Home რუბრიკები სამართალი ანზორ საკანდელიძე: პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც «რუსთავი 2»-ს ეკისრება…

ანზორ საკანდელიძე: პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც «რუსთავი 2»-ს ეკისრება…

850

26 აპრილს სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესაძლო მიზეზებზე ასოციაცია «მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს» წევრი, საშენი მასალების ხარისხის კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ სა­კანდელიძე გვესაუბრება.

– ბატონო ანზორ, თქვენი ინფორმაციით, რა იყო სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი?

– გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შენობის ჩამონგრევამდე ოთხი დღე იქ მუშაობდა კომპრესორი და ისმოდა ნგრევის ხმა. სხვათა შორის, მაშინაც გაასაიდუმლოეს და ახლაც არავის აკარებენ იქაურობას. როგორც ჩანს, მზიდი ნაწილი არასწორად მოანგრიეს, ეს აშკარა დაუდევრობაა. არავის არაფერი ჰკითხეს. ამ შემთხვევაშიც ისეთივე განუკითხაობას აქვს ადგილი, როგორიც, ზოგადად, ქვეყნაშია. ახლა მიმდინარეობს გამოძიება, რას დამალავენ და რას გამოიძიებენ, გამოჩნდება. გიგი უგულავამ თავიდან თქვა, რომ კოსმეტიკური რემონტი იყო და სხვას არაფერს შეხებიან. ეს სიცრუეა! რაღაცას შეეხენ და ძალიან საფუძვლიანადაც! არაპროფესიონალები არიან და პროფესიონალებს, მაღალკვალიფიციურ კადრებს არაფერს ეკითხებიან, რადგან ყველაფრის მცოდნეებად მიაჩნიათ თავი. ამიტომაც დატრიალდა ასეთი უბედურება და ჩადგეს ამ ცოდვაში ფეხი.
იმ დღესვე შევიკრიბეთ გამოცდილი მშენებლები ტრაგედიის ადგილას, ყველანი იქ ვიყავით – ტრესტის ძველი მმართველი, სამმართველოს უფროსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები. ამ შენობას კარგად ვიცნობ, ცდებიც ჩამიტარებია იქ თავის დროზე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებიც და უნდა გითხრათ, რომ ეს კაპიტალური ნაგებობა იყო. «თბილზნიიეპის» ინსტიტუტი საკავშირო მნიშვნელობის იყო თავისი შინაარსით და, ბუნებრივია, მათი შენობაც კაპიტალურად იყო ნაგები. ადრე თუ სიახლე უნდა დანერგილიყო მშენებლობაში, პირველ რიგში იქ უნდა ჩატარებულიყო ცდები და თუკი ინსტიტუტი დადებით დასკვნას გასცემდა, ეს ნიშნავდა, რომ მშენებლობაში სიახლის დანერგვა შესაძლებელი იყო. «რუსთავი 2», როგორც ჩანს, რაღაცას არასწორად შეეხო, კერძოდ, მზიდ კედლებს და მზიდ კონსტრუქციას.

– პროექტ «ვარსკვლავების აკადემიის» ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სწორედ მზიდი კედელი იქნა გამონგრეული და ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ინტენსიურად ასხამდნენ «სტიაჟკას»…

– რეკონსტრუქცია რომ მიმდინარეობდა და რაღაც გამოანგრიეს, ნათელია. საინტერესოა, რომელ სამშენებლო ფირმასთან ჰქონდათ ხელშეკრულება გაფორმებული, თუ ელიავას ხალხი ჰყავდათ აყვანილი, ასე ვთქვათ, ვიღაც შაბაშნიკები? სხვათა შორის, თბილისში ახალი სახლების დიდი ნაწილი სწორედ მათი აშენებულია და იმიტომაც არის ასეთი «ხარისხიანი». ვთქვათ, ხელშეკრულება გაფორმებული იყო, მაგრამ დგება მეორე საკითხი, არსებობს თუ არა პროექტი? პროექტი თუ მერიის შესაბამის სამსახურში არ დამტკიცდა, შენობის რეკონსტრუქცია დაუშვებელია. პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს საქმშენინსპექციასთან, ქალაქის მერიის სამსახურთან. ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე მერიის პრესსამსახურის განცხადება, რომ მათთან პროექტი არ იყო შეთანხმებული. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება «რუსთავი 2»-ს. თუ პროექტი დამტკიცებულია თბილისის მერიაში, მაშინ გამოსაძიებელია, სად იქნა შეცდომა დაშვებული. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, თუმცა, სავარაუდოდ, ჯოხს ვიღაც მეისრეზე, მეოთხეხარისხოვან ადამიანებზე არ გადატეხენ.

– მოკლედ, თუ მერიაში რეკონსტრუქციის თაობაზე პროექტი არ შევიდა, პასუხისმგებლობა «რუსთავი 2»-ს ეკისრება?

– შემკვეთი «რუსთავი 2»-ია და თუ ქუჩიდან მოიყვანეს მუშები და არ გაუფორმეს ხელშეკრულება, მათ უნდა აგონ პასუხი. თუ პროექტი არსებობს და სამშენებლო კომპანია ასრულებდა სამუშაოს, მაგრამ პროექტი არ იყო შეთანხმებული მერიასთან, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც «რუსთავი 2»-ს ეკისრება. ალბათ, იქნება თავის დაძვრენის მცდელობა და ვნახოთ, ჩატარდება თუ არა დამოუკიდებელი გამოძიება. საერთოდაა ასეთი განუკითხაობა სამშენებლო სფეროში და არც ეს წარმოადგენს გამონაკლისს. ამდენს ვსაუბრობ ამ საკითხზე, მაგრამ – უშედეგოდ, ერთ ყურში შეუშვებენ და მეორედან გამოუშვებენ. სხვათა შორის, ის ხალხი, ვინც გაყარეს «თბილზნიიეპის» შენობიდან, მაღალკვალიფიციური კადრია, აქვთ გამორჩეული დანადგარები, ყველანაირი მოწყობილობა იმისთვის, რომ განისაზღვროს ნაგებობის მდგრადობა, ეკითხათ მათთვის. იქ არიან ცნობილი არქიტექტორებიც, კონსტრუქტორებიც…

– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ «თბილზნიიეპს» შენობა წაართვეს, თუმცა, ცნობილია, რომ ინსტიტუტის შენობა «რუსთავი 2»-ს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა…

– რა უბედურებაა ეს პირდაპირი მიყიდვის წესი?! სხვათა შორის, ეს მანკიერი წესი შევარდნაძემ დანერგა. არც ერთ პრეზიდენტს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამის უფლება არ აქვს. თუ დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზეა საუბარი, ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს უფლება უნდა ჩამოერთვას. ასე, პირდაპირი მიყიდვის წესით გააჩუქა შევარდნაძემ თავის დროზე მთელი ფაბრიკა-ქარხნები.

– «რუსთავი 2-»ის დამსახურება იმდენად დიდია ამ ხელისუფლების წინაშე, რომ მისთვის შენობის მიზერულ ფასად მიყიდვა გასაკვირი არ უნდა იყოს…

– ეს პოლიტიკური ამბებია და ამას ყველა კარგად ხვდება, მაგრამ რომ მისცეს ამხელა ქონება, წესიერად მაინც მოეხმარათ! «ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო…» გაყარეს ეს ხალხი ინსტიტუტიდან, ერთ სართულს ეხვეწებოდნენ, – ეს მაინც დაგვიტოვეთო, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. ეს ისეთი ინსტიტუტია, რომელსაც დღესაც შეუძლია, მშენებარე საცხოვრებელი სახლების მდგრადობის იქვე დადგენა, მაგრამ, როგორც «თბილზნიიეპის» დირექტორმა მითხრა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას შემდეგ არც ერთმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება არ დაუდო, რომ ეს სამუშაოები შეესრულებინათ. ანუ, არც ერთი ახლად აშენებული სახლის მდგრადობა არაა შემოწმებული.

– ამბობენ, რომ «თბილზნიიეპი» საკმაოდ ძველ შენობაში იყო განთავსებული…

– 70-იან წლებშია აშენებული. ისიც გითხარით, რომ ის, როგორც საკავშირო ინსტიტუტი, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. რომ დავათვალიეროთ შენობის ნანგრევები, რაც კოლოდებში არმატურაა ჩადებული, ორჯერ დიდი დიამეტრისაა, ვიდრე ეს ხუთსართულიან სახლს სჭირდება. ახლა ორჯერ უფრო მაღალ სახლებში ორჯერ უფრო მცირე რაოდენობის არმატურა იდება. თანაც, ნანგრევებში არმატურა დღესაც სუფთადაა შენახული, ისე კი არა, დღეს ჟანგიანს რომ დებენ მშენებლობებში.

– კატეგორიულად გამორიცხავთ შენობის სიძველეს?

– როგორც აღვნიშნე, ტრაგედიის ადგილზე სპეციალისტები შევიკრიბეთ და შენობის სიძველე ყველამ გამოვრიცხეთ! თუ ამაზე გაკეთდა აქცენტი, ეს სიყალბე იქნება. სიძველისა და ამორტიზაციის გამო «თბილზნიიეპის» დანგრევა გამორიცხული იყო.

– პრეზიდენტმა განაცხადა, 10 დღეში უნდა დაიდოს დასკვნა, რა მოხდა სანდრო ეულის ქუჩაზეო… როგორ გგონიათ, «რუსთავი 2»-ს ან თბილისის მერიას მოუწევს მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისგება, თუ ჯოხს უფრო დაბალი რანგის მუშებზე გადატეხენ?

– როგორც ვიცი, შს სამინისტროს აქვს რაღაც თავისი საექსპერტო სამსახური, ასევე კრიმინალური ლაბორატორია, ალბათ, მათი ექსპერტები იმუშავებენ გამოძიებაზე და არ ვიცი, იმათ რას დააწერინებენ…

– როგორ ფიქრობთ, მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება არ არის საჭირო? ხომ არ აპირებს, თუნდაც, თქვენი ასოციაცია ამის გაკეთებას?

– დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მერე ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით. თუ ეს დაბრალდა შენობის სიძველეს, მაშინ გაცილებით კატეგორიულად ჩავერევით და ფაქტებით დავამტკიცებთ, რომ ეს არ არის სიმართლე! დამოუკიდებელი ექსპერტიზა რომ ჩატარდეს, კვალს წაშლიან, ამიტომ შიგნით არც გვიშვებენ, შემოღობილი აქვთ ტერიტორია და ახლოსაც არ გვაკარებენ. რადგან ნგრევას მსხვერპლიც მოჰყვა, შეიძლება, დიდ სიყალბეზე ვერც წავიდნენ, თუმცა თქვენს ეჭვებს მეც ვიზიარებ.

– პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა «რუსთავი 2»-ს, რომელმაც, სავარაუდოდ, რეკონსტრუქციის პროექტი არ მოსთხოვა მშენებლებს?

– არ ვიცი. ყველაზე მეტად მერიის პრესსამსახურის კომენტარმა შემაშფოთა, რომელიც აცხადებს, რომ მათთან პროექტი არ შესულა. პატარა ფანჯარაც რომ გააკეთო სახლში, მერიასთან უნდა შეათანხმო და თუ რეკონსტრუქციის თაობაზე პროექტი მერიაში არ შეუტანიათ და მათი თანხმობა არ მიუღიათ, ასეთ შემთხვევაში შემკვეთის პირდაპირი დანაშაული იკვეთება, შემკვეთი კი «რუსთავი 2»-ია. ახლა ვის რას დააბრალებენ, არ ვიცი…

– თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად გაიყიდა ეს ინსტიტუტი?

– როგორც მითხრეს, ეს გასაიდუმლოებულია… 26 ათასი კვადრატული მეტრი მიწაა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებიც დაახლოებით – იმდენივე. ეს ყველაფერი კი, ჩემი ინფორმაციით, მილიონ ლარად გაიყიდა, რაც ძალიან მიზერული თანხაა.

 

მანანა ჩხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here