Home რუბრიკები ისტორია ტერენტი ხუბუა: სამამულო ომი ჩემთვის წმინდა ომი იყო

ტერენტი ხუბუა: სამამულო ომი ჩემთვის წმინდა ომი იყო

759

2010 წლის 9 მაისს ფრანგ ვეტერანებს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 5 ათას  ევროსა და ერის სამადლობელ სიგელს გადასცემს. 9 მაისს ესპანელ ვეტერანებს ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი თავის სასახლეში უწყობს შეხვედრას და მათთვის მორიგი სოციალური პაკეტის შესახებ საგანგებო დეკლარაციას გამოსცემს. 9 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კრემლში აწყობს ბანკეტს და ეროვნულ დღესასწაულს მთელი ერი იზეიმებს. 9 მაისს ქართველი ვეტერანები აფეთქებული მემორიალით, შელახული ღირსებითა და იმ მათხოვრული პენსიით ხვდებიან, რომელიც შევარდნაძემ დაუნიშნა, სააკაშვილმა კი პატივი დასდო და არ გაუუქმა. 96 წლის კურსკის ბრძოლის გმირის – ტერენტი ხუბუას ისტორია იმითაა საინტერესო, რომ იგი ერთ-ერთია იმ 10 კაციდან, რომლებიც კურსკის ბრძოლის დროს სრული საარტილერიო ბატალიონიდან ცოცხალი გადარჩნენ. ტერენტი ხუბუა დიდი სამამულო ომის ვეტერანი და აფხაზეთიდან დევნილია. აი, რა გვიამბო მან:
– ომში წასვლამდე,  სოფელ გუდავაში სკოლის დირექტორი გახლდით, 1939 წელს სამხედრო სამსახურში გამიწვიეს და საარტილერიო სკოლაში გამამწესეს. იმ დროს ჯარი ოთხწლიანი იყო. კარგად მახსოვს, 1941 წლის 22 ივნისს კურსანტები ლვოვში გაგვანაწილეს. დილის 7 საათისთვის ჯერ არ ვიყავით ლვოვში შესული, რომ დაბომბვა დაიწყო. სისხლი თვალითაც არ მქონდა ნანახი, აფხაზეთის ერთი ზღვისპირა სოფლის  სკოლის დირექტორი გახლდით. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, 50 კურსანტი ვიყავით, სულ ყველა ჩემი ამხანაგი. ყველაზე უფროსი მე გახლდით – 27 წლის. დაბომბვის შედეგად ყველა ერთიანად ამოიხოცა, 50 კაციდან მხოლოდ ოთხი გადავრჩით –  ერთი რუსი, ერთი ბაშკირი, ორი ქართველი. ის მეორე ქართველი კონსტანტინე ბერიძე იყო, ჩემსავით ოფიცერი. მაშინ დავთქვით, რომ, თუ ერთ-ერთი მაინც გადავრჩებოდით, ერთმანეთის ოჯახებს მივხედავდით. ლვოვის მერე კოსტა აღარ მინახავს საქართველოში ჩამოსვლამდე. სხვადასხვა ნაწილში მოვხვდით. ომი რომ დასრულდა, 1945 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვედი და, სანამ ჩემებთან წავიდოდი სოფელში, პირველ რიგში, კოსტა ბერიძის ოჯახის მონახულება გადავწყვიტე. არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ, მხოლოდ – ის, რომ წყაროს ქუჩაზე ცხოვრობდა ნახალოვკაში. მოკლედ, თბილისში ჩასვლისთანავე დაკარგული მეგობრის ოჯახისთვის უნდა მომევლო და ვიპოვე ეს წყაროს ქუჩა, ბერიძეების სახლიც. ჰოდა,  ჩემი მეგობარი კოსტაც იქ არ დამხვდა! ჩემსავით ფეხში იყო დაჭრილი. კონსტანტინემ მითხრა, ვიყავი წასული სოფ. გუდავაში და დედაშენი და მამაშენი ვინახულეო. კოსტა იმის მერე აღარ დამიკარგავს – ჩემი ქალიშვილი მოვანათლინე. თვითონ უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ოჯახების ნათესაობა ახლაც გრძელდება.- ვიცით, რომ კურსკის ბრძოლის მონაწილე ხართ. ეს ბრძოლა ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპად არის მიჩნეული სამამულო ომის ისტორიაში.- იცით კურსკი რა იყო? – მეორე სტალინგრადი. 1943 წელს მოხდა ეს უსასტიკესი ბრძოლა და ჩემი ბატალიონიდან რადისტებიც კი არ გადარჩენილან. სულ ათიოდე მძიმედ დაჭრილი მეომარი გადარჩა, მათ შორის გადავრჩი მეც, მაგრამ მკითხეთ როგორ? გეტყვით, რაც მახსოვს. ამ ბრძოლის შემდეგ ნახევრადდაფლეთილი გორკის ჰოსპიტალში ვიწექი და კარგა ხანს გონს ვერ მოვდიოდი. გეტყვით, რაც დამრჩა მეხსიერებაში. მე მაშინ საარტილერიო ბატალიონის  მეთაური ვიყავი, 30-40 კმ-ის დისტანციაზე ვხსნიდით ცეცხლს და წინა ხაზს ვასუფთავებდით.მოხდა ისე, რომ ბატალიონი მთლიანად გამინადგურეს, არადა, უკან დახევის უფლება არ გვქოდა, ჩვენს უკან ჯარი იდგა. ბოლოს მარტო მე, რადისტი და ადიუტანტი დავრჩით. მეორე სანგარში გადავინაცვლეთ, რომ დაბომბვისგან თავი დაგვეცვა. მოკლედ, სანგრის გამოცვლა და იმ სანგარში ყუმბარის მოხვედრა ერთი იყო. ადიუტანტი და რადისტი იქვე დაიღუპნენ, ჩემ თვალწინ. მე წელს ქვემოთ ერთიანად მოვწყდი და ერთი ცხრა ადგილიდან გამასხა სისხლმა. ასე ვიყავი ორი საათი – გონება ხან მეკარგებოდა, ხან ისევ ვფხიზლდებოდი. ბრძოლა უკვე დასრულებულიყო, სანიტრები დადიოდნენ და მკვდრებს შორის ცოცხლებს ეძებდნენ. მე თურმე მკვდარი ვეგონე და ჩამიარეს, მაგრამ ერთ სანიტარს ჩემი გმინვა გაუგონია. ამომათრია გვამებიდან და მიუხედავად იმისა, რომ სხვა სანიტრები უებნებოდნენ, გზაში მოგიკვდება, ვერ ხედავ ხორცები ნაფლეთებად ჰკიდია, დატოვეო, მაინც არ დამტოვა. ამ კაცმა ოთხი კილომეტრი ზურგით მათრია.  წყურვილი მახრჩობდა, არადა, დალევა არ შეიძლებოდა. იარაღი საფეთქელზე დავადე და ვუთხარი, ახლავე წყალი დამალევინე, თორემ მოგკლავ-მეთქი. ძაან გავაწვალე გზაში, მაგრამ მაინც მიმიყვანა ნაწილამდე, იქიდან კი გორკის სამხედრო ჰოსპიტალში გადამაფრინეს. მერე ვეძებე ის სანიტარი და მოვნახე – ვასილი ონოპკო იყო. 1967 წლამდე ვმეგობრობდით და მიმოწერაც გვქონდა. მერე მისამართი დავკარგე და ვეღარ დავუკავშირდი.- ქუდბედიანი ადამიანი ყოფილხართ, ლვოვის 22 ივნისის დაბომბვას გადაურჩით, შემდეგ – კურსკის ბრძოლას…- კურსკი ყველაზე მძიმე იყო. ღმერთმა გადამარჩინა და მგონი, ვიცი რატომაც – 8 წლის გოგონას გამო. ეს კურსკამდე მოხდა, 1942 წელს, ლვოვის ერთ-ერთი ფრონტიდან იარაღის მისაღებად გამაგზავნეს მოსკოვში, ქვემეხები უნდა მიგვეღო. ჩვენი მატარებლით მივდიოდით, ღია ვაგონებით. ჩვენ წინ მიდიოდა მატარებელი ევაკუირებული ხალხით სავსე – ბავშვებით, ქალებითა და მოხუცებით.გერმანელებმა დაბომბეს ეს მატარებელი. სისხლის გუბეები იდგა, მატარებლის ბორბლები წითლად შეიღება. ჩვენი მატარებელი ნახევარი კილომეტრით ჩამორჩებოდა და დაბომბვა რომ დაიწყო, გავჩერდით.   უფროსობამ ორ ნაწილად დაგვყო: ერთ ნაწილს ცხედრები უნდა წამოეკრიფა, მეორეს რკინიგზა შეეკეთებინა, გზა რომ გაგვეგრძელებინა. მე ვიყავი ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი.ჩვენ ლიანდაგის აღდგენა გვევალებოდა. მივედი იმ საშინელებამდე და ატირებული 8-9 წლის გოგონა ვნახე.  მუშა ბატალიონი გვამებისგან წმენდდა ტერიტორიას. ბავშვმა მითხრა, ჩემი და სწავლობს მოსკოვში და დედასთან ერთად იქ მივდიოდითო, მამა კიდევ ჯარშიაო. ბავშვმა არ იცოდა მოსკოვის მისამართი, მაგრამ რახან მოსკოვში მივდიოდი, გადავწყვიტე, ბავშვი თან წამეყვანა და მისი და მომენახა “სოვეტსკი ინფორმ ბიუროს” დახმარებით. ჩავიყვანე მოსკოვში გოგონა, ვიპოვე და და ჩავაბარე. შემდეგ მივიღე ქვემეხები და წამოვიღე. მერე იყო კურსკის ბრძოლა. იქ ცხრა ადგილას ვიყავი დაჭრილი, წამიყვანეს გორკის ჰოსპიტალში, ორ ადამიანს მოვწერე წერილი – ერთი იმ გოგონას დას მოსკოვში და მეორე ჩემს ცოლს აფხაზეთში. ცოლს მივწერე, მაშინ ერთი ქალიშვილი მყავდა მხოლოდ, რომ ჰოსპიტალში ვარ და არ წამოხვიდეთ-მეთქი. მეშინოდა, გზაში რამე არ დამართოდათ. ამდგარა ეს მოსკოველი გოგო და თავის პატარა დასთან ერთად ჩამოვიდა გორკში. არადა, ჰოსპიტალში არავის არ უშვებდნენ, თუ ცოლი ან ოჯახის წევრი არ იყო. ამ ქალს უთქვამს, მისი ცოლი ვარ, ეს კი მისი შვილიო. შემოვიდა ექიმი პალატაში და მეუბნება, შენი ცოლ-შვილი ჩამოვიდაო. ისე მეწყინა, მეტი არ შეიძლება, მაგრამ მოსკოველი დები რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა. საღამომდე იყვნენ და მერე წავიდნენ. ბოლოს, ჰოსპიტლიდან რომ გამომწერეს, ვინახულე მოსკოვში. ხშირად ამაზეც მიფიქრია, იმ ერთი ბავშვის მაგივრად ლვოვიდან ყველა ბავშვი რომ წამომეყვანა და პატრონებისთვის ჩამებარებინა, შეიძლება ასე მძიმედაც არ დავჭრილიყავი-მეთქი. ენდეთ გამოცდილ მეომარს – არც ბრძოლის ტაქტიკის ცოდნა, არც ქუდბედიანობა, არც მოხერხებულობა არ გამოგიყვანს ტყვიების ცეცხლიდან ცოცხალს. მხოლოდ შენ მიერ გაკეთებული სიკეთე თუ აგეფარება ფარად, სხვა – არაფერი.  ამაში დავრწმუნდი. მარტო ჩემს მაგალითზე არ ვამბობ ამას. ზუსტად არ მახსოვს, მინსკთან იყო მგონი ის ბრძოლა, ჩემი ბატალიონის ჯარისკაცმა ნახევრადმკვდარ გერმანელს თავისი ფარაჯა გადააფარა. არადა, ის გერმანელი ძლივს სუნთქავდა, ვერ გადარჩებოდა. ნოემბერი იყო და ფარაჯის გარეშე დარჩენა სრული სიგიჟე იყო. ეს ჯარისკაცი ისე  გაცივდა, რომ ვიტებსკში იწვა ამის გამო პლევრიტით. სამი წლის შემდეგ ლადოგის ტბაზე გადასვლისას ერთ-ერთ შენაერთში 1022 კაცი დაიღუპა, ეს ბიჭი გადარჩა მხოლოდ. გესმით, 1000 კაციდან  ეს ერთი. სამამულო ომი ჩემთვის წმინდა ომი იყო – იქ ვისწავლე სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. მტერს ებრძვი და ხვდები, თუ მტერი არ დაინდე, ვერც შენ გადარჩები. გაგიჭირდებათ ახლა ამის გაგება, მაგრამ, თუ გაუძელი ამდენ სისხლს, იქიდან რაღაცნაირად გაკეთილშობილებული გამოდიხარ. – დიდ თეატრში როგორ იმღერეთ, ის მოგვიყევით. – 1942 წელს მოსკოვში ჩავედი იარაღის მისაღებად. დიდ თეატრში დავბანაკდით, ოფიცრები – ფოიეებში. სანამ იქ ვიყავით და ვუცდიდით იარაღის მიღებას, თქვეს, რომ დიდი თეატრის შენობაში ვართ და მოდი, ბარემ კონცერტი გავმართოთო. უკრაინელებმა, ყაზახებმა, ტაჯიკებმა და ა.შ. ჯგუფები დაალაგეს ეროვნების მიხედვით და კონცერტს ორგანიზება გაუკეთეს. ისე გამოვიდა, რომ იმ მომენტში ქართველი ჩემ გარდა არავინ იყო და მე ვიმღერე “სულიკო” და ვიცეკვე ქართული, ანუ საქართველო წარმოვადგინე. ასე რომ, დღესაც ვტრაბახობ, რომ დიდ თეატრში ნამღერიც მაქვს და ნაცეკვიც. – ომის დამთავრების შემდეგ სად მსახურობდით?- ომიდან დაბრუნების შემდეგ გავაგრძელე სკოლის დირექტორად მუშაობა  სხვადასხვა სოფლებში, მერე კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დამნიშნეს ჩემსავე სოფელში, პარტიის რაიკომში ინსტრუქტორად ვიმუშავე და ბოლოს, პენსიაში გასვლამდე ენგურჰესის პარტიული კომიტეტის სექტორის გამგე ვიყავი. თავის დროზე ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა, დაჭრილი რომ ვიყავი, ვსარგებლობდი ყველა იმ შეღავათით, რომელიც ჰქონდა ყველა ომის მონაწილეს, დავდიოდი კისლოვოდკში, ერთხელ სერიოზული მკურნალობაც დამჭირდა, კუჭი მაწუხებდა და ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში ვიწექი, კაპიკი არ გამოურთმევია ჩემთვის არავის. სულ ბოლოს, ომის ვეტერანის ხელფასის საკითხი რომ დადგა, მაშინ დამატებით მომთხოვეს ძირეული დოკუმენტის წარდგენა ჩემი ნაწილიდან. ეგეთი არის პოდმოსკოვიეში პოდოლსკის არქივი – “არხივ სოვეტსკოი არმიი”. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ აღმოჩნდა ჩემი ყველა საბუთი, ბატალიონის დასახელება და ა.შ.  –  ვიცით, რომ დღეს მაინც და მაინც არ გილხინთ.- ვეტერანები ომის ვეტერანის პენსიასა და ინვალიდობის პენსიას ვიღებთ, ბევრი არაფერია, მაგრამ რა ვუყოთ ახლა. მე დევნილის თანხას მაძლევენ კიდევ – 28 ლარს; მყავს 3 შვილი, 9 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი, ჩემი მეუღლეც ცოცხალია და 89 წლისაა. დღეს ბევრი რამე გვაკლია, მაგრამ არაფერი არ მინდა, არც ეს სოციალური შეღავათები, არც მადლობები და ჯილდოები, მემორიალს რომ გვიფეთქებენ და ჩვენს ცხოვრებას  არად აგდებენ, ამასაც მოვითმენ რამენაირად, მაგრამ… ჩემს სახლში, სოფელ გუდავაში დაბრუნება მინდა! სიკვდილის წინ მაინც ხომ უნდა ვნახო!  

ესაუბრა 

თამარ ქევხიშვილი

საბჭოთა ჯარისკაცები. კურსკის ბრძოლა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here