Home რუბრიკები სამართალი «საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაცია დადასტურდა: სტადიონის შესავსებად ხელმოწერები მედიკოსებში უკვე შეაგროვეს

«საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაცია დადასტურდა: სტადიონის შესავსებად ხელმოწერები მედიკოსებში უკვე შეაგროვეს

«საქართველო და მსოფლიოსთვის» არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, ბატონი მამუკა ქაცარავას უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით თბილისის ყველა პოლიკლინიკის დირექციამ სტადიონზე პრეზიდენტის მხარდასაჭერ გრანდიოზულ აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა სიები შეადგინა და 23 ივნისს ბატონ მამუკას ჩააბარა. სიებში გვარ-სახელთან ერთად პირადი ნომერიც იყო მითითებული და პიროვნებები ხელმოწერით ადასტურებდნენ ნებისმიერ დროს სააკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნას.
წინა ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით უკვე ვწერდით, რომ ხელისუფლება უახლოეს მომავალში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული მნიშვნელოვანი სტუმრის სათანადოდ დახვედრის მოტივით ეროვნულ სტადიონზე მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავს. მისი მიზანია, ოპონენტებს საკუთარი ძალა კიდევ ერთხელ დაანახოს და მსოფლიოს თვალში შელახული პრესტიჟიც აღიდგინოს. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ გუნდს არ შესწევს ძალა, ოპოზიციის მსგავსად, ერთ დაძახილზე გაავსოს სტადიონი, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო სამზადისი. ყველა გუბერნატორს, გამგებელს, «ნაცმოძრაობის» რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიეთითა, თუ რამდენი კაცი უნდა ჩამოიყვანონ თბილისში. განსაზღვრული რაოდენობით ხალხის მოგროვება დაევალათ სამინისტროებსა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებსაც ზედმეტი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე.

«საქართველო და მსოფლიო» იმთავითვე დაინტერესდა, მეტი შეეტყო ხელისუფლების გეგმებსა და მათ პარტიულ დავალებებთან დაკავშირებით, რის გამოც «ნაცმოძრაობის» რეგიონულ ორგანიზაციებს დავუკავშირდით. სამწუხაროდ, სახელისუფლებო პარტიის არც ერთ ოფისში არ დაგვიდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. როგორც ჩანს, პარტმუშაკები კონფიდენციალურად და ფრთხილად მოქმედებენ, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების ხელმძღვანელთაგან განსხვავებით, და როგორც კი რამდენიმე სამედიცინო ობიექტს ვეწვიეთ, ბევრი რამ მაშინვე ნათელი გახდა.

გლდანის პოლიკლინიკაში ისე ჩაეწერა მედპერსონალი სიაში, რომ გარკვევით არც კი იცოდა, რაზე იყო საუბარი. ხელმძღვანელობისგან მხოლოდ ის შეიტყვეს, რომ მამუკა ქაცარავას დავალება იყო და, სულ მცირე, ათი კაცის სია უნდა გაეგზავნათ ჯანდაცვის საქალაქო სამსახურში.

ისანი-სამგორის რაიონის #5 სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა თემურ სინჯიაშვილმა კი ღიად გაანდო ხელქვეითებს ხელისუფლების უახლოესი გეგმები. ამდენად, პოლიკლინიკის ყველა თანამშრომელი ინფორმირებული აღმოჩნდა, რომ სტადიონზე პრეზიდენტთან შეხვედრა იგეგმება. «როცა შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილთან სტადიონზე შეხვედრა იგეგმება, სურვილი გამიჩნდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. პირადობის მოწმობით ავედი უფროს მედდასთან და სიები წაღებული დამხვდა», – გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

«იმ სიების შედგენა ხომ საშინელი და გულისამრევი პროცესი იყო, მაგრამ არც ის მომწონს, რომ ამით ინტერესდებით და გვაწუხებთ. გთხოვთ, დატოვოთ კაბინეტი. თუ რამის გარკვევა გინდათ, უფროს ექთანთან მიბრძანდით. უშუალოდ ის კურირებდა ხელმოწერების შეგროვებას და ყველაფერში უკეთ გაგარკვევთ», – გაბრაზებული ტონით ჩაერია საუბარში მეორე თეთრხალათიანი, როდესაც დიქტოფონი ამოვიღე და ვთხოვე, პოზიცია დაეფიქსირებინა.

მედპერსონალთან საუბრის შემდეგ სამკურნალო ცენტრის დირექტორს თემურ სინჯიაშვილს მივაკითხე. მან გაიკვირვა და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია ყურმოკვრითაც კი არ ჰქონდა მოსმენილი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პოლიკლინიკა ამის თაობაზე ლაპარაკობდა და უფროსი მედდის ოთახი (ის უშუალოდ აგროვებდა ხელმოწერებს!) მისი კაბინეტის გვერდით მდებარეობს.

«არც ოცდასამში, არც ოცდაოთხში მამუკა ქაცარავასთან არანაირი სიები არ გადამიგზავნია. არც მათი მხრიდან ყოფილა მოთხოვნა», – აღნიშნა მან.

– ბატონო თემურ, თქვენი თანამშრომლები აცხადებენ, რომ თქვენს დაწესებულებაში შეგროვდა პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მსურველთა სიები და თქვენ არაფერი იცით?

– რიცხვს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტი ჩვენს დაწესებულებაში ბრძანდებოდა. ნორმალურად დავხვდით და ვფიქრობ, თავადაც კმაყოფილი დარჩა.

– ეს კონკრეტულად თქვენს პოლიკლინიკაში ვიზიტი იყო და ამჯერად საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრაზეა საუბარი…

– ჩემთან ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა და არც საქმის კურსში ვარ.

დირექტორის კაბინეტიდან გამოსული უფროს მედდასთან შევედი. მან დაგვიდასტურა, რომ სექტემბერში სტადიონზე პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გაიმართოს და მამუკა ქაცარავას თხოვნით აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა სიებს თავად ადგენდა. ზეწოლას არ ჰქონდა ადგილი და ჩაწერა კონკრეტული პიროვნებების სურვილის მიხედვით ხდებოდა. «ხელმოწერები მე შევაგროვე. შევდიოდი კაბინეტებში, ვუხსნიდი სიტუაციას და ვინც თანახმა იყო, სიაში ვწერდი», – გვითხრა მან. მედდასთან საუბარი დირექტორმა შეგვაწყვეტინა. ის, ცოტა არ იყოს, შეცბა, როცა დამინახა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და კვლავ ძველი ჩვენება გაიმეორა: «არაფერი ვიცი. რა სიები მოაგროვეთ, ქალბატონო ნათელა?»

«ვის სურს პრეზიდენტთან შეხვედრა, ბატონო თემურ», – მიუგო დირექტორზე კიდევ უფრო მეტად დაბნეულმა და გაწითლებულმა ექთანმა.

– როგორ, თქვენი მედდა მთელ პოლიკლინიკაში ხელმოწერებს აგროვებდა და არაფერი გაგიგიათ? – ჩავეძიე დირექტორს.

– როგორ გეკადრებათ, როდესაც მედპერსონალი არასამსახურებრივი საქმიანობითაა დაკავებული, მე არ მეხება, თანაც ეს ქალბატონი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის აქტივისტია.

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პარტიული საქმეებით დაკავება ნორმალურია?

– ეს არ ხდებოდა დაწესებულების სახელით და, აქედან გამომდინარე, რა უფლება მაქვს, დავინტერესდე.

დირექტორის პოზიციის მოსმენის შემდეგ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს, ბატონ მამუკა ქაცარავას ვთხოვეთ კომენტარი.

«სიები ნამდვილად მოვითხოვეთ, მაგრამ ამას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. პოლიკლინიკებთან დაკავშირებით ვაპირებთ ქონებრივი საკითხის გადაწყვეტას, კერძოდ, გარკვეული წესით კოლექტივებისთვის ამ დაწესებულებების გადაცემას, გვჭირდება მონაცემთა ზუსტი ბაზა, რათა შემდეგ არ მოხდეს საკადრო გაყალბებები და, აქედან გამომდინარე, გამოვითხოვეთ თანამშრომელთა ნუსხა», – გვითხრა ბატონმა მამუკამ.

– ჩვენ ვიყავით რამდენიმე პოლიკლინიკაში და რასაც ახლა ამბობთ, ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. დაგიკონკრეტებთ, რომ საუბარია პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის მსურველთა სიებზე…

– კონკრეტულად ამ საკითხზე მოთხოვნა არ გაგვიკეთებია. პოლიკლინიკებიდან ერთიანი სიები სულ სხვა მიზნისთვის გამოვითხოვეთ. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, შეიძლება გარკვეული დავალება იყო, რადგან, როგორც ვიცი, პარტიის ყრილობა იგეგმება, არ გამოვრიცხავ, რომ სოციალური გამოკითხვის პრინციპით ეკითხებოდნენ ადამიანებს, აქვთ თუ არა ყრილობაზე დასწრების სურვილი. ჩვენს სამსახურს ცალ-ცალკე სიები არ მოუთხოვია.

– თუ სიები შედგა პოლიკლინიკებისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, მაშინ რატომ დამალა #5 სამკურნალო ცენტრის დირექტორმა ეს ფაქტი?

– ვერ გეტყვით, ვინ რა დამალა. შესაძლოა, თემურ სინჯიაშვილს მართლაც არ გადმოუცია სიები, რადგან ჩვენ იმ პოლიკლინიკებისგან მოვითხოვეთ ნუსხა, ვისაც მონაცემთა ბაზა არ ჰქონდა წესრიგში. არ უარვყოფ იმას, რომ იგეგმება პარტიის ყრილობა, მაგრამ ვერანაირ პრობლემასაც ვერ ვხედავ იმაში, რომ ვინმეს პოლიკლინიკაში ჩაეტარებინა გამოკითხვა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, ვის სურს ამ ყრილობაში მონაწილეობის მიღება.

– თუ პრობლემას არ წარმოადგენს პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა სიების შედგენა, რატომ დამალა ეს დირექტორმა, მით უმეტეს, რომ უფროსმა მედდამ დაგვიდასტურა?

– როდესაც პოლიკლინიკის საკადრო საკითხებზეა საუბარი, მე ნამდვილად ექთანს და ექიმს არაფერს ვავალებ, მითითებას პირდაპირ დირექტორს ვაძლევ.

– როგორ ფიქრობთ, დირექტორი დაიწყებდა კაბინეტებში სიარულს? ლოგიკურია, მან ეს მისია უფროს მედდას დააკისრა…

– ვერაფერს გეტყვით. ჩვენ პოლიკლინიკებისგან მოვითხოვეთ იქ დასაქმებული ადამიანების საერთო ნუსხა.

 

ესაუბრა ნათია ქადაგიშვილი

P.S. როგორც ხედავთ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ერთს კი ვიტყვით, თუკი ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს გულწრფელად სჯერა, რომ საკუთარი მოქალაქეების მიერ ლეგიტიმურად არჩეული პირველი პირია, მაშინ მათთან შესახვედრად არ უნდა სჭირდებოდეს არც წინასწარი სიების შედგენა და არც თანამდებობის პირებისთვის თითის დაქნევა. თუკი მისი ჩინოვნიკები ვერ მოახერხებენ სიების შესაბამისი რაოდენობის ხალხის მიყვანას სტადიონზე, თანამდებობებს დაემშვიდობებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here