Home რუბრიკები საზოგადოება 15 მაისი რუსთაველის დღეა

15 მაისი რუსთაველის დღეა

რუსთაველის ხელნაწერიდან დაბეჭდილი

2451
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი (XII-XIII სს _ უცნობი მხატვარი)

ვეფხის ტყაოსანი

ქართულმა საზოგადოებამ 2016 წელს აღნიშნა დიდი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე. ამ თარიღს მიეძღვნა მრავალი კონფერენცია და სხვადასხვა ღონისძიებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ მეფე ვახტანგ VI მიერ 1712 წელს პირველნაბეჭდივეფხის ტყაოსნისელექტრონული ვერსიის შექმნა, რითიც ყველა ქართველს მიეცა საშუალება გაეცნოს ამ გამოცემას.

ვახტანგისეული “ვეფხის ტყაოსნის” პირველი ნაბეჭდი წიგნის პირველივე გვერდზე წერია, რომ იგი დაიბეჭდა: “ქალაქსა ტფილისისასა, ქრისტეს აქეთ ათას შვიდას თორმეტსა, დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდიათას  ორას ოცსა”. ეს ადასტურებს, რომ ქართველთა მიერ 7600 წლის წინ “დასაბამითგან” ანუ “წარღვნიდან” დაწყებული წელთაღრიცხვა XVIII ს-ში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა, რაც აისახება ქართულ ბიბლიურ კაბალაში და ქართულ ანბანში.

1712 წლის ვახტანგისეული “ვეფხის ტყაოსანი” შედგება 1587 სტროფისგან, რომელსაც ბოლოში დართული აქვს თვით ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი 592 კომენტარი 635 სიტყვის ერთგვარი განმარტებითი “ლექსიკონით”.

ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის დროს იკვლევდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო “ვეფხის-ტყაოსნის” ის დედანი, რომელიც ვახტანგ მეფემ დაბეჭდა 1712 წელს და რა ცვლილებები ან შესწორებები შეიტანა მან დედანთან შედარებით თავის გამოცემაში. იყო სხვადასხვა მოსაზრებები. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დ. კარიჭაშვილის კვლევა, რომელიც სრულად გაიზიარეს ს. კაკაბაძემ, ი. აბულაძემ და პ. ინგოროყვამ. დ. კარიჭაშვილი ამტკიცებდა: “არსაიდანა ჩანს და არც არის წარმოსადგენი, რომ ვახტანგ მეფეს თავის გამოცემაში რამე შესწორება შეეტანოს ან რამე შეეცვალოს, გამოეკლოს ან მიემატებინოს. თუ რამე აკლია ვახტანგის გამოცემას XVII ს-ის ხელნაწერებთან შედარებით, ეს იმის ბრალია, რომ ეს მეტი რამ არ იყო ვახტანგის დედანში და, მისი აზრით, არც შეადგენდა “ვეფხიის ტყაოსნის” ნაწილს (ჟურნ. “განათლება”, VI, 1913 წ., გვ. 412 _ დ. კარიჭაშვილი, “ვეფხის ტყაოსნის შედგენილობა”).

ამ საკითხმა ჩემშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და გავეცანი 1712 წელს “ვეფხის ტყაოსნის” ვახტანგისეულ გამოცემას. შოთა რუსთაველთან და 1712 წელს დაბეჭდილ “ვეფხის ტყაოსანთან” დაკავშირებული ყველა სადაო საკითხის პასუხი თვით ვახტანგ VI-ის კომენტარებშია, ვინაიდან XVII საუკუნე XII საუკუნესთან გაცილებით ახლოს იყო და სამეფო კარზე უფრო მეტად იყო შემონახული რუსთაველის პერიოდის შესახებ ინფორმაცია: აწ დაიბეჭდა სტამბაში, პირველ ნაწერი ხელის”, “რაც რუსთაველსა, იმას გარდა არა მითქვამს რა”, “აქ ასე ვთარგმნე (განვაცხადე) ვითა მას მთქმელსა ეთქუა”, “თავათ რუსთაველის დროს ქალი ბატონობდა”, “მაშინდელობა და ახლანდელობა შორი შორს არის”, “ამას უბნობს (რუსთაველი) თამარ მეფემ მიბრძანა იმ გმირების ამბავი საკადრისი  ტკბილ ლექსებით თქვიო”, “ლექსიც იმას (რუსთაველს) გაუკეთებია და ამბავიცა”, “სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოვება, ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც იმისთვის უბნობს, რომ სპარსის ლექსის ბაძზედ რომ თქვა სპარსული ამბავი ქართულად ვთარგმნეო”.

ვახტანგ VI-ის კომენტარები ადასტურებს, რომ წიგნის დაბეჭდვისას მის ხელთ იყო თვით შოთა რუსთაველის პირველ ნაწერი ხელის”, რომელიც ინახებოდა სამეფო კარზე და ეს ხელნაწერი ტექსტი უცვლელად დაბეჭდა 1712 წელს. “ვეფხის ტყაოსანი” დაიწერა თამარ მეფის დროს XII-XIII საუკუნეებში, თვით თამარ მეფემ დაავალა რუსთაველს ტექსტის შედგენა და გალექსვა.

1712 წლის ვახტანგისეული “ვეფხის ტყაოსანი” მეორედ გამოიცა 1937 წელს აკ. შანიძის რედაქციით, რომელმაც ტექსტში შეიტანა 1400-მდე სიტყვის ცვლილება, ანუ XII საუკუნის რუსთაველის ენა გაათანამედროვა.

კარგა ხანია მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის სააღაპო მოსახსენიებელი ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც შოთა მეჭურჭლეთუხუცესისთვის, რომელიც იგივე შოთა რუსთაველია, მოსახსენიებელი დღე დადგენილია სული წმიდის მოსლვის ორშაბათი”. აღაპი თარიღდება XII-XIII ის მიჯნით, შედგენილია მის სიცოცხლეშივე მონასტრის კრებულისთვის დიდი სამსახურის გამო (ე. მეტრეველი _ “მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისთვის”, 1962 წ.).

რუსთაველი შოთა მეჭურჭლეთუხუცესის პოეტური ფსევდონომია.

ისტორიამ შემოგვინახა შოთა რუსთაველის ორი პორტრეტი: პირველი _ რუსთაველის ახალგაზრდობის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია XII-XIII სს-ის უცნობი მხატვრის მიერ; მეორე _ ფრესკა დაცული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ძველ ქართულ მონასტერში. რუსთაველი დაიბადა 1166 წლის ახლოს, “ვეფხის ტყაოსანი” დაიწერა 1196-1207 წლებს შორის, შოთა ამ დროს იყო 30-41 წლის (პ. ინგოროყვა, 1978, ტ. 4, გვ, 55, 56, 62).

რუსთაველის ახალგაზრდობის პორტრეტი XVII ს-ის ზაზა ციციშვილისეულ “ვეფხის ტყაოსნის” ხელნაწერს აქვს დართული, რომელიც XII-XIII სს-ის უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტიდან გადმოუხატავთ. “ვეფხის ტყაოსნის” ეს ხელნაწერი ჯერ ვახტან V-ის ოჯახის, ხოლო მოგვიანებით ერეკლე II-ის უმცროსი ქალიშვილის თეკლას საკუთრება გამხდარა. რუსთაველის ახალგაზრდობის ეს პორტრეტი მოგვიანებით სარგის კაკაბაძემ გამოიყენა 1927 წელს მის მიერ გამოცემულ “ვეფხის ტყაოსანში” (ბორის კანდელაკი, 1982 წელი _ “რუსთაველის 100 პორტრეტი”).

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ 2017 წლის 1 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რუსთაველის დღედ 15 მაისის დაწესების შესახებ.

რუსთაველის 850 წლის იუბილეს მივუძღვენი ჩემი წიგნი “ვეფხის-ტყაოსანი და მეტაფიზიკა”. ამ ნაშრომით ჩაეყარა საფუძველი ახალ მიმდინარეობას რუსთველოლოგიაში _ “მეტაფიზიკა ვეფხისტყაოსანში”.

ქართული გენის სისხლი შეიცავს კოდირებულ პირველსაწყის ინფორმაციას მრავალგანზომილებიანი სამყაროს მეტაფიზიკური კოსმიური პროცესების შესახებ და ეს კოდირებული ცოდნა აისახა “ვეფხის ტყაოსანში”. ამ უდიდესი მისიისთვის ღმერთმა აირჩია დიდი შოთა რუსთაველი, რომელმაც შექმნა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ისეთი შედევრი, როგორიცაა “ვეფხის ტყაოსანი” _ ჩვენი მრავალგანზომილებიანი სამყაროს მეტაფიზიკური ცოდნის უშრეტი წყარო და ულევი განძი.

ნაზი ხანიაშვილი

შოთა რუსთაველი (XII-XIII სს _ უცნობი მხატვარი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here