Home რუბრიკები პოლიტიკა ჯიმი ჯალიაშვილი: ამერიკა ცვლის თავის მილიტარისტულ სტრატეგიას და პოლიტიკური ასპარეზობის ახალ ეტაპზე...

ჯიმი ჯალიაშვილი: ამერიკა ცვლის თავის მილიტარისტულ სტრატეგიას და პოლიტიკური ასპარეზობის ახალ ეტაპზე გადადის…

861

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებას საერთაშორისო ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ქართული დიპლომატიის არაადეკვატურობად აფასებს. ირიბად, მაგრამ თითქმის იმავე მოსაზრებას გამოთქვამენ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, რომელთა ურყევი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებს ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის არახელსაყრელობაზე. ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ამ პოზიციის მქონე დიპლომატთა ვინაობა, ხოლო ის განცხადებები, რომელთა დაბლოკვაც «ნაცმოძრაობის» მიერ ოკუპირებულმა ტელემედიამ ვერ შეძლო, კრემლის პოზიციის «დასავლურ გახმიანებად» შეირაცხა… რეალობა კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს – დასავლეთი, უფრო სწორად, ევროპა, რომელიც ზომიერი პოლიტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს, თავის შეფასებებში ერთობ რაციონალურია. ეს ნიშნავს, რომ მისთვის, ამერიკისგან განსხვავებით, საქართველო არ წარმოადგენს კრემლის წინააღმდეგ სამოქმედო ბერკეტს, რაც თავისთავად გამორიცხავს რუსეთთან რაიმე ტიპის დაპირისპირებას…
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი, როგორც ჩანს, არ სურს, გაიგოს, რომ ევროპა ვერ იქნება კრემლთან მიმართებაში რადიკალური, რომ ეს ოდითგანვე ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება მის გეოსტრატეგიულ ინტერესებს… ჩვენი დიპლომატიის არაადეკვატურობაც, შეიძლება ითქვას, ამ ესოდენ მცდარ შეხედულებებშია, რომლის ბრმა «ერთგულებამაც» მყისიერად მიგვიყვანა უმძიმეს პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობამდე… გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ჯიმი ჯალიაშვილთან, რომელიც ქართული დიპლომატიის არაადეკვატურობას კვალიფიციური კადრების არარსებობით ხსნის.

– ბატონო ჯიმი, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, იქნება ეს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ჩვენი დიპლომატების არაადეკვატურობით ხსნიან. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ეს მიდგომა და, საერთოდ, რამდენად არის ქართული დიპლომატია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული?

– ცენტრალური ხელისუფლების ძირითადი მიზნების განხორციელებაში დიპლომატიური კორპუსის როლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის სტრატეგიისა და სტრატეგიული კურსის შეცვლა შეძლოს. ეს აღემატება დიპლომატის შესაძლებლობებს.

ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად კვალიფიციური და გამოცდილები არიან ჩვენი დიპლომატები…

პოსტსაბჭოთა სივრცეს რომ შევხედოთ, ყველაზე დახვეწილი დიპლომატიური უნარით რუსეთი გამოირჩევა, რადგან მას ოდითგანვე ჰქონდა შესაბამისი სასწავლებლები და დიდ გამოცდილებასაც იღებდნენ…

ჩვენთან რა კრიტერიუმებით ნიშნავენ დიპლომატებს, გაუგებარია და, რაც ყველაზე საყურადღებოა, დავალება, რასაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს დიპლომატებს, პრაქტიკულად განუხორციელებადია.

ამაზე მეტყველებს ის წარუმატებლობა, რომელიც საქართველომ, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის დროს და შემდეგაც განიცადა საერთაშორისო ასპარეზზე…

– თქვენ დიპლომატების კვალიფიკაცია ახსენეთ… ამ რამდენიმე ხნის წინათ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა ლომაიამ (რომელსაც, როგორც ამბობენ, არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არ გააჩნია) საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა პან გი მუნის მოხსენება საქართველოს კონფლიქტური რეგიონების შესახებ. ოპოზიციის ლიდერებმა ეს განცხადება საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვად შეაფასეს…

– ჩვენთან დიპლომატიის აკადემია არსებობს, საკმაოდ დიდი ხნის წინათ გაიხსნა, მაგრამ ჯერ არ გამიგია გვარი, რომელიც დიპლომატიის სამსახურში დგას ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ.

რაც შეეხება იმას, რომ ერთსა და იმავე პიროვნებას შეუძლია, განათლების სამინისტრო მართოს, იყოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და ელჩი ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, როგორიც გაეროა, ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. როგორც ჩანს, ამათ დიპლომატიაზე ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვთ, ჰგონიათ, რომ, რაც უფრო მეტ მწვავე განცხადებას გააკეთებენ და რაც უფრო მძაფრად გააკრიტიკებენ რომელიმე სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, რუსეთს, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ… არადა, დიპლომატიის ფუნქცია არ არის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გამწვავება, კონფრონტაცია და შუღლი, პირიქით: დიპლომატიის უპირველესი ამოცანა კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარება და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირებაა. ეს არის ერთგვარი აქსიომა დიპლომატიის სფეროში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში კეთილგანწყობისა და, შესაბამისად, გავლენის მოპოვებას გულისხმობს, თუმცა საქართველომ რა დიპლომატიური გავლენა უნდა მოიპოვოს სხვა ქვეყანაში, როცა საკუთარი ტერიტორიის ერთ მესამედზე კონტროლი დაკარგული აქვს?!

მე წავიკითხე კახა ლომაიას განცხადება პან გი მუნის მოხსენების თაობაზე და უნდა ითქვას, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემების გაეროში გადატანის მორიგი მცდელობა. ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მშვიდობიან გზებზე, საუბარია მხოლოდ ზეწოლის გაძლიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი დიპლომატიური კურსის არაადეკვატურობას…

– საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის გრიგოლ ვაშაძის კრიტიკაც, უწინარესად, იმიტომ, რომ იგი რუსეთის მოქალაქეა…

– ის, რომ გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, არა მგონია, ქართული დიპლომატიისთვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში დაბადებულან და უკეთებიათ ქართული საქმე; და პირიქითაც – საქართველოში დაბადებულები რუსეთის სამსახურში მდგარან, თანაც, პირნათლად… ასე რომ, გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებისთვის მიუღებელი შეიძლება იყოს არა იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკა, რომელსაც ის ემსახურება, მცდარი და ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

ამასთან, მისი საუბრის ტონი და მანერა სრულიად არ თავსდება დიპლომატიის ჩარჩოებში. ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებსაც ბატონი ვაშაძე რუსი პოლიტიკოსების მიმართ ხშირად იყენებს, მის არაკვალიფიციურობასა და პოლიტიკურ უკულტურობაზე მეტყველებს…

– დასაწყისში ახსენეთ, რომ დიპლომატიური კორპუსი ქვეყნის სტრატეგიულ კურსს ვერ შეცვლის. იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, სად გადის დიპლომატიის შესაძლებლობების ზღვარი და რა კორექტივების შეტანა შეუძლია მას ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკურ ორიენტაციაში?

– უპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების რიტორიკა, რომელზეც დიპლომატიურ კორპუსს, რა თქმა უნდა, შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. უფრო მეტიც, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობა ქუჩური რიტორიკით საუბრობს და როცა კეთდება მუქარის შემცველი განცხადებები მეზობელი სახელმწიფოს მისამართით, დიპლომატიური კორპუსი პირდაპირ ვალდებულია, ხელისუფლებას ტონის შერბილებისკენ მოუწოდოს; ხოლო როცა პირიქით ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით, რა არის პოლიტიკა…

ამ თვალსაზრისით ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს მომავალში დაემუქრება. ვთქვათ, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდა ის ხალხი, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს. რა გარანტიები არსებობს, რომ მათი მმართველობის პირობებში კიდევ უფრო მწვავე კონფრონტაციულ ურთიერთობას არ მივიღებთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან?! ჩვენ ხომ არ ვიცით, ისინი რა გზებით აპირებენ კრემლთან საერთო ენის გამონახვას?! იქნებ, ურთიერთობის დარეგულირებაში კიდევ უფრო შემტევი პოლიტიკის გატარებას გულისხმობენ ან, იქნებ, კრემლისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს მათი სტრატეგიული კურსი?! ეს ის საკითხებია, რომელთა გაუთვალისწინებლობამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა კატასტროფის ზღვრამდე და იმავე შეცდომების გამეორება შეიძლება საბოლოო წერტილი აღმოჩნდეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობისთვის…

სააკაშვილის შეცდომებზე მომავალ ხელისუფლებას ბევრი რამის სწავლა შეუძლია. ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის ძალის გამოყენებით აღდგენაზე წავედით… ამ ხელისუფლებამ, როცა შეიარაღებულ თავდასხმას იწყებდა, ვერ გაითვალისწინა, რომ სამაჩაბლოში გაეროს მანდატით აღჭურვილი რუსეთის სამშვიდობო ძალები იდგნენ, რომელთა მიმართულებით, თუნდაც ერთი ტყვიის გასროლა გაეროს წინააღმდეგ ომის დაწყებას ნიშნავდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მსუბუქი შედეგი მივიღეთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო საომარი რიტორიკით რუსეთის პროვოცირების შედეგად…

– გასაგებია, მაგრამ რუსი სამშვიდობოები ვერც სამაჩაბლოში და ვერც აფხაზეთში გაეროს მიერ დაკისრებულ ფუნქციას ვერ თუ არ ასრულებდნენ – იყო პროვოკაციები, გახშირებული თავდასხმები… რა გამოსავალი რჩებოდა ქართულ მხარეს?

– ის, რაც აგვისტოში მოხდა, არავითარ შემთხვევაში გამართლებული არ არის. საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეს ომი ჩვენთვის სრულიად არასასურველი შედეგით დამთავრდებოდა.

თავის მხრივ, რუსეთისთვისაც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ეს დაპირისპირება, რადგან ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა გვაკავშირებს, თანაც, არა ერთი და ორი მიმართულებით – საქართველო თითქმის ყველა მიმართულებით სამუდამოდ ჩაებეჭდა რუსეთის ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს…

დღეს უკვე ლაპარაკი იმაზე, რატომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილობად მიმაჩნია. ვინც საკითხს ასე სვამს, მან, უბრალოდ, არ იცის, რომ თანამედროვე მსოფლიო ძალასა და ძალისმიერ წესრიგზე აგებული სამყაროა.

რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ სავსებით ლოგიკურია – საქართველო კრემლს აძლევს რეალურ საბაბს, რომ შემოვიდეს და დაგვიპყროს… მისი საპასუხო ქმედებებიც სავსებით დროული და ადეკვატურია…

– ამ დღეებში რუსეთის მხრიდან საგანგებო განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო გამალებულ შეიარაღებას ეწევა. ქართულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ითქვა, რომ ქვეყნის მილიტარიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთთან მორიგი სამხედრო დაპირისპირება მოსალოდნელია?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ იქნება თუ არა მორიგი დაპირისპირება, ეს მეტწილად დამოკიდებულია რუსეთისა და ამერიკის შეთანხმებაზე. მე ვიცი, რომ «თეთრი სახლი» უკვე უარს ამბობს შეიარაღების გაზრდასა და იარაღის მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მილიტარიზაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი კრემლის დიპლომატიური ზემოქმედების შედეგია, მაგრამ ერთი რამ უდავო ფაქტია – ამერიკა ცვლის თავის მილიტარისტულ სტრატეგიას და პოლიტიკური ასპარეზობის ახალ ეტაპზე გადადის…

ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება – საქართველო ვეღარ გააგრძელებს მილიტარიზაციის იმ პროცესს, რომელიც სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო… შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ნაკლებია იმის საფრთხე, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება განახლდეს, თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვი, თუ საქართველო კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი გახდება, ომის საშიშროება თავისთავად გაიზრდება…

 

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here