Home რუბრიკები სამართალი რამდენი თეთრი შეიტანა თამაზ გაიაშვილმა გაყიდული თვითმფრინავებიდან ბიუჯეტში?

რამდენი თეთრი შეიტანა თამაზ გაიაშვილმა გაყიდული თვითმფრინავებიდან ბიუჯეტში?

584

როგორც “საქართველო და მსოფლიო” იუწყებოდა, პრეზიდენტის ბრძანებულება N440 მავანთა მიერ უხეშად გაყალბდა, რის შემდეგაც დაინტერესებულმა ხარბმა ადამიანებმა სააკაშვილისგან ჩალის ფასად იჩუქეს და შემდეგ უსინდისოდ გაყიდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ შეძენილი ორი ახალი საჰაერო ხომალდი ЯК-42, რომლებიც ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე იყო აყვანილი და მათი იმჟამინდელი საბაზრო ფასი 5 მილიონ 800 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ჩვენი გაზეთის საშუალებით, მკითხველმა შეიტყო ისიც, რომ აჭარაში 2 თვითმფრინავის ექსპლუატანტი შპს ავიაკომპანია “აჭარა” იყო, მაგრამ სხვისი ქონებით თვალდაბინდულმა ადამიანებმა თანამზრახველების დახმარებით ავიაკომპანიის ხელმძღვანელები სატუსაღოებში გამოკეტეს და შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგეს მათი იმჟამინდელი და სამომავლო ბედი! არადა, დაავიწყდათ, რომ ცეცხლი თივაში არ იმალება და რომ ის მალე კოცონად იქცევა (კარგი იქნებოდა, მაშინვე გახსენებოდათ!)!

“საქართველო და მსოფლიომ” შემოგთავაზათ მთელი პაკეტი აბსურდულ-კრიმინალური დოკუმენტებიდა ამონარიდებით, რომლებსაც შპს “აირზენა” უდავოდ ვიღაცის დიდი მხარდაჭერით ახორციელებდა, მაგრამ იმჟამად როგორც ვიუწყებოდით და ეს დღეს ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდანაც ჩანს, თვითონ შპს “აირზენა” ამ სახელწოდებით უკვე აღარ არსებობდა, რადგან 1995 წლის 26 დეკემბერს დაარსდა და დარეგისტრირდა ქ. თბილისში ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 15 სექტემბერს, შეერწყა შპს “ჯორჯიან ეარ სერვისს” და რეგისტრაციაც ისევ ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში გაიარა!

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს ავიაკომპანია “აჭარას” ადვოკატ ვლადიმერ სანიკიძეს 2009 წლის 4 მაისს ოფიციალურად დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არც “აირზენა” და არც “აირზენა საქართველოს ავიახაზები” ქ. თბილისის რეგიონული ცენტრის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში არ იძებნება! ანუ, რასაც ჩვენ ვიუწყებოდით “შერწყმა-შემორწყმის” შესახებ, ოფიციალურად ფინანსთა სამინისტრომ დაგვიდასტურა და იქვე მიგვითითა, რომ რეგისტრაციის N7/4 2398 ეკუთვნის შპს “ჯორჯიან ეარვეისს”! ვისი საკუთრებაა ეს შპს, ჩვენ ამის შესახებაც გაუწყეთ და ახლა, ვისაც უნდა მიმართონ გენერალური პროკურატურიდან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, საგადასახადო ინსპექციიდან და, შესაძლოა, სააკაშვილის ადმინისტრაციიდანაც კი, ვფიქრობთ, ნათელია!

მართალია, შპს “ჯორჯიან ეარვეისმა” და მისმა პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა თითქმის ორი თვის განმავლობაში წაუყრუეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ უტყუარ დოკუმენტებს, მაგრამ ღრმად მწამს, რომ მის “იგნორირების პოლიტიკას” ყავლი მალე გაუვა და ფრთები, რომელიც აქამდე მაღლა ფრენაში ეხმარებოდა, დიდი მაკრატლით მოეკვეცება!

ხვალ, 2009 წლის 10 სექტემბერს, შპს ავიაკომპანია “აჭარას” ადვოკატს (თითქმის ბოლომდე გამოძიებული) საქმე შეაქვს გენერალურ პროკურატურაში, სარჩელსაც წარადგენს და ვფიქრობთ, მავანთა ჩადენილ უკანონობას ახლა გენპროკურატურა, ფინანსური პოლიცია, “კუდი” და სხვა უწყებები გამოიტანენ სააშკარაოზე!

რადგან “საქართველო და მსოფლიოს” ეკუთვნის ექსკლუზივი ორი საჰაერო ხომალდის გარშემო, იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული უწყებები არ დაგვზარდებიან და საქმის კურსში ჩაგვაყენებენ გამოძიების მსვლელობის დროს აღმოჩენილ სხვა კანონდარღვევათა შესახებ და შესაბამის კომენტარებსაც გააკეთებენ!

ისე კი, ჩვენი წყაროებით დავადგინეთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 თვითმფრინავიდან ერთ-ერთი ბატონმა თამაზ გაიაშვილმა ყაზახებს მიჰყიდა და დღეს ეს თვითმფრინავი სწორედ ყაზახეთის რესპუბლიკიდან დაფრინავს! ხოლო მეორე თვითმფრინავის მფლობელი ვინ არის ამჟამად, უფრო კომპეტენტური უწყებებისთვის მიგვინდია გამოსაძიეად! რამდენი თეთრი შეიტანა გაიაშვილმა გაყიდული თვითმფრინავებიდან ბიუჯეტში, ამას ზემოთ ჩამოთვლილი უწყებები მალევე დაადგენენ (სურვილის თუ ვიღაცის ბრძანების წყალობით), თუმცა იქამდე, ალბათ, ასევე, საინტერესო იქნებოდა თავად პრეზიდენტ სააკაშვილის თუნდაც მცირედი კომენტარი იმის შესახებ, როგორ გაბედა მავანმა, მისი ხელმოწერილი ბრძანებულება N440 საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაესწორებინა ანდა ნაჩუქარი თვითმფრინავების ჩუმად გაყიდვა როგორ “მოახერხა” მისმა ერთ-ერთმა ფავორიტმა თამაზ გაიაშვილმა?!!

 

ირინე გოგოსაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here