Home რუბრიკები სამართალი რა მოხდა სოფელ ნარდევანში, ანუ გადაიქცევა თუ არა ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმე...

რა მოხდა სოფელ ნარდევანში, ანუ გადაიქცევა თუ არა ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმე მეორე “გირგვლიანის საქმედ”?

1234

წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში მცხოვრები თამარიანებისა და მელტონიანების ოჯახების დაპირისპირებაზე სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ შევიტყვე. ვადასტურებ, რომ არც მელტონიანები არიან ჩემი გადამკვდარი მეგობრები და არც თამარიანები, ამიტომ ზედმიწევნით შევისწავლე ამ საქმის ხელმისაწვდომი ოფიციალური მასალები, ვეწვიე ნარდევანს, გავესაუბრე მცხოვრებლებს და მკითხველს ვთავაზობ დატრიალებული უბედურების ქრონიკას ჩემი მოსაზრებებით, რომლებსაც თავს არავის ვახვევ; უბრალოდ, ამ წერილის წაკითხვისას მკითხველს ვთხოვ, საღი გონებით განსაჯოს მომხდარი.

2016 წლის 30 ივლისს სოფელ ნარდევანის მკვიდრი, ყოფილი გამგებელი, ყოფილი ნაციონალი, შემდეგ _ “მეოცნებე”, ამჟამად კი წალკის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავკაცი სამსონ თამარიანი დაახლოებით 17:00 საათზე კუთვნილი ავტომანქანით (“მერსედეს-ბენც” GL 550, სახ. ნომერი MHR–009) მოძრაობდა სოფელ ნარდევანის ცენტრში. თავისი მაღაზიის ახლოს სამსონმა შეამჩნია, როგორც თვითონ მიიჩნევს, მისი არაკეთილმსურველის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის _ აიკ მელტონიანის 17 წლის ვაჟი მერგელი და მასთან ერთად მყოფი მისი ბიძაშვილი ჰაიკ მელტონიანი. რა მოხდა ამის შემდეგ?

მოვუსმინოთ ორივე მხარეს.

მერგელ მელტონიანის ჩვენებიდან: “დაახლოებით 17:00 საათზე ბიძაშვილთან, ჰაიკ მელტონიანთან ერთად, მივდიოდი სოფლის სტადიონზე, სადაც ნავთობსადენზე მომუშავე უცხოელებს ფეხბურთი უნდა ეთამაშათ. სოფლის ცენტრში დავინახეთ მანქანაში მჯდომი სამსონ თამარიანი. მან უხეშად გვიხმო. შეგვეშინდა, რადგან ჩვენი მშობლები წლების განმავლობაში გვაფრთხილებდნენ, თავი აგვერიდებინა სამსონ თამარიანთან ნებისმიერი ურთიერთობისთვის, _ გვემტერება და შეიარაღებული დადისო. მივედით მანქანასთან. მე შევიხედე სალონში. იქ თოფი ვერ შევამჩნიე და დავმშვიდდი. სამსონ თამარიანს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი. მან დაგვიწყო ლანძღვა-გინება. უცებ სამსონმა საჭე მარჯვნივ დაატრიალა, მკვეთრად დააწვა “გაზს” და მანქანა უკან დაძრა. ვიგრძენი ძლიერი დარტყმა და მიწაზე დავეცი, ასევე ვიგრძენი საშინელი ტკივილი ფეხებში”.

ჰაიკ მელტონიანის ჩვენებიდან: “მერგელი წაიქცა. უკუსვლით წასულმა სამსონ თამარიანმა მანქანა დაამუხრუჭა და ისევ წინ გამოქანდა, რათა წაქცეული მერგელისთვის გადაევლო. მე ჩავავლე მერგელს ხელი და გვერდით გავათრიე. სადაც წამით ადრე მერგელი იწვა, სამსონის მანქანამ ჩაიქროლა. შემდეგ გააჩერა მანქანა და დაგვემუქრა: მანდ დამელოდეთ და ნახავთ, რაც მოგივათო და წავიდა”.

ახლა მოვუსმინოთ მეორე მხარეს.

სამსონ თამარიანის ჩვენებიდან: “სოფლის გზაზე მანქანით ვმოძრაობდი. სოფლის ცენტრში დამხვდნენ არასრულწლოვანი მერგელ მელტონიანი და მისი ბიძაშვილი ჰაიკ მელტონიანი. შემეკამათნენ, მერე დამიწყეს ლანძღვა-გინება და ცემა. მანქანაში მჯდომს ღია ფანჯრიდან მერგელი და მისი ბიძაშვილი ისე ძლიერად მირტყამდნენ მუშტებს სახესა და თავში, რომ ტკივილისგან რამდენიმეჯერ კინაღამ გონება დავკარგე. ჩემს მანქანას ეს ბიჭები მთელი ძალით ურტყამდნენ წიხლებს და ჩაამტვრიეს წინა მარცხენა კარის მინა. ამის შემდეგ შეშინებული გავიქეცი შემთხვევის ადგილიდან, მერგელ მელტონიანი კი მომდევდა და ქვებს ისროდა მანქანის მიმართულებით”.

დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა სულ ოთხი ადამიანი: სამსონ თამარიანი, რომელიც უარყოფს, რომ მანქანა დააჯახა 17 წლის მოზარდს; დაზარალებული მერგელ მელტონიანი; მისი ბიძაშვილი ჰაიკ მელტონიანი და მათი თანასოფლელი, სრულიად ნეიტრალური პიროვნება სარო აივაზიანი. სამსონ თამარიანისა და აიკ მელტონიანების ოჯახები ნათესავები არიან, ხოლო ბატონი სარო არ ენათესავება არც ერთ მათგანს. როგორც სარო აივაზიანმა მითხრა, სამსონ თამარიანმა მანქანა ჯერ მერგელ მელტონიანს დააჯახა, შემდეგ კი სცადა, მანქანით გადაევლო წაქცეულისთვის, მაგრამ ჰაიკ მელტონიანმა მოასწრო მერგელის გზიდან გადათრევა. ჩემს კითხვაზე, იყო თუ არა სამსონ თამარიანი არაფხიზელ მდგომარეობაში, ბატონმა სარომ მიპასუხა: იქ შემთხვევით აღმოვჩნდი, ვიდექი ხუთიოდე მეტრის მოშორებით, ამიტომ ვერ გეტყვით, სამსონი მთვრალი იყო თუ არა, მაგრამ, რაც სამსონმა ჩაიდინა, იმას ფხიზელი ადამიანი არ გააკეთებდა”.

ოთხიდან სამმა მოწმემ დაადასტურა სამსონ თამარიანის მიერ მერგელ მელტონიანზე მანქანის დაჯახება და მკვლელობის მცდელობა. სამივე მოწმის ჩვენება დევს საქმეში, მაგრამ ხომ არის შესაძლებელი, რომ სამი მოწმე ცრუობდეს, ხოლო ერთი იყოს ცამდე მართალი? სრულიად შესაძლებელია. მაშ, ვის დავუჯეროთ?

მოდი, ვცადოთ და ჯერ სამსონ თამარიანის ჩვენება დავიჯეროთ. ბატონი სამსონი თავის ჩვენებაში ამბობს, ჩემს მანქანას ეს ბიჭები მთელი ძალით ურტყამდნენ წიხლებს და ჩაამტვრიეს წინა მარცხენა კარის მინაო… ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სამსონ თამარიანის “მერსედეს-ბენც” GL 550 დაათვალიერა წალკის პოლიციის გამომძიებელმა მერაბ ყულოშვილმა. მან დაზიანებები ვერ იპოვა. მოგვიანებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა სამსონ თამარიანის “მერსედესის” სრული ექსპერტიზა. მის დასკვნაში წერია, რომ მანქანის ყველა მინა მთელია, ხოლო მანქანის ძარას მიკროსკოპული დაზიანებაც კი არ აღენიშნება და არის იდეალურ მდგომარეობაშიო. საკვირველია ისიც, რატომ არ მიმართა დაზარალებულმა სამსონ თამარიანმა წალკის საავადმყოფოს, მას ხომ ბიჭები ისეთი სიძლიერით ურტყამდნენ სახესა და თავის არეში, რომ რამდენიმეჯერ კინაღამ გონება დაკარგა”?

 დავიჯეროთ, რომ სამსონ თამარიანმა აპატია ახალგაზრდა ხულიგნებს მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მით უმეტეს, დანაშაული შეუნდო მისი პირადი მტრის, წალკის რაიონში 2012 წელს “ნაცმოძრაობის” ზეობის ხანაში, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, აიკ მელტონიანის, შვილს _ მერგელს? ნუთუ სამსონ თამარიანმა, კეთილშობილური ზრახვების გამო, ხელიდან გაუშვა ასეთი უნიკალური შესაძლებლობა, კანონიერად გასწორებოდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს? თუმცა სამსონ თამარიანის შემდეგმა მოქმედებამ ხაზი გადაუსვა მის კეთილშობილებას. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ სამსონ თამარიანმა იმიტომ არ მიმართა წალკის საავადმყოფოს, რომ მისი სახე ისეთივე იდეალურ მდგომარეობაში იყო, როგორც მისი “მერსედესი”. მეტიც, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გასამყარებლად სამსონ თამარიანმა, ალბათ, სიხარბისგან ვერ გაწირა ძვირფასი მანქანა, ანუ არ ჩაამტვრია წინა მარცხენა მინა და თავის “მერსედესს” წიხლებიც ვერ “უთავაზა”. ჩანს, დასაჟეჟად ვერც საკუთარი ფიზიონომია გაიმეტა, რადგან არ სთხოვა ოჯახის წევრებს, სახეში ორიოდე მუშტი მაინც დაერტყათ… ნარდევანში ყოფნისას დავუკავშირდი სამსონ თამარიანს და ვთხოვე შეხვედრა, რათა თვითონ უარეყო მელტონიანებისა და თანასოფლელების მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია. ბატონმა სამსონმა საკმაოდ უხეშად მირჩია, _ შენ, უკეთესია, მელტონიანებს ჰკითხე, რა უნდათ ჩემგანო და მობილური გათიშა. დამეთანხმებით, ბატონი სამსონის “რჩევა” შორდება საღ აზრს, რადგან კითხვა “რა უნდათ ჩემგან მელტონიანებს?” იმ კაცისგან, რომელმაც დაასახიჩრა არასრულწლოვანი მერგელ მელტონიანი, ხოლო 20 წუთის შემდეგ მისმა შვილმა ანდრანიკ თამარიანმა სიცოცხლეს გამოასალმა 23 წლის ანდრანიკ მელტონიანი, თავხედურია. საკითხავია, ვისი იმედით თავხედობს წალკის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, უჭირს წერაკითხვა მშობლიურ სომხურ ენაზეც და ძირითადად ლაპარაკობს თურქულად, არ აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება? თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ეს ფაქტი გაოცებას არ უნდა იწვევდეს, რადგან სააკაშვილის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკას მართავდა სტრიპტიზის “მუშაკი”, ვინმე ვერა ქობალია

ნარდევანში მიღებული ცნობებით, სამსონ თამარიანის სახლში საკმაოდ ხშირად ქეიფობდნენ წალკის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ გადელია, სოფელ ავრანლოს პოლიციის განყოფილების უფროსი, სამსონ თამარიანის მეუღლის _ ჯულიეტა აგაჯანიანის თანასოფლელი და ნათესავი ედუარდ ხაჩატრიანი და რაიონის სხვა თანამდებობის პირები…

ახლა შევეცადოთ და დავიჯეროთ მერგელ და ჰაიკ მელტონიანების, აგრეთვე, მათი თანასოფლელის _ სარო აივაზიანის ჩვენებები. სამსონ თამარიანი ჩვენებაში ამბობს, რომ შეშინებული გავიქეცი შემთხვევის ადგილიდან, მერგელ მელტონიანი კი მომდევდა და ქვებს ისროდა მანქანის მიმართულებითო. ანუ, ბატონი სამსონი უარყოფს, რომ მერგელ მელტონიანს მანქანით დაეჯახა და ფეხი მოტეხა, მაგრამ არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს 2016 წლის 30 ივლისის საღამოს ფეხი მართლა რომ ჰქონდა მოტეხილი, ადასტურებს წალკის საავადმყოფოში იმ დღეს მორიგე ექიმი ბეჟან ხოზრევანიძე, აგრეთვე, ამავე სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგი თამაზ ჯაფარიძე. მოზარდის ფეხის მოტეხვას ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროც. მის დასკვნაში წერია, რომ მერგელ მელტონიანს აქვს მარცხენა ფეხის ორივე წვივის ძვლის ღია მოტეხილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხს და სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩნდება კითხვა: მაშ, ვინ მოსტეხა ფეხი მერგელ მელტონიანს? სამსონ თამარიანი კატეგორიულ უარზეა. იქნებ, ჰაიკ მელტონიანმა ან სარო აივაზიანმა მოტეხეს? ან, იქნებ, სულაც, თვითონ მერგელ მელტონიანმა მოიტეხა ფეხი, რითაც ჯოჯოხეთური ტკივილებისთვის გაწირა თავი?

ის, რომ 2016 წლის 30 ივლისს მერგელ მელტონიანს მანქანის დაჯახების შედეგად ფეხი მოსტეხა სამსონ თამარიანმა, თვით ბატონმა სამსონმა, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარა. ჩადენილი დანაშაულის შესახებ მან მობილური ტელეფონით (რაც გამოძიების მიერ დადასტურებულია _ ავტ.) აცნობა სოფელ ნარდევანის რწმუნებულ ანტარამ მელტონიანს. ამ ფაქტზე ქალბატონმა ანტარამმა ჩვენება მისცა გამომძიებელს: “2016 წლის 30 ივნისს მობილურით დამიკავშირდა სამსონ თამარიანი და მაცნობა, რომ მანქანით შემთხვევით დაეჯახა მერგელ მელტონიანს. მე დავუკავშირდი პოლიციას და მომხდარზე შევატყობინე”. რით დავეხმარო წალკის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავკაც სამსონ თამარიანს ამ ეპიზოდში?

აი, როგორ ამართლებს პრესის ფურცლებზე თამარიანს მისი ერთ-ერთი ადვოკატი მუხრან ღურწკაია: “…ჩვენ დავდეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომ ამ გადავლით (ადვოკატი გულისხმობს მანქანით გადავლას მერგელ მელტონიანის ფეხზე _ ავტ.) ასეთი დაზიანება ვერ იქნებოდა, ისინი (მელტონიანები _ ავტ.) ტყუიან. რამდენიმე მოწმე გამოვკითხეთ და ამ ქმედებებში პირიქით _ მელტონიანებს ადანაშაულებენ. მერე კი მათზე (მოწმეებზე _ ავტ.) ზეწოლა მოახდინეს და ჩვენებები შეცვალეს”. როგორც შევიტყვე, ბატონმა მუხრანმა და მისმა მეუღლემ, ამ სასამართლო პროცესში მონაწილე ადვოკატმა თამარ სადრაძემ, დადეს დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაც. დასკვნა კი დაიდო, მაგრამ ექსპერტს მთავარი გამორჩა _ მერგელ მელტონიანის ტრავმისცოცხლადდათვალიერება; ანუ დაზარალებული მერგელ მელტონიანი ექსპერტს თვალითაც არ უნახავს, ისევე, როგორც სამსონ თამარიანის მანქანა. ახლა, რაც შეეხება იმ მოწმეებს, რომლებზეც, ადვოკატ მუხრან ღურწკაიას მტკიცებით, “ზეწოლა მოახდინეს”: ნარდევანში ყოფნისას ამ მოწმეებსაც შევხვდი. ესენი არიან სარქის მაზმანიანი და ტირუნ აივაზიანი.

“იმ დღეს ვიყავი სათიბში, _ აღელვებით მიყვება ბატონი სარქისი, _ სახლში დავბრუნდი საღამოს შვიდ საათზე. ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობასა და მერგელის ფეხის მოტეხვაზე თანასოფლელებისგან შევიტყვე. როგორ ვარ თვითმხილველი, როცა მე არაფერი დამინახავს?! რატომ დამასახელეს მოწმედ?! რა ჩვენება უნდა მივცე, როცა იქ არ ვყოფილვარ?! თამარიანები და მელტონიანები ჩემი თანასოფლელები არიან და არავის მხარეზე არ ვარ. თუ ისინი ჩხუბობენ, მე რა შუაში ვარ?! რატომ მეძახიან გამომძიებელთან, მე ხომ არაფერი ვიცი. დამანებონ თავი”!

 დავუჯეროთ სარქის მაზმანიანს? მე დავუჯერე, რადგან ქალბატონ სადრაძისთვის “მიცემული” ჩვენების გამო აღშფოთების ასე გამოხატვა-გათამაშება თვით დიდ სომეხ მსახიობს, შექსპირის გმირების სცენაზე გაცოცხლების უბადლო ოსტატს _ ვაგრამ პაპაზიანსაც კი გაუჭირდებოდა. ასეთივე აღშფოთება გამოხატა ტირუნ აივაზიანმაც.

 დავუბრუნდეთ სოფელ ნარდევანის ცენტრში მომხდარს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ამ შემთხვევის შემდეგ სამსონ თამარიანმა გეზი თავისი სახლისკენ აიღო. სახლიდან ის მობილურით დაუკავშირდა ძმას _ სამველ თამარიანს და შვილს _ ანდრანიკ თამარიანს და მოიხმო. რამდენიმე წუთში სამველი და ანდრანიკი მივიდნენ სამსონთან, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულის გამართლების მიზნით, განუცხადა მათ, რომ მელტონიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ მომენტში მასთან სახლში მივიდნენ პოლიციელები, რადგან დაზარალებული მერგელ მელტონიანის მამამ აიკ მელტონიანმა და ბიძაშვილმა ანდრანიკ მელტონიანმა არაერთხელ დარეკეს 112-ში (დადასტურებულია გამოძიების მიერ _ ავტ.) და განაცხადეს, რომ სამსონ თამარიანმა დაასახიჩრა მერგელ მელტონიანი, რომელიც სოფლის ცენტრში სისხლისგან იცლება, და მოითხოვეს სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მისვლა შემთხვევის ადგილზე. ასევე, სოფელ ავრანლოს პოლიციის განყოფილებას მომხდარზე შეატყობინა ნარდევანის რწმუნებულმა ანტარამ მელტონიანმა.

მოწმეების ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე შეკრებილი იყო ხალხი და იწვა ფეხმოტეხილი მერგელ მელტონიანი, სასწრაფოზე ადრე სამსახურის პიკაპით ავრანლოდან მივიდნენ პოლიციელები ედუარდ ხაჩატრიანის მეთაურობით. შეგახსენებთ, ეს პიროვნება არის სამსონ თამარიანის მეუღლის ნათესავი და თანასოფლელი. დაზარალებულის მამამ და მერგელის ბიძამ _ მორლენ მელტონიანმა პოლიციელებს ყველაფერი უამბეს დანაშაულის შესახებ და სთხოვეს ედუარდ ხაჩატრიანს, დაუყოვნებლივ დაეკავებინათ სამსონ თამარიანი, რადგან მერგელისა და ჰაიკისგან შეიტყვეს სამსონის მუქარა, _ ცოტა ხანში დავბრუნდები და ნახავთ, რაც მოგივათო. ის, რომ პოლიციელები მივიდნენ სამსონ თამარიანის სახლში და ნახეს სამსონი, დადასტურებულია მოწმის _ გაიანე ნაზლოიანის ჩვენებაში, მაგრამ, როცა ხუთიოდე წუთის შემდეგ ედუარდ ხაჩატრიანი დაბრუნდა დანაშაულის ადგილზე და აიკ და მორლენ მელტონიანებს განუცხადა, სამსონი სახლში არ არის და მისი ადგილსამყოფელი არ იციანო, დაზარალებულის მამამ აიკ მელტონიანმა უცენზურო სიტყვებით მიმართა და ყველას გასაგონად ედუარდ ხაჩატრიანი სამსონ თამარიანის მფარველობაში დაადანაშაულა; აიკ მელტონიანის ძმა მორლენი შეეცადა ძმის დამშვიდებას, შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადა პოლიციელს და შეეხვეწა ხაჩატრიანს, დახმარებოდა მათ, რადგან სამსონი დაბრუნებას აპირებსო. მიუხედავად ხვეწნამუდარისა, ედუარდ ხაჩატრიანმა და მისმა თანამშრომლებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი და პოლიციის განყოფილებისკენ წავიდნენ. ყოველივე ეს დადასტურებულია მრავალი მოწმის ჩვენებით. თუმცა ამა წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ვესწრებოდი, მოწმედ დაკითხულმა სოფელ ავრანლოს პოლიციის განყოფილების უფროსმა ედუარდ ხაჩატრიანმა ზემოთ ნათქვამი უარყო

 მოწმეების ჩვენებით პოლიციელების წასვლიდან 2-3 წუთში სამსონ თამარიანის კუთვნილი “ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამსონ თამარიანის ძმა სამველი და სამსონის შვილი ანდრანიკი. მოწმეთა ჩვენებიდან და საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ შეჯგუფებულ ხალხთან ათ მეტრში სამველმა მანქანა დაამუხრუჭა, გვერდით მჯდომი ანდრანიკი მანქანიდან გადმოხტა და არარეგისტრირებულივინჩესტერისსისტემის თოფით შეგროვილი ხალხის მიმართულებით გაისროლა. მსხვილი ნადირისთვის განკუთვნილი საფანტი გაიშალა, მათგან ორი თავში მოხვდა აიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილს _ ანდრანიკ მელტონიანს და ადგილზე მოკლა, ხოლო დანარჩენმა საფანტმა დააზიანა მოკლული ანდრანიკის ავტომანქანანივა”, ამით ავტომობილის უკან მდგომი ადამიანები გადარჩნენ. შემდეგ ანდრანიკ თამარიანმა თოფი გადატენა, რათა მეორედ ესროლა იქ მყოფი ადამიანებისთვის, საბედნიეროდ, ვაზნა გაიჭედა და ანდრანიკ თამარიანი გაიქცა მკვლელობის ადგილიდან იმ გზით, რომლითაც ის და ბიძამისი მოვიდნენ. ამ მომენტში “ფორდ-ტრანზიტის” საჭესთან მჯდომმა სამველ თამარიანმა დაძრა მანქანა ანდრანიკ მელტონიანის გვამთან მდგარი აიკ მელტონიანისა და მისი უმცროსი შვილის _ ჰამბარცუმის მიმართულებით, რათა მათთვის დაეჯახებინა მანქანა. აიკ მელტონიანმა, რომელსაც 30 წუთის წინათ სამსონ თამარიანმა შვილი დაუსახიჩრა, ხოლო სამსონის შვილმა ერთი წუთის წინათ თვალწინ ძმისშვილი მოუკლა, დაინახა, რომ სამველ თამარიანი ცდილობდა მისთვის და მისი უმცროსი შვილისთვის მანქანის დაჯახებას, ამიტომ ბავშვისა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ამოიღო ტაბელური იარაღი და გაისროლა მანქანის მიმართულებით…

ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ აიკ მელტონიანის მიერ ყველა ნასროლი ტყვია მანქანას მოხვდა წინიდან, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მანქანა მიემართებოდა უშუალოდ მისკენ. სროლის შედეგად, სამველ თამარიანი ხელში დაიჭრა. მან მოატრიალა მანქანა და გაიქცა.

სამველ თამარიანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ის სამსონისგან მიდიოდა თავის სახლში. მართალია, მის გვერდით იჯდა ანდრანიკი, მაგრამ ძმისშვილის ხელში მკვლელობის იარაღი არ დაუნახავს და მკვლელობაც ვერ შეამჩნია… მაგრამ მელტონიანების დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა: გზის ტოპოგრაფიული გეგმით, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტით, რომელიც ვიდეოკამერაზე აღიბეჭდა და საქმეში დევს, სამველ თამარიანს შინ მისასვლელად ჰქონდა ოთხი გზა, მაგრამ აირჩია სოფლის ცენტრი _ ჩიხი, რომლიდანაც ის თავის სახლში ვერ მოხვდებოდა; სამაგიეროდ, იქ მელტონიანები იდგნენ… დავუშვათ, მკვლელობა ბატონ სამველს არ დაუნახავს, მაგრამ გასაოცარია, როგორ ვერ შეამჩნია ანდრანიკის ხელში თოფი, რომლის სიგრძე მეტრი და ოცდათორმეტი სანტიმეტრია?! აი, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორ ლევან გეგეჭკორს ამ საოცრებისა სჯერა. არ ვხუმრობ, ბატონ ლევანს ამ “საოცრების” მართლა სჯერა, რაც მაიძულებს, თხოვნით მივმართო მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, სასწრაფოდ შეამოწმოს ლევან გეგეჭკორის პროფესიული კვალიფიკაცია. და, მიუხედავად იმისა, რომ გეგეჭკორი ბატონ ირაკლი შოთაძესთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა იურისპრუდენციას და მისი ახლო მეგობარია, დაინტერესდეს მაინც მთავარი პროკურორი, რატომ ასრულებს ლევან გეგეჭკორი მისთვის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლისთვის, შეუფერებელ როლს _ სამსონ და სამველ თამარიანების ადვოკატის როლს.

ცოტა რამ პოლიციისა და პროკურატურის უცნაურობებზე

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/meltoniani.jpg

მელტონიანებმა დანაშაულის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენეს. წალკის საავადმყოფოში მიყვანილმა მერგელ მელტონიანმა მორიგე ექიმს _ ბეჟან ხოზრევანიძეს აცნობა, რომ მას მანქანით დაეჯახა სამსონ თამარიანი. მიუხედავად ამისა, პოლიციამ არ შემოღობა დანაშაულის ადგილი, არ ჩაატარა აუცილებელი საგზაო შემთხვევის ექსპერტიზა, არ დააკავა სამსონ თამარიანი და არ ჩაუტარა მას ალკოტესტი.

სამსონ თამარიანის მიერ მანქანით მერგელ მელტონიანის მძიმე დაზიანებამ მხარეთა შორის ურთიერთობის უკიდურესი გამწვავება გამოიწვია, რომელიც ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობით დასრულდა. ეს ორი დანაშაული ერთი საქმის შემადგენელია, ურთიერთდაკავშირებული რგოლებია, რაც, სხვათა შორის, სასამართლო სხდომებზე არაერთხელ დაადასტურა ამ საქმის პროკურორმა გიორგი ღონღაძემ. აი, ლევან გეგეჭკორის ზეწოლით კი, სამსონ თამარიანის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიყო ცალკე წარმოებაში და მიმდინარეობს ცალკე სასამართლო პროცესი. ამით სამხარეო პროკურორმა მიზანმიმართულად მოუსპო დაზარალებულ მერგელ მელტონიანს თავის დაცვის და სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება. თვითმხილველთა ჩვენებით დადგენილია, რომ სამსონ თამარიანმა განზრახ დააჯახა მოზარდს კუთვნილი ავტომანქანა და სცადა მეორედ დაჯახება. სამხარეო პროკურატურამ კი სამსონ თამარიანის მიმართ აღძრა საქმე სსკის 124- მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სხეულის დაზიანების გაუფრთხილებლობით მიყენებას და ისჯება მხოლოდ ფულადი ჯარიმით, რაც მოცემულ შემთხვევაში აბსურდია. როცა მელტონიანების დაცვამ (ადვოკატები თემურ და დიანა გვიშიანები) სასამართლოს წინაშე დააყენა საქმის გაერთიანების საკითხი, რომელიც დაშვებული შეცდომების ნაწილს გამოასწორებდა, სამხარეო პროკურატურა წინააღმდეგი წავიდა. როცა მკვლელობის შემდეგ სამველ თამარიანმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა იქ მყოფი მელტონიანებისკენ, რათა გადაევლო მათთვის, აიკ მელტონიანმა ტაბელური იარაღით კანონზომიერად გაისროლა თავდამსხმელის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამველ თამარიანი მანქანით გადაუვლიდა როგორც აიკ და ჰამბარცუმ მელტონიანებს, ისე იქ მდგომ სხვა ადამიანებსაც. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: აიკ მელტონიანი დააპატიმრეს სამველ თამარიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და მას ასამართლებენ მისი ძმისშვილის მკვლელთან _ ანდრანიკ თამარიანთან ერთად, ხოლო მკვლელობის, ფაქტიურად, წამქეზებელ სამსონ თამარიანს მხოლოდ დაჯარიმება ემუქრება; მისი ძმა _ სამველი კი, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, მკვლელი მკვლელობის ადგილზე მიიყვანა, დაზარალებულად არის ცნობილი…

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმემნაციონალური მოძრაობადაასამარა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებამ არ მოისურვა ამ მხეცური მკვლელობის ორგანიზატორების კანონიერი დასჯა. ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობაც სერიოზული გაფრთხილებაა ამჯერადქართული ოცნებისთვის”, რადგან აქაც შეინიშნება დამნაშავეების აშკარა მფარველობის მცდელობა. როგორც თავის დროზე ირინე ენუქიძე არ შეურიგდა უსამართლობას, ასევე მელტონიანების ოჯახი არ აპირებს დანებებას. თუ დამნაშავეებს სასამართლო საკადრისად არ დასჯის, მელტონიანები და მათი თანასოფლელები აპირებენ პერმანენტული აქციების გამართვას ერთდროულად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

გიორგი კორძაძე

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია შემდგომაც მიაწვდის მკითხველს ორ მიმდინარე პროცესზე ამომწურავ ინფორმაციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here