მიმდინარე წლის 19 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ “ისლამური სახელმწიფოს” უკანასკნელი საყრდენი პუნქტის (აბუ–ქემალის) გათავისუფლებისა და სირიის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 11 დეკემბერს სირიაში, ჰმეიმიში განლაგებულ რუსეთის ავიაბაზაში ჩავიდა.
მან სირიაში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა და თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს უბრძანა, დაეწყოთ რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების გაყვანა დისლოკაციის ადგილებიდან, მაგრამ რამდენიმე ქვედანაყოფი და ავიაციის ნაწილი კვლავ დარჩება ამ ქვეყანაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად.
“სირია, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი რესპუბლიკა, შენარჩუნებულია. თავიანთ სახლებში ბრუნდებიან დევნილები, შექმნილია პირობები გაეროს ეგიდით სირიის საკითხის პოლიტიკური მეთოდებით მოსაგვარებლად”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთი ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაება.
“რუსეთის სამხედრო ძალებმა ორი წლის განმავლობაში გაანადგურეს ტერორისტების 900-ზე მეტი საწვრთნელი ბანაკი, საომარი მასალების დამამზადებელი 660 ქარხანა და 1,5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა. კონფლიქტში რუსეთის ჩართვამდე “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებდა სირიის ტერიტორიის 78 პროცენტს. მას შემდეგ გათავისუფლებულია 998 ქალაქი და დასახლებული პუნქტი, განადგურებულია “ბოევიკების” უმრავლესობა. დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენა. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 2015 წლის ოპერაციის დაწყებიდან მშობლიურ კერას დაუბრუნდა 1,12 მლნ ადამიანი, მხოლოდ 2017 წელს _ 660 ათასი”, _ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
2-წლიანი ომის შედეგად რუსეთმა გადაარჩინა არა მხოლოდ სირიის არაბული რესპუბლიკა, არამედ შეძლო შეეჩერებინა ე.წ. არაბული გაზაფხულის პროცესი, რომელსაც ქვეყნები არა ლიბერალიზაციის, არამედ რადიკალური ისლამიზაციისა და გაპარტახებისკენ მიჰყავდა. ამის ნათელი მაგალითია ამჟამინდელი ლიბია. ამას გარდა, რუსეთმა დაიცვა საერთაშორისო სამართლის ნორმები, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი შესაძლებლობების საზღვრები დაანახვა მსოფლიოს სისტემის დესტაბილიზაციის საქმეში.
სირიის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ეგვიპტეში ჩავიდა ამ ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ას–სისისთან მოსალაპარაკებლად ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. შემდეგ კი რუსეთის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს უკვე მოუწოდებენ, დაიწყოს ანტიტერორისტული კამპანია ლიბიაში და, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება დათანხმდება. სირიის სახელმწიფოებრიობის გადარჩენით რუსეთმა მსოფლიოს დაანახვა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია სუვერენული სახელმწიფოების კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობისა “ფერადი” თუ “გაზაფხულის” რევოლუციებით და ამის აღკვეთის ძალაც შესწევს. დღეს რეგიონის ქვეყნების (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ყატარი, თურქეთი, ირანი) მიერ რუსეთი, აშშ-ისგან განსხვავებით, განიხილება, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი და საიმედო გარანტი, რომელიც არ მიისწრაფვის ამ ქვეყნების ნავთობსაბადოების ხელში ჩაგდებისკენ, თავს არ ახვევს მათ თავის თვალსაზრისს ქვეყნის მოწყობაზე და პატიოსნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
რუსეთის მიერ სირიაში ტერორისტების განადგურებამ და სირიის, როგორც სახელმწიფოს, შენარჩუნებამ მძლავრი დარტყმა აგემა აშშ–ს, მის ზრახვებს _ დაეპირისპირებინათ ყველა ყველასთან და ებატონათ მსოფლიოზე, მაგრამ აშშ, სახელმწიფო, რომელიც უმწეო და უიარაღო ერების ძვლებზეა აგებული და რომლის ავიადარტყმებს სირიაში, ოფიციალური ცნობით, 801 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა (სხვა მონაცემებით _ 6000-მდე), კვლავაც ცდილობს, მსოფლიოში დაძაბულობის ახალი კერების, ქაოსის შექმნით, ხელში ჩაიგდოს ნავთობსაბადოები და სხვა სასარგებლო წიაღისეული.
სირიაში მოვლენების ასეთ განვითარებას ჯერ კიდევ 2013 წელს, რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე 2 წლით ადრე, პროგნოზირებდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი ამონარიდი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემული მისი ინტერვიუდან:
“ამერიკელები სირიას ახალ–ახალ მოთხოვნებს წაუყენებენ, მათ მიერვე დაფინანსებული ისლამისტი ტერორისტების ხელით ახალ–ახალ სისხლიან სპექტაკლებს გაუთამაშებენ, რათა სირიის ხელისუფლება “საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მხეცურ მოპყრობაში” დაადანაშაულონ, მოაწყობენ ათეულობით პროვოკაციას, მაგრამ მაინც აუცილებლად “იპოვიან” საბაბს, თუნდაც ამისთვის ბაშარ ასადის ყურის ფორმის “ანტისაკაცობრიოდ” და “ბარბაროსულად” გამოცხადება დასჭირდეთ. მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების მუდამ დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება “ყველას ყველასთან” დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვს განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია. მრავალრიცხოვანი ომებიდან, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ყველა მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა… გაიხსენეთ კოსოვოში ბოსნიელების “მასობრივი მკვლელობებისა” და “ალბანელთა გენოციდის” დადგმული ვიდეოკადრები, რომელსაც სერბი მოსახლეობის უმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთის დაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთ “უტყუარი მონაცემები” ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი… განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის, ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმა “დისიდენტებმა” “დემოკრატიისა და თავისუფლების” მოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ მოსახლეობის კეთილდღეობის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყანა აღარ არსებობს, ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე, ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინული “ნარინჯისფერი” და ჩვენებური “ვარდების” მსგავსი “რევოლუციები” მოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი” (“საქართველო და მსოფლიო” #34, 2013 წელი).
* ბევრი ანალიტიკოსის აზრით, აშშ-მა სწორედ იმიტომ შექმნა და შეაიარაღა ჯერ “ალ ქაიდა”, შემდეგ “ისლამური სახელმწიფო” და სირიის ე.წ. ოპოზიცია, რომ მათ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ დაეწყოთ ბრძოლა, გამოეწვიათ ქაოსი, მშობლიური კერიდან აეყარათ მკვიდრი მოსახლეობა და დევნილები ევროპის ქვეყნებისთვის შეესიათ. ამით ამერიკა სარგებელს იღებს: ევროპას აიძულებს, მისი უსაფრთხოების დამცველი და, შესაბამისად, ამერიკის ინტერესების გამტარებელი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ლტოლვილს შეუსევს ევროპას, ამასთანავე, ამ ქაოსსა და არეულობაში ხელთ იგდებს ნავთობსაბადოებს და გააძლიერებს თავის ვალუტას, რომელიც ჰაერისგან არის შექმნილი და არაფრით არის გამყარებული.
აი რას ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია 2013 წელს:
“ყველა ევროპულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი–სამი ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელთა უკანაც დგას მსხვილი კაპიტალი. ეს ფორმალურად ადგილობრივი კაპიტალიც რომ იყოს, იგი მაინც აფილირებულია უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებთან. მსოფლიო კაპიტალისთვის ევროპა არის მოგების ამოღების ზონა… თუ გამოჩნდება სახელმწიფო, რომელსაც სურს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს თავისი ხალხის და არა საერთაშორისო კაპიტალის სასარგებლოდ, იქ მაშინვე ამერიკული ბომბდამშენები მიფრინავენ” (“საქართველო და მსოფლიო” #31, 2013 წ).
* ამიტომ არ აძლევს ხელს აშშ-ს ეროვნული სახელმწიფოების არსებობა, რადგან, თუ სახელმწიფო ეროვნული ინტერესების გამტარებელია, მან თავისი სიმდიდრე _ მიწა, წყალი, სასარგებლო წიაღისეული და ა.შ. ხალხს, ამ ქვეყნის ერს უნდა მოახმაროს.
აი როგორ აფასებდა ალექსანდრე ჭაჭია აშშ–ის სამხედრო–პოლიტიკურ კურსს 5 წლის წინათ:
“არის ერთი აქსიომა, რომელიც აშშ–ისა და, საზოგადოდ, დასავლეთის სამხედრო–პოლიტიკური კურსის საფუძველში დევს: იმისთვის, რომ “ოქროს მილიარდის” ქვეყნებში ახლანდელი მოხმარების მაღალი დონე შეინარჩუნონ, დანარჩენი კაცობრიობა სიღატაკეში უნდა ამყოფონ. პლანეტის რესურსები შეზღუდულია, ყველას კარგი ცხოვრებისთვის არ ეყოფა. დასავლეთს მოხმარების შემცირება არ უნდა. სცადეთ, ამერიკელებს შესთავაზოთ, მოიხმარონ იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი მიეჩვიენ, _ ისინი ნებისმიერ მთავრობას წალეკავენ. რა გამოსავალი აქვს ამერიკის მმართველ ელიტას? _ ომი, დიდი ომი, რა თქმა უნდა, ამერიკის ფარგლებს გარეთ. ომი, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს გამოფიტავს, ხოლო შემდეგ იქ მივლენ ამერიკელები თავიანთი დოლარით და ისევ ჩვეულ და ძალიან სარფიან საქმეს მიჰყოფენ ხელს _ დოლარების გაყიდვას. ასე გამოვიდნენ ისინი კრიზისიდან მეორე მსოფლიო ომის წყალობით, ასე მოვიდნენ ისინი გამოფიტულ ევროპაში ომის შემდეგ” (“საქართველო და მსოფლიო”, 2012 წლის მაისი).
* სწორედ ომებითა და ქაოსის შედეგად მოიპოვა აშშ-მა გავლენა ერაყზე, ლიბიაზე, უკრაინაზე, საქართველოზე; ამას ცდილობდა სირიაშიც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
რა შეიძლება დაუპირისპიროს კაცობრიობამ აშშ-ის ექსპანსიას, რომელიც მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარი საფრთხეა? _ ამ კითხვაზე ალექსანდრე ჭაჭიამ 4 წლის წინათ ასე უპასუხა:
“ბოლო ათწლეულებში ამერიკა, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად, ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთა ბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას. ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკეინის, მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს და აშშ–ში არსებობენ ძალები, რომლებსაც შეუძლიათ მისი აგრესიის მოთოკვა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის” (“საქართველო და მსოფლიო” #34, 2013წ.).
სირიაში დამარცხების, შესაბამისად, ამ ქვეყნის სიმდიდრეების სრულად ხელში ჩაგდების უპერსპექტივობის კომპენსაციას აშშ ახლა ახალი ომებითა და ქაოსის შექმნით ცდილობს.
ამის მაგალითია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან აშშ-ის დაპირისპირება, რომელმაც, არ არის გამორიცხული, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რადგან ჩრდილოეთი კორეა თავისი სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს; ამის კიდევ ერთი მაგალითია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ, რომელმაც არაბული სამყარო ყალყზე შეაყენა. ამის ნათელი მაგალითია ქაოსის გამოწვევა უკრაინაში სააკაშვილის მიერ, რომელიც, როგორც აშშ-ის 32-ე პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა თქვა ნიკარაგუის დიქტატორ სამოსაზე (უფროსზე), ძაღლიშვილია, მაგრამ ამერიკელების ძაღლიშვილი…
როდემდე გაგრძელდება აშშ-ის ასეთი პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ, როდემდე დაიმორჩილებს ის ევროპისა და სხვა კონტინენტების ქვეყნების მარიონეტულ ხელისუფლებებს თავისი ინტერესების გასატარებლად, ახლო მომავალში გამოჩნდება, მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ რეპუტაციაშერყეული აშშ-ის ჰეგემონიას მსოფლიოზე ბოლო მოეღო.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ