Home რუბრიკები სამართალი თვალამოთხრილ მომიტინგეებს «მერაბიშვილის კანტორა» ატერორებს

თვალამოთხრილ მომიტინგეებს «მერაბიშვილის კანტორა» ატერორებს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი მოზარდები დააკავეს, სასტიკად სცემეს, პოლიციის სამმართველოში გამოამწყვდიეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან დიღ­მისკენ დაიძრნენ და პოლიციის სამმართველოს შენობასთან აქცია გამართეს. იმ ღამეს პოლიციის თანამშრომლებმა «თავდაცვის» მიზნით რეზინის ტყვიებიც უხვად გამოიყენეს, ხელკეტებიც ლეკურივით ატრიალეს და დაკავებული ახალგაზრდების ბედით აღშფოთებული მომიტინგეების რიგებიდან ზოგი საკანში გაამწესეს, ზოგიც – საავადმყოფოში. ორმა მამაკაცმა – დავით ჩანტლაძემ და ირაკლი ხომასურიძემ სიმართლისა და დემოკრატიისათვის ბრძოლას საკუთარი თვალიც შესწირეს და თვალის სინათლეც. რეზინისა თუ პლასტმასის ტყვიის დამიზნებით მოხვედრის შედეგად ორივე მათგანმა თვალი დაკარგა. მომხდარზე დაზარალებულებიც, მათი ოჯახის წევრებიც, ნათესავებიც, მეგობრებიც, ადამიანის უფლებათა დამცველებიც, არასამთავრობოებიც, სამთავრობოებიც, ოპოზიციონერებიცა და თვით სახალხო დამცველის აპარატიც შეთქმულებივით დუმან.
სააკაშვილის «დემოკრატიული» რეჟიმის მონდომებით თვალისჩინდაკარგულებთან მისასვლელი გზის ძებნა ოპოზიციის ლიდერებისაგან დავიწყე, მათ ხელები გაასავსავეს, – ჩვენი წარმომადგენელი არ გახლავთ, არაფერი ვიცით და ჯობია, სახალხო დამცველის აპარატს მიმართოთ, მათ აქვთ დაზარალებულების შესახებ ცნობებიო. მივმართე და მრავალჯერაც დავუკავშირდი სუბარის მოადგილე გიორგი ჩხეიძეს, მაგრამ საუკეთესო პასუხი, რომელიც მისგან მოვისმინე, «არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგონია, არავის არაფერს ვეტყვის» ჰგავდა:

– შეცდომით მოგასწავლეს, ჩვენ ამ ადამიანებზე ინფორმაცია არ გვაქვს.

– იქნებ სახელები მაინც მითხრათ?

– არა, არ ვიცით, არ გვაქვს საკონტაქტო ინფორმაცია, ისინი არ შემოგვხმიანებიან, ვინ მოგასწავლათ?

– მაშინ ის მითხარით, რატომ იმალებიან დაზარალებულები და რატომ არავინ არაფერი იცის მათზე?

– არ ვიცი, რატომ იმალებიან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საკონტაქტო ინფორმაცია.

– არ დაინტერესებულხართ, ვინ არიან, არც საავადმყოფოში მოგიკითხავთ, სახელიც კი არ გაგიგიათ?

– ჩვენ ახლა თანმიმდევრობით ვსწავლობთ ყველა დაზარალებულის მდგომარეობას, ამ მომენტისათვის მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გვქონდეს, მათი თანხმობის შემთხვევაში მოგცემდით.

– შემთხვევით, ის მაინც ხომ არ იცით, რომელ საავადმყოფოში წაიყვანეს თვალგამოთხრილები?

– არა, ჩვენს აპარატს მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს, შეიძლება მოვიპოვოთ, მაგრამ, როგორც გითხარით, თანმიმდევრობით მივყვებით. ჯერჯერობით მათთან ვმუშაობთ, ვინც მოგვმართა. ერთბაშად ვერ მოვახერხებთ ამ ყველაფერს.

ბოლოს ისევ ორთაჭალის თვალის კლინიკის ექიმებმა მიშველეს, თუმცა ინფორმაცია რომ მოეცათ, ორი საათი ვუმტკიცებდი, რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვიყავი და თვალდაკარგულთათვის მეორე თვალის გამოთხრას არ ვაპირებდი. ბოლოს «დამიჯერეს» და დაზარალებული ჩანტლაძის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციაც მანდეს.

ბატონ დავითს რომ შევეხმიანე, ხმაც კი მიკანკალებდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეწყო საუბარი ადამიანთან, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ თვალის ბუდიდან რეზინის ტყვიასთან ერთად თვალის გუგაც ამოაცალეს.

ჩემდა გასაკვირად, მოსალოდნელთან შედარებით უფრო მხნედ და რიხიანად მიპასუხა:

– ინტერვიუს აუცილებლად მოგცემთ, მაგრამ ტრავმა ტვინს ეხება და ექიმებმა მირჩიეს, სამი-ოთხი დღე სიმშვიდეში გავატაროო. ახლა სოფელში მივდივარ, წამლებიც თან მიმაქვს, 3-4 დღეში ჩამოვალ და ვისაუბროთ. თუ ეს სამი დღე რამეს წყვეტს, ერთ საათში დაწყნარებულ-დალაგებული ვიქნები, დამირეკეთ და ვისაუბროთო.

ამ საუბრის შემდეგ ორი დღის განმავლობაში ბატონ დავითს ტელეფონი აღარ ჩაურთავს. მისი შვილის მეგობრებს მივაგენი, ვთხოვე, დაზარალებულის შვილთან მაინც დამაკავშირეთ-მეთქი. გულითადი პირობის მიუხედავად, ისინიც თვალსა და ხელს შუა გამიქრნენ.

ხელები გაასავსავეს ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა…

კვლავ მედიკოსთა იმედად დარჩენილმა უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მივაკითხე. მეორე დაზარალებულს, ირაკლი ხომასურიძეს, სწორედ იქ გაუკეთა თვალის ურთულესი ოპერაცია ქირურგმა მალხაზ ჩიქოვანმა. როგორც მითხრეს, ირაკლი უკვე ვენის კლინიკაშია მკურნალობის გასაგრძელებლად. ტელეფონით დაზარალებულის დედა, ქალბატონი ჟუჟუნა მესაუბრა:

– დღეს მიდის ირაკლი.

– სად?

– მგონი, საოპერაციოდ მიჰყავთ.

– სად?

– ვენაში.

– ვის მიჰყავს?

– ვერაფერს გეტყვით, ერთი ოპერაცია აქ გაუკეთეს… მოითმინეთ, ჩემი ქალიშვილი დაგელაპარაკებათ…

საუბარი ირაკლის დამ – თამრიკომ განაგრძო:

– თვალი იმდენად ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა, ბევრი ექიმი საერთოდაც არ მოჰკიდებდა ხელს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მალხაზ ჩიქოვანმა გარისკა. რამდენადაც ვიცი, მეორე დაზარალებულმაც დაკარგა თვალი. ადრე ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. თუ არ ვცდები, დათო ჰქვია, თუმცა ჩემი ძმა მას არ იცნობს. ორთაჭალაში იწვა და პირდაპირ თვალიდან ამოუღეს ტყვია. ირაკლი ახლა ვენაში მიჰყავთ, ჯერჯერობით არ ვიცი, იქ მაინც თუ არის შესაძლებელი მხედველობის აღდგენაზე ფიქრი.

– ირაკლის თვალში ნამდვილად ტყვია მოხვდა?

– ექიმი ამ ვერსიას არ გამორიცხავს და თვითონ ირაკლიც ასევე ფიქრობს. ჩემი ძმა ტელეეკრანზე დავინახე, წინა ხაზზე იდგა და ორივე მხარეს აწყნარებდა – ძმები დგანან, ნუ ისვრით, ღმერთმა დაგლოცოთო. და უცებ, თავად მოხვდა ტყვია, თანაც, ახლო მანძილიდან, სულ ორიოდე ნაბიჯიდან ნასროლი.

– ორი ნაბიჯის დაშორებიდან შიგ თვალში დაუმიზნეს და ესროლეს?

– დიახ, დაახლოებით ეს მანძილი იქნებოდა.

– ამ შემთხვევამდე როგორ ცხოვრობდა ირაკლი?

– ნაძალადევში ღვთისმშობლის ეკლესიაში მუშაობდა, იქ სკოლაა, რომელსაც პატრონობდა და ღვთისმსახურებთან ატარებდა უმეტეს დროს.

– მიტინგებზე რატომ დადიოდა?

– ჩემი ძმა უსამართლობას არასდროს შერიგებია, ყოველთვის ხალხისკენ მიუწევდა გული და ხშირად იმასაც ამბობდა, – სადაც ხალხია, მეც იქ უნდა ვიყოო. იმ დღეს უზომოდ განიცადა იმ დაჭერილი ბავშვების ამბავი, რომელთა გამოც აღმოჩნდა ეს ხალხი პოლიციის შენობასთან, თუმცა შენობაში შეჭრის სურვილი არავის ჰქონია. ირაკლი არასდროს ემხრობოდა ამგვარ ქმედებებს, უბრალოდ, დადგა იქ, სადაც ხალხი იყო და, როგორც შეეძლო, ცდილობდა, რომ არც ერთი მხრიდან არ მომხდარიყო რაღაც გამოუსწორებელი.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ამ ყველაფერს შედეგად ხელისუფლების შეცვლა მოჰყვება, ჩათვლით, რომ ღირდა მიზანი ამ მსხვერპლად?

– ირაკლი ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა თავისი ქვეყნის ბედს. სხვათა შორის, 9 აპრილსაც დაკარგა თვალი ერთმა ბიჭმა და მაშინ ის ჩემმა ძმამ საკუთარი მხრებით გამოიყვანა. ნოემბრის დარბევის დროსაც იქ იყო და…

ამ დროს ყურმილში მამაკაცის ხმა გაისმა, – რას ელაპარაკები, რა იცი, ვინ არისო და… კავშირი გაწყდა.

რამდენჯერმე ისევ ვცადე დაკავშირება, მაგრამ – უშედეგოდ.

P.S.ამ მასალაზე მუშაობის დაწყებამდე გამაფრთხილეს, რომ თვალდაკარგულები ისე შეაშინეს და გააჩუმეს, ვერც მათ და ვერც სხვას ვერაფერს ათქმევინებო. არ ვიცი, როგორ გააჩუმეს, ან ვინ გააჩუმა, ფაქტი ისაა, რომ მართლაც ყველას დუმილი ურჩევნია. არსებობს ვერსია, რომ ისინი «მერაბიშვილის კანტორამ» სერიოზულად «დაამუშავა». ამ ადამიანებს თვალის ამოთხრა არ აკმარეს და მკურნალობის ხარჯების დაფარვის სანაცვლოდ აიძულებენ, პირში წყალი ჩაიგუბონ. აფერუმ, დემოკრატიაც ამას ჰქვია!

იმედს ვიტოვებ, ჩემი ზარების გამო რაიმე ახალ სადარდებელს არ გავუჩენ მათ. რაც შეეხება ნუგეშს, დიდი ილიას უკვდავ სიტყვებს გავიმეორებ: «ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია…»

წართმეული მომავლის დაბრუნება უმსხვერპლოდ არ ხდება ხოლმე. ღმერთმა ქნას, მსხვერპლი, რომელიც მომავლისათვის თითოეული ჩვენგანის ნაცვლად გაიღეს ირაკლი ხომასურიძემ და დავით ჩანტლაძემ, საკმარისი აღმოჩნდეს უმოწყალო აწმყოს უკეთესი მომავლით შესაცვლელად.

მაია სვიანაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here