Home რუბრიკები პოლიტიკა კოკო გამსახურდია: ხაინდრავასა და გაჩეჩილაძეს კონიუნქტურის შეეშინდათ

კოკო გამსახურდია: ხაინდრავასა და გაჩეჩილაძეს კონიუნქტურის შეეშინდათ

სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკაზე ოცნებით რუსთაველის გამზირის პიკეტირებას ახდენს, რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიონერი ალექსანდრე ებრალიძე მომავალ პრეზიდენტობაზე ოცნების კოშკებს აგებს. ის მიზნის მისაღწევად 200 მილიონის ჩადებას გეგმავს ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს ის თანხა არაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად გამოდგება. როგორც მოძრაობა «თეთრების» ლიდერი, ბატონი თემურ შაშიაშვილი ამბობს, ეს თანხა საკმარისია, რომ ამ პერსონის კართან პოლიტიკური პარტიების დიდი რიგი დადგეს. მრავალი პოლიტიკოსი უარს არ იტყვის, აიღოს ფული, რათა იცხოვროს ფუფუნებით და იაროს ძვირადღირებული მანქანებით. «საქართველოში პოლიტიკა იქცა ბიზნესად, ყველა ბიზნესი გაჩერებულია და მხოლოდ პოლიტიკური ბიზნესი მუშაობს, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი. – უცხოეთში მცხოვრებ ბევრ ქართველ მილიონერს, დაფინანსებული ჰყავს ის პარტიები, რომლებიც დღეს ასპარეზზე არიან.»
ბათუმში გაზრდილი ალექსანდრე ებრალიძე ოცდაათი წელია, რუსეთში მოღვაწეობს და ბოლო დრომდე მისი სახელი მხოლოდ პიტერის კრიმინალურ წრეებში თუ იყო ცნობილი თიკუნით «ალიკ-ბაზარით». ქართული საზოგადოება მისი პიროვნებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ვლადიმერ ხომერიკთან, ლევან პირველთან და ბადრი მელაძესთან ერთად დააფუძნა მსოფლიოს ქართველთა კონგრესი და ვენაში პირველი კონფერენციაც მოაწყო. აქედან მოყოლებული, ქართული ტელევიზიები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი პიარით არიან დაკავებულნი და ზოგიერთი მაუწყებლობა დღის მთავარ გამოშვებას სწორედ ალექსანდრე ებრალიძის პიროვნებისადმი მიძღვნილი სიუჟეტით იწყებს.

«როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწყობს, მისგან ახალი იგორ გიორგაძე შექმნას. სააკაშვილისთვის დღეს კომპოტია იმ პიროვნების პროპაგანდა, რომელიც ლაპარაკობს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, – მიიჩნევს თემურ შაშიაშვილი და დასძენს: – ალექსანდრე ებრალიძეს კონსტიტუცია წაკითხულიც არ აქვს, პოლიტიკის აზრზე არ არის, ორჯერ ნასამართლევია. მას არ იცნობენ პეტერბურგის ცნობილი თეატრების ხელმძღვანელები: ალისა ფრეინდლიხი, იური ალექსანდროვი, გერგიევი. რამდენი ხანია, თემურ ჩხეიძე პეტერბურგის ერთ-ერთ წამყვან თეატრს უდგას სათავეში და ეს პიროვნება მისი გაცნობით არც კი დაინტერესებულა.

ამ ადამიანის მთავარი ჰობი შენობების ყიდვაა და ბოლო დროს შეიძინა შერემეტიევის სასახლე, რითაც ქართველ ხალხს რუსეთში კიდევ უფრო გაუფუჭა საქმე. მის მიმართ რუსები ზიზღს გრძნობენ და არცაა გასაკვირი. რომელიმე რუსმა დადიანების სასახლე რომ იყიდოს, რა განწყობა გვექნება მის მიმართ?»

სანამ ხელისუფლება ახალი გიორგაძის პორტრეტის შექმნითაა დაკავებული, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ებრალიძესთან კონტაქტებს ამყარებენ. მის გვერდით პირველად პარტია «თავისუფლების» ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და «მრეწველი» ზურაბ ტყემალაძე გამოჩნდნენ. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა, რას ეძებდნენ აღნიშნული პიროვნებები ვენაში და რა იყო მათი მიზანი, როცა მსოფლიოს ქართველთა კონგრესში ალექსანდრე ებრალიძეს დაუმშვენეს გვერდი.

საკითხის უკეთ გასარკვევად კონსტანტინე გამსახურდიას დავუკავშირდით.

– ბატონო კონსტანტინე, თქვენ იმყოფებოდით ვენაში ე.წ. მსოფლიო ქართველთა კონგრესზე. რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა?

– შეხვედრის თემა იყო საქართველო სააკაშვილის შემდეგ და ჩატარდა იმ მიზნით, რომ მიწვეულ სტუმრებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველო მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას. აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო ავსტრიის პარტია «თავისუფლების» მიერ და ესწრებოდა ამ პარტიის თავმჯდომარე, ავსტრიის პარლამენტის წევრი ჰანს-ქრისტიან შტრახე. აქ იყვნენ, აგრეთვე, ამ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი და სტუმრები რუსეთიდან. ორი სხდომა გაიმართა და ორივეს მე ვხელმძღვანელობდი, რადგან მიმყავდა გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებზე.

– ავსტრიის მხარეს რა დაინტერესება აქვს, რომ მსგავს შეხვედრებს უწევს ორგანიზებას?

– მართალია, ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ არ არის დაინტერესებული რუსეთთან კონფრონტაციითა და ცივი ომით, რაც მის უსაფრთხოებას და უშიშროებას ემუქრება. უკანასკნელ ხანებში ცხადი გახდა, რომ საქართველო ისეთი ტერიტორიაა, ისეთი რეგიონია, სადაც შესაძლოა, მოხდეს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესთა შეჯახება. ავსტრიის მთავრობას კი, ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების დიდ უმრავლესობას, ხელს არ აძლევს ამ სახელმწიფოსთან კონფრონტაცია. მათ ურჩევნიათ, რუსეთთან გაარკვიონ ურთიერთობა, რადგან ევროპას პირდაპირი ინტერესი აქვს მისი ენერგომატარებლების მიმართ. ამასთან, უზარმაზარი ფული აქვთ ჩადებული რუსეთში (მათ შორის, ბევრ ავსტრიელს) და, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და ევროპა გადავლენ ცივი ომის მდგომარეობაში, უდიდესი დანაკარგი ექნებათ. ამიტომ

დაპირისპირება არავისთვისაა ხელსაყრელი და მიხეილ სააკაშვილი გვატყუებდა, როცა გვეუბნებოდა, რომ ცხინვალის გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. სწორედ ესაა ამ შეხვედრის მიზეზი.

– აღნიშნულ კონფერენციაზე მხოლოდ თქვენ და ზურაბ ტყემალაძე გამოჩნდით. კიდევ რომელი პოლიტიკოსები იყვნენ მიწვეულები?

– მიწვეულები იყვნენ ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა. თავდაპირველად დათანხმდნენ, მაგრამ ბოლო დღეს გადაიფიქრეს. როგორც ჩანს, ხაინდრავას და გაჩეჩილაძეს გარკვეული კონიუნქტურის შეეშინდათ.

– როგორც ცნობილია, ამ შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ, აგრეთვე, ლევან პირველი და ალექსანდრე ებრალიძე. ამან არ იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე?

– ლევან პირველი ვენაში ცხოვრობს. მას გარკვეული ურთიერთობები აქვს ამ პარტიის წევრებთან. რაც შეეხება ებრალიძეს, ჩემი ინფორმაციით, ის ისეთივე სტუმარი იყო, როგორც ყველა დანარჩენი.

 

– ლევან პირველი მკვლელობაშია ბრალდებული, ამასთან, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, ბევრით ვერაფრით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი და ამჟამად რამდენად შეუძლია, ვენიდან ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას შეუწყოს ხელი?

– საქართველოში მომავალში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც გაარკვევს ლევან პირველის ბრალეულობას და დარწმუნებული ვარ, თავისი ნებით წარდგება ამგვარი სასამართლოს წინაშე, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. როგორც ვიცი, იგი არ აღიარებს ამ დანაშაულს.

– დამნაშავეთა უმრავლესობა არ ცნობს საკუთარ ბრალეულობას…

– სწორედ ამისთვის არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ დაადგინოს სიმართლე.

– ალექსანდრე ებრალიძის შემთხვევაში გარკვეულია ყველაფერი, ის არ უარყოფს, რომ ორჯერ ნასამართლევია.

– დიახ, ამბობენ, მაგრამ ამ საქმეებს არ ვიცნობ.

– ბატონო კონსტანტინე, ამ პიროვნებას სურს, ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას შეუწყოს ხელი და ფული ჩადოს ქართულ პოლიტიკაში, არ დაინტერესდით ვინაა, რას წარმოადგენს?

– ეს მისი საქმეა.

– თქვენ არ დაგაინტერესათ იმ პიროვნებამ, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე აპირებს გამოსვლას?

– მე არ მეტყობა დაინტერესება.

– ალექსანდრე ებრალიძე ღიად საუბრობს, რომ 200 მილიონის ჩადებას აპირებს პოლიტიკაში, არადა, ყველა პარტიას სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. ცუდი რა არის იმაში, რომ რომელიმე ბიზნესმენმა, თუნდაც, ამ პიროვნებამ თქვენი პარტია დააფინანსოს?

– მე ვარ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე, ის – საპრეზიდენტოსი. ამდენად, მე ეს საკითხი არ მაინტერესებს.

– მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა გაქვთ, მან მაინც მიგიწვიათ კონფერენციაზე, რატომ?

– მე ასეთი შეკითხვები არ მიმაჩნია სერიოზულად და კორექტულად. სხვათა შორის, რაც შეეხება რუსულ ფულს, კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის გეკითხათ, როგორ შეავსო კახა ბენდუქიძის საშუალებით საქართველოს ბიუჯეტი რუსული ფულით.

– ვენაში უკვე ორი კონფერენცია ჩატარდა. გარკვეულ შედეგზე თუ შეგიძლიათ საუბარი?

– შედეგზე საუბარი ძნელია.

– მაშ, რა აზრი აქვს ამ შეხვედრებს?

– ეს არის ერთგვარი დიალოგი, რომელსაც ავსტრია შუამავლობს, რადგან დღეს რუსეთ-საქართველოს შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ერთადერთი შედეგი ეს შეიძლება იყოს.

– ანუ აღდგეს ძველი ურთიერთობები?

– ადრინდელი ფორმატითა და დონით ვერ აღდგება, მაგრამ საჭიროა ურთიერთობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მაგალითად, ამ შეხვედრაზე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ჩვენგან გამორიცხულია იმ ახალი რეალობების აღიარება, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში შექმნა.

– ებრალიძემ რაზე ისაუბრა ამ შეხვედრაზე?

– მოკლე სიტყვა თქვა და, როგორც მახსოვს, არც ის იყო მზად ამ ახალი რეალობების აღიარებისთვის.

– რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად არის მზად, აკეთოს ქართული პოლიტიკა, მიუხედავად თავისი ქურდული წარსულისა?

– ყველას აქვს უფლება, თქვას, რომ სურს, ემსახუროს თავის ქვეყანას. ისე, ძალიან მაინტერესებს მისი პასუხები თქვენს კითხვებზე.

– მან არა ერთხელ ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და ღიად განაცხადა, რომ სურს საქართველოს პრეზიდენტობა.

– ბადრი პატარკაციშვილსაც შესაძლებლად მიაჩნდა საქართველოს პრეზიდენტობა, თუმცა, კარგად იცით, როგორ დასრულდა მისი სურვილი.

 

ესაუბრა ნათია ქადაგიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here