Home რუბრიკები ეკონომიკა ბაღაფში გალის მოსახლეობას თხილის ბიზნესისათვის უკეთეს პირობებს უქმნის და ფასსაც მეტს სთავაზობს

ბაღაფში გალის მოსახლეობას თხილის ბიზნესისათვის უკეთეს პირობებს უქმნის და ფასსაც მეტს სთავაზობს

784

ეკონომიკური კრიზისის გავლენა გალის რაიონზე დღეს ნაკლებად ან, შეიძლება ითქვას, არც იგრძნობა. მიზეზი მარტივია: იქ არც საწარმოებია, არც ელემენტარული ბიზნესი, ადგილობრივ ეკონომიკურ ატმოსფეროს მოსახლეობის ჭირნახულით შექმნილი დოვლათი ქმნის, რომელიც კრიზისამდე და ახლაც ერთი და იმავე ტემპით ვითარდება. გალში უნებართვოდ დაბრუნებულებზე შთაბეჭდილებების გამოხატვით დღეს თავს არავინ იწუხებს. შეფასებებზე მეტად იქ დარჩენილთა მდგომარეობის შესახებ საუბრობენ და ხშირ შემთხვევაში «აფხაზების მძევლებადაც» მოიხსენიებენ.

 

ამ ეტაპზე გალის რაიონში 50-60 ათასი ქართველი ცხოვრობს. «დაბრუნების» პირველსავე პერიოდში დაიწყო საყოფაცხოვრებო ობიექტების აღდგენა-განახლების პროცესიც, ამუშავდა ბაზარი, განახლდა სასწავლო დაწესებულებები (ძირითადად, სკოლები), საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით საავადმყოფოებმაც დაიწყო ფუნქციონირება.

დასაქმებულ პერსონალს ხელფასს ქართულ მხარესთან ერთად აფხაზური ადმინისტრაციაც უხდის. მიმოქცევაში, ძირითადად, რუსული რუბლია, იშვიათ შემთხვევაში – ქართული ლარიც.

ბოლო დროს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გაუარესებამ საგრძნობი გავლენა მოახდინა გალის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. პირველ რიგში, ეს ბაზარზე აისახა. ზუგდიდის რაიონთან მიმოსვლა გამკაცრდა, ადგილობრივებს ქართულ პროდუქციაზე ხელი ძნელად ან თითქმის არ მიუწვდებათ, გალის ბაზარში კი ფსოუდან შემოსული რუსული პროდუქცია «ცეცხლის ფასად იყიდება». განსაკუთრებით გაუჭირდათ ქვედა ზონის სოფლებს, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტის გამო ადვილად ვერც გალს უკავშირდებიან. ავტობუსებს ურმები ჩაენაცვლა, საარსებო საშუალებას, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია – თხილი, სიმინდი და ციტრუსი წარმოადგენს.

გალის ბაზარში გასაყიდი პროდუქციის ფასების ნუსხა კი ასე გამოიყურება: პური – 10-15 რუბლი, შაქარი – 26, კარტოფილი – 20; შესაძლებელია თანხის ლარებში გადახდაც არსებული კურსის შესაბამისად.

თამუნა გვაძაბია, ზემო ბარღების მკვიდრი: «პირველად 10 წლის წინათ დავბრუნდი. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ოჯახში მოწეული ჭირნახულის წყალობით თანდათან წელში გავიმართეთ. ჩვენი სოფელი ქალაქთან ახლოსაა, ამიტომ გალის ბაზარში დავდიოდით. ზუგდიდის ფასებთან შედარებით აქ ყოველ პროდუქციაზე 20 თეთრით ზედმეტის გადახდა გვიწევდა და ახლაც ასეა, თუმცა ამას ვერ ვიტყვი თხილზე. თხილის სეზონი არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყო და მას ზუგდიდთან შედარებით გალში უფრო ძვირად ვყიდით. ამ ეტაპზე ზუგდიდში თხილის საბაზრო ღირებულება 1 ლარი და 80 თეთრია, გალში კი – 2 ლარი, შესაძლოა, ყოველდღე 5-10 თეთრით მოიმატოს კიდეც. პრობლემა გადაადგილებაა. ადრე ავტობუსი გვემსახურებოდა – გალში 2 ლარად დავყავდით. რამდენიმე თვეა, მოგვიხსნეს. აფხაზურ ადმინისტრაციას ვთხოვეთ, რომ ავტობუსის მძღოლისთვის რეისის განახლების ნება დაერთო, მაგრამ ჯერჯერობით უარი გვითხრეს. ისღა დაგვრჩენია, პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებს დაველოდოთ, იქნებ შეთანხმდნენ მხარეები და ცხოვრება როგორმე გაგვიადვილონ».

საშემოდგომო სეზონი გალში, ფაქტობრივად, თხილით იწყება. წელს, საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ბაღაფში მოსახლეობას ამ ბიზნესში გაცილებით მეტს უხდის. ვერ გეტყვით, დე ფაქტო მთავრობას სახსრები საიდან მოეპოვება, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თხილის იმპორტისათვის უკეთეს პირობებს უქმნის და ღირებულებასაც მეტს სთავაზობს. ამ ეტაპზე გალში 1 კგ თხილის ფასი 2 ლარია, ზუგდიდში კი – 1 კგ თხილის ფასი 1,70-1,80 ლარამდე მერყეობს.

ამდენად, თხილის შესყიდვა აქტიური ტემპით წარმოებს აფხაზეთში (განსაკუთრებით, გალის რაიონში), სადაც ქართული თხილის დიდი ნაწილი იყიდება, პროდუქციის რეალიზაცია კი ფსოუს გავლით რუსეთში ხდება.

ამასთან ერთად, შარშან, აფხაზური ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი სწორედ გალიდან გადასახადების სახით აკრეფილმა თხილმა განსაზღვრა. 2008 წელს მოსახლეობამ გალის აფხაზურ ადმინისტრაციას დაახლოებით 1200 ტონამდე თხილი ჩააბარა. ,,გადასახადის აკრეფა» გალის რაიონის სოფლების გამგებლებს დაევალათ. იგივე მეორდება ახლაც. საშუალოდ, ერთ მოსახლეს 40-45 კგ თხილის გადახდა უწევს. თუმცა ეს არ ქმნის უარყოფით განწყობას; ადგილობრივ მცხოვრებლებს გალის ბაზარზე თხილი გასაყიდად უკვე გააქვთ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ზუგდიდთან დამაკავშირებლი გზებიც გადაკეტა. ახლა თხილის გადმოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

სოფელ ოტობაიას ერთ-ერთი მკვიდრი ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ ზუგდიდში გადასვლა გართულებულია, ამიტომ ენგურის ფონით სარგებლობს. ასეთ პირობებში ზუგდიდში თხილის გადასაზიდად რისკზე წასვლაა საჭირო, თუმცა ამის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

«ზუგდიდის ბაზართან შედარებით, ჩვენთან თხილი 1,5-20 თეთრით ძვირია. გალის ბაზარზე გატანა ღირს, პრობლემა უგზოობა და განუკითხაობაა; გვეშინია გზებზე ჩასაფრებული ყაჩაღური ჯგუფების. თხილი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც წლიდან წლამდე თავის გატანაში გვეხმარება. ამიტომ იძულებული ვართ, გაყიდვისგან თავი შევიკავოთ, თუმცა ბევრს უჭირს და რისკზეც მიდის. ურჩევნია, თხილი იაფად, მაგრამ მშვიდად ჩააბაროს», – ამბობს გალის რაიონის მცხოვრები.

ვინც აფხაზების ნდობის მოპოვება მეტ-ნაკლებად შეძლო, მათი დახმარებით თხილის შესყიდვასაც ახერხებს და მოგების ნაწილს ე.წ. კრიშას უნაწილებს. ამ ეტაპზე გალის რაიონის ქართველი მოსახლეობა უმეტესად ამ გზით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

«პროდუქციის საყიდლად ფული (1000 ლარი) პირველად ორი წლის წინათ აფხაზი ნაცნობისგან ვისესხე, რითაც თხილი თანასოფლელებისგან შევიძინე. იმ სეზონზევე დავუბრუნე 1500 ლარი და მოგების ნაწილიც. ვერ გეტყვით, რომ ძალიან გამიმართლა, მაგრამ საჭმლის ფულად მაინც გამოვიყენე, ცოტაც გადავინახე. წელს თხილს უკვე საკუთარი ფულით ვყიდულობ. ზუგდიდში გადატანას ჯერ ვერ ვახერხებ. რისკთანაა დაკავშირებული და რეალიზებას გალში ვახდენ. სამაგიეროდ, მათ მოგების ნაწილს ვუტოვებ», – ამბობს სოფელ გაგიდის მკვიდრი.

ზურაბ გაბისონია, ოტობაიას მკვიდრი: ,,ჩვენი სოფელი უფრო ზუგდიდის ბაზარს იყო მიჯაჭვული, თუმცა გადასვლა საკმაოდ ძვირი გვიჯდებოდა. მგზავრობის ღირებულების (3 ლარის) გარდა აფხაზური ადმინისტრაციისგან 2-ლარიანი «ნებართვის» გამოწერაც გვიწევდა. ახლაც ვიხდით ამ თანხას, მაგრამ უწინდებურად ვერ გადავდივართ, კონტროლი გამკაცრდა. რეისი «ოტობაია-ზუგდიდი» განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა. უკვე მოწეული პროდუქტიც ვერ გაგვაქვს გასაყიდად. რუსეთიდან შემოსულ საქონელს ძვირად ვყიდულობთ, ჩვენი პროდუქციის გაყიდვისას კი დადგენილ ფასზე ნაკლებს გვიხდიან. გვიჭირს ასე ცხოვრება, ხელისუფლებამ თუ არ მოგვხედა, უარეს დღეში ჩავცვივდებით!»

 

ირმა ჩიტაია

 

P.S. ბოლო პერიოდში გალის ბაზარში ჩინელების გამოჩენაზეც ალაპარაკდნენ. მეტიც, ითქვა, რომ ჩინელებმა გალის ბაზარი შეისყიდესო. ნათქვამს არც მოსახლეობა უარყოფს, თუმცა კონკრეტულად პასუხის გაცემა უჭირთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here