Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო პენსიების ოდენობის მხრივ, არამხოლოდ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება

საქართველო პენსიების ოდენობის მხრივ, არამხოლოდ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება

2686

საქართველოს ხელისუფლებები მოსახლეობას ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებოდნენ სოციალური შემწეობების, კერძოდ, პენსიების მომატებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 2003-დან (როცა პენსია 14 ლარი იყო) 2016 წლამდე პენსიამ თითქმის 13-ჯერ მოიმატა და მხოლოდ 180 ლარი შეადგინა (69,2 დოლარი), რაც ლარის კურსის დაცემის, პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი სამომხმარებლო საგნების გაძვირების ფონზე, მაინც ძალიან დაბალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 166,3 ლარია (იხ. geostat.ge), რაც ძალიან შორსაა საერთაშორისო ნორმებისგან. თუ საერთაშორისო ნორმებით ხორცპროდუქტების დღიური ნორმა 200 გრამია, საქართველოში მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ეს ნორმა 70 გრამს შეადგენს (ძროხისა და ხბოს ხორცი _ 40 გრ, ღორის ხორცი _ 10 გრ, ფრინველის _ 20 გრ.), ბევრი ექსპერტის აზრით, 70 გრ ხორცი დღიურ ნორმად _ ეს ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვაა, რადგან ხორცი ცილების ძირითადი წყაროა ადამიანისთვის. და, თუ რაციონში ცილები არასაკმარისი რაოდენობითაა, ორგანიზმს ექმნება ცილების დეფიციტი, რაც ნერვული სისტემის მოშლის, ენდოკრინული და სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ალბათ, ამის მიზეზითაც არის საქართველოში გავრცელებული ისეთი ენდოკრინული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და ჩიყვი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2015 წელს 900,4 ლარს(?) შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი პენსია, 180ლარი, საშუალო ხელფასზე, რომელიც გაუგებარია, რა მეთოდით და რომელი პარამეტრების გათვალისწინებით არის გამოთვლილი, 5-ჯერ ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო (2014 .) აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 14,3%, ანუ 529 ათასი ადამიანი პენსიონერია.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 74,4 წელს შეადგენს (82-ე ადგილი მსოფლიოში), მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70,3 წელია, ქალის _ 78,3 წელი. საშუალო პენსია _ 180 ლარი (2016 წლიდან), საპენსიო ასაკი მამაკაცისთვის 65 წელია, ქალისთვის _ 60. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში, რომელსაც ასე თავგამოდებით ლანძღავენ .. ნეოლიბერალები, 1932 წელს შემოიღეს საპენსიო უზრუნველყოფა ხანდაზმულთათვის. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის იყო 60 წელი, ქალებისთვის _ 55. მძიმე პირობებში მომუშავეთათვის, მაგალითად, მეშახტეებისა და მეტალურგებისთვის _ მამაკაცებისთვის 50 წელი, ქალებისთვის _ 45 (მუშაობის 20-წლიანი სტაჟის შემთხვევაში).

საერთოდ კი, პენსიის ოდენობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდით ითვლიან. ზოგ ქვეყანაში პენსია მუშაობის სტაჟზეა დამოკიდებული, ზოგან კი პენსიას ცხოვრების განმავლობაში ამა თუ იმ ფონდში გადახდილი თანხების მიხედვით იღებენ, სხვაგან კი პენსია ხელფასის ნახევრის ან მეტის ტოლია და ადამიანი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ხელფასის გარკვეულ პროცენტს იღებს.

რამდენი წლისა გადიან პენსიაზე და რამდენია საშუალო პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

მსოფლიოში ყველაზე მეტი პენსია აქვთ ლუქსემბურგელებს, რომლებიც საპენსიო ასაკის (60 წელი) მიღწევის შემდეგ ყოველთვიურად იღებენ ხელფასის 87,4%-ს. იქ კი საშუალო ხელფასი დაახლოებით 4,3 ათასი ევროა. გამოდის ლუქსემბურგელების პენსია თვეში დაახლოებით 3500 ევროა, ანუ 9450 ლარი.

* ევროპაში პენსიის სიდიდის მიხედვით მეორე ნორვეგიაა _ დაახლოებით 2250 დოლარი, ანუ 5850 ლარი. ამ ქვეყანაში პენსიაზე გადიან 67 წლის ადამიანები.

* ისრაელში პენსია დაახლოებით 1500 დოლარია (3900 ლ). საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 67 წელი, ქალებისთვის 62 წელია.

* აშშში საშუალო პენსია 1500 დოლარია, ანუ 3900 ლარი, საპენსიო ასაკი ქალისა და მამაკაცისთვის _ 67 წელი.

* გერმანიაში, სადაც მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 67 წელია, ქალებისთვის _ 65, საშუალო პენსია დაახლოებით 1200 ევროა (3240 ლარი).

* ევროპაში ყველაზე მცირე პენსია აქვთ ევროკავშირის ახალ წევრებს: ბულგარელებს _ 140 ევრო და რუმინელებს _ 175 ევრო.

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს:

* რუსეთში, სადაც საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55, საშუალო პენსია 2017 წლიდან დაახლოებით 237 დოლარია (616 ლ);

* ბელარუსში საშუალო პენსია 175 დოლარია (475 ლარი). საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელია, ქალებისთვის _ 55;

* ყაზახეთში 2015 წელს საშუალო პენსია 250 დოლარი, ანუ დაახლოებით 650 ლარი იყო. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 63 (მამაკაცებისთვის) და 58 (ქალებისთვის) წლებია.

* უკრაინა _ საშუალო პენსია 72 დოლარი, ანუ 187,2 ლ.; საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელი, ქალებისთვის _ 55 წელი.

* ლატვიაში პენსია 335 დოლარის ტოლია, ლიტვაში _ 245 დოლარის, ესტონეთში _ 255 დოლარის.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი მდგომარეობა ასეთია:

* აზერბაიჯანში საშუალო პენსია 210 მანათია, ანუ დაახლოებით 300 ლარი. ამ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 63 წელია, ქალებისთვის _ 60;

* სომხეთში, სადაც საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 63 წელია, საშუალო პენსია დაახლოებით 85 დოლარს შეადგენს (221ლ);

* თურქეთში მამაკაცები პენსიაში 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან, ქალები _ 58 წლის შემდეგ. ამ ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 465 დოლარია, ანუ 1200 ლარი.

როგორც ხედავთ, საქართველო მოქალაქეთა პენსიების მიხედვით არა მხოლოდ ევროპასა და მსოფლიოშია აუტსაიდერი, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. არადა, სახელმწიფო ბიუჯეტს ყოფილი დეპუტატების შენახვა 4,5 მილიონი ლარი უჯდება _ 2016 წლის მარტის მონაცემებით, 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატი იღებს, მათი რაოდენობა კი ყოველ 4 წელიწადში იზრდება. ყოფილი დეპუტატის პენსია რიგითი მოქალაქის პენსიაზე 3-ჯერ მეტია, არადა, ზოგიერთი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის ვადას ისე ასრულებს, რომ ტრიბუნაზე სიტყვით ერთხელაც არ გამოდის, არც კანონშემოქმედებით მუშაობაში მონაწილეობს. ან რატომ უნდა ჰქონდეს დეპუტატზე 3-ჯერ ნაკლები პენსია მუშას, ხელოვნების მუშაკს, მწერალს თუ მეცნიერს, მათი წვლილი სახელმწიფო დოვლათის შექმნაში ხომ არანაკლებია, მეტი თუ არა?!

ნიკა კორინთელი

ცნობისთვის:

საპენსიო უზრუნველყოფა პირველად შემოიღეს საფრანგეთში სამხედროსაზღვაო ფლოტის ოფიცრებისთვის (1673 .) საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში. მასობრივი და უნივერსალური საპენსიო უზრუნველყოფა კი პირველად გერმანიაში დააწესეს 1889 წელს, დანიაში _ 1891 წელს, დიდ ბრიტანეთში _ 1908 წელს, საფრანგეთში _ 1910 წელს.

1 COMMENT

  1. pensiebi damokidebulia cxovrebiseul pirobebze da pirvel rigshi xelisuflebaze! chveni qveynis xelisufalni moswrebaze arian da sulac ar ainteresebt ubralo mokvdavta mdgomareoba! erti kidev!rodesac vlaparakobt rom chvens aveyanashi minimaluri pensiaaris 180 lari,ratom gvaviwydeba invalidebi? mati pensia samwuxarod mxolod 100 laria!es xom saarsebo minimumze ramdenad naklebia?invalidma wamali iyidos tu sakvebi?me mgoni droa rom mavanma da mavanma uari tkvas premieaze da es tanxebi wavides sapensio fondshi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here