სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვანაირად იწყობენ ცხოვრებას, მაგრამ სპორტის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად მიდიან პოლიტიკაში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სპორტში მიღწეული წარმატებები მათ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაში ეხმარება, თუმცა ხელისუფლების ზედა ეშელონებში მხოლოდ ერთეულები თუ ხვდებიან.
მენი პაკიაო, 40 წლის, ფილიპინები
მოკრივე 1995-2917 წლებში, 2015 წლიდან ფილიპინების პარლამენტის სენატორი.
თაობის ერთ-ერთი შესანიშნავი მოკრივე, კარიერის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე ჩაერთო პოლიტიკაში _ 2007 წელს.
პაკიაომ დააარსა ფილიპინების ლიბერალური პარტია, 2010 წელს გაიმარჯვა კონგრესის არჩევნებში. მოგვიანებით კი ფლოიდ მეივეზერ-უმცროსთან (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, რომელიც საშუალო წონით კატეგორიაში გამოდიოდა) ცნობილი დამარცხების შემდეგ პარლამენტის ზედა პალატის სენატორად აირჩიეს.
მენის აღმერთებენ სამშობლოში, ამიტომ შეიძლება მალე ვიხილოთ პრეზიდენტის პოსტზე.
რომარიო, 53 წლის, ბრაზილია
რომარიო დე სოუზა ფარია ფეხბურთს თამაშობდა 1979-2009 წლებში. 2015 წლიდან ბრაზილიის პარლამენტის სენატორია.
რომარიომ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა 43 წლისამ დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი მისი ვარსკვლავი პოლიტიკურ ცის კაბადონზე აკიაფდა. 2010 წელს რომარიო აირჩიეს ეროვნული კონგრესის ქვედა პალატაში ბრაზილიის სოციალისტური პარტიიდან.
ჯორჯ ვეა, 53 წლის, ლიბერია
ფეხბურთელი 1981-2003 წლებში. 2018 წლის 22 იანვრიდან ლიბერიის პრეზიდენტი.
ეს აფრიკელი ფეხბურთელი თავისი კონტინენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი _ “ოქროს ბურთი” მოიპოვა.
ვეამ 2003 წელს დაასრულა კარიერა და მყისვე ჩაერთო პოლიტიკაში. მან მალე გამოაცხადა, რომ სურს თავისი ქვეყნის _ ლიბერიის პრეზიდენტობა. 2005 წელს, ათი წლის თავზე, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ვეამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, მაგრამ დამარცხდა მეორეში. დამარცხებული ვეა მაიამიში წავიდა სასწავლებლად. 2014 წელს ის სენატში აირჩიეს, მისი პირდაპირი კონკურენტი იყო მოქმედი პრეზიდენტის ვაჟი. ვეამ ხმების 78% მოაგროვა, 2017 წლის დეკემბერში კი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
იმრან ხანი, 66 წლის, პაკისტანი
კრიკეტის პროფესიონალი მოთამაშე, 2018 წლიდან _ პაკისტანის პრემიერმინისტრი.
პაკისტანური კრიკეტის ლეგენდა (ინდოსტანის ნახევარკუნძულზე სპორტის ეს სახეობა თითქმის რელიგიაა), გული ეროვნული ნაკრებისა, რომელმაც 1992 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა _ ფინალში დაამარცხა ინგლისი.
სპორტიდან წასვლის შემდეგ ხანი პოლიტიკაში ჩაერთო და სათავეში ჩაუდგა პარტია ტეპრიკ-ე-ინსაფს _ ამჟამად ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქვეყანაში. ხანი “თალიბანის” დაუძინებელი მტერი და გავლენიანი ადამიანია პაკისტანში. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდეს, 2018 წლიდან კი ქვეყნის პრემიერმინისტრია.
პალ შმიტი, 77 წლის, უნგრეთი
მოფარიკავე, შემდეგ უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ეკავა უნგრეთის პრეზიდენტის პოსტი, იყო უნგრეთის პარლამენტის სპიკერი და ევროპარლამენტის ვიცეთავმჯდომარე.
პალ შმიტი პრეზიდენტის პოსტისკენ დიდხანს მიდიოდა. 1968 და 1972 წლებში იყო ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. სპორტულ ფარიკაობასთან ერთად სწავლობდა 4 ენას _ ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულსა და ინგლისურს. დაამთავრა 2 უმაღლესი სასწავლებელი. მუშაობდა სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში, იყო უნგრეთის უდიდესი სტადიონის, “ნეპშტადიონის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შემდეგ _ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ელჩი ესპანეთსა და შვეიცარიაში.
2010 წელს (იმხანად 68 წლის იყო) პარტია “ფიდესის” მხარდაჭერით წამოაყენა თავისი კანდიდატურა უნგრეთის პრეზიდენტის პოსტზე. პალ შმიტს ეს პოსტი 2 წლის განმავლობაში ეკავა. მის სადოქტორო დისერტაციაზე ატეხილი სკანდალის გამო 2012 წელს პოსტიდან გადადგა _ გაირკვა, რომ მისი ნაშრომი, პრაქტიკულად, ასლი იყო სპორტის ბულგარელი მოღვაწის, ნიკოლაი გეორგიევის, ნაშრომისა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
მოამზადა ნიკა კორინთელმა