Home რუბრიკები ისტორია 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო

1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო

2399
აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I (ერისკაცობაში ტეიმურაზ იერეს ძე ბაგრატიონი)
აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I (ერისკაცობაში ტეიმურაზ იერეს ძე ბაგრატიონი)

საქართველოში ტომსკის პოლკის ჩამოსვლის შემდეგ ტოტლებენი რუსთა ჯარით, რომლის შემადგენლობაშიც 4000 კაცი იყო, 1770 წლის ივნისში იმერეთში გადავიდა.

სოლომონ პირველმა ისარგებლა ასპინძასთან ახალციხის ფაშას დამარცხებით და ცუცხვათისა და შორაპნის ციხეები თურქებისგან გაათავისუფლა. იმერეთის მეფემ ქალაქი ქუთაისიც დაიკავა და მის ციხეს ალყა შემოარტყა. 2 ივლისს სოლომონი და ტოტლებენი ბაღდადის ციხეს მიადგნენ.

თურქეთის გარნიზონი, რომელსაც ახალციხის ფაშას დახმარების იმედი არ ჰქონდა, მეფეს დანებდა. ამის შემდეგ სოლომონ-ტოტლებენის გაერთიანებულმა ძალებმა ქუთაისის ციხეს შეუტიეს. 6 აგვისტოს, ღამით თურქებმა დატოვეს ციხე და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარეს რუსთა საყარაულოებს შორის. ამ სადარაჯო პუნქტებში ტოტლებენმა სპეციალურად შეარჩია გერმანელი ოფიცრები, რათა მათ ხელი არ შეეშალათ თურქი მეციხოვნეების გაპარვისთვის.

მალე ტოტლებენსა და სოლომონს შორისაც გამწვავდა ურთიერთობა. ჯიუტი გენერალი მეფის გონივრულ წინადადებებს არ იღებდა.

ტოტლებენმა თავისი ნება-სურვილით 1770 წლის 3 ოქტომბერს ფოთის ციხის ალყა დაიწყო. გენერალი სოლომონ პირველის წარმატებებს ციხე-სიმაგრეების განთავისუფლებაში საკუთარ თავს მიაწერდა და მლიქვნელურად აცნობებდა რუსთ ხელმწიფეს, რომ ფოთს მან ეკატერინეს სახელი უწოდა, ანაკლიას _ ალექსეევკა, ხოლო რუხს _ წმინდა პავლეს სახელი მისცა. მაგრამ ფოთი კარგად იყო გამაგრებული და ტოტლებენმა ის ვერ აიღო.

დეკემბრის ბოლოს თურქებმა გადაწყვიტეს, ბათუმში ძალებისთვის მოეყარათ თავი და ფოთის გარნიზონს დახმარებოდნენ. სოლომონმა დროულად შეიტყო ეს ამბავი და ტოტლებენს აცნობა, მაგრამ ამ დროს მას უკვე მოესწრო იმერეთის მეფის მოწინააღმდეგე მთავრებთან კონტაქტის დამხარება. გასაგებია, რომ ავანტიურისტმა საერთო ენა გამოძებნა დადიან-გურიელთან და სოლომონს არ დაუჯერა. ახლა კი, როცა სოლომონის ცნობა გამართლდა და თურქთა ავანგარდიც გამოჩნდა, რუსთა კორპუსის ოფიცრებმა: ნ. იაზიკოვმა და ი. ლვოვმა სთხოვეს სოლომონს, რათა თურქებისათვის გზა მოეჭრა გურიაში. სოლომონმა გურიაში ილაშქრა, ოსმალებს გზა ჩაუკეტა, გადააყენა გიორგი გურიელი და მის მაგიერ უფრო სანდო მამია დასვა.

ამ დროს პეტერბურგში განიხილეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა. ამ განხილვას საფუძვლად ედო ნ. იაზიკოვის მოხსენებები. ნ. იაზიკოვი სპეციალურად იყო გამოგზავნილი საქართველოში იმ გაუგებრობათა გამოსარკვევად, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ტოტლებენსა და ქართველ მეფეთა შორის. ეკატერინე II კარზე დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ტოტლებენირუსეთს უფრო სირცხვილს უხვეჭდა, ვიდრე ასახელებდა”, ამიტომაც გადაწყვიტეს საქართველოდან მისი გაწვევა და მის ნაცვლად გენერალი . სუხოტინი დანიშნეს.

ქართველი მეფეების დასაიმედებლად სუხოტინს დაავალეს, შეჰპირებოდა მათ, რომ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების დადებისას მასში საქართველოს საკითხიც აუცილებლად აისახებოდა. სუხოტინისადმი დარიგებაში აღნიშნული იყო, აგრეთვე, რომ რუსეთის მთავრობა ფოთის ხელში ჩაგდებით იყო დაინტერესებული.

1771 წლის მაისში სუხოტინი საქართველოში ჩამოვიდა. ერეკლემ მას დუშეთსა და თბილისში საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ამის შემდეგ გენერალი გაემგზავრა ქუთაისში, სადაც რუსთა კორპუსი იდგა. ივნისში ხელთუბანში ერეკლე მეორეს, სოლომონ პირველსა და რუსეთის კორპუსის ახალ სარდალს თათბირი ჰქონდათ. სუხოტინმა მოითხოვა ზაფხულში ფოთზე გალაშქრება. ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს უნდა უზრუნველეყოთ რუსეთის ჯარის დაცვა ზურგიდან _ ახალციხის მხრიდან თურქთა შესაძლო თავდასხმებისგან. ერეკლემ განაცხადა, რომ ზაფხულში, კლიმატური პირობების გამო, კოლხეთის ჭაობებში ჯარის მოქმედება შეუძლებელია. სამაგიეროდ, მან შესთავაზა ახალციხის აღება. სოლომონ პირველმა კი მხარი დაუჭირა სუხოტინის გეგმას. ის ფიქრობდა ამით რუსთა ჯარის იმერეთში გადაყვანას და მის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. შემდგომ კი, როცა მეფენი ხელთუბნიდან გაემგზავრნენ, მან სუხოტინს ზაფხულში ფოთის ალყის შეუძლებლობაზე დაუწყო ლაპარაკი.

რუსთა ჯარი, რომელმაც ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში დაიწყო ფოთის ალყა, მართლაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ორი ათასი კაცი, მათ შორის, სარდალიც ციებ-ცხელებითა და სხვა სენით დაავადდა. სუხოტინი არ იცნობდა ქართულ სინამდვილეს, ადგილობრივ პირობებს, მკაცრად იცავდა მხოლოდ მთავრობის ინსტრუქციას, რომელიც ტოტლებენის უხეირო მოხსენებების საფუძველზე იყო შედგენილი.

თურქებმა გურიას უკვე XVI საუკუნეში შემოუტიეს, მაგრამ ჭოროხის ჩრდილოეთით დამკვიდრება ვერ შეძლეს. 1703 წელს მათ საბოლოოდ დაიკავეს ბათომი და ბათომის მხარე. მალე ჩაქვის მხარეც თურქთა ხელში მოექცა. 1723 წელს კი თურქებმა გურიის ზღვისპირა ციხეები (ციხისძირი, ქობულეთი, სეფა, შეკვეთილი, გრიგოლეთი) დაიკავეს. თურქთა მცდელობებს, რომ გურიის სამთავრო მთლიანად დაეკავებინათ, 1770-იან წლებამდე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.

1770 წლის ოქტომბერში რუსთა ჯარებმა ფოთს ალყა შემოარტყეს; იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ოსმალებმა ფოთის საშველად ბათუმიდან 6000-იანი ჯარი გამოგზავნეს. გადამწყვეტ ბრძოლაში, 1771 წლის 3 იანვარს, რუსებმა გაიმარჯვეს.

უკანდახეულ ოსმალებს გურიის მოსახლეობამ მუსრი გაავლო. ოსმალთა ლაშქარი თითქმის ერთიანად გაწყდა. როგორც ზემოთ ითქვა, ამავე დროს, სოლომონი ლაშქრით გურიაში შევიდა და იქ თავისი გავლენა განამტკიცა.

ფოთთან დამარცხების შემდეგ ოსმალებმა გააძლიერეს თავდასხმები ქვემო გურიის სოფლებზე.

* * *

1771 წლის დეკემბერში ერეკლემ პეტერბურგში საგანგებო ელჩობა გაგზავნა. ამ ელჩობაში მონაწილეობდნენ კათალიკოსი ანტონ პირველი და ბატონიშვილი ლეონი. ეკატერინე მეორისადმი გაგზავნილ წერილში ერეკლე რუსეთის მფარველობის სურვილს გამოთქვამდა და შემდეგ პირობებს სთავაზობდა:

* აღმოსავლეთ საქართველოში ეკატერინეს უნდა გამოეგზავნა ოთხიათასიანი ჯარი; ამ ჯარის სარდლები ერეკლეს უნდა დამორჩილებოდნენ;

* საქართველოს სამეფო ტახტი აუცილებლად მის ჩამომავლობას უნდა შერჩენოდა, ხოლო ეკლესიის სათავეში კვლავინდებურად კათალიკოსი უნდა ყოფილიყო.

* ერეკლე ეკატერინე მეორეს სთხოვდა, სამშობლოში დაებრუნებინა ის ქართველები, რომლებიც რუსთა ჯარმა გაათავისუფლა ყირიმის აღებისას.

* ქართლ-კახეთის მეფე ფულად დახმარებასაც მოითხოვდა.

*დასასრულ, ერეკლე მოითხოვდა, რომ რუსეთის მთავრობას ახალციხის მხარე დაეკავებინა 1772 წლის გაზაფხულზე. რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებაში კი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი ამ ტერიტორიის შესახებაც.

თავის მხრივ, ერეკლე კისრულობდა, რუსეთში მძევლად გაეგზავნა თავისი რომელიმე შვილი, რამდენიმე თავადი და აზნაური. ახალციხის შემოერთების შემთხვევაში კი იქ გადასახადების აკრეფის გარანტიას იძლეოდა; ქართლ-კახეთის სასარგებლო წიაღისეულის შემოსავლის ნახევარს ერეკლე რუსეთს ჰპირდებოდა. ამასთანავე, ერეკლე, იმ მიზნით, რომ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს სამხედრო დახმარებით დაეინტერესებინა, მის სასარგებლოდ ყოველწლიური გადასახადის შემოღებას კისრულობდა: თითოეულ კომლს 14 შაურს შეაწერდა, ერთდროულად გადაიხდიდა 14 საუკეთესო ცხენს და ყიზლარში დიდი რაოდენობით საუკეთესო ღვინოსაც გაგზავნიდა და სხვ.

ელჩობა რუსეთს 1772 წლის იანვარში გაემგზავრა, მაგრამ უშედეგოდ, 1774 წელს იმედგაცრუებული ელჩები საქართველოში დაბრუნდნენ. ეკატერინე მეორეს მთავრობა ერეკლეს წინადადებებით არ დაინტერესდა, რადგან თურქეთთან ომის გაჭიანურება მისთვის ხელსაყრელი არ იყო. რუსეთი ამ დროს უკვე ცდილობდა ომის დამთავრებას, ხოლო საქართველოში ბრძოლა ოსმალეთთან გრძელდებოდა. ჯერ კიდევ 1771 წლის ოქტომბერში ერეკლე მეორემ ხერთვისის ციხე აიღო, ხოლო 1772 წლის დეკემბერში ახალციხის ფაშამ, მიუხედავად რუსეთსა და თურქეთს შორის დროებითი დაზავებისა, ქართლის რამდენიმე სოფელი დაარბია. 1773 წლის ივნისში ერეკლემ და სოლომონმა აღადგინეს თავიანთი კავშირი, ხოლო ხელშეკრულების ტექსტის ასლი რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს. 1773 წლის ოქტომბერში ერეკლესა და სოლომონის ჯარები გორში შეერთდნენ და ჯავახეთზე გაილაშქრეს. ქართველთა ლაშქარი ყარსის მიმართულებით მიიწევდა და არტაანამდე მიაღწია, მაგრამ იქიდან უკან გამობრუნდა. ამის მიზეზად სოლომონ პირველის ავად გახდომას ასახელებენ. 1774 წლის დასაწყისში ახალციხის ფაშამ ისარგებლა რუსეთის ჯარის წასვლით და სოლომონის წინააღმდეგ დადიანი და შერვაშიძე წააქეზა. ფაშამ იმერეთში 4-ათასიანი ჯარი გაგზავნა. სოლომონის თხოვნით, ერეკლემ დადიანზე გავლენა იქონია და ის იმერთა მეფის წინააღმდეგ აღარ გამოვიდა. მალე ერეკლეს ჯარიც მზად იყო სოლომონ პირველის დასახმარებლად. თურქთა ჯარმა სასწრაფოდ უკან დახევა გადაწყვიტა, მაგრამ სოლომონ პირველმა მტერი დაამარცხა.

თებერვლის ერთ დღეს, გამთენიისას, როცა თურქთა ჯარი ჩხერიმელას ვიწროებით გადიოდა, საფარში მყოფმა იმერელმა მეთოფეებმა მტერს გზა მოუჭრეს, ხოლო სოლომონმა თურქებს ზურგიდან შეუტია. მტერი პანიკამ მოიცვა, გაიქცა, ბრძოლის ველზე ბევრი მოკლული დატოვა. ქართველებმა თურქებს ჩხერიდან ვახანამდე სდიეს. მტერმა დიდი ზარალი განიცადა: ახალციხემდე 700 კაცმა თუ ჩააღწია. 1774 წლის ნოემბერში სოლომონ პირველმა პეტერბურგს საგანგებო ელჩობის გაგზავნა გადაწყვიტა. იმ სიგელსა და წერილებში, რომლებიც სოლომონმა დ. კვინიხიძეს გაატანა, მან ოფიციალური თხოვნით მიმართა ეკატერინე მეორეს მთავრობას, რომ იმერეთის სამეფო თავის მფარველობაში მიეღო. იმერეთის ელჩს თან გააყოლეს თავად-აზნაურთა შვილები; და-ძმა იაშვილები, ღოღობერიძე და ბაქრაძე, რომლებიც უნდა მოენათლათ და აღეზარდათ რუსეთის სამეფო კარზე. ეკატერინე მეორემ სოლომონ პირველს გამოუგზავნა სიგელი. მასში ნათქვამი იყო, რომ იმერეთის ელჩობა რუსეთს გაემგზავრა მანამდე, სანამ იმერეთში თურქეთთან დაზავების ამბავი ჩააღწევდა. სიგელში იყო ცდა, აეხსნათ ის სარგებლიანობა, რომელიც იმერეთის სამეფოს უნდა მიეღო ქუჩუკ-კაინარჯის ზავით. ამ ხელშეკრულების 23-ე მუხლი დასავლეთ საქართველოს ეხებოდა. ამ მუხლში ნათქვამი იყო: საქართველოსა და სამეგრელოში მდებარე ციხეები: ბაღდადი, ქუთაისი და შორაპანი, რომლებიც რუსეთის იარაღით არიან მოპოვებულნი, რუსეთისაგან იმათ კუთვნილად იქნება აღიარებული, ვისაც ისინი ძველთაგანვე ეკუთვნოდნენ; თუ ეს ქალაქები ნამდვილად ძველთაგანვე, ან დიდი ხანია, ბრწყინვალე პორტას ექვემდებარებოდნენ, მის საკუთრებად იქნებიან ცნობილნი; ამ ტრაქტატის გაცვლის შემდეგ, დათქმულ დროს, რუსეთის ჯარები გამოვლენ დასახელებული პროვინციებიდან _ საქართველოდან და სამეგრელოდან. ბრწყინვალე პორტა, თავის მხრივ, ტრაქტატის პირველი არტიკულის შესაბამისად, ვალდებულებას იღებს, ყველა იმათი სრული ამნისტია გამოაცხადოს, რომლებმაც მას ომის მიმდინარეობის დროს ამ მხარეში რაიმე შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრწყინვალე პორტა საზეიმოდ და სამუდამოდ ამბობს უარს, ხარკად ჭაბუკებისა და ქალიშვილების მოთხოვნასა და ყოველგვარ სხვა გადასახადზე; პორტა ვალდებულებას კისრულობს, არც ერთი მათგანი არ ჩათვალოს თავის ქვეშევრდომად, იმათ გარდა, რომლებიც მას ძველთაგანვე ეკუთვნოდნენ; ქართველებისა და მეგრელების მფლობელობაში მყოფ ყველა ციხეს და გამაგრებულ ადგილებს დატოვებს მათ გამგებლობასა და დაცვაში; ასევე არავითარი სახით არ შეავიწროვებს ქართველთა სარწმუნოებას, მონასტრებსა და ეკლესიებს, არ შეუშლის ხელს ძველი ეკლესიამონასტრების შეკეთებას და ახალთა აგებას, ჩილდირის ვალიმ და სხვა გამგებლებმა თუ ოფიცრებმა არ უნდა შეავიწროვონ ისინი ისეთი მოთხოვნებით, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი მამულების დაკარგვა. მაგრამ, რადგანაც დასახელებული ხალხები ბრწყინვალე პორტას ქვეშევრდომები არიან, ამიტომ რუსეთის იმპერია შემდეგში მათ საქმეებში სრულიად არ უნდა ჩაერიოს და არც შეავიწროვოს ისინი”.

ამრიგად, რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომს საქართველოსათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქეთის იმპერიის ძლიერება გატეხილ იქნა და იგი მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა. თურქებმა იმერეთთან და ქართლ-კახეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს. მათ ვერ შეძლეს სოლომონ პირველის დამორჩილება და იმერეთის ციხეების კვლავ დაკავება. სულთანი იძულებული გახდა, დაკმაყოფილებულიყო იმით, რომ რუსეთმა ცნო მისი უფლებები დასავლეთ საქართველოზე, მაგრამ ეს უფლებები ნომინალური იყო. ოსმალეთს ამ ქვეყანაში ტყვე მონებით თუ სხვა სახის ხარკის აღება და ქრისტიანების დევნა აეკრძალა. მართალია, ყოველივე ეს სოლომონის თაოსნობით ბრძოლის შედეგად უკვე მოპოვებული იყო, მაგრამ ამიერიდან ეს მონაპოვარი რუსეთის ჩარევითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით მტკიცდებოდა. სოლომონ პირველის ხელისუფლება იმერეთში კიდევ უფრო გაძლიერდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here