Home რუბრიკები საზოგადოება 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

357
ანდრია მოციქულის ხატი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ორჯერ აღნიშნავს _ 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლისა და 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი ასევე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმაშრომის კოდექსშიმომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ დაწესდა.

ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან იგი ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.

ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.

როგორც ცნობილია, სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს, თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს საქადაგებლად წილად ხვდა შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).

საქართველოში ანდრია მოციქული მისი მეოთხე, ბოლო მისიონერული მოგზაურობისას ჩამოვიდა. ეს იყო ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ. გადმოცემით ცნობილია, რომ ის პონტოდან გადმოვიდა საქართველოში; შემდეგ გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან _ ყირიმში და ზევით აუყვა დნეპრს, კიევამდე; ასევე იმოგზაურა შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში. ყირიმში სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა კიევია, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით, სადაც ამჟამად მოსკოვია, ნოვგოროდისა და ლადოჟის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ, ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ; იქიდან _ შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც მან ოცი წელი დაყო; რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონი-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალიაში, ლამიაში, ლუტრაკიონსა და კორინთეში.

ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის “ივერიის ისტორიიდან”:

“შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა წმინდამან ღუთის-მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა ღუთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა ამით ვინაითდგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული; მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვის შორის, თუ რომელი რომელსა ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა მათთანა დედაცა ღუთისა ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა: “შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყუარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაცა ადგილასა მხდების მე წილი”; ხოლო წილთა იგინი მორჩილ ექმნნეს და დასდევეს წილიცა მისი შორის წილთა თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წილად თვისად ივერია (რომელ არს საქართველო). “ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითოეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად წმინდამანცა ღუთის მშობელმან წარსვლა ივერიად, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვისი და მიიღორა შრომაი მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი იესო, საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა: “დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ჰრქვა სასურველსა ძესა თვისსა: “მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო, მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა”. მაშინ მიუგო მას უფალმან და ჰრქვა: “დედაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება სიყვარულისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს, ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა, და იგინი წარვიდენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა აღვიდა მთასა მას ზედა, რომელსაცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა (რომელსაცა ჯაჭვის მონასტრად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა დიდსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ანგელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხვო მეფეთა და მუნით გაღმამხხრის გზით კავკასიურით გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია), მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის მდინარესა ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა მას დაბა და ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველ-მოწამისა სტეფანესი”.

12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

უკანასკნელი ქალაქი, რომელშიც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო. წმინდანის ლოცვით, ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა, მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს.

წმინდა ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილები გ.62 წელს დაკრძალეს ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. გ. 357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა _ კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებელისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა, სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის ესვენა 1964 წლამდე. დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის _ ჯვრის გვერდით . პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში.

ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზეა: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში, ხოლო მეორე ტერფი _ წმინდა ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.

სოფელ დიდაჭარაში დღემდე შემონახულია იმ ტაძრის ნანგრევები, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here