Home რუბრიკები საზოგადოება ნიადაგის დარგვისწინა მომზადება საბაღედ შერჩეულ ნაკვეთზე

ნიადაგის დარგვისწინა მომზადება საბაღედ შერჩეულ ნაკვეთზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის გაკულტურება უნდა ჩატარდეს წინამორბედი კულტურების (ტყე, ბუჩქნარი, საძოვარი, სათოხნი კულტურები) თავისებურებების გათვალისწინებით. ამისთვის აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება: ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა, ნაკვეთის მოსწორება-მოშანდაკება, მარცვლოვანი კულტურების ან ბალახების თესვა, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა, პლანტაჟის ჩატარება.

ნაკვეთის გაკულტურების შემდეგი მეთოდები არსებობს:

მთლიანი მეთოდი _ გულისხმობს მთელი ფართობის ღრმა საპლანტაჟო მოხვნას, სასუქების ერთდროული ჩაკეთებით;

ზოლებრივი მეთოდი _ პლანტაჟი და სასუქების შეტანა ხორციელდება მომავალი რიგების ადგილზე;

ადგილობრივი მეთოდი _ იხვნება ჩვეულებრივი გუთნით, ხოლო ნერგები ირგვება ღრმა ორმოებში.

პლანტაჟი უნდა ჩატარდეს ბაღის გაშენებამდე წლინახევრით ადრე, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება ხშირად ხდება დარგვამდე ნახევარი წლით ადრე. აუცილებელია, ნიადაგურ თვისებათა შესატყვისად დადგინდეს პლანტაჟის ოპტიმალური სიღრმე, რომელიც თავისთავად გულისხმობს მცენარეთა ნორმალურად ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

დიდი სისქის მდელოს ყავისფერი, შავმიწისებური, შავმიწა და მდელოს ალუვიური ნიადაგების დაპლანტაჟებით რაც შეიძლება მეტი სისქის აქტიური ფენა უნდა შეიქმნას, რომლის მოცულობითი წონა 1,00_1,30 გრ/სმ3 შორის, ესე იგი, ოპტიმუმის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, რომელიც განაპირობებს მეტი რაოდენობის პროდუქტიული ტენის მარაგის დაგროვებას და მცენარეთა საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი სისქის მდელოს ყავისფერი, შავმიწისებური, შავმიწა და მდელოს ალუვიური ნიადაგების დაპლანტაჟება უნდა ჩატარდეს შესაბამისად 0-70; 0-80; 0-90 და 0-100 სმ-ის სიღრმეზე.

მცირე და საშუალო სისქის მდელოს ყავისფერი, ლამიანი, ალუვიური და დელუვიური ნიადაგები უნდა დაპლანტაჟდეს შესაბამისად 0-40; 0-50 და 0-50 სმ-ის სიღრმეზე. მცირე სისქის ნიადაგებზე უნდა გაშენდეს ნაგალა, ხოლო,საშუალო სისქის ნიადაგებზე _ ნახევრადნაგალა ბაღი.

ტყის ყომრალი, წითელმიწა, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების დაპლანტაჟება ისე უნდა ჩატარდეს, რომ ჰუმუსიან ფენებში ქვედაფენების შერევა არ ამცირებდეს წყალგამტარობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩამოთვლილი ნიადაგები ხეხილოვანი კულტურების გაშენების მიზნით უნდა დაპლანტაჟდეს 0-50; 0-60; 0-70 და 0-80 სმ-ის სიღრმეზე.

ნეშომპალა-კარბონატული და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების დაპლანტაჟების ოპტიმალური სიღრმის ძირითად განმსაზღვრელს კირიანი და ორშტეინიანი ფენების მდებარეობა წარმოადგენს. ამ უკანასკნელის მიხედვით აღნიშნული ნიადაგები უნდა დაპლანტაჟდეს 0-40; 0-50; 0-60 და 0-70 სმ-ის სიღრმეზე და შეძლებისამებრ მოხდეს მკვრივი ფენების გაფხვიერება.

სიღრმით დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების პლანტაჟი ისე უნდა ტარდებოდეს, რომ დაპლანტაჟებულ ფენაში მცენარეზე უარყოფითად მოქმედ მარილთა შემცველობა, მკვრივი ნაშთის მიხედვით, 2%-ს არ აღემატებოდეს;

სხვადასხვა ხარისხით დამლაშებულ და დაპლანტაჟებულ ფენებში მარილების შემცველობა მკვრივი ნაშთის მიხედვით როცა 1-2%-მდეა, უმჯობესია, ზონების შესაბამისად გაშენდეს უნაბი, ბროწეული, ნუში, ჭერამი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი, თუთა, ხოლო 1%-ზე ნაკლები მარილების შემცველობის დროს კი – ლეღვი, ალუბალი, ბალი, ატამი, კაკალი, თხილი და ხურმა.

მოშანდაკებული რიყნარების პირველადი დამუშავება ისე უნდა ჩატარდეს, რომ 60 სმ-იან ფენაში 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე დედაქანის ნატეხების, კენჭებისა და წვრილი ქვების შემცველობა მძიმე თიხიან ნიადაგებში 50, საშუალო თიხიან ნიადაგებში 45, მსუბუქ თიხიან ნიადაგებში 40, მძიმე თიხნარ ნიადაგებში 35, საშუალო თიხნარ ნიადაგებში 30, მსუბუქ თიხნარ ნიადაგებში 25, ხოლო სილნარებში 10 %-ს არ აღემატებოდეს.

აღნიშნული ნიადაგების დაპლანტაჟება უნდა ხდებოდეს ფიზიკური სიმწიფის ფაზაში, ე.ი. საველე ზღვრული ტენტევადობის 60-70%-ის დროს, მათზე გაშენებული ბაღების მორწყვა კი – წყალგამტარუნარიანობის მიხედვით, რითაც თავიდან იქნება აცილებული ეროზიული პროცესები.

საბაღე ნაკვეთის ნიადაგის პლანტაჟი შემდეგ ვადებში უნდა დამთავრდეს: ) აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში: შემოდგომაზე გასაშენებლად _ 15 სექტემბრამდე; გაზაფხულზე გასაშენებლად _ 15 დეკემბრამდე; ) დასავლეთ საქართველოს რაიონებში: შემოდგომაზე გასაშენებლად _ 1 ოქტომბრამდე, გაზაფხულზე გასაშენებლად _ 15 იანვრამდე; ) მთიან რაიონებში: შემოდგომაზე გასაშენებლად _ 20 აგვისტომდე, გაზაფხულზე გასაშენებლად _ 1 ნოემბრამდე.

საპლანტაჟე ხვნის მიმართ მოთხოვნა შეცვლილია ნაგალა ინტენსიური ბაღების გაშენების შემთხვევაში. თანამედროვე კვლევების თანახმად, ინტენსიური ტიპის ბაღის ფესვთა სისტემა განლაგებულია ზედაპირულად, ამიტომ მოხვნის სიღრმე ნაკლებ გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე, ამ შემთხვევაში მიღებულია 20-25 სმ-ზე მოხვნა.

განოყიერება პლანტაჟის დროს

პლანტაჟის დროს განოყიერების ძირითადი მიზანია ხეხილოვანი კულტურებისთვის კვების ხელსაყრელი პირობების შექმნა ხანგრძლივი დროით. როგორც წესი, პლანტაჟის დროს ნიადაგი 50-60 სმ სიღრმეზე იხვნება. დაპლანტაჟებულ ფენაში უმჯობესდება აერაცია, წყლის რეჟიმი, ძლიერდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა და სხვ.

პლანტაჟის დროს ნაკვეთში შედის ორგანული სასუქები (ნაკელი, ტორფი, კომპოსტი), ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები. მჟავე ნიადაგებზე (ეწერი, წითელმიწა და სხვ.) მჟავიანობის გასანეიტრალებლად აუცილებელია კირის შეტანა, შესაძლებელია, აგრეთვე, დაფქული კირქვების, ცარცისა და კირის შემცველი სხვა მასალის შეტანა. სასუქების შესატანი დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების დონის მიხედვით, ნიადაგის ანალიზის საფუძველზე.

ფოსფორითა და კალიუმით ღარიბ, დაბალ ნაყოფიერ ნიადაგებზე ფოსფორი (P2O5) შეიტანება 450-550 კგ ჰექტარზე; კალიუმი (K2O) 350-450 კგ ჰექტარზე; ნაკელი ან ტორფი 100-120 ტონა ჰექტარზე; საშუალოდ ნაყოფიერ ნიადაგებზე _ P2O5 400-500 კგ ჰექტარზე; K2O 300-400 კგ ჰექტარზე; ნაკელი ან ტორფი 80-100 ტონა ჰექტარზე; ხოლო შედარებით მაღალ ნაყოფიერ ნიადაგებზე _ P2O5 350-400 კგ ჰექტრაზე; K2O 250-300 კგ ჰექტარზე; ნაკელი ან ტორფი 60-80 ტონა ჰექტარზე; დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგების მჟავიანობის გასანეიტრალებლად აუცილებელია კირის შეტანა.

ბაღის გაშენებამდე აუცილებელია დაპლანტაჟებული ნიადაგის გადახვნა, მისი ზედაპირის კარგად მოსწორება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ბაღის დაგეგმვა.

მცენარეთა განლაგება ბაღში

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა, ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტური გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება. მეხილეობაში გამოყენებულია ბაღში მცენარეთა განლაგების შემდეგი წესები: კვადრატული, სწორკუთხოვანი, ჭადრაკული და კონტურული.

ამჟამად ყველაზე ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება (8მX6მ; 7მX5მ; 4მX2მ და ა.შ.). თითოეული კულტურა, საძირისა და საწარმოო ჯიშის თავისებურების და ბაღის ტიპიდან გამომდინარე, მოითხოვს კვების განსხვავებულ არეს, რომელიც ნაჩვენებია ქვემოთ:

ხეხილის ბაღის გასაშენებლად საჭირო კვების არე:

ვაშლი _ ძლიერ საძირეზე (კულტურული ნათესარი, მაჟალო) _ 8 მ X 8 მ; _ ნახევრად ნაგალა (ნაგალა _ დაბალი ტანის ხე) საძირეზე (M 7; MM 106) _ 5 მ X 3მ; _ ნაგალა საძირეზე (M 9 EMLA, Pajam 1, Pაჯამ 2, M 26) 4მX1,5მ; 4მX2მ; 4მX2,5მ; 3მ X 1,5მ; 3მX2მ; 3მX1მ; (აუცილებელია საყრდენი სისტემა).

მსხალი _ ძლიერ საძირეზე (კულტურული ნათესარი, პანტა) 7მX5მ; _ ნახევრად ნაგალა საძირეზე (კომში A, კომში BA 29) 5მX3მ; 4მX3მ; 4მX2მ; _ ნაგალა საძირეზე (კომში ჩ) 4მX1,5მ; 4მX2მ;

კომში (კომშზე) _ 6მX4მ; 6მX5მ;

ზღმარტლი (ზღმარტლზე) _ 5მ X 4მ;

ატამი (ატამზე, ნუშზე, ტყემალზე) _ 5მ X4მ;

გარგარი (ჭერამზე) _ 7მ X5მ; 8მ X6მ;

ქლიავი (ევროპული) _ 7მ X5მ; 6მ X5მ;

ქლიავი (ჩინურ-იაპონური) _ 6მ X5მ; 6მ X4მ; 5 მX4მ;

ბალი ძლიერ საძირეზე (კულტურული ნათესარი, ბალამწარა) _ 8მX6მ; 7მX5მ; _ ნახევრად ნაგალა საძირეზე (კოლტი) _ 6მX4მ; 5მX3მ; _ ნაგალა საძირეზე (გიზელა 5, ვიქტორი) _ 4მ X 2,5მ; 4მ X 2მ;

ალუბალი (ალუბალზე) _ 5მ X5მ; 6მ X5მ;

ტყემალი (ტყემალზე) _ 6მ X 5მ;

თხილი _ 6მ X4მ; 6 მX3მ; 5მ X4მ; 5მ X3მ;

კაკალი ჩვეულებრივი ჯიშები _ 10მX10მ; 10მX8მ;

ლატერალური ჯიშები _ 8მ X5მ; 8მ X6მ; 7მ X5მ;

კივი _ 4მ X 4მ;

ნუში _ 6მX5მ; 5მ X4მ;

ლეღვი _ 8მ X7მ; 8მ X6მ; 7მ X5მ; 8მ X5მ;

ბროწეული _ 5მX4მ; 5 მX3მ;

აღმოსავლური ხურმა _ 6მ X4მ; 6მ X3მ; 5მ X2,5მ;

მოცხარი _ 3მ X1მ; 2,5მ X1მ;

ჟოლო _ 3მ X0,75მ; 2,5მ X0,75მ;

ხურტკმელი _ 3მX1; 3მX1,2მ.

გაგრძელება მომდევნო ნომერში

ჯუმბერ ონიანი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

ზვიად ბობოქაშვილი,

კუკური ძერია,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here