Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ ცაავა: რისთვისაც ჩვენ გაგვლანძღეს, დღეს იმავეს თვითონ აკეთებენ.

ვიქტორ ცაავა: რისთვისაც ჩვენ გაგვლანძღეს, დღეს იმავეს თვითონ აკეთებენ.

868

რამდენად რეალურია გლობალიზაციის საფრთხე და როგორი იქნება საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში საქართველოს როლი და ადგილი _ ამ და სხვა საკითხებზე გლობალიზაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლიტოლოგი ვიქტორ ცაავა გვესაუბრება.

_ დღეს ბევრს საუბრობენ გლობალიზაციის საფრთხეზე. თქვენი აზრით, დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე პროცესები რეალურად თუ შეიცავს მსგავს საფრთხეს?

_ თვითონ სიტყვა გლობალიზაცია მიუთითებს, რომ ყველაფერი ერთი რაღაცის გაერთიანებისკენაა მიმართული, რაც პატარა ერებს გადაგვარებისა და გადაშენების საფრთხეს უქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ გლობალიზაციას ვერ გავექცევით, რადგან ეს  მსოფლიოს საერთო სენი და ჭირია, მაგრამ ქართველებმა უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით გამოვიდეთ გლობალიზაციის პროცესიდან. თითოეულმა ჩვენგანმა ეროვნული ტრადიციები და ქართველობა უნდა შევინარჩუნოთ.
_ თქვენ ამბობთ, რომ გლობალიზაცია საფრთხეს წარმოადგენს და მას სენს უწოდებთ, მაგრამ დასავლეთში საპირისპიროს ფიქრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარა ერებისთვის გლობალიზაცია დადებითის მომტანია და ის მცირე ერების დიდ ცივილიზაციასთან ზიარებას შეუწყობს ხელს.

_ ყველა დიდი ქვეყანა ყოველთვის გლობალიზაციის მომხრეა, რადგან მათ დასაკარგი ცოტა აქვთ, მცირერიცხოვანი ერებისთვისაა ეს გადაგვარების მომტანი. ევროპაში ახლა დაიწყო გლობალიზაციის პროცესი, თორემ, რაც დღეს ხდება, ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დროსაც ხდებოდა. საბჭოთა კავშირი იყო პატარა გლობალისტური ქვეყანა, მაგრამ ამ პროცესებში საბჭოთა კავშირის პლიუსი ის იყო, რომ არსებობდა სტალინური თეორია ერებთან ურთიერთობის საკითხებში, ე.წ. ნაციონალური საკითხი, რომლის მიხედვითაც, 70 წლის განმავლობაში, ეთნიკური და ეროვნული პრობლემები გაიყინა, მაგრამ დღეს ნაძალადევი გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

_ რაში გამოიხატება ეს ძალადობა?

_ თუნდაც, მაგალითად, კონკრეტულ მითითებაში, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს ინგლისური ენა. თუ ინგლისური ენა არ იცი, შეზღუდული გაქვს გარკვეული კომუნიკაციის საშუალებები და ცხოვრებაში წინ ვერ წახვალ. საბჭოთა კავშირშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლო იყო ეთნიკური პრობლემები წამოჭრილიყო და პოლიტიკა შეარბილეს. საბჭოთა კავშირის დროს, რამდენიმე მილიონი წიგნი დაიბეჭდა ქართულ ენაზე, უამრავი ქართული სიმღერა დაიწერა. დღეს კი ინგლისურად წერას და სიმღერას უფრო ცდილობენ, ვიდრე ქართულად. სწორედEეს არის ნაძალადევი გლობალიზაცია, მაგრამ დღეს თუ ამერიკანიზაცია მიმდინარეობს, ხვალ შეიძლება ჩინეთიზაცია დაიწყოს. ეს არის დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტები და ამ კონფლიქტებში ჩვენ შეიძლება საერთოდ დავიღუპოთ, თუ ჩვენ რელიგიაზე უარს ვიტყვით.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ მართლმადიდებლობას საფრთხე ემუქრება?

_ რა თქმა უნდა. თუ დავუკვირდებით, ევროპული პოტენციალი რელიგიებთან ბრძოლას ხმარდება. დღესდღეობით ეს მართლმადიდებლურ რელიგიასთან ბრძოლაში გამოიხატება. მიმდინარეობს ჩვენი ტერიტორიების მითვისიება-გაყიდვა.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს რამდენიმე რეალობის წინაშე ვდგავართ: პირველი _ ეს არის რუსეთი, რომელიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, და ნურავინ იტყვის, რომ რუსეთი სუსტია. მას სერიოზული შეიარაღება აქვთ. მეორე _ ეს არის თურქეთი. ამ ცოტა ხნის წინათ თურქეთში ვიყავი. საყურადღებოა, რომ თურქებს დღესაც თავიანთ ტერიტორიად მიაჩნიათ ბათუმი, სამეგრელო, სოხუმი… ისტორიის სახელმძღვანელოებშიც ასე უწერიათ. თურქეთი არის ჩვენ გარშემო არსებული იმპერია, რომელსაც არ ჰქვია იმპერია.

_ მაგრამ დღეს თურქეთსა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს.

_ მათთვის მეგობრობა ინტერესების მიხედვითაა. როგორც  ერთმა ცნობილმა ინგლისელმა თქვა თქვა _ სახელმწიფოს მეგობარი არ ჰყავს, მას აქვს ინტერესი. თუ მისი ინტერესები სხვა სფეროში გადაინაცვლებს, მეგობრები კი აღარ ვიქნებით, უკვე მისი “ლუკმა” გავხდებით. ყველა დიდი ქვეყანა საფრთხეა. ამერიკას სულ არ აინტერესებს საქართველოს ბედი, საქართველო არის მისი ერთ-ერთი ბერკეტი, რომლითაც რუსეთს აღიზიანებს. თუნდაც ნატოს საკითხი ავიღოთ, რომელმაც დღეს დაკარგა აქტუალობა.

_ რატომ დაკარგა აქტუალობა? საქართველოში ბევრი დღესაც პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად ნატოში შესვლას ასახელებს.

_ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ნატოში საქართველო არასდროს გაწევრიანდება. და თუ გაწევრიანდა, მხოლოდ _ რუსეთის შემდეგ. ნატოს ინტერესებში არ შედის ტერიტორია, სადაც ეთნიკური კონფლიქტები არსებობს. სანამ ამ პრობლემებს არ გადავჭრით, არ მიგვიღებენ. ჩვენი ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრა კი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობითაა შესაძლებელი. თუ ტერიტორიული მთლიანობა არ აღვადგინეთ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მომავალი არ აქვს. არადა, რაც მეტი დრო გავა, ტერიტორიების დაბრუნების მით უფრო ნაკლები შანსი გვექნება.

ამერიკას დღეს მიაჩნია, რომ შეუძლია მთელ მსოფლიოში ჟანდარმის ფუნქცია შეასრულოს და “დემოკრატია” დაამყაროს, მაგრამ არ შეიძლება დემოკრატიის ნიშნით ასე მოქმედება: მაგალითად, სადამ ჰუსეინს ერთ-ერთი სოფლის გადაწვასა და რამდენიმე ათასი კაცის სიკვდილს აბრალებდნენ. მაგრამ გაუმართლებელია, ეს კაცი დემოკრატიის სახელით  გაანადგურო და მასთან ერთად სამი მილიონი კაცი შეიწირო.

_ თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც წლების წინ ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. ოქრუაშვილის ანტიამერიკულ განცხადებას როგორ შეაფასებთ და რას მოუტანს საქართველოს ამ ეტაპზე ამერიკის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციები?

_ 2003 წლის გაზაფხულზე, როცა პოლიტიკური გაერთიანება “ერთობისა” და ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივით, მე და ჩემმა მეგობრებმა _ თემურ ქორიძემ, მანუჩარ მაჩაიძემ და სხვა თანამოაზრეებმა ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გავმართეთ და მოვითხოვეთ ამერიკის კოლონისტური პოლიტიკის შეჩერება საქართველოში, კარგად მახსოვს, ჩვენ მაშინ რა არ გვიწოდა იმ ხალხმა, ვინც დღეს ანტიამერიკული განცხადებებით გამოდის. იმავე ირაკლი ოქრუაშვილმა, სულ “მეხუთე კოლონა”, სამშობლოს მოღალატეები, რუსეთის აგენტები გვეძახა; ყველანაირი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და, რისთვისაც ჩვენ გაგვლანძღეს, დღეს იმავეს თავად აკეთებენ. ამიტომ არ მჯერა მათი. უბრალოდ, მიხვდნენ, რომ დღეს ხალხშია ანტიამერიკული განწყობა და თან ამ საქციელით  ხელისუფლების შეკვეთასაც ასრულებენ. როდესაც ხალხი გამოვა აქციაზე, რასაც შედეგი ისევ არ მოჰყვება, ხალხი უკვე ხელს ჩაიქნევს.

პოლიტიკოსების მოწოდებების გამო კი არა, ხალხი თავისი სურვილით უნდა მივიდეს ამერიკის საელჩოსთან პროტესტის გამოსახატად. “რუსთავი 2” დღედაღამ მოღალატეებს გვეძახდა. არადა, დღეს ანტიამერიკული აქციის ერთ-ერთი ლიდერი მათი მაშინდელი ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილია.

_ თქვენ ახსენეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული საქართველოს ბედით, არადა, რამდენიმე დღის წინათ ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრეჰემმა ამერიკის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.

_ ეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს ხელისუფლებამ დაიქირავა და წელიწადში რამდენიმე მილიონს უხდის, რათა სენატში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ. არავითარი რეალური შედეგის მომტანი ეს რეზოლუცია არ იქნება, სახელმწიფოს მეთაურმა ობამამ რუსეთთან “გადატვირთვის პოლიტიკა” გამოაცხადა და როგორ ფიქრობთ, ამერიკა ვიღაც დაქირავებული ორი სენატორის გამო რამეს შეცვლის?

სასწრაფოდ თუ არ დავიწყეთ შუამავლების გარეშე ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკება, არ მოვაწესრიგეთ რუსეთთან ურთიერთობა, ისე არაფერი გამოვა. პირველ რიგში, მართებული სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შევიმუშავოთ.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკება, გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაშია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ფსევდოჩანაცვლება. ოპოზიციაშიც სულ ერთი და იგივე ხალხი ჩანს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა ოპოზიციაში არიან. რომ არა ნინო ბურჯანაძე, მიხეილ საკაშვილი პრეზიდენტი არ იქნებოდა. სწორედ მან დაუკანონა არჩევნები. მართალია, შემდეგ მოინანია, მაგრამ ჩვენთვის ეგ ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება “ქართული პარტიის” ლიდერებს, უკვე მოგახსენეთ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ნათქვამს ხვალ უარყოფენ.

ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ, თორემ იმპერიები ყოველთვის მოილაპარაკებენ ერთმანეთში. ამერიკაც და რუსეთიც იმპერიებია, რომლებიც საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებისკენ მიისწრაფვიან, გლობალიზაცია კი ხალხის სამართავად სჭირდებათ. არსებობს ცნება “ოქროს მილიარდი”, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ერთი მილიარდი დარჩება მსოფლიოს მმართველ რგოლში, დანარჩენი 10-12 მილიარდი კი მათ მოემსახურება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here