Home რუბრიკები სამართალი “დემოკრატიის შუქურის” გარშემო სიკვდილის აჩრდილი დაძრწის

“დემოკრატიის შუქურის” გარშემო სიკვდილის აჩრდილი დაძრწის

710

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ombudsman.ge) გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. 142 გარდაცვლილი მსჯავრდებული, – ასეთია იმ 700-გვერდიანი ანგარიშის მონაცემი, რომელიც, ადამიანის უფლებათა დაცულობის თვალსაზრისით, 2010 წელს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს და რომელშიც სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეთა მი­მართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებია აღნუსხული. უკიდურესი სიმწვავისა და კრიტიკულობის მიუხედავად, თავისუფლების ნაინსტიტუტარი და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ერთხმად არჩეული ომბუდსმენის მოხსენებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ აღნიშნული მოხსენებით სახალხო დამცველი “ობიექტურობანას” თამაშობს. თავის მხრივ, გიორგი ტუღუში აქცენტს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე აკეთებს და კალმახელიძის უწყების მიმართ კრიტიკას არ იშურებს. “საქართველო და მსოფლიო” დაინტერესდა, რეალურად რა მდგომარე­ობაა დღესდღეობით საპყრობილეებში და იმის გასარკვევად, თუ რა პირობებში უწევთ მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა, აწ გარდაცვლილი პატიმრების – მერაბ დევნოზაძის მამას, ვლადიმერ დევნოზაძესა და ჯამბულ აბუსერიძის დას, მანანა აბუსერიძეს შეხვდა.
ვლადიმერ დევნოზაძე: – ჩემი შვილი, მერაბ დევნოზაძე, თავიდან სასჯელს გლდანის #8 საპყრობილეში იხდიდა, რამდენიმე მუხლით ერთდროულად გაასამართლეს და თვრამეტი წელი მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანამდე პროკურორმა საპროცესო შეთანხმება შემოგვთავაზა, ანუ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩემს შვილს სასჯელს შვიდ წლამდე შეუმსუბუქებდნენ, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ეს თანხა არ გვქონდა, შეთანხმება ვერ მოხერხდა.ამის შემდეგ ჩემი შვილი გლდანის ციხიდან რუსთავის #2 დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ უკვე რა ხდებოდა და რა პირობებში იყვნენ პატიმრები, აღარ ვიცი, მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და ჩემი შვი­ლი, მძიმე ავადმყოფი, ჯერ ქსნის ტუბზონაში, შემდეგ კი გლდანის #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში აღმოჩნდა… თქვენ წარმოიდგინეთ, მოსანახულებლად რომ მივედი, ეს იყო 2010 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვები, იმდენად მძიმე მდგომარეობაში დამხვდა, რომ სიარული აღარ შეეძლო, ფეხზე ვერ დგებოდა; კაცი ინვალიდის ეტლით ჩამომიყვანეს და თან გამაფრთხილეს, ამისთ­ვის დიდხანს ჯდომა არ შეიძლება, ათ წუთზე მეტს ვერ გაგაჩერებთო. ეს რომ მითხრეს, გავგიჟდი, გადავირიე, რას ჰქვია, ვერ გამაჩერებთ, რა ხდება, რა უქენით ჩემს შვილს, პასუხი გამეცით-მეთქი, ვყვიროდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყურიც არ შეიბერტყეს. ამის შემდეგ განცხადებით მივმართე ექიმს, რეანიმაციის განყოფილების უფროსს – იოსებ ჯალალიშვილს და ვთხოვე, აეხსნა, რაში იყო საქმე. პასუხი  ასეთი მომივიდა: თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობის პროცესი ნორმალურად მიდისო… რადგან ამას ექიმი მწერდა, მეც დავმშვიდდი. მაგრამ გავიდა ორი თვე და ზუსტად 2 მარტს მირეკავენ და მეუბნებიან, თქვენი შვილი ხუდადოვის საავადმყოფოში გადაიყვანესო. იქ რომ მივედი, უკვე ცოცხალი აღარ დამხვდა. მკვდარიც არ მაჩვენეს. სასწრაფოდ ასათიანის საავადმყოფოში გადაუსვენებიათ ექს­პერტიზისთვის, სიკვდილის მიზეზის დასადგენად…- და რა დაადგინა ექსპერტიზამ, რა დასახელდა სიკვდილის მიზეზად?- მიზეზი ფილტვის ტუბერკულოზი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, ისეთ ადგილას მოახვედრეს, რომ დაავადდა და მერე, სანამ უკიდურესობამდე არ მივიდა, სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს…- ანუ გინდათ, თქვათ, რომ ციხეში მოხვედრამდე თქვენი შვილი ჯანმრთელი იყო?- სრულიად ჯანმრთელი, ამიტომაც ვამბობ ხმამაღლა, რომ ის მოკლეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს შვილს სასიკვდილო არაფერი სჭირდა და საერთოდ, საკითხავია, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა თუ უკვე გარდაცვლილი იყო, როცა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგეხსენებათ, უამრავი პატიმარია ასე გარდაცვლილი და შემდეგ გაფორმებული, რომ თითქოს საავადმყოფოში მოკვდა…- ე.ი. ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ციხეში გარდაიცვალა?- მე დარწმუნებით არ ვიცი, ჩემი შვილი სად და რით გარდაიცვალა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – კაცი ციხეში შევიდა სრულიად ჯანმრთელი და ორწელიწად-ნახევარში იქიდან მკვდარი გამოვასვენე. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, არის თუ არა ეს მკვლელობა?.. მე ვამბობ, რომ შვილი მომიკლეს და, თუ ამ ქვეყანაზე სამართალი არსებობს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.- და ვინ მიგაჩნიათ დამნაშავედ?- ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა, ვისაც შეხება აქვს სასჯელაღსრულების სისტემასთან და ხელს აფარებს იმ საშინელებას, რაც ამ სისტემაში ხდება…- უპირველესად, ალბათ, კალმახელიძეს გულისხმობთ?- კალმახელიძე დამნაშავეა და ის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ჯალათი და მწვალებელი პატიმრებისა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ყველა იმ უბედურების სათავე მე მაინც სხვა ადამიანი მგონია. მხედველო­ბაში მყავს მიხეილ სააკაშვილი, კაცი, რომელიც ამაყობს იმით, რომ მისი მმართველობის პერიოდში ამდენი და ამდენი ციხე აშენდა, ამდენი ადამიანი პოლიციაში წავიდა და ა.შ. მთავარი დამნაშავე, მთავარი ჯალათი და მკვლელი მიხეილ სააკაშვილია. ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თუ ჩემი შვილი გახდა ამ პირსისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი, ხვალ და ზეგ იგივე მოელის ყველას, ვინც ციხეშია, და არა მარტო მათ…- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ, ვის აბრალებთ თქვენი შვილის გარდაცვალებას?- უპირველესად, – პირადად პრეზიდენტს და მის ქვეშევრდომ მთავრობის წევრებს, ვისაც ევალებოდა, რომ წარედგინა ჩემი შვილი ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად. ასევე, ვაბრალებ ხათუნა კალმახელიძეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს და შემდეგ ყველა იმ მაღალ თუ დაბალჩინოსნებს, ვისაც რამე შეხება აქვს ამ ბნელით მოცული უწყების შიდა სამზარეულოსთან. ვიმეორებ, ყველა ეს ადამიანი დასაჭერი და ციხეში გამოსამწყვდევია…- სახალხო დამცველის ანგარიშზე რა აზრის ხართ, ამბობენ, მასში ყველა გარდაცვლილი მსჯავრდებულია შესულიო…- არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა წერია მაგ ანგარიშში. სახალხო დამცველს განცხადებით ჯერ კიდევ მაშინ მივმართე, როცა ჩემი შვილი საავადმყოფოში იწვა და დახმარება ვთხოვე, მაგრამ მაპატიეთ და ფეხებზე დამიკიდა.ჩვენ მხოლოდ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს ვეხმარებით, თქვენი შემთხვევა კი ჩვენს კომპეტენციას სცილდებაო, – ასე მომწერა მაშინ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა ვინმე ალექსანდრე დარახველიძემ და ეს იყო მთელი მათი ყურადღება. ახლა მითხარით, როგორ შეიძლება ვენდო ამ ადამიანებს?! ბლეფია ეს ყველაფერი. ეს ე. წ. ანგარიშიც იმ მიზანს ემსახურება, რომ ხალხს აჩვენონ – აი, რა დემოკრატიაში ვცხოვრობთ, ომბუდსმენი ყველაფერზე დაუფარავად საუბრობს, ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებსო. ეგეც რომ არ იყოს, რა ძალა აქვს ამ ანგარიშს? ყველამ ვიცით, რომ რამდენიც უნდა იძახონ უფლებადამცველებმა, ციხეებში საშინელებები ხდებაო, რეალურად არაფერი შეიცვლება.- აგერ უკვე თვეზე მეტი გავიდა, რაც თქვენი შვილი გარდაიცვალა. რას აპირებთ, რა ფორმით უნდა ებრძოლოთ უსამართლობას?- მე უკვე 74 წლის კაცი ვარ და ჩემთვის სულ ერთია, ერთი-ორი წლით ადრე მოვკვდები თუ გვიან. ასე რომ, ნებისმიერი ფორმითა და გზით ვიბრძოლებ ამ მკვლელების წინააღმდეგ; უკან არაფერზე დავიხევ, იმიტომ, რომ დასაკარგი  იმაზე ძვირფასი არაფერი მაქვს, რაც უკვე დავკარგე…ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ჩემი ერთადერთი ნატვრაა და უფალსაც ამას შევთხოვ, რომ როგორმე იმ პირსისხლიანი ჯალათების დამხობას და გადაგდებას მომასწროს, რომლებმაც შვილი მომიკლეს და გამაუბედურეს…მანანა აბუსერიძე: – ჩემი ძმა, რომელიც 11 წელი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელი, 2005 წლის 16 თებერვლიდან, სასჯელს იხდიდა ჯერ ბათუმის ციხეში, შემდეგ – ავჭალის კოლონიაში და ბოლოს – ორთაჭალის #1 საპყრობილეში. სასამართლომ, რომელიც თავიდან ბოლომდე მიკერძოებულად ჩატარდა, არ გაითვალისწინა არანაირი გამამართლებელი გარემოებები და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გასაჩივრება არც გვიცდია, ვინაიდან ამას აზრი არ ჰქონდა; მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი ძმა უყურადღებოდ არ დამეტოვებინა და თითქმის ყოველ მეორე დღეს ციხის კარებთან ვიდექი. იქ საშინელებები ხდებოდა – პატიმრებს აწამებდნენ, თოკით აბამდნენ და ისე სცემდნენ; საჭმელი მათ არ ჰქონდათ ნორმალური და სასმელი, ტანსაცმელსა და ჰიგიენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…- მაპატიეთ, მაგრამ თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი?- ამას ჩემი ძმა მიყვებოდა. მისგან ვიცი, რომ საკანში, სადაც ის იჯდა,  გაუსაძლისი პირობები იყო. წამებით ხომ აწამებდნენ, გაჰყავდათ და რაღაც ნემსებსაც უკეთებდნენ, ცემდნენ… მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ იქიდან ცოცხალი არ გამოსულიყო და მოკლეს კიდეც.- მიცვალებულს ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა?- ექსპერტიზა საავადმყოფოშივე ჩაუტარეს და სიკვდილის მიზეზად თავის სიმსივნე დასახელდა. არადა, ჩემი ძმა სრულიად ჯანმრთელი იყო, ვარჯიშობდა და მთელი ცხოვრება ჯანსაღი წესით ცხოვრობდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, უამრავი ადამიანია, რომელთაც სიმსივნე აქვს და წლობით ცოცხლობს და ჩემს ძმას რა აღმოაჩნდა ასეთი, რომ ათ დღეში სული დალია?! არანაირი სიმსივნე მას არ ჰქონია, ვიმეორებ, ჩემი ძმა სრულიად ჯანმრთელი იყო, ის ციხეში ცემით მოკლეს. თვითონაც არაერთხელ აქვს ნათქვამი ჩემთვის, რომ აწამებდნენ, და მეც არაერთხელ მინახავს პაემანზე ხან თავგატეხილი, ხან – თვალებჩალურჯებული.- ბოლოს როდის ნახეთ და რა მდგომარეობაში იყო?- 17 დეკემბერს გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შევხვდით; თავიდან არ უნდოდათ, რომ მენახა, და, მივედი თუ არა, საავადმყოფოს დირექტორის – მაიზერ გოჭიანის კაბინეტში შემიყვანეს და მითხრეს, თქვენს ძმას სიმსივნე აღმოაჩნდა, კომაშია და დღეს მას ვერ ნახავთო. გავგიჟდი, რა სიმსივნე, რა გაუკეთეთ, სანამ ჩემს ძმას არ მანახებთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. დირექტორი და მთავარი ექიმი მამშვიდებდნენ, მომავალ კვირას მოდით და შეგახვედრებთო, მაგრამ, რომ შეხედეს,  ვერ დამითანხმებდნენ, რაღაც ერთმანეთში მოითათბირეს და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ძმა ეტლით ჩამოიყვანეს.ჩვენი საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ჩემმა ძმამ საშინელებები მომიყვა – დამაბეს და ისე გამიკეთეს რაღაც ნემსებიო, მერე სისხლი გამიღეს და გონება დავკარგეო… მოკლედ სასტიკად უწამებიათ და საავადმყოფოშიც ამიტომ აღმოჩნდა…- თვითონ თუ იცოდა, რომ სიმსივნე ჰქონდა და რას ფიქრობდა ამაზე?- არ ვიცი, იცოდა თუ არა, ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ, რომ შევხვდი, პირველი, რაც მითხრა, ის იყო, მე აქედან ცოცხალი ვერ გამოვალო. შემდეგ, როგორც გითხარით, მომიყვა, თუ როგორ აწამებდნენ და რა პირობები ჰქონდა მას შექმნილი საკანში.- სახალხო დამცველს ან რომელიმე სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას თუ მიმართეთ და აცნობეთ ამ ყველაფრის შესახებ?- ამ ექვსი წლის განმავლობაში, რაც ჩემი ძმა ციხეში იყო, არ დარჩენილა არც ერთი უწყება და ორგანიზაცია, მე რომ დახმარებისთვის არ მიმემართოს; ვინ დათვლის, რამდენი წერილი და განცხადება მაქვს დაწერილი, მაგრამ არანაირი რეაგირება არსაიდან არ ყოფილა.რაც შეეხება სახალხო დამცველს, 10 იანვარს, ანუ ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 20 დღის შემდეგ, მე მას მივმართე განცხადებით, რომ გამოეძია ეს საქმე; ასევე მივმართე თხოვნით, რომ შემხვედროდა პირადად, მაგრამ არანაირი გამოხმაურება მისი მხრიდან არ ყოფილა; დარეკვითაც კი არ დაურეკავთ და არ უკითხავთ, ვინ ვარ და რა პრობლემები მაქვს. აი, ასე მოიქცა ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი სახალხო დამცველი და დღეს რომ ის რაღაც სქელტანიან ანგარიშებს აქვეყნებს, მაპატიეთ, მაგრამ მე პირადად ასეთი ანგარიშების არ მჯერა და არ მწამს… კაცი სანამ ცოცხალია, მანამ უნდა შველა, თორემ სიკვდილის მერე რომ იძახო, ამდენი პატიმარია გარდაცვლილიო, ამით მიცვალებულს ვერ გააცოცხლებ…- თქვენ თქვით, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თითქმის ყველა შესაბამის უწყებას მიმართეთ დახმარების თხოვნით და ყურადღება არავინ მოგაქციათ. იმედია, ხელის ჩაქნევას არ აპირებთ.- არავითარ შემთხვევაში, მე დაზარალებული ვარ, ძმა მომიკლეს და, თუნდაც სიცოცხლის ფასად, მივაღწევ იმას, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. მხედველობაში მყავს ის ადამიანები, რომლებმაც პირადი ინტერესების გამო  დაღუპეს ჩემი ძმა. ესენი არიან: აჭარის პროკურატურის თანამშრომელი რამაზ ხოზრევანიძე, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები – ფრიდონ ქარცივაძე, ავთანდილ კილაძე, პატრულის თანამშრომელი გივი ხოზრევანიძე და სხვები. ეს ადამიანები არიან მკვლელები, ბოროტმოქმედები და, ვიდრე ისინი თავისუფლად დადიან, არ მოვისვენებ.აქვე მინდა, მივმართო ყველა მსჯავრდებულის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, რომ ნუ ხუჭავენ თვალს იმ საშინელებაზე, რაც დღეს საპყ­რობილეებში ხდება, თორემ ხვალ თუ ზეგ ყველა ჩემი ძმის ბედს გაიზიარებს. ამას ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, ვინაიდან თავის დროზე მეც ვდუმდი, ხმას არ ვიღებდი და აი, რა მივიღე… ვიდრე ყველა პატიმარი წამებით არ მოუკლავთ და ვიდრე ყველა მსჯავრდებულის ოჯახი  არ გაუბედურებულა, გამოვიდეთ და ყველამ ერთად ხმა ავიმაღლოთ ამ უკანონობაზე, სადიზმსა და არაადამიანობაზე, რაც დღეს თითქმის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული საქართველოში…მანანა აბუსერიძესთან საუბრის შემდეგ “საქართველო და მსოფლიო” საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, ქეთევან ადამიას შეხვდა და მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ნამდვილად საგანგაშო და დამაფიქრებელია ის მდგომარეობა, რაც დღეს საპყრობილეებშია – დღითიდღე ხშირდება წამების ფაქტები, იზრდება ავადმყოფთა და გარდაცვლილ მსჯავრდებულთა რაოდენობა. დღე ისე არ გავა, რომ რამდენიმე პატიმარი არ მოკვდეს და ამ ყველაფრის მიზეზი არის სწორედ ის, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზები, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს. უნდა თუ არა ხელისუფლებას ამის აღიარება, არაფერს ცვლის, რადგან, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში რომ 142 პატიმარი გარდაიცვალა, ამას  ყველა ხედავს. რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენ, საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები, ვაპირებთ, სარჩელი შევიტანოთ ევროსტრუქტურებში, უპირველესად კი – სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ვაპირებთ, სარჩელის გაგზავნას ბრიუსელში და ყველა იმ უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება. მაგრამ უმთავრესი მაინც ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერაა. ამიტომ ყველას, განსაკუთრებით მსჯავრდებულთა დედების, გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ახლა  სირაქლემის პოზაში ყოფნის დრო აღარაა, კატასტროფა უკვე მომხდარია და,    რაც უფრო ადრე ავიმაღლებთ ხმას, მით უფრო ნაკლები ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ ყველაფერს.
ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here