს და ახლაც მეტალი აქვს ჩადგმული, ამიტომ არ არის გამორიცხული, მისი ფსიქიატრიული შემოწმებაც მოვითხოვოთ. მოვითხოვთ, რომ ღვალაძე მოვიდეს სააპელაციო სასამართლოში.
– თქვენც არა ერთხელ განაცხადეთ, რომ ბოლო თვეებში კობა კობალაძეს რამდენჯერმე «ურჩიეს» ქვეყნის დატოვება. რატომ?
– არგუმენტი იყო ის, რომ კობალაძე არმიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და საფრთხეს წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის. ამ ადამიანებისთვის ავტორიტეტი საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ არმიაში კი არა, საბალეტო ხელოვნებაშიც, თუ მათი კადრი არ არის.
– ამბობენ, რომ კობა კობალაძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის დროზე ასევე ამბოხებულ ემზარ კვიციანთან…
– მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, ჰქონდა თუ არა კობალაძეს რაიმე კავშირები ემზარ კვიციანთან, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ღვალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, ხოლო ოთანაძესთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. თავის დროზე ნაცემიც კი ჰყავს და 2001 წლის შემდეგ საერთოდ არ უნახავს… სხვათა შორის, კობალაძეს ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენი აქვს მიღებული და სამივე პრეზიდენტის მადლობის წერილი.
– საინტერესოა, რისთვის გადაუხადა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა კობა კობალაძეს მადლობა?
– 2004 წელს პრეზიდენტის პირველი ინაუგურაცია ბათუმსა და თბილისში კობალაძემ ჩაატარა. სწორედ ამისთვის დაიმსახურა სააკაშვილის მადლობა.
– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, – ხელისუფლება ამბობს, რომ ღვალაძე ბევრ სისულელეს ლაპარაკობსო… თუ თავადვე აღიარებენ, რომ ღვალაძე სისულელეს ამბობს, კობალაძის ბრალეულობა რითი მტკიცდება?
– გამოძიებისთვის მტკიცებულებას წარმოადგენს იმ ექვსი ადამიანის საუბარი, რომელთაც ღვალაძე მოუყვა ეგრეთ წოდებული ამბოხების შესახებ. ხელისუფლება თვლის, რომ ღვალაძისა და იმ ექვსი პიროვნების მონაყოლი სხვადასხვა მტკიცებულებაა. რეალურად, იმ ექვსი მოწმიდან ოთხი ოფიციალური აგენტია, რომლებსაც ჩააწერინეს ღვალაძის საუბარი. ისინი ადასტურებენ, რომ ღვალაძემ უამბო მათ სამხედრო გადატრიალების თუ ამბოხების შესახებ და მათი ჩვენებები ცალკე მტკიცებულებად განიხილეს. სინამდვილეში წყარო ერთია. პროკურორს ვკითხე: – თქვენზე რომ მოვუყვე ვინმეს, რომ სადღაც შეგხვდით და რაღაც დანაშაული დავგეგმეთ, მერე ეს მოვუყვე ექვს კაცს, თქვენ უნდა დაგაპატიმრონ, რომ ჩემთან რაღაც ანტისახელმწიფოებრივი საუბარი გქონდათ? – მიპასუხა, – უნდა დამაპატიმრონო. როგორც 37-ში ხდებოდა დასმენის საფუძველზე ხალხის დახვრეტა, დღესაც იგივე სტანდარტია დამკვიდრებული. ღვალაძე ამბობს, რომ რესტორანში იყვნენ კობალაძე, ოთანაძე და კიდევ ორი პირი, რომელთა სახელებიც კი არ იცის და, თურმე, უცნობ ადამიანებთან ერთად გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას თუ ამბოხებას. კობა კობალაძის თქმით, 3 ათასი ოფიცერი გაზარდა და რაღაც რომ დაეგეგმა, რაღა ამ სულელ ღვალაძეს დაუკავშირდებოდა, რომელიც არც მუშაობს და არც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჯარზე…
– შეგიძლიათ თქვათ, რომ კობა კობალაძე პოლიტპატიმარია?
– თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კობა კობალაძე პოლიტიკური პატიმარია.
ესაუბრა
მანანა ჩხეიძე