1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება. ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს.
ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება. ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.