ქართული მხატვრული ფილმი “თოჯინები იცინიან” ჩვენს თაობას კარგად ახსოვს. ამ ფილმში ერთ–ერთი პერსონაჟი, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი სევერიან წივწივაძე ამბობს _ “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? _ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!” ამ ლოგიკით, ალექსანდრე ჯეჯელავა ან რევოლიციამდე უნდა იყოს დაბადებული, ან, უბრალოდ, მშობლები ჩაგრავდნენ და ბავშვობაში სათამაშოებს არ ყიდულობდნენ. ამიტომ ახლა საქართველოს განათლების აშკარად გონებაჩლუნგი მინისტრი ჩვენი განათლების სისტემით თამაშობს, ერთობა და ხან ბოსტანს აშენებს სკოლებში, ხანაც ბავშვებს კომბლეს მენეჯერულ თვისებებზე ესაუბრება…
მოკლედ, თვე არ გავა, ბავშვებისგან უკვე “ჩვენი ჯეჯე”-დ წოდებულმა მინისტრმა მორიგი შტერობა არ დააბრეხვოს.
და მაინც, შტერობების ასეთი კორიანტელის მიუხედავად, განსაკუთრებით გამორჩეული იყო “ჯეჯეს” ბოლო შტერობა: “თუკი პედაგოგებისთვის დავაწესებთ მაღალ ხელფასებს, მაშინ სკოლებში მასწავლებლებად მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ ეყვარებათ ბავშვები და იქ მხოლოდ მაღალი ანაზღაურების გამო ექნებათ მუშაობის სურვილი”. _ ეს მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, გადაცემის თემა კი სკოლების “ბოლო ზარი” იყო.
რით არის ეს სისულელე ჯეჯელავას სხვა სისულელეებისგან გამორჩეული? იმით, რომ ეს ფრაზა, გარდა სისულელისა, არის კიდევ მისი შინაგანი ბუნების, მისი ქვეცნობიერი აზრების, მისი რეალური ცხოვრებისეული მიზნების უნებური აღიარება.
აბა, თუკი ბატონი განათლების მინისტრი ცხოვრებაში ხელმძღვანელობს ამ ფორმულით _ სადაც მაღალი ხელფასია, იქ ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი საქმე არ უყვარს _ ესე იგი, რა გამოდის?
თვითონ ბატონი “ჯეჯე”, ნეტავ, რატომ მიეტმასნა განათლების სისტემას? ან იქნებ ვინმემ თქვას რომ განათლების მინისტრს დაბალი ხელფასი აქვს და მცირე დანამატები?
ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხებს, სხვათა შორის, არა მხოლოდ “ჩვენს ჯეჯესთან”, არამედ მის კოლეგებთან _ მინისტრებთან, პარლამენტარებთან, თანაპარტიელებთან მივყავართ.
განა უკვე მთელი 5 წელიწადი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდი გაწამაწიაა მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური “მოღვაწეების” წარმოუდგენლად მაღალი ხელაფასების გამო?
განა “ოცნების” გუნდის ყველაზე აქტიური და გამორჩეული წევრები არ გაჰკივიან, _ თუკი მინისტრსა და პარლამენტარს, დეპარტამენტის თავმჯდომარესა თუ სამსახურის უფროსს დაბალი ხელფასი ექნება, ამ უდიდეს “პროფესიონალებს” კერძო სექტორი წაგვართმევსო?
და განა სწორედ ამ საბაბით და ამ “არგუმენტით” არ აქვთ ამ მართლაც მუქთამჭამელებს ათასობით და ათიათასობით ლარი ყოველთვიური შემოსავალი?
როგორ, “ჯეჯეს” თეორემა მხოლოდ პედაგოგებზე ვრცელდება და სხვაზე არავისზე?!
ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა: დღეს საქართველოს მართავენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მაღალი ხელფასების გამო არიან იქ, სადაც არიან! თავიანთი საქმე მათ არ უყვართ და, შესაბამისად, იმიტომაც მიდის ქვეყნის საქმე უკან.
თუკი მასწავლებელი მოსწავლეების, ბავშვების დამრიგებელია და მას ბავშვები უნდა უყვარდეს, მაშინ პარლამენტარი არის ხალხის, კონკრეტული ამომრჩევლის წარმომადგენელი და მას ხალხი უნდა უყვარდეს!
დავიჯეროთ მხოლოდ პედაგოგებს შეუშლის ხელს მაღალი ხელფასი ბავშვების სიყვარულში და პარლამენტარებს ხალხის სიყვარულში მაღალი შემოსავლები არა?
როგორც ხედავთ, ალექსანდრე ჯეჯელავას ამ წამოცდენამ მარტივად ახადა ფარდა მოქმედი სახელისუფლო გუნდის რეალურ მენტალობას, მის შინაგან ბუნებას და წარმოაჩინა მისი ნამდვილი სახე.
ორიოდე წლის წინათ დავწერე და ახლაც იმავეს გავიმეორებ: მოვითხოვ, უმაღლესი რანგის ქართველ სახელმწიფო მოხელეებს სასწრაფოდ შეუმცირდეს ხელფასები, მინისტრით დაწყებული სამსახურების უფროსებით დამთავრებული! მათი საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1500 ლარამდე ჩამოვიდეს. ამით ხელს შევუშლით ჩინოსნების გარყვნას, ფულით მათ ცდუნებას და თანამდებობებზე მოხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვართ საკუთარი საქმე.
კარგი იქნება, თუკი სახელისუფლო გუნდი ასეთი რეფორმების გატარებას ახლავე შეუდგება, რადგან, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია, ეს რეფორმები განათლების მინისტრისა და მესამე ვიცეპრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივად გავასაღოთ და, შესაბამისად, მმართველმა გუნდმა ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი საკუთარ “რეფორმატორ” და “ახლებურად მოაზროვნე” მინისტრს.
მთლად გადასარევი იქნება, თუკი ალექსანდრე ჯეჯელავა ამ რეფორმას საკუთარი თავით დაიწყებს და პირველი თვითონ “დაჯდება” 1000-1200-ლარიან ხელფასზე და დანარჩენებისთვის გახდება სამაგალითო, თუ როგორ შეიძლება რამდენიმესულიანმა ოჯახმა ეს “მოკრძალებული” ხელფასი იმყოფინოს.
საზოგადოდ, ჯეჯელავას ახასიათებს ასეთი “თვითგვემის” შემოტევები. მაგალითად, ამას წინათ განაცხადა: “ვინც კარგად არ მუშაობს და მუშაობის ნაცვლად რაღაც სისულელეებით არის დაკავებული, ის აუცილებლად დარჩება უსამსახუროდ”.
ამ ფრაზის მოსმენისთანავე, ყველას ისეთი განცდა გაუჩნდა, ჯეჯელავამ ეს იმიტომ თქვა, რომ თვითონ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და ცდილობდა, მაგალითი მიეცა დანარჩენი უსაქმური მინისტრებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც გადაიფიქრა.
ალბათ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მაშინ “ჯეჯემ” კოლეგების ფართო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და იფიქრა, _ მარტო გადადგომას რა აზრი აქვს, ნელ-ნელა მოვიყვან აზრზე ჩემ კოლეგებს და მერე ერთად გადავდგებით ყველაო.
და აი, ახლა დადგა ამის დრო! დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების 90 პროცენტი, თუკი გაიგებს, რომ ხელფასი 1000 ლარამდე ჩამოეწევა და დანამატიც აღარ ექნება, თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა თანამდებობიდან და საერთოდ აღარ გაახსენდება ქვეყანა, სახელმიფო და სამშობლოს წინაშე ვალდებულებები.
აკი, გუგული მაღრაძემ, თეა წულუკიანმა და სხვებმა თავის დროზე საჯაროდაც განაცხადეს _ ღირსეული პროფესიონალი სამშობლოს რომ ემსახუროს, მისი ხელფასი და საშუალო შემოსავალი თვეში 10 ათას ლარზე ნაკლები არ უნდა იყოსო!
“ჯეჯეს” ფორმულით კი, პედაგოგების შემთხვევაში პირიქით ყოფილა: ღირსეული პედაგოგი თავის საქმეს და სკოლას ღირსეულად რომ ემსახუროს, ხელფასი 500 ლარზე მეტი არ უნდა ჰქონდეს.
არა, ქალბატონო “წულუ” და ძვირფასო “ჯეჯე”. რაღაც არ ჯდება ლოგიკაში და მოდი, ერთელ კარგად ჩაუჯექით “ოცნების” გუნდი და საბოლოოდ ჩამოყალიბდით _ ადამიანი ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით (იურისპრიდენციაში, განათლებაში, მედიცინაში, პოლიტიკაში თუ კიდევ სხვაგან) საკუთარ საქმეს ღირსეულად რომ ემსახუროს, ანაზღაურება მაღალი უნდა ჰქონდეს თუ დაბალი.
საზოგადოდ, რთულია თქმა, რატომ ხდება საქართველოში, რომ თითქმის ყველა ხელისუფლების დროს სწორედ განათლების სფეროს ჰყავს ყველაზე მეტად არაადეკვატური და გამორჩეულად შტერი მინისტრები.
გინდათ, “შევარდნაძისტობად” ჩამითვალეთ და, როგორც გნებავთ, ისე მიიღეთ, მაგრამ საქართველოს განათლების მინისტრის სავარძელში ალექსანდრე კარტოზიას შემდეგ არც ერთი თუნდაც მინიმალურად ნორმალური მინისტრი არ მჯდარა.
ალექსანდრე (კახა) ლომაია განათლების მინისტრი იყო და ქვეყანაში “საგანგებო მდგომარეობის” გამოცხადებით, მიტინგებზე გამოსული ადამიანების ლანძღვით, სამხედრო სტრატეგიული თემების გარშემო “ბრძნული” მსჯელობებით იყო დაკავებული…
დიმიტრი შაშკინი საერთოდ ვერავინ ამოხსნა, ვინ იყო. ადამიანი ჯერ სასჯელაღსრულების სფეროს ხელმძღვანელობდეს ქვეყანაში, შემდეგ _ განათლების სისიტემას და ბოლოს თავდაცვის მინისტრი გახდეს და “უშიშროების ექსპერტი” აღმოჩნდეს _ ასეთი რამ, ვფიქრობ, მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ყველაზე “პიკანტური” ქვეყნების ყველაზე არეულ პერიოდებშიც კი!
“ჯიპა”-ს პირწავარდნილი “ლიბერატსი” გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრობიდან “პელეს რჩეული” ქვეყნის ყველაზე კომიკურ პრეზიდენტად და “პატრონის წინააღმდეგ ამბოხებულ “პლასტელინად” მოგვევლინა…
მარგველაშვილის დატოვებულ სანიკიძეზე აღარც ღირს საერთოდ ყურადღების შეჩერება _ მისი მეტ-ნაკლებად დიდი დროით დატოვება განათლების მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს, მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ “ოცნების” სახელისუფლო გუნდი განსაკუთრებულ შტერს ეძებდა მის შემცვლელად.
და უნდა ითქვას: მათ ეს ნამდვილად შეძლეს…
ბაკურ სვანიძე
კარტოზიას შესახებ ვ
ეთანხმები ავტორს.