Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ტოლსტოი: გაერთიანებული შტაბის დებულებამ მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ძალების ხელმძღვანელობას ჩამოაშორა

ალექსანდრე ტოლსტოი: გაერთიანებული შტაბის დებულებამ მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ძალების ხელმძღვანელობას ჩამოაშორა

«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ალექსანდრე ტოლსტოისთან სპეციალისტების ყურადღება მიიქცია. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში ნაწრთობი პოლკოვნიკის მოსაზრებები განსაკუთრებით საინტერესო იმითაც იყო, რომ იგი არა ზედაპირულად, არამედ პროფესიონალი სამხედრო მზვერავის პოზიციიდან აფასებდა საქართველოს სამხედრო სფეროში არსებულ მდგომარეობას. გრუ-ს პოლკოვნიკი თავშეკავებით გამოთქვამდა შენიშვნებს, რომელთა ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებლობამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნის შეიარაღებული ძალები. დღეს დაპირებისამებრ გაგაცნობთ ბატონ ალექსანრდე ტოლსტოის მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ლაფსუსები სამხედრო კანონმდებლობაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ინტერვიუში გამოთქმული შენიშვნები დაზვერვის პოლკოვნიკმა წერილობით გაუზიარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, თუმცა, როგორც ჩანს, დღევანდელი პოლიტიკური პროცესებით დაკავებულმა პირველმა კანონმდებელმა ამ მიმართვების გასაცნობად ვერ მოიცალა. სამხედრო კანონმდებლობა სასწრაფო მიხედვას საჭიროებს და ამის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი ამ ინტერვიუს ყურადღებით წაიკითხავთ.
– ბატონო ალექსანდრე, პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილებში თქვენ იმ საკანონმდებლო ლაფსუსებზე მიუთითებდით, რომელთა გამოსწორება საშურ საქმედ მიგაჩნიათ. მართალია, მისი მაღალი ყურადღება ვერ დაიმსახურეთ, მაგრამ, იქნებ, ჩვენც გაგვიზიაროთ, კონკრეტულად რა და როგორ უნდა შეიცვალოს?

– მართალი გითხრათ, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უყურადღებობა არ მიკვირს. მაგრამ მე ხომ პირადი თხოვნით არ მიმიმართავს ბატონი დავით ბაქრაძისთვის, საქვეყნო საქმე მალაპარაკებს. გადაავლეთ თვალი კანონებს «საქართველოს თავდაცვის შესახებ», «სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ», აგრეთვე, «თავდაცვის სამინისტროსა» და «გაერთიანებული შტაბის» დებულებებს და ადვილად მიხვდებით, რომ ისინი სამხედრო საქმეში ჩაუხედავმა ადამიანებმა შეადგინეს სამხედრო ხელოვნების, კანონებისა და წესდებების სრული უგულებელყოფით. წინადადებათა უმრავლესობა გაუმართავი და სამხედრო ტერმინოლოგიისგან დაცლილია. მრავლადაა გამეორებები უფლებამოსილებებში, ზოგიერთი მათგანი კი წინააღმდეგობრივია.

– იქნებ, მაგალითებიც მოვიშველიოთ ჩვენი საუბრის არგუმენტირებისთვის…

– კი ბატონო, კონკრეტული მაგალითებიც ვნახოთ:

«თავდაცვის სამინისტროს დებულების» პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, «თავდაცვის მინისტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის… და საქართველოს მთავრობის წინაშე…», ხოლო მესამე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, «…იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის წინაშე»; ამავე დებულების მესამე მუხლის მესამე ი) პუნქტის თანახმად, მინისტრი «დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით», ხოლო კანონით «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» ეს უფლება მინიჭებული აქვს გაერთიანებული შტაბის უფროსს (მ.38, პ.9);

«საქართველოს თავდაცვის შესახებ» კანონის მეცხრე მუხლის ა) პუნქტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციაში შევიდა:

«ა) …საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა»;

«დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება».

შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა უნდა დაეკისროს პრეზიდენტს, უშუალო – თავდაცვის მინისტრს, ხოლო ოპერატიული მართვა – გენერალური შტაბის უფროსს, სამოქალაქო ოფისმა კი მინისტრის განკარგულებები და დავალებები უნდა შეასრულოს.

გაუგებარია, აგრეთვე, თუ რატომ ეწოდა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გაერთიანებული შტაბის სახელი. შეიარაღებული ძალების შემადგენელი ჯარების სახეობებს ხომ ჰყავთ სარდლები და შტაბები თავიანთი უფროსებით?

მაშინ რაღას აერთიანებს გაერთიანებული შტაბი?

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს (#462) ბრძანებულებით გაერთიანებულ შტაბს გადაეცა გენერალური შტაბის მხოლოდ უფლებამოსილებები, ხოლო პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ისევ მას დარჩა. ფაქტობრივად, «შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი» არ გაუქმებულა.

არც ერთ კანონში მკაფიოდ არ არის ჩაწერილი უმაღლესი მთავარსარდლის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის უფლებები, მოვალეობები და მათი პირადი პასუხისმგებლობა ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისას.

მე პარლამენტის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემეული ვარიანტი, თუ როგორ უნდა დაფიქსირდეს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის უფლებები და მოვალეობები თავდაცვის სფეროში. თუკი ბატონი დავით ბაქრაძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავს შეიწუხებენ და გაეცნობიან ამ წინადადებებს, ისევ ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო.

კარგად მესმის, რომ სახელმძღვანელო დოკუმენტების და, მით უმეტეს, კანონების შექმნა არ არის ერთი პიროვნების საქმე, მაგრამ ზემოთ დასახელებული კანონების ძველებურად დატოვება, უბრალოდ, სირცხვილია, უფრო სწორად, სახიფათოა. აღარაფერს ვამბობ კანონებზე «საგანგებო» და «საომარი მდგომარეობის შესახებ», რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ და მხოლოდ პირველი მუხლებით განსხვავდება.

– ეს რაღაც ახალია… წარმოუდგენელ რამეს ამბობთ, ორი დამოუკიდებელი კანონი ერთმანეთისგან მხოლოდ პირველი მუხლებით განსხვავდება?

– დიახ, სამწუხაროდ, ასეა.

სამხედრო საკანონმდებლო აქტები (კანონები, დებულებები, წესდებები და სხვა) მკაფიოდ და ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს სამხედრო უწყებების სხვადასხვა სტრუქტურის ურთიერთდამოკიდებულებას, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს, მოვალეობებს და ქცევის წესებს, სამხედრო ნაწილსა და მის ქვედანაყოფებში შინაგან წესრიგს, აგრეთვე, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობისადმი.

ჩემი აზრით, სამხედრო საკანონმდებლო აქტების ავტორების ზედაპირულმა წარმოდგენამ არმიაზე, მის დანიშნულებაზე და, საერთოდ, სამხედრო საქმეზე უარყოფითად იმოქმედა ჯარის დისციპლინაზე, მის საბრძოლო მზადყოფნაზე.

თქვენ ორი კანონის მსგავსება გაიოცეთ, მე კი უფრო მეტსაც გეტყვით: მათ მიერ მომზადებულმა დოკუმენტებმა ერთმანეთს დაუპირისპირა სამხედრო წესდებები დებულებებს, დებულებები – კანონებს, კანონები – კონსტიტუციას, კონსტიტუცია – რეალობას.

– ბატონო ალექსანდრე, სულ მალე საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება და, იქნებ, მისთვისაც მიგემართათ. კვალიფიციური იურისტები უფრო მიხვდებიან თქვენს საწუხარს, ვიდრე პოლიტიკოსები, რომლებმაც ქვეყნის კონსტიტუცია საკუთარ თარგზე გამოჭრეს…

– კარგია, რომ კონსტიტუციას ყურადღებას მიაქცევენ. ალბათ, თქვენს რჩევასაც გავითვალისწინებ. რაც შეეხება კონსტიტუციის საკუთარ თარგზე გამოჭრას, ისე მაინც გამოეჭრათ, რომ თავადვე არ დაბნეულიყვნენ.

კონსტიტუციაში შეტანილმა ტერმინებმა «სამხედრო ძალები» და «მხედართმთავარი» საეჭვო გახადა სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობები, დააბნია აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები და მაშინდელი შტაბის უფროსი ზაზა გოგავაც: მათ ზუსტად არ იცოდნენ, ვინ ხელმძღვანელობდა ჯარებს – გენერალური შტაბის უფროსი (კანონით) თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი (დებულებით), ვინ იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას – სამხედრო ძალები (კონსტიტუციით) თუ შეიარაღებული ძალები (კანონით და დებულებით)?

მოქმედი სამხედრო საკანონმდებლო აქტები წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია. ხელმძღვანელი თანამდებობის პირები დარჩნენ კონკრეტული პასუხისმგებლობის გარეშე. არ არსებობს დებულებები «სამხედრო ძალების», «უმაღლესი მთავარსარდლის» შესახებ.

კონსტიტუციის 73-ე და 98-ე მუხლების თანახმად, აგვისტოს მოვლენების დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაეცვა სამხედრო ძალებს, რომლის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ შეიარაღებული ძალები და სასაზღვრო პოლიცია (კანონი «საქართველოს თავდაცვის შესახებ», მ.8, პ.1), მისთვის უნდა ეხელმძღვანელა უმაღლეს მთავარსარდალს, რომელიც მართვას განახორციელებდა სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის მეშვეობით.

– მაგრამ, როგორც თქვენ აცხადებთ, რეალურად ეს სტრუქტურა დანგრეულია, თანამდებობების პირთა უფლებები და მოვალეობები კი – არეული…

– ამიტომაც გაუგებარია, ვინ აგებს პასუხს კონკრეტულად 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე, რადგან იგივე კანონი განმარტავს, რომ:

«საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი…» (მ.9, პ.6) და

«7. გენერალური შტაბი» (შეიარაღებული ძალების);

«გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას»;

ესე იგი, რა გამოდის, კანონის – «საქართველოს თავდაცვის შესახებ» – მეცხრე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობამ დაჩრდილა სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა, ხოლო მეშვიდე გ) პუნქტმა კი საერთოდ წაართვა მას სამხედრო ძალების მართვის უფლება. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა და «საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულებამ» უმაღლესი მთავარსარდალიც ჩამოაშორა სამხედრო ძალების ხელმძღვანელობას და სარდლების დანიშვნის უფლებაც კი ჩამოართვა:

«1. გაერთიანებული შტაბის უფროსი»;

«ბ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს» (მ.4, პ.1, კ).სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და სარდლების დანიშვნა (ოპერატიულ გაერთიანებებს სარდლები ხელმძღვანელობენ და არა – მეთაურები) ხომ პრეზიდენტის პრეროგატივაა. და კიდევ: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის უმაღლესი მთავარსარდლის ხელქვეითი, კი არ უნდა ურჩევდეს პრეზიდენტს, არამედ უნდა მოახსენებდეს, უპატაკებდეს, წარუდგენდეს და ა.შ., ხოლო მრჩევლის სტატუსი მას აძლევს თავის მართლების და პრეზიდენტზე პასუხისმგებლობის გადაბრალების საშუალებას.

ცნობისათვის: ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების კომიტეტის თავმჯდომარე ითვლება შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო პირად.

ამ დოკუმენტის ავტორებს ერთმანეთში აერიათ ხელმძღვანელობისა და შტაბის ფუნქციები. ჯარებს ხელმძღვანელობენ სარდლები, მეთაურები, ხოლო შტაბებს – უფროსები. მათ დაავიწყდათ, რომ შტაბი არის ჯარების მართვის ძირითადი ორგანო და თავის საქმიანობას განახორციელებს სარდლის (მეთაურის) გადაწყვეტილებისა და ზემდგომი შტაბის განკარგულების საფუძველზე.

– საუბრის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ იმ გაურკვევლობებზე, რაც «საქართველოს თავდაცვის შესახებ» კანონში შეინიშნება…

– დიახ, გარდა ამ გაურკვევლობებისა, რაც უკვე მოგახსენეთ, ბუნდოვანია კანონის «საქართველოს თავდაცვის შესახებ» მერვე მუხლის პირველი პუნქტის განმარტებაც საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის შესახებ:

«1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან» (მ.8, პ.1).

ამ პუნქტის პირველი წინადადება გაუგებარია. სიტყვა «შედგება» ხომ მოითხოვს ორი ან მეტი საგნის (სუბიექტის) დასახელებას?

საკვირველია, აგრეთვე, სასაზღვრო პოლიციის გათანაბრება შეიარაღებულ ძალებთან. რა ძალები და საშუალებები აქვს სასაზღვრო პოლიციას (რომელიც სახელდება როგორც დაწესებულება), რომ მან შეძლოს, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა? ვინ დაუსახა მას ასეთი ამოცანა?

ამავე მუხლის მეორე პუნქტი განმარტავს, რომ:

«საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება:

ა) სახმელეთო ჯარებისაგან;

ბ) სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან;

გ) სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან» (კანონი «საქართველოს თავდაცვის შესახებ»).

რაღა დარჩა გასაერთიანებელი? თუ სახელის გადარქმევა აუცილებელი იყო, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა, გენერალურ შტაბს მთავარი შტაბი დარქმეოდა.

ცნობისათვის: შეერთებულ შტატებში «გაერთიანებული შტაბი» წარმოადგენს შტაბების უფროსების კომიტეტის მუშა ორგანოს; ნატოს ბლოკში «გაერთიანებული შტაბი» ემორჩილება სამხედრო დაგეგმარების მუდმივ კომიტეტს და წარმოადგენს მის აღმასრულებელ ორგანოს.

ამ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით შემომაქვს წინადადებები, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მეოთხე და 98-ე მუხლის მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციებით:

«პრეზიდენტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. იგი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს შეიარაღებული ძალების გენარალური შტაბის უფროსს, სარდლებს» (მ.73, პ.4).

«ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები» (მ.98, პ.2).

ტერმინის «სამხედრო ძალები» ტერმინით «შეიარაღებული ძალები» შეცვლით ჯარის ორგანიზაციული სტრუქტურა ლოგიკური ხდება და ემთხვევა სხვა ქვეყნების ჯარების ორგანიზაციულ სტრუქტურებს. თითქმის ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს დაცვა ევალება შეიარაღებულ ძალებს და სხვა სამხედრო (თუ გასამხედროებული) ფორმირებები ავტომატურად შედიან შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საომარი მდგომარეობის ან საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისთანავე.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, კონსტიტუციასა და კანონში «საგანგებო მდგომარეობის შესახებ» ზუსტად განისაზღვროს ჯარის გამოყენების მიზანი და ფორმა, რადგან ეს საკითხი ამ დოკუმენტებში დაკონკრეტებული არ არის.

მაგალითად: საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ჯარის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად (მ.98, პ.2), რაც შეესაბამება «საომარ მდგომარეობას», მაგრამ «შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულება» (მ.2, პ.ბ) კი შესაძლებელს ხდის არმიის გამოყენებას «საგანგებო მდგომარეობის» დროსაც;

«გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანებია»:

«საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარების სახეობების ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი…»

ბუნდოვანია, აგრეთვე, კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი თ) პუნქტის მოთხოვნები «საგანგებო მდგომარეობის» გამოცხადების შემთხვევაში:

«ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას».

გაუგებარია:

რატომ ცხადდება «საგანგებო მდგომარეობა» და არა «საომარი მდგომარეობა» «ომიანობის» თუ «ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის» შემთხვევაში;

იქნება თუ არა გამოყენებული ჯარი «მასობრივი არეულობის» შემთხვევაში.

 

ესაუბრა ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here