Home რუბრიკები სამართალი თუ მერაბიშვილს საკუთარი თანამშრომელი რამედ უღირდა, იპოვოს ლევანის მკვლელი

თუ მერაბიშვილს საკუთარი თანამშრომელი რამედ უღირდა, იპოვოს ლევანის მკვლელი

“მოდულის” შენობის გარე პერიმეტრის დაცვის სამმართველოს ოფიცერი ლევან ოდიკაძე 2008 წლის 11 აგვისტოს თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან, რა მოხდა, რადგან მკვლელობის მუხლით აღძრული საქმე ჯერაც გაუხსნელია. გარდაცვლილის მამის – ნოდარ ოდიკაძის თქმით, გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებენ, სასამართლოს არაერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი აქვს და ობიექტურად არც ერთს არ იყენებს. უფრო მეტიც, საქმე ხელოვნურად იბლოკება, რადგან მასალების გაცნობასა და საქმის შესწავლაში ოჯახის ადვოკატსაც ხელს უშლიან. საინტერესოა, ვის რატომ აინტერესებს ოდიკაძის საქმის მიჩუმათება, რატომ არ სურს მერაბიშვილის უწყებას მოკლული თანამშრომლის – 25 წლის ახალგაზრდის საქმის გახსნა, რატომ არ აქცევენ ყურადღებას მოწმეთა ჩვენებებს? ,,საქართველო და მსოფლიო” ლევანის მამას – ნოდარ ოდიკაძეს დაუკავშირდა.
– ლევანი 1983 წელს დაიბადა, ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა, ფეხბურთს თამაშობდა, – ამბობს ნოდარ ოდიკაძე, –  2004 წელს ჯარში წასვლა მოუწია. “მოდულის” შენობაში წელიწადნახევარი მსახურობდა და შენობის გარე პერიმეტრის დაცვა ევალებოდა. როგორც ჩანს, განყოფილების გამგეს ლევანი ძალიან მოეწონა და მითხრა, თუ რამე ადგილი გამოჩნდა, აუცილებლად დავასაქმებთო. მართლაც, დამირეკეს და მითხრეს, ოფიცრის ადგილი გამოჩნდა, იქნებ თქვენი შვილი მოვიდესო. ლევანმაც განცხადება დაწერა და სამი თვის ლოდინის შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, ვანო მერაბიშვილმა საბუთებს ხელი მოაწერა. მუშაობა 2008 წლის იანვარში დაიწყო, 8 აგვისტოს შემდეგ კი შვილი თვალით აღარ მინახავს.

შვიდ აგვისტოს, ომის დაწყებისას, ლევანი სამსახურში მორიგეობდა. ცხადია, ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, ოჯახში შეშფოთებული ვიყავით. ამიტომაც მე და ჩემი მეუღლე შვილთან ხშირად ვრეკავდით. დილით ორივე ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და გვითხრა – ნუ გეშინიათ, ჩვენ გორში წასვლა არ გვეხება, უბრალოდ, ყაზარმულ რეჟიმზე გადავდივართ, მოვალ სახლში და ხვალ ისევ უნდა დავბრუნდე სამსახურშიო. ეს საუბარი შედგა 8 აგვისტოს, დილით, თორმეტის ნახევარზე. ამის მერე ჩემი შვილის ხმა არ გამიგონია. მობილური გაითიშა. დილით წამოვიდა, მაგრამ სახლამდე ვერ მოაღწია.

– კონკრეტულად რა მოხდა, რატომ ვერ მოვიდა ლევანი სახლში?

– რვაში, როცა ლევანი დაიკარგა, ბოლოს განხორციელებული ყველა სატელეფონო საუბარი ამობეჭდეს, მაგრამ ამ ამონაბეჭდში ჩვენი საუბარი არ ყოფილა. ვცადე, გამერკვია. წავედი “მაგთიკომის” ოფისში და მოვუყევი, რაც მოხდა. მიპასუხეს, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, 2 საათში დაგვირეკეთ და ყველაფერს გაგირკვევთო. ორი დღის რეკვის შემდეგ ძლივს დავუკავშირდი. ალბათ, გაიგო საქმის ვითარება და საუბრის წაშლის ალბათობა უკვე დასაშვები გახადა. მოკლედ, ჩემი მეუღლის სატელეფონო საუბრის შემდეგ დღეისათვის არც ერთი ნალაპარაკევის ჩანაწერი არ არსებობს. სინამდვილეში, მას შემდეგ იყო ჩემი და კიდევ ვიღაც პიროვნების ზარი, რომელმაც ლევანი იმ საბედისწერო დღეს გზიდან მოაბრუნა. ბოლოს ვიდეოთვალმა ჩემი შვილის მანქანა ჯავახეთის ქუჩაზე დააფიქსირა – იქ ათიოდე წამით გაჩერდა. ეტყობა, ვიღაცამ გააჩერა.

– თქვენი აზრით, ვის შეეძლო ლევანის გზიდან მობრუნება?

– არ ვიცი, ვინ მოაბრუნა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სამსახურის ფორმით იყო და გასართობად არ წავიდოდა. როგორც ჩანს, ძალიან შინაურმა დაურეკა ან სამსახურიდან მისმა ზემდგომმა მოაბრუნა. ლევანი წოდებით კაპრალი იყო, ცვლის უფროსის მოადგილე გახლდათ. გზად მეგობარი მოჰყვებოდა. იგი თავის ჩვენებაში წერს, რომ ორთაჭალაში “ასტორიასთან” ჩავიდა და ლევანმა გზა ისნისკენ გააგრძელა.

დღეს სასამართლოს ჰყავს მოწმეები და საქმის გამოძიება რამ უნდა დააბრკოლოს? ისინი ჰყვებიან, თუ როგორ ჩაარტყეს თავში ლევანს ბლაგვი საგანი, გამოათრიეს, ჩასვეს მისსავე მანქანაში და მოკლეს.

ამბობენ, თითქოს ჩემი შვილი ვიღაცასთან ერთად თბილისის ზღვაზე საქეიფოდ წავიდა, მერე შეკამათდნენ, ნაძვნარში შეიყვანეს და უბედურებაც იქ დატრიალდა.

– ჩაუტარდა თუ არა გარდაცვლილს ექსპერტიზა და რა მდგომარეობაში იყო თქვენი შვილის ცხედარი, როცა იპოვეს?

– დიახ, ჩაუტარდა. ექსპერტიზის მტკიცებით, მას თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. არც სისხლი და არც სხვა რაიმე კვალი ჩანს. მის მანქანაში წინა სავარძლის ქვეშ “მაკაროვის” სისტემის ტყვიის მასრა ვიპოვეთ. საქმეში მალევე ჩაერთო ქალაქის სამმართველოს პოლიცია, მაგრამ – უშედეგოდ. როგორც გამომძიებლები გვეუბნებიან, ვერ იგებენ, მასრა ვის ეკუთვნის. შვილის ცხედარი არ მინახავს. იქნებ, ტყვიითაც იყო მოკლული. სამწუხაროდ, არაფერი ვიცი. უკვე ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ. ლევანი ცინკის კუბოთი მომიყვანეს სახლში და არ გაგვიხსნია. სადაც იპოვეს, იქ არ ვყოფილვარ. მოგვიანებით დამირეკეს, მორგში მობრძანდითო. ლევანს სამი დღე ეძებდნენ. იმდენად ბურუსითაა მოცული ყველაფერი, რომ დღეს თავში ათასი ვერსია მიტრიალებს. რვაში რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, 25 წლის ბიჭია, იქნებ, სადმე დარჩა-მეთქი. ცხრაში ისევ სამსახურში უნდა ყოფილიყო, ვიცოდი, რომ ვერ გააცდენდა, მაგრამ ვეღარ ვუკავშირდებოდით.

ავფორიაქდით, საშინელ დღეში ჩავცვივდით. ეტყობა, ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინეს, შეგვიბრალეს და ცხედარიც გამოაჩინეს. ლევანი ვიღაც მწყემსმა ჯიღაურმა იპოვა. მან ნახა მანქანაში გარდაცვლილი ბიჭი და პატრულს შეატყობინა. მანქანა დაზიანებული არ იყო. მხოლოდ პირადობის მოწმობა და მობილური დაიკარგა. მოგვიანებით დამირეკეს და მითხრეს – ცხედარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იხრწნება და აუცილებლად ცინკში უნდა მოვათავსოთო. ცუდად მოვიქეცი, დაკრძალვის დღეს რომ არ ავხადე, თუმცა არც ახლაა დაგვიანებული – თუ საქმისათვის საჭირო გახდება, ექსპერტიზას მაინც გავაკეთებ.

– ჯიღაურმა სად იპოვა ლევანის ცხედარი, არიან თუ არა თვითმხილველები და რას ყვებიან ისინი?

– თბილისის ზღვაზე იპოვეს. მოწმეები ჰყავთ, მაგრამ დანაშაულს მაინც ვერ ხსნიან. დაკითხვაზე 5 კაცი მიიყვანეს. ყველა მათგანს სათითაოდ ესაუბრნენ და გაუშვეს. ერთ-ერთ მოწმეს, მწყემსს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ორი წელი და შვიდი თვე მიუსაჯეს. შვიდი თვის შემდეგ საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. გამოძიებასთან თანამშრომლობა მოსთხოვეს. ფაქტობრივად, საქმე არც გამოუძიებიათ. არ ვიცი, რა უშლით ხელს. ხუთი მოწმე ჰყავთ, წელიწადი და სამი თვე გავიდა და არაფერი ისმის. სასამართლოსთვის ხშირად ერთი მოწმეც საკმარისია დანაშაულის გასახსნელად, ჩემი შვილის საქმეს 5 მოწმე ჰყავს და რატომ გახდა ასეთი უსაშველო?!

ერთადერთი ბიჭი მყავდა და ისიც გამომაცალეს ხელიდან. საშინელი ტანჯვა და ტკივილი მომაყენეს. ეს ენით აუწერელი უბედურებაა.

ზოგჯერ მგონია, დამცინიან. ოცდარვა ოქტომბერს, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, ქალაქის პოლიციის სამმართველოში დამიბარეს. გავქანდი, მეგონა, რაღაც გაარკვიეს და, ჩემდა გასაოცრად, გამომძიებელი მეკითხება, რამე ახალი ვერსია ხომ არ იციო? ამაზე მეტი დაცინვა და დამცირება რა უნდა იყოს?! გამოდის, ჩემგან ელიან სიახლეს…

თვითმხილველთა თქმით, ჩემი შვილი თბილისის ზღვაზე ქეიფობდა, შემდეგ საქმის გარჩევა დაიწყეს. არადა, მას მსგავსი გარჩევები არც იზიდავდა. თუ გამოძიება უნდათ, ამდენი ხელჩასაჭიდი ფაქტის მერე რას ელოდებიან. ბევრჯერ მივმართე მერაბიშვილს, მაგრამ – უშედეგოდ. მისივე თანამშრომელი იყო, რვა თვის საქმიანობის მანძილზე მადლობაც მიიღო და არ ინტერესდებიან, ასეთ ბიჭს რა შეემთხვა. ნუთუ მათივე პრესტიჟის საქმე არაა მომხდარის გამოძიება?!

– როგორ გგონიათ, რა მოხდა სინამდვილეში და, თქვენი აზრით, საქმის გამოძიებას რა უშლის ხელს?

– ვერ გეტყვით. ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ, გამოძიების მტკიცებით, ლევანს მტერი არ ჰყავდა, რაც ისედაც ვიცოდი. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, ყველა მისი ნაცნობი დამიდასტურებს, რომ მეგობრებისთვის, ღიმილისა და სიკეთისთვის იყო დაბადებული. ასე უცებ გამიქრა შვილი. თუ მერაბიშვილს თანამშრომელი რამედ უღირდა, იპოვოს ლევანის მკვლელი. მათ ისე მოაწყეს თავიანთი სისტემა, რომ არაფერი გამოეპარებათ და ამას ვერ არკვევენ?!

ერთ რამეში თანდათან უფრო ვრწმუნდები: ჩემი შვილის მკვლელობა სამსახურთან კავშირში რომ არ იყოს, მერაბიშვილი და მისი უწყება თანამშრომლის საქმეს გაუხსნელად არ დატოვებდა. არ უნდათ და არც აკეთებენ. მკვლელმა პასუხი უნდა აგოს. თავს ზევით ძალა არ მაქვს. ვისთან მივიდე, ვის ვუჩივლო, არ ვიცი. გამოძიება დუმს. უფრო მეტიც, მე მეკითხებიან, ვერსიები ხომ არ იციო. ასე რომ იყოს, მათ შევეხვეწებოდი, გამოიძიეთმეთქი?

– თქვენი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ხომ არ ფლობდა საიდუმლო ინფორმაციებს და რას გეუბნებათ ადვოკატი?

– ვერ გეტყვით, სამსახურიდან რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. მისი ძირითადი საქმე შენობაში პირთა შეშვება-არშეშვება იყო. ვინაიდან ეს აგვისტოს მოვლენებს დაემთხვა, შესაძლოა, შენობაში რაღაც სერიოზული ფაქტის მოწმე გახდა, რისი გამომზეურებაც ხელს არ აძლევდათ და ამიტომაც მოიცილეს. დღითი-დღე ვრწმუნდები, რომ სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს, ვერაფერს მივაღწევ. რა არ ვცადე, სახალხო დამცველის აპარატსაც მივმართე, თუმცა – უშედეგოდ. ლევანის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილია. ისიც ვერაფერს გახდა. ვითარებას რომ გასცნობოდა, საბუთები დღემდე არ მიაწოდეს. ეუბნებიან, საქმე გამოძიების პროცესშია და ვერ მოგცემთო. წინა ადვოკატმაც ვერაფერი გააწყო.

– მომხდარიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა… რის იმედი გაქვთ?

– ამ ტრაგედიამ უფრო მეტად მიმაჯაჭვა რელიგიას. უფლის იმედითღა დავდივარ. მჯერა, ყველას აუცილებლად მიეზღვება. სიკეთით სავსე ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე მოუსწრაფეს და  არავინ არაფრად  მაგდებს. განა ცოტაა ჩემსავით გამწარებული მშობელი? მე რის იმედით უნდა ვიყო, როცა სხვებმა თავიანთი შვილების მკვლელების ვინაობა იციან და მათ საქმეებზე ყურს არ იბერტყავენ. დამნაშავის დასჯას ვითხოვ, ნუთუ ეს შეუძლებელია?!

ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ახლა ერთი სურვილიღა მამოძრავებს: სანამ პირში სული მიდგას, მკვლელს აუცილებლად მივაგნებ. უნდა თქვას, რატომ მომიკლა შვილი. სხვა არაფერი მინდა. რა დააშავა ლევანმა? იქნებ, მართლაც რაღაც საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა… მითხრან, რა მოხდა!

 

ესაუბრა

ირმა ჩიტაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here