Home რუბრიკები ეკონომიკა ნავთობის წვეთები კავკასიის რუკაზე

ნავთობის წვეთები კავკასიის რუკაზე

695

საკუთარი ბედი სხვის მილს არ უნდა მიაბა, – საკმაოდ ბანალური პოსტულატია, თუმცა ამავე დროს მეტად აქტუალური. წესით, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე, არანაირად არ უნდა აისახოს ის, რომ სადღაც შორს, მექსიკის ყურეში სანავთობო პლატფორმაზე აფეთქება მოხდა და მას (აშშ-ის ისტორიაში უდიდესი) ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა.
თუმცა ის პლატფორმა ““British Petrolium””-ს ეკუთვნოდა, ეს კომპანია კი სხვა ავლადიდებასთან ერთად “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” კონსორციუმში 30,1%-იან წილს ფლობს, ხოლო შაჰდენიზის საბადოსა და “ბაქო-თბილისი-ერზრუმში” – 25,5%-ს. ბოლო დროს “BP”-ს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა და გამორიცხული ნამდვილად არაა, ამ წილებმა მფლობელი შეიცვალონ. არა, რასაკვირველია, “BP” შეიძლება ფენიქსივით ფერფლიდან აღდგეს, ხოლო ვარაუდები მისი მოსალოდნელი კრახის შესახებ მცდარი აღმოჩნდეს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კომპანიამ საბაზრო კაპიტალიზაციის მესამედი დაკარგა, მისმა ზარალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბანკ ““Credit Suisse” ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ავარიის ლიკვიდაციისთვის 37 მილიარდი დოლარის მობილიზება დასჭირდება. ნავთობი მექსიკის ყურეში კი ისევ იღვრება და ყოველ ახალ დღეს მრავალმილიონიანი ზარალი მოაქვს. ““Fitch””-მა დაწია კომპანიის რეიტინგი “AA”-მდე ნეგატიური პროგნოზით. “Bloomberg”-ი ვარაუდობს, რომ “British Petrolium”-ს მოუწევს, გაყიდოს ზოგიერთი თავისი ყველაზე ღირებული აქტივი, მათ შორის – წილი უდიდეს ამერიკულ საბადო “Prudhoe Bay-ში ალასკაზე; ამასთან, “კონკურენტმა კომპანიებმა შეიძლება სამიზნეში ამოიღონ ის, რაც კომპანიას ეკუთვნის ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანსა და ანგოლაში”.
თეორიულად, მოვლენების უარყოფითი სცენარით განვითარების შემთხვევაში “BP”-ის ჩაყლაპვა “ExxonMobile”-ს, “Shell და “PetroChina-ს შეუძლია, თუმცა “Financial Times”-ი ვარაუდობს, რომ ამ უკანასკნელის (ჩინური სახელმწიფო კომპანიაა) გეგმებს წინ დახვდება სერიოზული პოლიტიკური წინააღმდეგობა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. აშშ-ის პოზიცია, გამოცემის აზრით, ასევე პრობლემებს შეუქმნის კომპანიის ორ ნაწილად გაყოფის სქემის განხორციელებას: (პირობითად) “კარგი BP” და “ცუდი BP”, რომელთაგან პირველი ჩვეულებრივ გააგრძელებს ბიზნესს, ხოლო მეორე მთელ ვადებულებებს აიკიდებს.
ჩვენ ამ პროცესებში, უპირველესად, სამხრეთ კავკასიის პროექტები გვაინტერესებს; დაიკავებენ თუ არა “British Petrolium-ის პოზიციებს (მისი კრახის შემთხვევაში) სხვა ანგლო-ამერიკული კომპანიები, თუ მისი “მემკვიდრეობის” ამ ნაწილს ჩინური და რუსული კომპანიები დაეპატრონებიან.
ენერგომატარებლების ტრანზიტი აღმოსავლეთიდან დასავლეთით, რუსეთის გვერდის ავლით და მისი (ფორმალურს თუ არ ჩავთვლით) მონაწილეობის გარეშე აშშ-ბრიტანეთის მიერ რეგიონში განხორციელებული პროექტები სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენდა. შეცდომა იქნებოდა მათი განხილვა მხოლოდ სანავთობო ბიზნესის ჭრილში. ეს გეოპოლიტიკური პროექტებია; თანამედროვე საქართველოს ფუნქცია და მისი განვითარების მთელი ფილოსოფია მნიშვნელოვან წილად მათზეა მიბმული.
სიტუაციის პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე (იგულისხმება დასავლეთის უკან დახევა პოსტ-საბჭოთა სივრციდან, თურქეთის მიმდინარე ტრანსფორმაცია, ახალი რუსული მილსადენები და ა.შ.) ამერიკელებმა შეიძლება ფორმულაზე “ყველა მინუს რუსეთი” დაფუძნებული სამხრეთკავკასიური პროექტები საერთოდ მიხურონ; ენერგეტიკულ ასპექტში “British Petrolium-ის სავარაუდო “მემკვიდრეობის” პრობლემა ამის გაკეთებისთვის საკმაოდ ხელსაყრელ საბაბს იძლევა. ყიდვა-გაყიდვა, გაფორმება-გადაფორმება ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური დეტალებია, მთავარი გადაწყვეტილების მიღებაა. თუ “BP-ის პოზიციებს რეგიონში, არა ანგლო-ამერიკული, არამედ რუსული ან რუსულ-ევროპული კომპანია დაიკავებს (ჩინურს თავი რამ დავანებოთ), რეგიონში ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნება.
დღეს ეს ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ამ ბოლო დროს ბევრი ადრე წარმოუდგენელი რამ ხდება. თუ მსგავსი რამ მართლაც მოხდება, ეს საქართველოსთვის და მისი ახალი ელიტისთვის, რომელიც დასავლეთისთვის შესასრულებელი სატრანზიტო ფუნქციის იდეაზე (თუ მითოლოგიაზე?) აღმოცენდა, ისეთ ფუნდამენტურ ცვლილებებს მოასწავებს, რომელთა მასშტაბს დღეს, ალბათ, ვერც წარმოვიდგენთ.
 
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here