ასე ჰქვია ლევან გაბრიაძის ფილმს, რომელიც დაჯილდოვდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ახლახან (1-4 ოქტომბერს) გამართულ დოკუმენტური კინოს მე-4 ფესტივალზე კინემატოგრაფისტთა ამ კონკურსისთვის პირველად დაწესებული პრიზით _ “ღრმა შინაარსისა და ორიგინალური ფორმისთვის”.
სათაური ქართული ხალხური ლექსიდან მოდის:
ჰარი–ჰარალე, დედაო,
გადავჯექ კურდღელზედაო,
გავაჭენ–გამოვაჭენე,
გავუშვი მინდორზედაო.
ფესტივალზე 150 ფილმი იყო წარდგენილი, ფინალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მათგან მხოლოდ 23 შეირჩა, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები.
ეს პრიზი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დააარსა ტელემაუწყებლობის უმაღლესი სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვიტალი ტრეტიაკოვმა და მანვე წარუდგინა ჟიურის პირველი ლაურეატის კანდიდატურა. ჟიურის წევრებმა ერთხმად (და სიხარულით) დაუჭირეს მხარი ლევან გაბრიაძეს _ ფილმის რეჟისორს.
“საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია დაუკავშირდა ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეს _ ვიტალი ტრეტიაკოვს და კომენტარი სთხოვა.
_ წლეულს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობა მთხოვეს. დავთანხმდი. გადავწყვიტე, რაიმე სიახლე შემეტანა ამ ღონისძიებაში და დავაწესე პრიზი, რომლითაც დაჯილდოვდებოდა პროფესიონალიზმით გამორჩეული ნამუშევარი. ფილმს უნდა ეპასუხა ორი მოთხოვნისთვის _ უნდა ყოფილიყო ღრმა შინაარსისა და ორიგინალური ფორმის, _ განაცხადა ბატონმა ტრეტიაკოვმა, _ ვიფიქრე, რომ ამ პრიზს მოუხდებოდა სახელწოდება სწორედ ამ ორი მოთხოვნიდან გამომდინარე: “ღრმა შინაარსისა და ორიგინალური ფორმისთვის”, რომლის მიღწევაც დოკუმენტურ კინოში ძალიან ძნელია. ამ ჟანრის ფილმებში ყოველთვის რაღაც პრობლემაზეა საუბარი, ეს მოთხოვნა მაინცდამაინც რთულად შესასრულებელი არ არის, აი ფორმით ორიგინალურს კი ხშირად ვერ შეხვდებით. მეგონა, რომ ფესტივალზე ორიგინალური ფორმის ნამუშევრის პოვნა გამიჭირდებოდა, მაგრამ ლევან გაბრიაძის ფილმმა მიზანში მოარტყა, ათიანის შუაგულ წერტილში.
მოვეთათბირე ჟიურის წევრებს, ვთხოვე, ეთქვათ: რას ფიქრობდნენ, მეთანხმებოდნენ თუ არა, სხვა რომელიმე ფილმი ხომ არ ჰქონდათ შერჩეული და ა.შ. საოცრად ერთსულოვანი იყვნენ ჩემი კოლეგები, ერთხმად დამიჭირეს მხარი.
ყველამ აღნიშნა, რომ რეზო გაბრიაძის, როგორც მთავარი გმირის, მონაწილეობა ამ სურათს დოკუმენტური ფილმის სტატუსს ანიჭებს, რომ რეჟისორმა ისეთი ოსტატობითა და ორიგინალურად გადმოგვცა ერთი ბიჭის (შეიძლება მთელი გვარისაც) ცხოვრების ისტორია, რომელიც ქვეყნის ისტორიის ანარეკლია, რომ ამ ნამუშევარს სხვა პრეტენდენტი გვერდით ვერ დაუდგებოდა.
მულტიპლიკაციის გამოყენება დოკუმენტურ კინოში აბსურდად არის მიჩნეული. დიდი-დიდი შეიძლება ტაქტიკად ჩაითვალოს, მაგრამ არა უმეტეს რამედ. აქ კი, ამ სურათში დამოუკიდებელი ვიდეორიგი, ისტორიული რიგი, მოვლენითი რიგი მულტიპლიკაციითაა გადმოცემული. ყველაზე დიდი დინამიკა სწორედ მულტიპლიკაციით არის მიღწეული. ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ეს ფილმი ღირსი იყო ჩვენი პრიზის და, საერთოდაც, ძალიან საინტერესო, მართლაც ორიგინალური ნამუშევარია.
_ მაშასადამე, ჟიურის მოეწონა. საინტერესოა, როგორი იყო ფესტივალზე დამსწრეთა რეაქცია, როცა ლევან გაბრიაძის ფილმის წარმატების შესახებ გამოაცხადეთ?
_ მინსკის დოკუმენტური კინოს ფესტივალი ახალგაზრდაა, მხოლოდ ოთხჯერ გაიმართა. ჯერ კიდევ კომპაქტურია, არ დაუგროვებია ამ ხასიათის ფესტივალებისთვის აუცილებელი ძალა და მასშტაბურად არ გაუთქვამს სახელი. დრო სჭირდება ამას.
ათასობით დოკუმენტურ ფილმს იღებენ დღეს მსოფლიოში. ბევრი ავტორია ამ საქმეში ჩართული, რომლებსაც აქამდე საშუალება არ ჰქონდათ ან გამბედაობა არ ჰყოფნიდათ, გადაეღოთ ფილმი. ამას შესაბამისი გრაფომანიის დიდი ნაკადი მოჰყვა, რომელმაც თითქმის წალეკა პროფესიონალების ნამუშევრები. ამას კი ფართო საზოგადოების ყურადღება სუროგატზე გადააქვს. არა მგონია, რომ მინსკის ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების ყველა წევრს ნანახი ჰქონდა საკონკურსო ფილმები, ამიტომ მათი რეაქცია ვერ იქნება ფილმის შეფასების ზუსტი კრიტერიუმი. ვერ ვიტყვი, რომ გამოცხადების დროს ყველა ფეხზე დადგა და ოვაციით შეეგება ჟიურის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეაქცია რომ აბსოლუტურად დადებით იყო, ეჭვგარეშეა.
მგონია, რომ იმანაც კი, ვინც ამ ნამუშევრის თუნდაც ხუთწუთიანი ნაწყვეტი ნახა, ფილმის ფორმალური კონცეფცია სრულად გაითავისა. პირდაპირ გეტყვით: ამ ფილმის დაჯილდოების საკითხი ნაკლებად მაღელვებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი მის გამარჯვებაში, რასაც სხვა ნამუშევრებზე ვერ ვიტყვი.
მე რომ მკითხოთ, ეს ფილმი, მულტიპლიკაციური ფილმების კონკურსში მონაწილეობა რომ მიეღო, იქაც გაიმარჯვებდა.
მოკლედ, მე ისე გავიგე, რომ ლევან გაბრიაძის ფილმი დოკუმენტურ კინოში ახალი სიტყვაა და ყოველმხრივ მხარდასაჭერია.
ვნახოთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე ფესტივალის დირექტორი ვალერი შეხოვცევი:
_ ჩვენი ჟიურის თავმჯდომარე ვიტალი ტრეტიაკოვმა ფესტივალის დასაწყისში განაცხადა, რომ მის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემდა ფილმს, რომელიც გამორჩეული იქნებოდა შინაარსის სიღრმითა და ფორმის ორიგინალურობით. ასეც მოხდა. ჩვენ, ყველანი, ერთსულოვანი ვიყავით, როცა ეს ორიგინალური პრიზი ლევან გაბრიაძეს მივანიჭეთ. მაგრამ ჯერ ერთ განსაკუთრებულ ვითარებას მივაქცევ თქვენი გაზეთის მკითხველის ყურადღებას: ლევან გაბრიაძის ნამუშევრის დემონსტრაციისას დარბაზში მყოფნი თვალზე ცრემლმომდგარნი უყურებდნენ ამ ფილმს, რაც უიშვიათესი მოვლენაა, განსაკუთრებით, დოკუმენტური ფილმების ჩვენებისას.
ჩვენი ფესტივალი ვითარდება, უფრო და უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხდება. და აი, ამ განვითარების ერთ ეტაპზე ლევან გაბრიაძის ფილმი მოვიდა ჩვენამდე, უფრო ზუსტად, ჩვენი ფესტივალი მივიდა ამ ფილმამდე.
ფესტივალი თავისი განვითარების ვექტორს თვითონ გვთავაზობს, არ იფარგლება მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკით, არც მხოლოდ სოციალური საკითხებით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა, უწინ ერთ სივრცეში გაერთიანებული, ამჟამად კი განვითარების საკუთარ გზაზე დამდგარი ჩვენი ქვეყნების წარმატებები თუ პრობლემები. გაღვივდა ინტერესი ერთმანეთის მიმართ. ჩვენ გვსურს, ველაპარაკოთ ერთმანეთს, გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი.
ლევან გაბრიაძის ამ ნამუშევარმა გააფართოვა ფესტივალის საზღვრები. ჩემი, როგორც ფესტივალის დირექტორის, ჟიურის წევრის აზრით, მოულოდნელ სიახლედ შემოგვეჭრა. განსაკუთრებული ფილმია, მე არ მსურს იმ სიხარულის დამალვა, რომელიც მან განმაცდევინა.
_ და გვეუბნება, რომ არ იქნება კარგი, თუ ერთმანეთს უფრო და უფრო დავცილდებით.
_ რა თქმა უნდა! ამის დადასტურება იყო ის აპლოდისმენტები, რომლებიც ფილმის დემონსტრაციის დროს, დაჯილდოებისას ისმოდა.
რუსების შესახებ გეტყვით ორიოდ სიტყვას: არის რაღაც განსაკუთრებული ნიშნები, რომლებიც მათ ახასიათებს, ეს იდენტიფიკაციის ნიშნებია. მაგალითად, ერთდროულად შეიძლება იყოს შრომისმოყვარეც, მომთმენიც, მეგობრობისთვის პატივის მიმგებელიც და კიდევ ერთი, განსაკუთრებით გამორჩეული თვისება _ რუს ადამიანს უყვარს ქართველები! უყვარს ქართველები და მორჩა! მხოლოდ “საფერავი” და ხაჭაპური კი არ უყვარს და, რაღა თქმა უნდა, ლობიო (ამის გარეშე რა გამოვა?!), უყვარს ქართული მუსიკა, უყვარს ქართული ფილმები, ლიტერატურა, უყვარს ურთიერთობა ქართველებთან. მე ვხედავდი დარბაზში ჩემს მეგობრებს საქართველოდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან… ეს ისეთი ადამიანების კრებული იყო, ისეთი გამორჩეული პიროვნებების… რომ მეტი არ შეიძლება!
მგონია, რომ, ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკური რაღაც უთანხმოებების, ტრაგიკული სიტუაციების მიუხედავად, რომელთა გაწოვას, სამწუხაროდ, შეიძლება წლები დასჭირდეს, ათწლეულებიც კი, ქართველ მეგობრებთან რუსის ურთიერთობის მისწრაფება მაინც იძალებს და არ მოიშლება.
სხვადასხვა მიზეზთა გამო ლევან გაბრიაძემ მინსკში ჩასვლა ვერ მოახერხა. მინსკის დოკუმენტური ფილმების მეოთხე ფესტივალზე მოპოვებული სპეციალური პრიზი _ “ღრმა შინაარსისა და ორიგინალური ფორმისთვის” _ 7 ოქტომბერს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში მას გადასცა ფესტივალის სტუმარმა საქართველოდან ტარიელ გაგნიძემ.
მაშინ მოვახერხე რეჟისორისთვის ბლიცინტერვიუს ჩამორთმევა.
_ ჩემთვის, _ თქვა ლევან გაბრიაძემ, _ ეს არის ძალიან პირადული ფილმი: მომეთხრო მამაჩემისა და ჩემი ოჯახის ისტორია. განცდებით სავსე გზა გამოვიარე ამ სურათის კეთებაში. ჩემი ოჯახის ისტორიის გადარჩენის მცდელობაც იყო ეს ფილმი: ყველაფერს სჭირდება მითოლოგია, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, რათა შვილებმა და შვილიშვილებმა არ დაივიწყონ, საიდან მოდიან. ბაბუა უყვება მათ თავის თავგადასავალს.
ძალიან მიხარია, რომ ჩემმა ამ ნამუშევარმა მიიღო დოკუმენტური ფილმების მინსკის IV ფესტივალის სპეციალური პრიზი.
_ ელოდით?
_ ცხოვრებაში პესიმისტი ვარ და არ ველოდები არაფერს, მაგრამ, როცა გამიმართლებს, მიხარია ბავშვივით.
_ ზოგიერთ მსახიობს, მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ კახი კავსაძე, თავისი კინოგმირი ეკრანზე არასოდეს უნახავს, არ უყურებს. პრინციპი აქვს ასეთი. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ “გამზადებულ პროდუქციასთან”?
_ მსახიობებს აქვთ ასეთი შესაძლებლობა _ არ სურთ და არც უყურებენ. გადაღება შემოქმედებითი პროცესის მხოლოდ პირველი ნაწილია. რეჟისორმა გადაღებული მასალა უნდა დაამონტაჟოს, მზად უნდა იყოს, რომ თავისი ფილმი დღეში ორჯერ მაინც ნახოს ნახევარი წლის განმავლობაში, ამიტომ, თუ არ გიყვარს ეს ფილმი, სურათზე მუშაობის პროცესმა შეიძლება ძალიან დაგთრგუნოს. მე არ მაქვს პრივილეგია, რომ რაღაც გადავიღო და შემდეგ არ ვნახო. ფილმის დახვეწა, ბოლომდე მიყვანა ბევრ ნახვას ნიშნავს.
_ “ჰარი–ჰარალე, დედაო” ისეთი ფილმია, ჰაიჰარად ვერ გაკეთდებოდა.
_ ამ ფილმის იდეა 1996 წელს დაიბადა, როცა ლოს–ანჯელესში ჩამოვიდა მამაჩემი. მაშინ იქ ვცხოვრობდი და ანიმაციას ვსწავლობდი. ერთი თვით ჩამოვიდა. ერთ კვირაში დავათვალიერებინე ყველაფერი, რაც სანახავი იყო. მობეზრდა უქმად ყოფნა და მითხრა: რა გინდა, რისი სცენარი დაგიწეროო. მაშინ გამახსენდა მისი ბავშვობის ისტორიები, რომლებსაც მიყვებოდა. პირველი, რაც გავაკეთე, ამ პერიპეტიების ჩაწერის მცდელობა იყო. ჩავიწერე კიდეც, მაგრამ ანიმაცია კინოს ძალიან რთული და ძვირად ღირებული ჟანრია. მარტომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხე. ამასთან, ცხოვრებამ სხვადასხვა გზებით მატარა, მახეტიალა, ბოლოს და ბოლოს ბაზილევში, თემურ ბექმამედოვის სტუდიაში. ეს იდეა თემურს რომ გავაცანი, ძალიან მოინდომა მისი მატერიალიზაცია და თავიდან ბოლომდე დააფინანსა მომავალი ფილმი.
ეს არის თემურის საჩუქარი ჩემთვის და რეზოსთვის.
_ ანიმაციის ჩართვა დოკუმენტურ ფილმში ხომ არ გიკარნახათ პატარა ბიჭის _ რეზო გაბრიაძის თავგადასავალმა, როცა ქუთაისის ბიბლიოთეკის ყველაზე ერთგულ სტუმრებად სკოლის მოსწავლე რეზო და მუდმივად მშიერი ვირთხა იპოლიტე ითვლებოდნენ: რეზო კლასიკის კითხვას ეწაფებოდა, ვირთხა _ წიგნის ყდების ჭამას…
_ მე გავიზარდე დრამატურგის ოჯახში, სპეციფიკური ბავშვობა მქონდა. მამაჩემი ოჯახს თავისი მონაგონით არჩენდა: იგონებდა, წერდა ემოციურ სიუჟეტებს. იმ სამზარეულოში ვტრიალებდი, რომელშიც დრამატურგმა, სანამ დაწერს, ბევრჯერ უნდა მოყვეს, რეაქციას დააკვირდეს მსმენელის, მოარგოს, დახატოს და ა.შ. არ შეიძლება, დრამატურგს შეეკითხო: რატომ ვირთხა, რატომ სტალინი და ლენინი? მთავარია, იყოს ლიტერატურული საფუძველი და არა მაინცდამაინც კონკრეტული ვირთხა.
ეს ფილმი არ არის კინოს რომელიმე ჟანრის კუთვნილება. რამდენიმე ჟანრის შესაყარზე შექმნილი ნაწარმოებია.
_ კინომცოდნეები ამტკიცებენ, რომ იგი ახალ ჟანრად ჩამოყალიბდა. მინსკის კინოფესტივალის პროფესიონალმა ხელმძღვანელებმა ჩვენს გაზეთთან საუბარში სწორედ ამას გაუსვეს ხაზი. ეს, ჩემი აზრით, ისეთივე ფენომენია, როგორიც თავის დროზე იური როსტის საგაზეთო ფოტოსა და მინაწერი ტექსტის თემატური ერთობლიობით ახალი საგაზეთო ჟანრის დაბადება. სხვათა შორის, სწორედ აქ, გაბრიაძის თეატრის ამ კაფეში, შევთანხმდით მე და იური როსტი, რომ ასე არის და ასეთად დარჩება. იურიმ დაიმოწმა ცნობილი რუსი მწერალი, საქართველოს დიდი მეგობარი ანდრეი ბიტოვი, რომელიც ამ მოსაზრებას უჭერდა მხარს.
_ ჩემი ფილმი, საბოლოო ჯამში, ბევრი მოთხრობიდან შემდგარი ერთი მოთხრობაა. მოთხრობას უხდება ილუსტრაცია, კინომოთხრობა შეიძლება გაცოცხლდეს ანიმაციით. თანაც, მქონდა რეზოს ნახატები, მონაყოლ ისტორიას დაემატებოდა დახატული მთავარი გმირები და შემდეგ გაცოცხლება კი უკვე ჩემი სამუშაო, ჩემი საზრუნავი იყო. გმირების მოქმედება ზოგჯერ ემთხვევა ისტორიას, ზოგჯერ _ არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში საინტერესოა.
ამ სტილს გადაფარვითი ანიმაცია ჰქვია, რომელიც მიამიტურია თავისი არსით და რაღაცით ჰგავს ჩვენს თეატრს, თოჯინებს. რეზოს ნახატები, როგორც თოჯინები, გავაცოცხლეთ. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველაფერი ყოფილიყო ორგანული და რეზოსი.
მგონი, რომ ასეც გამოგვივიდა.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
P.S. ლევან გაბრიაძის ფილმის “ჰარი–ჰარალე, დედაო” ნახვა შეგიძლიათ ყოველი კვირის სამშაბათს გაბრიაძის მარიონეტების თეატრში. დიდად ისიამოვნებთ.
ა.ს.