Home რუბრიკები საზოგადოება 11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა

11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა

519

იოანე ნათლისმცემელი გახლდათ წინამორბედი უფლისა, ბოლო წინასწარმეტყველი ისრაელის ერისა, რომელმაც კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოამზადაიგიიყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი იოვანე”, _ გვაუწყებს სახარება იოანე ნათლისმცემლის შესახებ. მას უდიდესი მისია ერგო _ ადამიანთა გულები განემზადებინა მესიის, მხსნელის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის შვილების, გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყოხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, მან თავისი მისია შეასრულა. იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი მივიდა უფალთან, მისი ქადაგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ რჩეულთა შორის რჩეულნი უფლის მოციქულთა შორის _ ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი

 იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა _ მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. რადგან ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.

მართალი ზაქარია მღვდელმთავარი იყო. ერთხელ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსახურებას აღასრულებდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა მათი ლოცვა შეისმინა და მისი ცოლი, ელისაბედი, შობდა ძეს, რომელიც იქნებოდა “დიდ წინაშე უფლისა”. ანგელოზმა ისიც აუწყა, რომ ყრმისთვის იოანე ეწოდებინა. რადგან ის და მისი მეუღლე ხანდაზმულები იყვნენ, ზაქარია დაეჭვდა, მცირედმორწმუნეობის გამო კი დაისაჯა _ დამუნჯდა. როგორც მთავარანგელოზმა ამცნო, იგი ვერ იმეტყველებდა მანამ, სანამ მისი ძე არ იშვებოდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ტიციანი, 1542 წ.

ცხრა თვის თავზე მართალმა ელისაბედმა მართლაც შვა ძე, რომელსაც, ღვთის ნებისაებრ, მართალი ზაქარიას მინიშნებით იოანე უწოდეს. მათ სახლში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. იცოდნენ, იმ ყრმის მამა, რომელიც უნდა დაბადებულიყო, ცხრა თვე ვერ ლაპარაკობდა და სწორედ ყრმის შობის შემდეგ უნდა ამოედგა ენა. ყველა ელოდა ამ სასწაულის აღსრულებას. მართლაც, ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით მამამისი სასჯელისგან იხსნა. ზაქარია ადიდებდა უფალს და, სულიწმიდის მადლით აღვსილი, წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უდიდეს წინასწარმეტყველზე: “და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისა განმზადებად გზათა მისთა”.

ამგვარად მოევლინა კაცობრიობას წინამორბედი უფლისა _ იოანე წინასწარმეტყველი, რომლისგანაც ინება განკაცებულმა უფალმა ნათლისღება, როდესაც იგი სინანულს ქადაგებდა და წყლით ნათელს სცემდა ისრაელიანებს, ამიტომაც ეწოდა ნათლისმცემელი.

როდესაც ჰეროდემ მხსნელის შობის ამბავი შეიტყო, 14 ათასი ყრმა ამოაწყვეტინა იმ იმედით, რომ მათ შორის იქნებოდა “მეფე ისრაელისა”. იმ ყრმათა შორის მოხვდებოდა იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც მაცხოვარზე ექვსი თვით უფროსი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზაქარია იერუსალიმის ტაძარში მოკლეს, მართალმა ელისაბედმა შვილი უდაბნოში წაიყვანა. იოანე იმ დროს 2 წლისაც არ იყო. შემდეგ ელისაბედიც გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად,  ყრმა იოანე ხუთი წლიდან მარტოდმარტო იზრდებოდა უდაბნოში. სახარება გადმოგვცემს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის განიწმინდა კაცობრივად. თუ არ ჩავთვლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, იოანე იყო ზეაღმატებული კაცთა შორის. მას თავად უფალმა უწოდაუდიდესი ადამიანთა შორის”. იოანე უდიდესი იყო თავისი ცხოვრების წესითა და ღვთისმოსაობით

როდესაც 30 წლის შესრულდა, უფლის ნებით, უდაბნოდან გამოვიდა და ქადაგება დაიწყო მდინარე იორდანეს შემოგარენში. მანამდე ხალხში ვერ გამოჩნდებოდა, რადგან, ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, მხოლოდ 30 წლის შემდეგ ჰქონდათ ქადაგებისა და მსახურების უფლება. იოანემ უწყის, რა მდგომარეობაში იმყოფება კაცობრიობა, მით უფრო ისრაელის ერი, სულიერად. მან პირდაპირ დაიწყო ქადაგება: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი; გამოიღეთ ნაყოფი სინანულისაი. შეიცვალეთ ცხოვრების წესი, განიწმინდეთ გულები, გახდით მოწყალენი… განამზადეთ გზანი უფლისანი… ვინც შეინანებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა… ის სინანულის გზით განამზადებდა ადამიანთა გულებს მაცხოვრის მისაღებად. იოანე შეიქნა ხიდად ძველსა და ახალ აღთქმას შორის.

თავისკვეთა

იოანე იქცეოდა ისე, როგორც კაცთაგან ჯერ არავინ მოქცეულა, იგი გამორჩეული იყო თავისი წმინდა ცხოვრებით, იმდენად ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, იმასაც კი ეკითხებოდნენ, _ შენ ხომ არ ხარ მესიაო. იოანე კი პასუხობდა: მე არ ვარ ქრისტე, მე ვარ ხმა მღაღადებელი უდაბნოში, რომელიც მოუწოდებს ყველას, განიწმინდოს სული, რათა პირნათელნი შეხვდნენ უფალს. თქვენ შორის დგას, ვისაც არ იცნობთ, ის ჩემს შემდგომ მოდის, მაგრამ უწინარეს ჩემსა იყო. მე მისი თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ; ვინც ჩემ შემდგომ მოდის, ის მოგნათლავთ წყლითა და სულიწმინდით, მე კი იმიტომ მოვედი, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს…

შემდგომ, როდესაც იორდანეს სანაპიროზე მისკენ მომავალი იესო დაინახა, პირდაპირ დაამოწმა მაცხოვარზე: “აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი”. უფალი ყველანაირად ცდილობს, ყველა ადამიანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება. იოანეს მეშვეობით განცხადებულად აძლევს ნიშანს ადამიანებს მხსნელის შესახებ. უფალმა ინება, რომ ჯერ წინამორბედი მოსულიყო და შემდეგ _ თვითონ, რათა, თუკი ადამიანები იოანეს, უფლის წინამორბედს, მოუსმენდნენ, უფალთანაც მივიდოდნენ, თუმცა თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ჭეშმარიტებას.

იოანემ აღასრულა თავისი მისია _ კაცობრიობა მოამზადა უფალთან შესახვედრად, ამიტომაც ეწოდა წინამორბედი უფლისა. იგი წინასწარმეტყველიცაა, რადგან წინასწარმეტყველებდა ცათა სასუფევლის შესახებ.

წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, არამედ მოწამებრივი სიკვდილითაც წინ გაუსწრო მაცხოვარს. მას თავი მოჰკვეთეს გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას, ბრძანებით. იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის შესახებ მოგვითხრობენ მათე და მარკოზ მახარებლები: გალილეის მმართველმა ჰეროდე ანტიპამ მიატოვა კანონიერი მეუღლე და უკანონო გზით ცოლად დაისვა თავისი ძმის, ფილიპეს, თანამეცხედრე ჰეროდიადა. იოანე სასტიკად და დაუფარავად ამხელდა ანტიპას ამ უსჯულოების გამო. ჰეროდეს მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ხალხის რისხვისა ეშინოდა. თვითონაც იცოდა, რომ იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო. მმართველმა ის საპყრობილეში ჩააგდებინა…

დადგა ჰეროდეს დაბადების დღე. მან წვეულებაზე მთავრები და ასისთავები მიიწვია. ჰეროდიადას ასულმა სალომეამ იცეკვა სტუმრების წინაშე და დიდად ასიამოვნა ჰეროდესა და სტუმრებს. ჰეროდიადას ასულის ცეკვით მოხიბლულმა ანტიპამ აღუთქვა სალომეას, რომ ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც მოისურვებდა: რაც გინდა მთხოვო, ყველაფერს მოგცემ, თუნდაც ნახევარ სამეფოსო. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით სანაცვლოდ ითხოვა “თავი იოანე ნათლისმცემლისა”. ჰეროდე დასთანხმდა, მაგრამ აღსრულებას ხალხის შიშით ვერ ბედავდა. უსჯულო ჩანაფიქრის აღსრულების საბაბად ფიცი გამოიყენა და ჯალათებს იოანეს თავის მოკვეთა უბრძანა. ჯალათებმა ბრძანება შეასრულეს. არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა იოანეს მოკვეთილი თავის ბაგეებმა კიდევ ერთხელ წარმოთქვა: “ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს, ცოლი…”

ამგვარად დასრულდა მიწიერი ცხოვრება იოანე წინასწარმეტყველის _ ნათლისმცემლისა და უფლის წინამორბედისა. ღვთის სამსჯავრო კი ჰეროდეს, ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლისას, ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაუჭრა. გვამი ვერავინ იპოვა, თავი კი, როგორც ოდესღაც წმიდა იოანე ნათლისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს. არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისთვის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა. განრისხებულმა გაიუს კალიგულამ (37-41) იგი შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი  ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here