Home რუბრიკები პოლიტიკა ჰონკონგის 100 კგ ვაშლი “ჩხრიალებს”, რუსეთის 466 ტონა _ არა?

ჰონკონგის 100 კგ ვაშლი “ჩხრიალებს”, რუსეთის 466 ტონა _ არა?

ჰონკონგის 100 კგ ვაშლი “ჩხრიალებს”, რუსეთის 466 ტონა _ არა?

საქართველოში რთველისთვის ემზადებიან. სეტყვის მიუხედავად, მოსავალი ისეთი იქნება, სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფას აპირებს _ ქარხნებს სახელმწიფო ფასნამატს გადაუხდის, რომელიც გლეხებმა ჭარბი მოსავლის პირობებში უნდა მიიღონ. საინტერესოა, რომ ორიოდე წლის წინათ სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას ყველანაირი სუბსიდია შეუწყვიტა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იმხანად საკმაოდ მკაცრად განაცხადა, _ ფასები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და არა სახელმწიფომო. დავითაშვილის იმჟამინდელი განცხადება რეალობასთან თითქოს ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მოვიდა საარჩევნო წელი და რეალობაც შეიცვალა.

სანამ რთველი დაიწყება, მანამდე ქართველმა გლეხებმა ვაშლის მოსავალი დააბინავეს. საქართველოში (განსაკუთრებით ქართლში) მოწეული ვაშლის ათვისებას ადგილობრივი მომხმარებელი ვერ ახერხებს და ამიტომ ექსპორტი მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის პერიოდში სხვადასხვა ბაზარზე ვცდილობდით გასვლას, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ქართული ვაშლის ძირითადი ნაწილი ისევ რუსეთში იყიდებოდა. ახლაც ასეა, თუმცა გასულ კვირას დავითაშვილმა საზეიმოდ გვამცნო: ახალი ბაზრების ათვისება დავიწყეთ და ქართული ვაშლი სომხეთის და, რაც მთავარია, ჰონკონგის ბაზარზე გავიდაო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ქართული პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში რომ გადის. რაც მეტი იქნება ასეთი ქვეყნების რიცხვი და გაიზრდება მოთხოვნა, მით მეტი იქნება ქართული პროდუქციის ფასი და უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს გლეხიც. ამოსავალი წერტილი ხომ სწორედ ეს უნდა იყოს _ გლეხმა მიიღოს იმის შესაბამისი შემოსავალი, რასაც შრომობს. მოკლედ, ჩვენ გავარკვიეთ, რომ სარეკორდო ოდენობის ვაშლი 505 ტონაა, რომელიც წელს ექსპორტზე გავიდა. კიდევ ვიმეორებთ: ეს ძალიან კარგია, თუმცა ცუდი ის არის, რომ საქართველოში სამაცივრე მეურნეობების ნაკლებობის გამო ზამთარში უცხოეთიდან (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან) მოგვიწევს გაცილებით დაბალხარისხიანი ვაშლის შემოტანა და იმის მირთმევა. ახლა კი სხვა რამეს ვამბობთ: ამ 505 ტონიდან ჰონკონგის ბაზრის ასათვისებლად გავიდა… 100 კილოგრამი ვაშლი. ჰო, 100 კილოგრამი, ანუ, რეალობა რომ ვთქვათ, ვიღაცამ ორი ტომარა ვაშლი გააყოლა ხელს ჰონკონგში და ჩვენ თურმე იქაურ ბაზარს ვიპყრობთ. სომხეთში ამ 505 ტონიდან 2 ტონა ვაშლი გავიდა, ყაზახეთმა 37 ტონა წაიღო და დანარჩენი 466 ტონა მთლიანად რუსეთის ფედერაციამ. ანუ, ექსპორტზე გატანილი ვაშლის 92% აითვისა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრს ეს არ უხსენებია; არ უთქვამს, რომ მთავარი ექსპორტიორი ჩრდილოელი მეზობელი იყო. ვერ გაბედა, დასავლელი პარტნიორების მიერ დადებით კონტექსტში რუსეთის ხსენება აკრძალული აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ამიტომ ჰონკონგის 100 კილოგრამიჩხრიალებს”, რუსეთის 466 ტონა _ არა. ფულს სუნი არ აქვსო და გლეხისთვის, წესით, სულერთი უნდა იყოს, საიდან მიიღებს შემოსავალს, მისთვის მთავარია, პროდუქცია გაასაღოს და თანაც ისე, რომ სარგებელი ნახოს. ასი კილოთი კიდევ მხოლოდ იმიტომ ვერ გავფრინდებით, რომ ქართლში ვაშლის ბაღის მფლობელ გლეხს გულიანად რომ სთხოვო, ასი კილო შეიძლება ისე გაჩუქოს.

მხოლოდ ვაშლზე არ არის ლაპარაკი. ხელისუფლება საჯაროდ არ ამბობს, თორემ პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანამ შეამცირა საკვები პროდუქტების ექსპორტი და, რაც მთავარია, პირველ რიგში მინიმუმამდე დაიყვანა ხორბლის ექსპორტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხორბლის შემსყიდველ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ევროპის რიგ სახელმწიფოებში პურპროდუქტებზე ფასებმა მცირედ, მაგრამ მაინც მოიმატა, საქართველოში კი არც ფასი გაზრდილა და არც ხორბლის დეფიციტი შექმნილა. მიზეზი მარტივია _ თუ აქამდე საქართველოში ხორბლის 94% რუსეთიდან შემოდიოდა, დანარჩენ 6%-ს კი სხვა ქვეყნები გვაწვდიდნენ, ახლა იმ სხვებმა მცირედის მოწოდებაზეც უარი გვითხრეს და ასი პროცენტით რუსულ ხორბალზე ვართ დამოკიდებულნი თუ ჩამოკიდებულნი.

სხვათა შორის, ამ სფეროს ექსპერტებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ისეთ პროდუქტზე, როგორიც ხორბალია, მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება ძალიან ცუდია და არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. მათი აზრით, საკმარისია, ხორბლის მომწოდებელმა ქვეყანამ გადაიფიქროს და უარი თქვას ხორბლის მოწოდებაზე, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგება. ექსპერტები აშკარად საღად აზროვნებენ და ხაზს იმას უსვამენ, რომ აქცენტს არ აკეთებენ რუსეთზე. მათი თქმით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ხორბლის იმპორტს ეწევა და მას ვერ აწარმოებს, რამდენიმე ალტერნატივა აქვს და შეუძლია ნებისმიერ დროს ერთი ქვეყანა მეორეთი ჩაანაცვლოს. ხშირად ასეთი ქვეყნების რაოდენობა ხუთს აღემატება და მათ ერთგვარი დაზღვევა გააჩნიათ. ჩვენ კი არანაირი დაზღვევა არ გვაქვს და ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის ფედერაციამ ხორბალზე უარი რომ გვითხრას, ალტრნატივას ვერ მოვძებნით და აი რატომ: ჯერ ერთი, დიდმა ქვეყნებმა _ საფრანგეთმა, უკრაინამ, ჩინეთმა _ უკვე რამდენიმეჯერ თქვეს უარი და განაცხადეს, რომ სხვა სახელმწიფოებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და მათ გადახედვას არ აპირებენ; მეორე _ პანდემიის პირობებში ამის გაკეთება წარმოუდგენელია და საქართველოსთვის არც ერთი სახელმწიფო სხვა პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, უბრალოდ, არ გაიფუჭებს.

და მაინც, რატომ შეიძლება თქვას უარი რუსეთმა საქართველოსთვის ხორბლის მიყიდვაზე? მას ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ამისთვის საკმარისია, ქართველი პოლიტიკოსების ბოლო თვეების ნებისმიერი გამოსვლა ნახონ, რომელიც რუსეთს ეხება. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, შანსს არ უშვებს ხელიდან, რუსეთი არ გააკრიტიკოს და არცთუ იშვიათად ეს კრიტიკა არა სახელმწიფო პოლიტიკას, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს ეხება; იმ პიროვნებებს, რომლებსაც ხელეწიფებათ აღნიშნული აკრძალვის დაწესება და ამისთვის მათ საყვედურს ვერავინ ეტყვის.

მედალს მეორე მხარეც აქვს და სწორედ მას შევხედოთ. არ იციან ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ რუსეთს შეუძლია, უბრალოდ, შიმშილობა დაგვაწყებინოს? რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ ასე იმიტომ იქცევიან, რომ დასავლეთის დავალებაა და სხვაგვარად არ ძალუძთ. უფრო მეტიც, ისე ჩანს, რომ რუსეთიდან ხორბლის აკრძალვა ყველაზე მეტად დასავლეთს აძლევს ხელს, რათა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს დამატებითი სანქციები დაუწესოს, ჩვენ კი კიდევ ერთხელ გვითხრას: ხომ გეუბნებოდით, რუსეთი მტერიაო. არადა, სწორედ ეს “მტერია” ჩვენი მთავარი ეკონომიკური მოკავშირე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. სწორედ რუსეთში ვყიდით ჭარბი პროდუქციის 90%-ზე მეტს ყველა მიმართულებით და სწორედ იქიდან შემოგვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების ჩათვლით.

ახლა ფრენები შეზღუდულია, მაგრამ რომელიმე პოლიტიკოსმა, მაგალითად, მალტაში ან იტალიაში ერთი ტომარა ატამი ან ვაშლი რომ წაიღოს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იქაურ ბაზარს ვითვისებთ? ხელისუფლებას (არც მოქმედს, არც მის წინამორბედს) არ სურს, შეიგნოს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ყველაფერი უკვე დიდი ხნის განაწილებულია და იქ არავინ შეგვიშვებს. მათ არც იმის გაგება სურთ, რომ მტკნარი წყალი, რომელზეც უდიდეს იმედებს ვამყარებდით, სულაც არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი, რომ შვეიცარიული, ფრანგული და ავსტრიული წყლები ჩაანაცვლოს და, როგორც კი ამის მცდელობა გვქონდა, ჩანასახშივე გაგუდეს და ქართული პროდუქცია ევროპული ბაზრებიდან გააქრეს. დიდი სახელმწიფოები არ მოგვცემენ იმის უფლებას, რომ ჩვენი ეკონომიკა მათი ეკონომიკის ხარჯზე გაიზარდოს და, თუ რაღაცას გადმოგვიგდებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე დაგვამადლონ, _ მხარში გიდგავართ, სტრატეგიული პარტნიორები ვართო.

კიდევ ვიმეორებთ: ცუდია, როცა ნებისმიერი სფეროს მიმართულებით მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებულნი და არ აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყანას რა ჰქვია, მაგრამ, როცა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, იქნებ იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ ის ერთი არ გავაბრაზოთ, მშრალზე რომ არ დავრჩეთ. ჰო, არც ის იქნება ცუდი, როცა სხვა ქვეყანაში ას კილოგრამ ხილს გავიტანთ და ბრიფინგს ბრიფინგზე მოვაწყობთ, ისიც ვთქვათ, რეალურად რომელ ქვეყანაში გადის ჩვენი პროდუქტის ლამის ასი პროცენტი, თორემ, როგორც გითხარით, ას კილო ვაშლს გულიანი თხოვნის შემდეგ ქართლში არაერთი ფერმერი გაჩუქებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here